მთავარი,სიახლეები

„ქოცებს, ყოფილ თანამდებობის პირებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად” – ნიკა გვარამიამ ციხე დატოვა

12.02.2026
„ქოცებს, ყოფილ თანამდებობის პირებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად” – ნიკა გვარამიამ ციხე დატოვა

დღეს, 12 თებერვალს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა.

ციხიდან გამოსულ პოლიტიკოსს მეგობრები, ახლობლები, თანაპარტიელები ციხის წინ დილის რვა საათიდან ელოდებოდნენ.

ციხიდან გამოსულმა პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან.

„შერეული ემოციები მაქვს, ყველას ნახვა მიხარია, პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილის, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ადამიანები იქ რჩებიან კიდევ. არა მხოლოდ ამ ციხეში, არამედ გვერდით, ქალთა ციხეში – უამრავი ადამიანი გლდანის ციხეში, რუსთავში კიდევ საბა [სხვიტარიძე].

უხერხულობა მალე გარდაიქმნება იმად, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ მათ აქედან გამოსაყვანად…

აქ არის ნიკა [მელია], ელენე [ხოშტარია], მიშა [სააკაშვილი], მურთაზი [ზოდელავა], ხაბე [ლევან ხაბეიშვილი], მზია [ამაღლობელი] ბრმავდება გვერდით, ქალთა ციხეში. საბა [სხვიტარიძე] აწამეს. უამრავი ადამიანი ზის ციხეში ბრძოლისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო, მათ დაჭერამდე. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშე გამარჯვებაც გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია, ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ ციხიდან,“ – თქვა ციხიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ.

მან ისაუბრა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე და თქვა:

„ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სიტყვების შინაარსი. მე ვიცი ერთი რამ – ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ამ ყბადაღებულ სიტყვა „ერთობას“ არ გამოვიყენებ, მე არ ვიცი, ამის უკან, ვინ, როგორ, რას მოიაზრებს, ყველა სხვადასხვა რამეს, ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, სალაპარაკო პლატფორმას თუ ასე შემდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა როგორია,“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ის აპირებს ბრძოლას, საქართველოს თავისუფლებისთვის, ევროკავშირის წევრობისთვის და როცა ეს მოხდება, მერე სურს „ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვროს“.

„მეც მინდა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო, თუნდაც სრულიად არაპოლიტიკით, მაგრამ, მას მერე, რაც ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, ნამდვილად ქართული და ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ, მათ შორის ქოცებმაც.

აქ ვინც ქოცები არიან ახლა [რუსთავის ციხეში], თუ უკვე აღარ არიან ქოცები, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, მაგრამ მე ამ ხალხს პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა მოჰყვეს ახლა ამ ჩემს ნათქვამს და ვიცი რომ მოჰყვება აუცილებლად, მე მათ განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად… იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გვგონია, რომ ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო.

აქ მჯდომ ქოცებსაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ, ვიდრე ქოცები არიან ხელისუფლებაში,“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა „8 ოპოზიციონერის დევნის საქმეზეც“ და მისთვის წარდგენილ ხელახალ ბრალზეც.

„არ მაღელვებს, რატომ წამიყენეს ეს ბრალდება. პირიქით, გეუბნებით, რომ უხერხულად ვგრძნობ თავს მაშინ როცა ნიკა, მურთაზი, მიშა, ხაბე, ბაჩო გამოგონილი ბრალით, წარმოუდგენელი იყო რაც ანისთან [ბაჩო ახალაიას მეუღლესთან] დაკავშირებით აკეთეს, არც მე და არც ბაჩოს, რომელმაც ყველაზე დიდი ვადა მოიხადა ამ ციხეში, ეს არავის არ უკვირს, მაგრამ ჩვენი ოჯახების თავს რაც ხდება….

თუმცა არც ეს არ უნდა გვიკვირდეს, იმიტომ, რომ საკუთარი თანამდებობის პირების ოჯახებს რას უშვრებიან, გაშავებას, კატასტროფულს, რომ არ იკადრებ არასდროს, უბრალოდ ნაცნობსაც კი.

ბოლო წვეთი ჩემთვის იყო, როდესაც ბატონი ანზორი ვნახე, ნიკა მელიას ბრალის მერე „ფორმულას“ ეთერში, ეს მართლა ბოლო წვეთია, რაღაცა საზღვრები ალბათ ადამიანური არსებობს, მაგრამ ქოცებისთვის აღარავისთან დაკავშირებით აღარ არსებობს ეს საზღვრები.

ნიკას ვიღა დაეძებს ამ შემთხვევაში, საკუთარ ოჯახის წევრებად რომ ჰყავდათ, მათ ცოლებთან და დედებთან რომ დადიოდნენ სავახშმოდ, კვირაში ერთხელ, იმ ცოლებს და დედებს, ვინც სუფრებს უშლიდათ, იმათ აშავებენ და საშინელებებს წერენ მათზე. ისიც არ გამიკვირდება, რომ ეს ოჯახის წევრები დაიჭირონ.

მე დარწმუნებული ვარ ვინც აქ ბრალი აღიარა და ზის, იმიტომ აღიარა, რომ მათი დაჭერით ემუქრებოდნენ. ამაში ვარ 100 %-ით დარწმუნებული,“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია 2025 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გაასამართლეს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

ნიკა გვარამია არ გამოცხადდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელ კომისიის სხდომაზე, რომელ კომისიასაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი ბრალდებით ასევე დაკავებული იყვნენ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც, რომელთა ნაწილმაც ასევე დატოვა ციხე. ყველა მათგანს ახალი ბრალდება აქვს წაყენებული.

ამავე თემაზე:

სასამართლომ ოპოზიციის რვა ლიდერის დევნის საქმის განხილვა დაიწყო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: