განათლება,მთავარი,სიახლეები

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

23.01.2026 •
„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

„ოპტიმიზმის საფუძველს არაფერი მაძლევს. ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რომ რამდენჯერმე დავადასტურე კომპეტენცია და მაინც შეუძლიათ დააყენონ ჩემი სტატუსის გადახედვის საკითხი“- ამბობს სოფიო ქუხილავა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში, ინგლისურ ენას ასწავლის.

მასწავლებელს „ბათუმელები“ იმ ახალი სქემის შესახებ ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა განათლების მინისტრი, თავიდან წერს და ამტკიცებს.

  • ქალბატონო სოფიო, ამ წლების განმავლობაში, თითქმის ყველა მინისტრი მასწავლებლის კარიერული წინსვლის ახალ სქემას ამტკიცებდა. ამჯერადაც შეცვალეს სქემა. თქვენი დაკვირვებით არის კი რაიმე სიახლე ამ სქემაში და თუ არის, ხომ არ არის სადაო საკითხები შეტანილი, ის, რასაც არ ეთანხმებით, მაგალითად, როგორც მასწავლებელი?

მასწავლებლის სტატუსის სახეებია – უფროსი, წამყვანი და მენტორი. იერარქიულად, ყველაზე დაბალი სტატუსი არის უფროსი და ყველაზე მაღალი – მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

რაოდენობრივად, ყველაზე მეტნი არიან უფროსი მასწავლებლები. ახალი სქემის მიხედვით, უფროს მასწავლებლებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება პროფესიული წინსვლის და ეს მათთვის არის ნებაყოფლობითი. შეუძლიათ არ იფიქრონ კარიერულ წინსვლაზე და განვითარებაზე და არც მოტივაცია ექნებათ ახალი სქემით.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლები აქამდეც ჩართული იყვნენ ხვადასხვა პროექტებში და ეს საკითხი ისედაც იდგა მათი დღის წესრიგში, სკოლის წარმატებასა და სწავლების ხარისხში მათ შეჰქონდათ ყველაზე დიდი წვლილი.

ახალი სქემით კი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ვალდებულებიც იქნებიან შეასრულონ გარკვეული ფუნქციები სკოლისა და მუნიციპალიტეტის დონეზე და სხვა შემთხვევაში მათ სტატუსი აღარ შეუნარჩუნდებათ. ანუ, ეს სტატუსები მუდმივი აღარ იქნება, თუ მასწავლებელი არ აჩვენებს პროფესიულ აქტივობას.

  • ფაქტობრივად, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს წაართვეს სტატუსის დანამატი, თუმცა დაუტოვეს პასუხისმგებლობები? ასე გამოდის?

დიახ. ის დანამატი, რაც დღეს არსებობს, ჯერ ერთი ძალიან მიზერულია და საერთოდ არ შეესაბამება ჩვენს შრომას, მით უმეტეს, იმ გაზრდილ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ სქემის ამოქმედების შემდეგ მასწავლებელს დაეკისრება და შესაძლოა, ეს დანამატიც კი ვეღარ მიიღოს მასწავლებელმა, თუ გარკვეულ აქტივობებს არ განახორციელებს.

  • 1000-1500 ლარი იყო ადრე დანამატი, როგორც მახსოვს და ახლა რამდენი გამოგდით?

117 ლარია ხელზე ასაღები თანხა და რეალურად, ამილახვარის დროს, იმ „უპრეცენდენტო“ სახელფასო მატების დროს, ჩვენ დაგვაკლეს ხელფასები.

იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ღამეები ათენეს, სკოლის და მოსწავლის წინსვლისთვის, საკუთარი განვითარებისთვის, კოლეგის განვითარებისთვის და საერთო ჯამში – სკოლის განვითარებისთვის ძალიან ბევრი იშრომეს, ჩამოაკლეს ხელფასები და ასე გაუზარდეს სხვებს. ფაქტობრივად, ჩვენზე მოკლებული ხელფასებიდან დაუმატეს.

  •  ახლა კი აპირებენ, რომ ეს 117 ლარიც წაართვან წამყვანებს და მენტორებს?

დიახ, ასე გამოდის.

მე წამყვანი მასწავლებელი ვარ და ასეთი დამოკიდებულების გამო, ალბათ აღარ ავიმაღლებ სტატუსს.

  • ფაქტობრივად, მოტივაცია დაგიკარგეს, ასე გამოდის?

ასეა. რამდენს გაუჩნდება სურვილი და მოტივაცია, რომ დაწინაურდეს? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობა გაზრდილია, დანამატი კი იგივე რჩება. წამყვან და მენტორ მასწავლებლებს დაემატათ სხვა მასწავლებლის კონსულტირების და კურირების მოვალეობაც, თუმცა ეს დანამატზე არ ასახულა ამ ეტაპამდე. 2026 წლისთვის ყველა სექტორში გაიზარდა ხელფასები და მასწავლებლებისთვის ეს არ მომხდარა.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ ექცევიან მასწავლებლებს ასე?

რეალურად, იმ შემთხვევაში, თუ სქემა იქნებოდა მართლა ორიენტირებული მასწავლებლის განვითარებაზე, რაც შემდეგ აისახება მოსწავლის და სკოლის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ჩვენი ხელფასის ზრდაც, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კატასტროფულად იზრდება ფასები და მასწავლებლის ხელფასი ისევ მინიმალური რჩება. განსაკუთრებით იმ შრომისა და ძალისხმევის ფონზე, რაც მასწავლებელს უწევს.

არ ვიცი, ეს დაცინვაა პირდაპირ მასწავლებლების.

რა არის მათი მიზანი? – ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლებმა მასწავლებელმა მოინდომოს წინსვლა.

  • მაშინ რას ეყრდნობა სამინისტროს მოლოდინები, რომ სკოლებში სწავლის ხარისხი გაიზრდება?

ამაზეც უნდა ფიქრობდეს სახელმწიფო, მაგრამ მათი მიზანი, რომ რეალური იყოს, მაშინ მსგავს სქემას არ შემოგვთავაზებდნენ.

პასუხისმგებლობის და საქმიანობის პროპორციულად უნდა გაზრდილიყო ხელფასებიც, მაშინ. მაგრამ ხელფასის ზრდაზე არ არის საუბარი, იზრდება მხოლოდ პასუხისმგებლობები.

რა თქმა უნდა, ბევრი მასწავლებელი აღარ მოინდომებს არც წამყვანობას და არც მენტორობას და მაშინ ვინ შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც მაღალი სტატუსის მასწავლებლებს მოგვეთხოვება კარიერულ გზაზე. სად გამოჩნდება ხარისხის ზრდა?

გარდა ამისა, ძალიან იკვეთება სუბიექტივიზმის საფრთხე, ვინაიდან სტატუსის მინიჭება დიდწილად სკოლის შიდა შეფასებაზე იქნება დამოკიდებული. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირადმა ურთიერთობამ სკოლის დირექტორთან.

  • რას გულისხმობთ?

შეიძლება რაღაც უთანხმოება გქონდეს დირექტორთან და ამის გამო შენი აქტივობები საერთოდ არ ჩათვალონ ადეკვატურად, იმ ფუნქციებთან შესაბამისობაში, რაც სკოლამ შემოგთავაზა.

  • მასწავლებლის კარიერული წინსვლა დირექტორზეა დამოკიდებული თუ კომისიაზე, რომელსაც, როგორც წერია სქემაში, მთავრობა ამტკიცებს?

თუ უფროსი მასწავლებელი ხარ და გინდა წამყვანობა ან წამყვანი მასწავლებელი ხარ და ასრულებ დაკისრებულ ფუნქციებს, ამ შემთხვევაში გაფასებს სკოლა და ის შეფასების ჯგუფი სკოლის მიერაა დაკომპლექტებული.

  • და კომისია ვის აფასებს? ან ის თუ არის ცნობილი, ვინ იქნება ამ კომისიის შემადგენლობაში?

აი, ეს არის ზუსტად ბუნდოვანი, თუ რა კრიტერიუმით შეირჩევიან კომისიის წევრები და რამდენად კომპეტენტური იქნებიან მისი წევრები. ამაზე პასუხი არ მიგვიღია ჯერ.

