განათლება,მთავარი,სიახლეები

„გვაჩვენეთ ეროვნული სასწავლო გეგმა“ – განათლების სპეციალისტი „ოცნებას“ მიმართავს

10.02.2026
„გვაჩვენეთ ეროვნული სასწავლო გეგმა“ – განათლების სპეციალისტი „ოცნებას“ მიმართავს

„მოვითხოვთ, 2026 წლის 26 იანვარს დამტკიცებული „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციისა“ და მასზე დაფუძნებული აქტივობების შეჩერებას. კერძოდ, ახალი სახელმძღვანელოების წერის პროცესისა და „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მუშაობის შეჩერებას იმ დრომდე, ვიდრე:

  • არ გასაჯაროვდება ახალი კონცეფციის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმა;
  • არ იქნება ახსნილი, როგორ წარიმართება ახალი რეფორმის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და სკოლის განვითარების პროცესი“.

ამ მოთხოვნის ავტორი განათლების სპეციალისტი ნიკო სილაგაძეა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.

მან განცხადების ტექსტი დღეს, 10 თებერვალს გამოაქვეყნა და საჯარო სკოლების მასწავლებლებს სთხოვა, გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამ განცხადებაზე ხელის მოწერით.

რას შეცვლის თუნდაც ამ განცხადებაზე ხელის მოწერა, მხოლოდ წერილობითი კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, რომელმაც სწორედ ამ კითხვებზე პასუხების გარეშე დაამტკიცა ზოგადი განათლების ეროვნული კონცეფცია და რამდენად მოსალოდნელია ამ საკითხზე ისეთივე წინააღმდეგობა სკოლების მხრიდან, რაც აჩვენა თუნდაც თსუ-სა და სტუს-ს გაერთიანების წინააღმდეგ პროტესტმა? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ნიკო სილაგაძეს.

ნიკო სილაგაძის აზრით, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს კონცეფციით გათვალისწინებულ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას, განათლების სასკოლო რეფორმა უნდა გაჩერდეს.

„ორი მთავარი პრობლემაა აქ. ერთი ის, რომ ამ დოკუმენტით, კონცეფციას, რომ ეძახიან და სინამდვილეში არ არის კონცეფცია, არამედ რაღაც განცხადებების კრებულია, მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს ე.წ ფუნდამენტური საგნები. რა ელოდება სხვა საგნებს, ამის შესახებ არაფერი ვიცით.

მაგალითად, თუ ვარ ქართულის, ფიზიკის, გეოგრაფიის ან სხვა რომელიმე საგნის მასწავლებელი, ხომ უნდა ვნახო, რა იცვლება ჩემს საგანში ამ კონცეფციის მიხედვით, როცა მე-12 კლასი გაუქმდება? როგორ შევაფასო ამ რეფორმის ძლიერი და სუსტი მხარეები, თუ არ ვნახე წინასწარ ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც წერია, რომელ საგანს რამდენი საათი დაეთმობა კლასში და რომელ კლასებში? ან რა შინაარსით ისწავლება ესა თუ ის საგანი?

ვთქვათ, სამოქალაქო განათლება ისწავლებოდა მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასებში მოქმედი სასწავლო გეგმით. ახლა ვიცი, რომ მე-12 კლასი აღარ არის სკოლის ნაწილი, არის არჩევითი. მე-11 კლასი ასევე აღარ არის სკოლის ნაწილი იმ გაგებით, რომ რეპეტიტორიუმია და იქ მარტო იმ საგნებს ასწავლიან, რაც უმაღლესში სჭირდებათ.

დარჩა მხოლოდ მე-7, მე-8, მე-9 კლასები და მე-10, რომელიც ვითომ საშუალოა ჯერ კიდევ.

ამის პარალელურად ანონსდება რიგი საგნების – მათემატიკის, ფიზიკის და ქართულის, როგორც ფუნდამენტური საგნების გაძლიერება. ხელოვნების მასწავლებელს ხომ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რამდენი საათით მცირდება მისი საგანი, ან რა იცვლება შინაარსში?

თუ საათები მცირდება, მაშინ ამდენი შინაარსი სად წავიღო, საათობრივ ბადეს რა ვუყო. ამ ყველაფერს მაშინ დავინახავთ, როცა წარმოადგენენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც არ გვინახავს და არ წარმოუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ 26 იანვარს დაამტკიცეს ახალი კონცეფცია.

მეორე პრობლემაა ის, რომ ამ კონცეფციის სახელით ბევრი მავნებლობა კეთდება. დაამტკიცეს როგორც სკოლის პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი, წიგნების წერის წესი შეცვალეს, ფორმები შემოიტანეს სკოლაში, მაშინ როცა არაფერი ვიცით, რას ცვლიან შინაარსში“- ამბობს ნიკო სილაგაძე.

მისი თქმით, დღეს სკოლას არ ჰყავს ლიდერთა ჯგუფი, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემდა უკმაყოფილებას, რაც სკოლაში დაგეგმილი ცვლილების გამო არსებობს.

„სწორედ ამიტომ შევქმენი ეს კითხვარი და ჩამოვწერე ის ძირითადი მოთხოვნები, რაზეც უნდა გასცეს განათლების სამინისტრომ პასუხი. ამ კითხვარზე ხელის მოწერით მასწავლებელმა უნდა მიიღო პასუხები იმაზე, თუ რა ელოდება მათ საგნებს, რეფორმის პირობებში.

„მაჩვენე ეროვნული სასწავლო გეგმა, რომ დავინახო ეს ყველაფერი“ – ეს არის მთავარი მოთხოვნა ახლა. სქემას რომ მიანონსებ, რაში გამომადგება, რაში წამადგება მე ან სახელმწიფოს სქემაში დაწინაურება? – ხომ უნდა მიიღონ მასწავლებლებმა ამ კითხვებზე პასუხი. თუ არ იქნება ამაზე ნათელი წარმოდგენა, შემდეგ პროტესტი გახდება ხელშესახები და ძალიან დააზიანებს ეს სამინისტროს“- ამბობს ნიკო სილაგაძე.

დავუშვათ, დააყენეს ეს საკითხი სკოლებმა, შეხვდნენ სამინისტროს წარმომადგენლებს, მაგრამ სამინისტრომ შეაგება „დამამშვიდებელი“ ფრაზები, რომ „სკოლიდან არავინ წავა“, „ხელფასი არავის შეუმცირდება“ და ასე შემდეგ. რა იქნება შემდეგ, თქვენი აზრით?- ვკითხეთ ნიკო სილაგაძეს.

მისი აზრით, საათების შემცირების შემთხვევაში, თითქმის შეუძლებელია იგივე ანაზღაურება შეუნარჩუნდეთ მასწავლებლებს.

„ტყუილი იქნება ეს, რადგან ამის ნება და რესურსი სამინისტროს დღეს არ აქვს. რომც დაჰპირდნენ ამას, არგუმენტი ხომ მაინც რჩება, რომ „ჩემი საგანი ამ კლასიდან რატომ ამოაგდე“, „რატომ შეუმცირე შინაარსი“.

თავიანთი საგნის მიმართ მასწავლებლები ძალიან სენსიტიურები არიან და მარტო ხელფასით ვერ გადაწყდება ეს საკითხი. ვფიქრობ, მიიღებენ წინააღმდეგობას.

თუ ამ მოთხოვნებს მიიღებს სამინისტრო, ეს ნიშნავს, რომ პედაგოგიური საზოგადოება უნდა ჩაერთოს რეფორმის შინაარსში. შეიძლება მთლიანად არ შეაჩერონ პროცესი, მაგრამ ახლა მარტო ადმინისტრაციულ-ტექნო-პოლიციური რეჟიმით ხორციელდება ეს ყველაფერი და შემდეგ, შესაძლოა ჩაერთონ მასწავლებლებიც.

მსგავსი რამ, რაც ახლა ხდება, არც ერთი რეფორმის დროს არ მომხდარა საქართველოში. არც ლომაიას დროს, არც შაშკინის და ამილახვარის დროსაც კი. წიგნის წერას იწყებენ, რაღაცის დანერგვის პროცესებს იწყებენ ისე, რომ სასწავლო გეგმა არ გამოუქვეყნებიათ.

აქამდე ასე იყო, რომ ჯერ ეროვნული სასწავლო გეგმა ხდებოდა საჯარო და მერე იწყებოდა წიგნებზე მუშაობა. ესენი წიგნებზე ისე იწყებენ მუშაობას, რომ არც გვპირდებიან, რომ სასწავლო გეგმას მანამდე გვაჩვენებენ.

გასაგებია, დღეს რატომაც არ გვაჩვენებენ სასწავლო გეგმას, რადგან გამოჩნდება, რომ სადღაც ორი კლასი ამოვარდა, საათობრივი ბადე შემცირდა, საგნების შინაარსი გაფუჭდა. ეს გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას და ამის ეშინიათ“ – ამბობს ნიკო სილაგაძე.

მისი თქმით, ამ განცხადებას სულ ცოტა 10 000 მასწავლებელი თუ მაინც მოაწერს ხელს, ეს იქნება ბერკეტი იმისთვის, რომ აქტიური ნაბიჯები გადაიდგას ეროვნული სასწავლო გეგმის გასაჯაროებაზე.

______________

მსგავს თემაზე:

„აპირებენ საათობრივი ბადიდან გააქრონ საგანი „მოქალაქეობა“ – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: