11 თებერვალს, ვაშინგტონში, ჰელსინკის კომისიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც გამომსვლელებმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირთა დასჯის და საქართველოს სამომავლო გზის შესახებ ისაუბრეს.
ბრიფინგზე ისაუბრა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა.
მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ხაზი გაუსვა აშშ-ის როლს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. ისე როგორც ეს მოხდა სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში.
გთავაზობთ ოლესია ვართანიანის გამოსვლის ტექსტს სრულად:
“მე აქ წელიწადნახევრის წინაც ვიყავი. მაშინ განვიხილავდით გზებს, თუ როგორ შეეძლო შეერთებულ შტატებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მხარდაჭერა. მაშინ ბევრი სკეპტიკოსი ამბობდა, რომ აშშ ვერაფერს შეძლებდა: „კონფლიქტი ძალიან კომპლექსურია,“ ამტკიცებდნენ ისინი, „და ამერიკელებს რეგიონში პირდაპირი ინტერესი არ გააჩნიათ“. დღევანდელი გადმოსახედიდან კი, ღმერთო ჩემო, როგორ ცდებოდნენ ისინი.
დღეს შესაძლოა მსგავსი სკეპტიკური განცხადებები მოისმინოთ საქართველოსთან დაკავშირებითაც.
მე აქ ვარ იმისთვის, რომ დავასაბუთო აშშ-ის პროაქტიული ჩართულობის აუცილებლობა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში და გაგიზიაროთ რამდენიმე ძირითადი ელემენტი, რომლებიც არსებითია დიპლომატიური ჩარევის დაგეგმვისას, როდესაც მიზანია ურთიერთობების გადატვირთვა.
საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას ძალიან აქტიური საზოგადოება ჰყავს, რომელმაც მრავალ რთული ამბავი გადაიტანა – სამოქალაქო ომი, რუსეთის შემოჭრა, რევოლუცია და ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ეს პერიოდები, ქართული საზოგადოება ყოველთვის უფრო ძლიერი და გამძლე გამოვიდა მათგან, მზად საკუთარი დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისთვის, ქვეყნის და რეგიონის წინ წასაწევად.
ამასთანავე, მიმდინარე კრიზისი უნიკალური არ არის საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყოფილა მომენტები, როდესაც პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად დიალოგი აუცილებელი იყო.
ზოგჯერ ეს ხდებოდა რიგგარეშე არჩევნების ან ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ძალებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.
სხვა შემთხვევებში საჭირო იყო უცხოელი შუამავლები – როგორც ეს ვიხილეთ ევროკავშირის ჩართულობისას წინა საპარლამენტო საარჩევნო კრიზისის შემდეგ.
ეს გამოცდილება მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვაძლევს.
და ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ასეთია:
ვერცერთი პროცესი ვერ იქნება წარმატებული, თუ არ იარსებებს ხელისუფლებაზე თანაბარი წვდომის რეალური პერსპექტივა ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის.
პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სხვებს შეუძლიათ უსასრულო საათები გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე კამათში – ბარიერის დაწევაზე, პროცედურების რეფორმაზე, ტექნიკური დეტალების კორექტირებაზე.
მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ მმართველი ხელმძღვანელობა არ ავლენს ძალაუფლების გაზიარების სურვილს – ან თუნდაც მზადყოფნას გადადგეს, თუ არჩევნებში დამარცხდება.
აზრი არ აქვს პოლიტიკურ პროცესში შესვლას, თუ არ არსებობს ძალაუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის სანდო შესაძლებლობა. ეს მართალია როგორც საქართველოსთვის, ისე მრავალი სხვა ქვეყნისთვის. „ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ წინაშე არასტაბილურობა გაგრძელდება, თუ ისინი არ გამოავლენენ მზადყოფნას სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის, რომელშიც მათ, ფაქტობრივად, შეიძლება წააგონ კიდეც.
და აქ მივდივარ საქართველოს უახლესი წარსულიდან მიღებულ კიდევ ერთ გაკვეთილამდე:
ვერცერთი პროცესი ვერ იქნება წარმატებული ძლიერი საგარეო გარანტორის გარეშე.
რამდენიმე წლის წინ ეს როლი ევროკავშირმა შეასრულა, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა პირობითობის მექანიზმის ნაწილად გამოიყენა. დღეს კი გვყავს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ამ გზას არ გააგრძელებს.
შეერთებული შტატები ამ ვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეიძლება ასრულებდეს.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციები ერთ-ერთი პოტენციური ბერკეტია პროცესის წინ წასაწევად.
ეს სანქციები უკვე მოქმედებს და აშკარად ახდენს გავლენას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე. ისინი სტრატეგიულად უნდა იქნას გამოყენებული – საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის ხელშესაწყობად.
სანქციების შესახებ ნებისმიერი საბაზისო სახელმძღვანელო გეტყვით, რომ ისინი ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როდესაც დიპლომატიით არის გამყარებული.
დიპლომატიური გაგრძელების გარეშე, სანქციებმა შეიძლება უკუშედეგი გამოიწვიოს – მათი სამიზნეების კუთხეში მომწყვდევა, რაც მათ უბიძგებს საპასუხო დარტყმა მიაყენონ ყველაზე დაუცველებს: ოპოზიციურ აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და სხვებს.
გარე გარანტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ქართულ რეალობაში, სადაც პოლიტიკურ აქტორებს ერთმანეთთან ხელის ჩამორთმევაც კი ძნელად წარმოუდგენიათ.
და აქ მივდივარ ქართული კრიზისის მოგვარების მესამე მთავარ ელემენტამდე: ვერცერთი პროცესი ვერ იქნება წარმატებული, თუ ნდობის საკითხი არ იქნება მოგვარებული.

ოლესია ვართანიანი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე, ვაშინგტონი, 11 თებერვალი
ბოლო ორი წელი ქართველებისთვის უკიდურესად რთული იყო. მიიღეს ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი კანონები. ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდა; ბევრი მათგანი კვლავ იქ რჩება. ბევრმა დაკარგა სამსახური და კარიერა ქართულ საჯარო სამსახურში. ბევრი ქვეყნიდან წავიდა. კვლავ ვიგებ ახალ-ახალ ნიჭიერ ადამიანებზე, რომლებიც სამშობლოს ტოვებენ, რადგან იქ მომავალს ვერ ხედავენ ან რეალურად ემუქრებათ პატიმრობა.
საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც თითქმის ყველა ან ნათესავია, ან კლასელი, ან მეგობრის მეგობარი. როდესაც ისეთი რეპრესიები ხდება, როგორსაც ახლა ვხედავთ, ეს მთელ საზოგადოებას ეხება – მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს.
ნდობის პრობლემა უნდა მოგვარდეს საჯარო გამოძიებებით, ამნისტიებით და სხვა ფრთხილად დაგეგმილი გარდამავალი მექანიზმებით. მიზანმიმართული ნდობის აღდგენის ძალისხმევის გარეშე, ვერცერთი პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება მდგრადი.
ყოველივე ამის ჩამოთვლის შემდეგ შეიძლება ითქვას: ეს ძალიან კომპლექსურია იმისთვის, რომ აშშ ჩაერთოს. მე ვიტყოდი, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დიდი არჩევანი არ აქვს. დიახ, მას ბევრი საკითხი აქვს გადასაჭრელი – უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთის კრიზისები, მოახლოებული შუალედური არჩევნები. ეს გვესმის.
მაგრამ პოლიტიკური მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის გარეშე, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა მდგრადი ვერ იქნება. თუ ამ კრიზისის ფესვები არ აღმოიფხვრება, საქართველო კვლავ ერთი პოლიტიკური კრიზისიდან მეორეში გადაინაცვლებს, უფრო სუსტდება და უფრო დაუცველი ხდება გარე ზეწოლისა და დამოკიდებულების მიმართ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი საქართველო ვინმეს ინტერესშია – არც რეგიონში და არც აქ, ვაშინგტონში,“ – თქვა ოლესია ვართანიანმა.
ოლესია ვართანიანთან ერთად ჰელსინკის კომისიის ბრიფინგს ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის McLarty Associates უფროსი მმართველი დირექტორი კლერ კაისერი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი.
ამავე თემაზე:
ჰელსინკის კომისიაში იმსჯელეს საქართველოში განსხვავებული აზრის ჩახშობაზე