მაგალითად, თუ უფროს მასწავლებელს სურს კარიერული წინსვლა, ის ერთწლიან სამოქმედო გეგმას ადგენს და წარუდგენს დირექციას. დირექცია შეაფასებს რამდენად რელევანტურია, რამდენად მიღწევადია ეს გეგმა და შეუძლია თუ არა მასწავლებელს დაიწყოს ამ აქტივობების განხორციელება. თუ მასწავლებელმა მიიღო დასტური, რომ შესაბამისია სკოლის საჭიროებასთან, მასწავლებელი იწყებს ამ აქტივობის განხორციელების მტკიცებულებების მოპოვებას, რომელიც უკვე წლის ბოლოს უნდა წარუდგინოს შეფასების ჯგუფს.

მაგრამ, თუ მასწავლებელს სურს მენტორი გახდეს ან არის უკვე მენტორი და უწევს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება, ის უკვე რესურსცენტრის დონეზე ფასდება.

მენტორი მასწავლებელი ორივე მიმართულებით ადასტურებს თავის კომპეტენციას, – სკოლის დონეზეც უნდა დაადასტუროს და რესურსცენტრის დონეზეც.

  • ვთქვათ, მასწავლებელმა მოსთხოვა სკოლას რესურსები ხარისხიანი გაკვეთილისთვის. მაგალითად, ინტერნეტი კლასში, მაღალი ხარისხის ტექნიკა, ლაბორატორიები და ასე შემდეგ… როგორ ფიქრობთ, რა პასუხს მიიღებს ის დირექციისგან ან სამინისტროსგან, დააკმაყოფილებენ?

სწორედ ეს არის შეუსაბამო, რომ არაადეკვატურია მოითხოვო ხარისხი მაშინ, როცა ამის შესაბამისი რესურსიც კი არ აქვს სკოლას.

გგონიათ მაღალმთიან რეგიონებში ძალიან მაღალი დანამატია? 150 ლარია და ეს მაშინ, როდესაც მასწავლებელს უწევს რთულ პირობებში მუშაობა, როცა 6-7 თვე შესაძლოა საერთოდ ჩაკეტილი იყო. თოვლი, უშუქობა, ინტერნეტიც არ არის ხომ ასეთ დროს. ამ გამოწვევების ფონზე რა გამოსავალს გვთავაზობს სახელმწიფო, რაში გვიწყობს ხელს? მთა რომ არ დაიცალოს, სოფლები არ დაიცალოს, რა პროგრამებს გვთავაზობს ამისთვის, რომელიც ემსახურება რეალურად სწორედ ასეთი სოფლების გაძლიერებას და იმას, რომ მეტი ახალგაზრდა კადრი მოიზიდოს?!

რეალურად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის, რომ იფიქრო, თითქოს განვითარებაზე და წინსვლაზე იყოს სახელმწიფო ორიენტირებული.

ყველაფერი პედაგოგის ძალისხმევაზე და შრომაზეა დამოკიდებული, თორემ სახელმწიფოსგან რა ხელშეწყობა გვაქვს?!

გულით გინდა, კარგი, ინოვაციური გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ ვერ ახერხებ. თუ ახერხებ, შენი რესურსები უნდა დახარჯო და მაინც გვიწევს ჩვენით მოვიძიოთ ეს რესურსები, როცა სახელმწიფო არ გვაწვდის.

  • გქონიათ როდისმე შესაძლებლობა პირდაპირ გეთქვათ ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებისთვის? ხომ ამბობენ, რომ მასწავლებლებს ხვდებიან, არასდროს ამოსულან მთაში?

სხვათა შორის არ ყოფილან და რეალურად, არც ჩვენი საჭიროების შესახებ უკითხავთ არაფერი.

  • როგორც ვიცით, ამ ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებელს ეკრძალება ორ ადგილზე მუშაობა. როგორ აისახება ეს მასწავლებლის შემოსავალზე?

ესეც არასასურველი კადრების მოშორების მექანიზმია, ჩემი აზრით, რადგან რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მასწავლებლები პოლიტიკური შეხედულების გამო გაუშვეს სხვადასხვა სამსახურიდან და მიზეზად სწორედ ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობა დაუსახელეს. მით უმეტეს მაშინ, როცა შეეძლო დამსაქმებელს მიეცა ნებართვა სხვა სამსახურში მუშაობის, მაგრამ მაინც პოლიტიკური შეხედულება აღმოჩნდა გადამწყვეტი.

  • ეს ნიშნავს, რომ რეალურად მასწავლებელს დამოუკიდებლობა წაართვეს?

კი. ამისკენ მიდის ტენდენცია, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ მასწავლებლები, რომ იყვნენ უფრო მორჩილი, ასე ვთქვათ. ამ ბოლო პერიოდში, მასწავლებელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი.

  • ამ სქემაში, ერთი მხრივ წერია, რომ კარიერული წინსვლა ნებაყოფლობითია, მეორე მხრივ კი, სქემა ავალდებულებს სკოლას შექმნას მექანიზმები პედაგოგების სქემაში ჩასართავად. ამაზე რას ფიქრობთ?

როცა არ არსებობს ვალდებულება, შესაძლოა ადამიანმა არც იფიქროს პროფესიულ განვითარებაზე, მით უმეტეს მაშინ, როცა არ არსებობს ფინანსური სარგებელი. რატომ უნდა გააკეთოს ეს? ადრე, ბევრი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო ჩართული სხვადასხვა პროექტში, მათ შორის საერთაშორისო პროექტებშიც და თუ ახლა არ ექნება წინსვლის ვალდებულება, რატომ გააკეთებს ამას. უბრალოდ, მოტივაცია აღარ ექნება.

  • თუმცა, სისტემა ყოველთვის ამ კატეგორიის მასწავლებლებთან უფრო მიდიოდა კომპრომისზე. გახსოვთ ალბათ, 1-კრედიტიანებს როცა მიანიჭეს სტატუსები, შემდეგ, ხელფასებიც მათ გაუზარდეს. რატომ ხდება ასე, როგორ ფიქრობთ?

გეთანხმებით, მაგრამ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ერთი და ოთხი კრედიტით დაადასტურეს კომპეტენცია, წინსვლის პერსპექტივა არ აქვთ. მაინც უნდა გადააბარონ საგანი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიათ იზრუნონ კარიერულ წინსვლაზე.

სიმართლე გითხრათ, მე მაინც არ ვარ ასეთი კატეგორიული, მაგრამ მასწავლებელმა რომ უნდა იცოდეს თავისი საგანი და უნდა დაადასტუროს კომპეტენცია, ეს ცალსახაა და გადახედვას არ ექვემდებარება.

  • დადებითი რა აქვს ამ სქემას?

დადებით მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ გაუქმდა წამყვან-მენტორის გამოცდა. მეც ვეთანხმებოდი ამაში, რადგან ფსიქოლოგიური ბარიერი იყო და ბევრ კვალიფიციურ კადრს შეიძლება ხელს უშლიდა წინსვლაში. უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებული გახდა სქემა, ასე რომ ვთქვათ და ბიუროკრატიის კლებაზეც შეიძლება გაკეთდეს აქცენტი. უფრო ციფრულად გიწევს ვიდეოგაკვეთილების თუ მოსწავლეთა პროგრესის დოკუმენტირება და ასე შემდეგ.

  • მთლიანობაში, გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს ეს ცვლილებები, ასევე ის დაანონსებული რეფორმა, რომელიც „ოცნების ხელისუფლებას“ აქვს დაგეგმილი სკოლებში, თუ არა?

რეალურად, ოპტიმიზმის საფუძველს არაფერი მაძლევს. ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რომ რამდენჯერმე დავადასტურე კომპეტენცია და მაინც შეუძლიათ დააყენონ ჩემი სტატუსის გადახედვის საკითხი. ეს არ უნდა ყოფილიყო ამ ფორმით, რადგან ჩვენ შეიძლება იმაზე მეტსაც ვაკეთებთ, ვიდრე შეიძლება გაგვიწერონ და ეს მაშინ, როცა არც კი განიხილება მასწავლებლის ხელფასის მატება.

ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ერთ მიზეზსაც კი, რომ ოპტიმისტურად შევხედო ამ ახალ სქემას და არც ვიცი, რამდენად ჩავერთვები ან რამდენად მოვინდომებ დაწინაურებას. ალბათ აღარ მოვინდომებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: