„ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა უკვე შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტიდან გამომდინარე“ უძრავ ნივთთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანო გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს.
საუბარია იმაზე, რომ თუ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება [მაგალითად: გზა, რკინიგზა, პორტი, ელექტროგადამცემი ხაზი და ა.შ.], შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტულ უძრავ ქონებაზე დააწესოს შეზღუდვა.
ეს შეზღუდვა შეიძლება იყოს, მაგალითად: მშენებლობის აკრძალვა ან შეზღუდვა [სრულიად ან გარკვეული პარამეტრებით]; სიმაღლის ლიმიტი [მაგალითად, აეროპორტის სიახლოვეს]; გამოყენების ტიპის შეზღუდვა [სასოფლო-სამეურნეოდან სხვა დანიშნულებაზე ვერ გადაყვანა]; დაცვითი ზონის დაწესება [გზის, სანაპიროს, ინფრასტრუქტურის გარშემო]; გადაყვანის/გასხვისების შეზღუდვა გარკვეული ვადით და სხვა.
ანუ, შეზღუდვა ნიშნავს, რომ მესაკუთრე ვეღარ სარგებლობს ქონებით სრულად საკუთარი სურვილისამებრ, რადგან პრიორიტეტი ენიჭება საჯარო ინტერესს. შესაბამისად, მთავრობას ეძლევა უფლება, ეს ქონება მესაკუთრეს სხვა სახელმწიფო ქონებაში გადაუცვალოს.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ახალ დადგენილებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 9 თებერვალს მოაწერა. დადგენილება 10 თებერვალს ამოქმედდა.
ცვლილებების გათვალისწინებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის წინაპირობები“ დადგენილებაში შემდეგნაირად განისაზღვრა:
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა შესაძლებელია, განხორციელდეს:
- ა) თუკი ქონების გაცვლის საჭიროება გათვალისწინებულია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმით;
- ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით.
- გ) სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის განსახორციელებელი პროექტიდან გამომდინარე, კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უძრავ ნივთთან მიმართებით განსაზღვრული/მითითებული შეზღუდვის შემთხვევაში.“.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი წესით გაყიდვა ან/და გაცვლა 2026 წლის 12 იანვრიდან იმ „წინაპირობების საფუძველზე“ გრძელდება, რომელიც „ოცნების“ მთავრობამ დაადგინა. ეს „წინაპირობები“ კი საკმაოდ მოცულობითია.
არადა, 2025 წლის ივნისში „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა“, თუმცა, ამ წესით ქონების გასხვისებას მაინც აგრძელებდა.
სადაო პარლამენტმა, 2025 წლის 11 ნოემბერს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც პირდაპირი მიყიდვის წესი კი არ გაუქმდა, არამედ დააკონკრეტეს, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ან/და გაცვლა შესაძლებელი იყო „მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
ამ თემაზე:
სახელმწიფო ქონებას პირდაპირი წესით ისევ გაყიდიან- „ოცნებამ“ კრიტერიუმები დაადგინა
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან





