ბათუმი,მთავარი,სიახლეები

უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

17.02.2025 •
უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

„ჩანს რამე, ღობე არის? ღობე როდის არის იცით? როცა მთავრობის წარმომადგენლები მოდიან, მაშინ აკეთებენ ღობეს,“ – ეს „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა 2025 წლის 15 თებერვალს, როცა ამ დასახლებაში 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ.

ბავშვები დღეს, 17 თებერვალს დაკრძალეს.

რატომ არ იყო მოწყობილი უსაფრთხოების ღობე, როცა „ოცნების ქალაქის“ კონკრეტულ ტერიტორიაზე ახალი კორპუსების ასაშენებლად, „ოცნებისვე“ განმარტებით, „მოსამზადებელი სამუშაოები“ ჩატარდა? – „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას.

მეტიც: უსაფრთხოების ღობე ამ ტერიტორიაზე არსებობდა, თუმცა მხოლოდ ერთი დღით – არალეგიტიმური პრემიერისთვის, ირაკლი კობახიძისთვის და თორნიკე რიჟვაძისთვის.

უსაფრთხოების ღობე ჩანს კადრებში, რომელიც სახელისუფლებო მედიამ 2025 წლის 8 თებერვალს გაავრცელა – ამ დღეს „ოცნების ქალაქს“ კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე სტუმრობდნენ. მათ ახალი კორპუსების ასაშენებლად სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს. ამ ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.

სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის, თორნიკე რიჟვაძის და არალეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შემოსაზღვრეს 2025 წლის 8 თებერვალს „ოცნების ქალაქში“ ის ადგილი ღობით, სადაც ახალი კორპუსები უნდა აშენდეს. ამასთანავე, „ოცნებამ“ სამშენებლო მოედნის იმიტაციაც შექმნა.

როგორც „ოცნების ქალაქში“ გვითხრეს, „კაფსულის ჩაგდების ღონისძიების“ დასრულების მეორე დღეს, 9 თებერვალს, ეს ღობე უკვე დაშლილი იყო.

აქ ღობე დღესაც [17 თებერვალს] არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 15 თებერვალს ტრაგედია მოხდა.

ტრაგედიის შემდეგ აქ მხოლოდ თხრილი შემოღობეს.

„ოცნების ქალაქის“ სამშენებლოდ გამზადებული ტერიტორია 2025 წლის 8 თებერვალს, მთავრობის მიერ მოწყობილი ღონისძიების დროს [ზემოთ] და იგივე ტერიტორია ღონისძიების შემდეგ.

კობახიძის და რიჟვაძის გამოჩენამდე კი, ასევე მათი სტუმრობის შემდეგ, უსაფრთხოების ღობე აქ არავის მოუწყვია.

ადგილი, სადაც რიჟვაძემ და კობახიძემ კაფსულა ჩააგდეს და ერთი დღით შემოღობეს, იმ ადგილთან ახლოსაა, სადაც ბავშვები დაიღუპნენ.

„ოცნების ქალაქში“ ადასტურებენ, რომ ბარაკების ნაწილი ახალი კორპუსების მშენებლობის გამო დაშალეს და მძიმე ტექნიკა მუშაობდა იმ ადგილზეც, სადაც ბავშვები თხრილი ჩავარდნენ.

„ოცნების ქალაქი“ 2024 [მარცხნივ] და 2025 წელს [მარჯვნივ]. სატელიტიდან გადაღებულ ამ ფოტოებზე ჩანს, თუ რა ტერიტორია გამოათავისუფლა და მოასწორა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ახალი კორპუსების მშენებლობისთვის. სწორედ ამ გამოთავისუფლებულ და შემოუღობავ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ბავშვები თხრილში.

რატომ არ იყო დაცული კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები? – „ბათუმელების“ შეკითხვა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ უპასუხოდ დატოვა.

ბარაკების დაშლას და ტერიტორიის მომზადებაც აჭარის ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შესრულდა. დღეს, 17 თებერვალს, ამ უწყების პრესცენტრმა ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა.

კანონდარღვევით მიმდინარე მოსამზადებელ სამშენებლო სამუშაოებზე რეაგირება უნდა ჰქონოდა ბათუმის მერიასაც. „ბათუმელებს“ დღეს არც მუნიციპალური ინსპექციაში უპასუხეს. ამ უწყების პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

„მომხდარი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად. მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

209 ათასი ლარი დაიხარჯა ღონისძიებისთვის, რომელსაც კობახიძე დაესწრო ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: