ბათუმის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლ DARK WEB-ის პრემიერა გააუქმა, რომელიც 7-8 თებერვალს უნდა გამართულიყო.
პრემიერამდე ორი დღით ადრე, 5 თებერვალს, ღამით, ბათუმის დრამატულმა თეატრმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სპექტაკლის გაუქმების მიზეზად სპექტაკლის რეჟისორის „პოლიტიკური აქტი“ დაასახელა.
„თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“- წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში თეატრის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ თეატრში პოლიტიკის ადგილი არ არის.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზებას. პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს.
შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი, რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება“ – წერს თეატრის ადმინისტრაცია.
ბათუმის დრამატული თეატრის განცხადება.
რას ნიშნავს „სუბიექტური პოლიტიკური აქტი“?
რატომ არ არის პოლიტიკის ადგილი თეატრში?
რაზე ლაპარაკობს მაშინ თეატრი?
– ამ კითხვებზე პასუხის მიღება ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორისგან, კოტე მჟავიასგან გვინდოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.
სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არც რეჟისორი გეგა გაგნიძე პასუხობს.
თეატრის ოფიციალურ განცხადებას ფეისბუქზე ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ გოგუაძე გამოეხმაურა, რომელიც ოფიციალური განცხადების პათოსს იზიარებს.
„შვიდი თვის განმავლობაში, ძალიან ღირსეულად, ბეწვის ხიდზე იარა (თეატრმა) და არ მისცა არანაირი საფუძველი არავის, თეატრი ექცია პოლიტიკური ინსინუაციების კერად“ – დაწერა ზაალ გოგუაძემ.
ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერის გაუქმებას ფეისბუქზე გამოეხმაურნენ მსახიობებიც.
„უძლიერესი გუნდი ვმუშაობდით თითქმის სამი თვე. 6 ცალი მხეცი არტისტი და უკარგესი სადადგმო ჯგუფი. ბევრი ჭორ-მართალი დაიწერება ამ ფაქტის შესახებ, სიმართლე კი ის არის, რომ ამჯერადაც ციხე შიგნიდან გატყდა. ვისაც ძალიან უნდოდა და ვერაფრით ვერ მოახერხა ჩვენს სპექტაკლში შემოკვეხება, პატარა მიიბოღმნენ და ყველა რესურსი გამოიყენეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს შორის უკიდურესად დაეძაბათ ურთიერთობა. ბრავო, კოლეგებო, მიზანს მიაღწიეთ, სპექტაკლი არ შედგება.
გეგა გაგნიძესთან მუშაობა ინატროს ყველა არტისტმა. კარგი სპექტაკლით გვინდოდა გაგვეხარებინა მაყურებელი, მაგრამ მოგვიხსნეს“ – წერს ფეისბუქზე მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი.
თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მოტივით სპექტაკლის გაუქმება უკვე შეაფასეს ცენზურად.
მაგალითად, ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი გიორგი გვახარია ფეისბუქზე გამოეხმაურა ამ თემას და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, ცენზორს ეღიარებინოს, რომ ხელოვნების ნაწარმოებს პოლიტიკური მოტივით კრძალავს.
„ათი წელია ცენზურის ისტორიას ვსწავლობ. მართალია, მხოლოდ კინოში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ჰოდა, არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს.
სტალინი და მისი “რედაქტორებიც” კი , როცა რამეს იწუნებდნენ ან კრძალავდნენ, ამას ხსნიდნენ “ისტორიის ცუდი ცოდნით”(“ივანე მრისხანე”), ფორმალიზმით (“ჩემი ბებია”), უკონფლიქტობით (აბრაამ რომის “მკაცრი ყმაწვილი”), ნაციონალიზმით (სავჩენკოს “ბედნიერება”)… აღარაფერს ვამბობ შემდგომ ეპოქებზე – “მაყურებელი ტოვებს დარბაზს” (“დიდი მწვანე ველი”), “მრუდე სარკეში დანახული სინამდვილე” (“გიორგობისთვე”), პორნოგრაფია (“ანდრეი სმირნოვის “შემოდგომა”)
ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს და იცით რატომ გააკეთა? სულელები გგონიათ? – არა, ყველა ცენზორი, ცხადია, სულელია, მაგრამ ესენი არა!
ამით ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პატაკი ჩააბარა პარტიას – ხომ ხედავ, როგორი ერთგული ვარ, ჩემზე ერთგულს ვერ ნახავ ვერსად, იმიტომ ავკრძალე, რომ “ჩვენიანი”, უფრო სწორად “შენიანი” არ აღმოჩნდა მისი ავტორიო. ჰოდა, დიდება პარტიასო!“ – წერს გიორგი გვახარია.
პოლიტიკური ნიშნით სპექტაკლის ცენზურას დრამატურგი ალექს ჩიღვინაძეც გამოეხმაურა:
„თეატრი თავისი ბუნებით, ანტიკური ხანიდან დღემდე, პოლიტიკურია.
სხვა რა არის სოფოკლეს „ანტიგონე“, სადაც სახელმწიფო კანონი პიროვნულ მორალსა და ღირსებას უპირისპირდება?
სხვა რა არის არტურ მილერის „სეილემის პროცესი“, სადაც ნაჩვენებია ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, სადაც ბრალდება უკვე თავისთავად ნიშნავს დანაშაულს, ისევე როგორც თანამედროვე საქართველოში. რომ აღარაფერი ვთქვათ ბრეხტზე ან აუგუსტო ბოალზე, ვინც თეატრი ჩაგრულთა ხმებით აავსო.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მე როგორც დრამატურგი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ყოველდღიურად ვახორციელებ “სუბიექტურ პოლიტიკურ აქტებს”, რადგან მიმაჩნია, რომ სოლიდარობა არის უმთავრესი პოლიტიკური და ადამიანური ღირებულება. ჩემი პიესაც – სოლიდარობაზეა. შესაბამისად პოლიტიკურია და თქვენი „ლოგიკით“, მასაც შეეხება ცენზურა.
თეატრიდან სპექტაკლები კი არ უნდა იხსნებოდეს, არამედ ის ადამიანები, ვინც თავის მაყურებელს ასეთ განცხადებას, ასეთ პროფესიულ უმეცრებასა და პოლიტიკური კონიუნქტურას ჰკადრებს.
თეატრი, სადაც არ აწუხებთ, არ აპროტესტებენ, თეატრი კი არ არის – საბანკეტო დარბაზია.
თუ გეგა გაგნიძის ადგილი არ არის მაგ თეატრში, არც ჩემი პიესის ადგილია იქ. სოლიდარობა გეგა გაგნიძეს, სოლიდარობა ბათუმის თეატრის მსახიობებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე“ – წერს ალექს ჩიღვინაძე.
ბათუმის თეატრის ადმინისტრაციის მიერ სპექტაკლის დაცენზურებას მწერალი და სცენარისტი ლაშა ბუღაძეც გამოეხმაურა.
მან გაიხსენა 2007 წელი, როცა რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუამ მისი პიესა, „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი” დადგა, რომელიც, ლაშა ბუღაძის თქმით, „სავსე იყო სარკაზმით და აგრესიით სააკაშვილის მიმართ, თუმცა არავის აზრად არ მოსვლია ამ სპექტაკლის აკრძალვა.
„ივანიშვილის „დემოკრატიის” ჟამს, ბათუმში სპექტაკლს კრძალავენ “რეჟისორის სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელების” გამო. ნეტა ასეთი რა სუბიექტური აქტი იყო, რომელმაც ასე შეაშინა ეს ობიექტური მონები?!“ – წერს ლაშა ბუღაძე.
ქართული თეატრი საქართველოში მიმდინარე პროევროპული მოძრაობის ნაწილია ქვეყანაში პროტესტის დაწყების პირველივე დღეებიდან. თეატრალური დასები თბილისსა თუ რეგიონებში, ცალკეული მსახიობები, პროტესტს გამოხატავენ სცენაზეც.
ქართული თეატრის პროტესტი განსაკუთრებით ხმამაღლა გაისმა მას შემდეგ, რაც თბილისში დააკავეს ანდრო ჭიჭინაძე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი, რომელიც ახლაც პატიმრობაშია.
_____________________
ფოტოზე: რეჟისორი გეგა გაგნიძე. ფოტო: ბათუმის დრამატული თეატრი
ამავე თემაზე:
„ქუჩაში რაც ხდება, თუ სცენაზე არ გადმოვა, თეატრი მოკვდება“ – საუბარი დათა თავაძესთან







