რას ცვლის „ოცნების“ რეფორმა უმაღლეს განათლებაში?
- „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“ – ამ პრინციპით სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფლება აღარ ექნებათ, განახორციელონ ერთი და იგივე საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ავტომატურად გამოიწვევს ფაკულტეტების შემცირებას და აკადემიური პერსონალის უმუშევრად დარჩენას.
- საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლა ერთი წლით უნდა შემცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაც გამოეთიშება ბოლონიის პროცესს. შესაბამისად, ქართველი სტუდენტები ვეღარ მოახერხებენ ევროკავშირის გაცვლითი პროგრამებით სარგებლობას, აკადემიურ წელში არსებითი სხვაობის გამო პრობლემა იქნება უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაც. ამით „ოცნების“ ხელისუფლება რეალურად იზოლაციაში აქცევს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას და უდიდესი შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს ახალგაზრდებისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება ევროპის, ამერიკის ან სხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში.
- უმაღლესი განათლების „რეფორმა“ სრულად უგულებელყოფს უნივერსიტეტების ავტონომიას, რადგან მთლიანად სახელმწიფო გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში რა პროგრამა უნდა განხორციელდეს. ამით არჩევანის შესაძლებლობას ართმევს როგორც უნივერსიტეტებს, ასევე სტუდენტებს.
- გრანტების შესახებ კანონის მიღებით, უნივერსიტეტებს და, შესაბამისად, მეცნიერ-თანამშრომლებს შესაძლებლობა ეკარგებათ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის, რეპრესიული კანონი მეცნიერს უზღუდავს უცხოური დაფინანსების მიღებას ხელისუფლების ნებართვის გარეშე.
- იზოლაციაში აქცევს საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
- „რეფორმის“ ფარგლებში, აკადემიურ პერსონალთან შეთანხმების გარეშე, „ოცნების“ ხელისუფლებამ გააერთიანა ორი დიდი უნივერსიტეტი, რამაც პროტესტი გამოიწვია.
- „რეფორმის“ ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონების (სავარაუდო) გასხვისება.
- „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის თქმით, დედაქალაქში სტუდენტების ჭარბი რაოდენობაა თავმოყრილი, ამიტომ, მისი აზრით, სტუდენტების 60% რეგიონებში უნდა გადანაწილდეს. გადაწყვეტილება მიღებულია განათლების სპეციალისტებთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტებთან შეთანხმების გარეშე.
რა ხდებოდა „ოცნების“ რეფორმამდე?
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აჩერებს, ქვეყანაში საყოველთაო მღელვარება დაიწყო. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები „ოცნების“ გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად აფასებდნენ.
ამ პროცესში აქტიურობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
არაერთმა სკოლამ თუ უნივერსიტეტმა გაავრცელა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი პეტიციები, სადაც ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მიუღებელია „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკა.
პეტიციის ტექსტში, რომელიც 2024 წლის 1-ელ დეკემბერს გავრცელდა და 3 ათასამდე მასწავლებელი აწერდა ხელს, ეწერა – „დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დუმილი დანაშაულია“.
საპროტესტო აქციები „ოცნების“ ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია, ცემა და დაასახიჩრა ასობით მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები.
სპეცრაზმების მიერ მოქალაქეების უმოწყალოდ ცემასა და დასახიჩრებას მასწავლებლები და მოსწავლეებიც აპროტესტებდნენ.
პროტესტის ნიშნად თსუ-ში, ილიაუნსა და ბსუ-ში სტუდენტებმა უწყვეტი აქციები დაიწყეს.
ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ პეტიციებზე ხელს აწერდნენ საჯარო მოხელეები, ლექტორ-მასწავლებლები, პროფესორები და ამ პროცესმა აჩვენა წინააღმდეგობის საყოველთაობა.
პარტიული წმენდა შეეხო თითქმის ყველა სფეროს, ყველა საჯარო სამსახურს.
რეპრესიული კანონების პარალელურად, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი თავს ესხმოდა უნივერსიტეტებს. ის აანონსებდა უნივერსიტეტების წმენდას. განსაკუთრებული სიძულვილის ენით საუბრობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე, პროფესურაზე და მათ „ნაცებს“ ეძახდა.
სტუდენტური პროტესტის ჩახშობის და საგანმანათლებლო სივრცეებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ „რეფორმა“ დაიწყო, რომელიც უნივერსიტეტების გაერთიანებას, ნაწილის გაუქმებას და დედაქალაქიდან გადატანას ითვალისწინებს.
კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ „რეფორმის“ მიზანი სტუდენტებისგან თბილისის „განტვირთვაა“. მისი თქმით, სტუდენტების 80% თბილისშია თავმოყრილი, ამიტომ ეს წილი ,,40%-ზე უნდა ჩამოვიყვანოთ”.
არც ამ საკითხზე გაუმართავს „ოცნებას“ დისკუსია, მსჯელობა, არ მოუსმენია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოსაზრებები, რამაც უკმაყოფილების ახალი ტალღა გამოიწვია უნივერსიტეტებში.
- „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმას“, სპეციალისტებმა „განათლების დეფორმა“ უწოდეს
„ოცნებამ“ განათლების ახალი კონცეფცია 2026 წლის 28 იანვარს დაამტკიცა.
„რეფორმა“ საჯარო სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებით დაიწყო.
- კონტროლი უმაღლეს სასწავლებლებზე
„რეფორმამ“ პირველი დარტყმა თბილისის სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს მიაყენა – „ოცნებამ“ მათი გაერთიანება ისე გამოაცხადა, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ არც უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა და არც სტუდენტებმა.
ამ ფაქტმა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. უნდა დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, მიიჩნევს თსუ-ს ასოცირებული პროფესორი თეონა მატარაძე.
მისი აზრით, ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების მიზანი უნივერსიტეტების ქონების ხელში ჩაგდება და გასხვისებაა. „ოქტომბერში დაიწყო კიდეც ეს პროცესი, როცა თსუ-მ 8385 კვ/მეტრი ფართობი მხოლოდ წერილის საფუძველზე დაუთმო სახელმწიფოს“, – ამბობს თეონა მატარაძე.
ის, რომ უნივერსიტეტების შენობები შესაძლოა გაიყიდოს, არც „ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დაუმალავს.
მისი თქმით, უნივერსიტეტების რეგიონებში გადატანით, „ქალაქი განიტვირთება“. თბილისიდან გადატანილი უნივერსიტეტებისთვის კი ახალი კორპუსები რუსთავსა და ქუთაისში აშენდება.
თუმცა როდის და რა თანხით, ამაზე კობახიძეს არ უსაუბრია.
განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება, რომელმაც სკოლები და საბავშვო ბაღები ვერ ააშენა და მილიონობით ლარის მითვისების ბრალდებით კომპანიის წარმომადგენლები დააკავა, ორ წელიწადში ვერ შეძლებს საუნივერსიტეტო ცენტრების შექმნას და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას.
მათი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საგანმანათლებლო ცენტრების დანგრევა-განადგურება სურს, იზოლაციაში მოქცევა, რომ კავშირი აღარ ჰქონდეს დასავლურ სამყაროსთან და მორჩილებაში ჰყავდეს როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტები.
„სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. იმიტომ, რომ სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“.
სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იმავე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები“, – ამბობს თეონა მატარაძე.
„ქართული ოცნების“ შემდეგი სამიზნე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.
- უნივერსიტეტები გრანტების გარეშე და მხოლოდ ბიუჯეტზე დამოკიდებული
უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევების უდიდესი წილი სწორედ დასავლურ გრანტებზე მოდის. სახელმწიფო მეცნიერებას ყველაზე ნაკლებად აფინანსებს. „ოცნების რეფორმა“ უნივერსიტეტებს უკრძალავს როგორც უცხოელი სტუდენტების, ისე გრანტების მიღებას.
„ოცნების“ ხელისუფლებამ შეწყვიტა სტუდენტების დაფინანსებაც, ანუ გააუქმა სახელმწიფო გრანტი და განაცხადა, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან დააფინანსებს მხოლოდ იმ პროგრამებს, რასაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს დაუტოვებს.
„რეფორმა“ ითვალისწინებს „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მსგავს პროგრამებს ვეღარ განახორციელებენ, რაც გამოიწვევს ლექტორ-მასწავლებლების შემცირებას, უმუშევრობის გაზრდას.
კობახიძის თქმით, ერთ ფაკულტეტს ერთი პროფესორი ეყოლება, რომლის ანაზღაურებაც 10 000 ლარი იქნება. სხვა აკადემიურ პერსონალს კი მხოლოდ ასისტენტად შეუძლია მუშაობის გაგრძელება.
„რეფორმა“ უნივერსიტეტებს არ აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ რა პროგრამები დანერგონ, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს პროგრამები და ვისთან ითანამშრომლონ.
„საბჭოთა უნივერსიტეტებში იყო ასე, რომ არ არსებობდა არჩევანი. აი, ეს – არჩევანის თავისუფლება იყო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ურთიერთობის და მასთან შერწყმის ძირითადი უპირატესობა და ამას უტევს ხელისუფლება. მას სურს წაართვას აბიტურიენტს და სტუდენტს არჩევანი და აქციოს მარიონეტად, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ ხელისუფლების მითითებების შესაბამისად“, – ამბობს თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.
ილიაუნის პროფესორის, მანანა რატიანის შეფასებით, „ქართული ოცნება“ უნივერსიტეტების მოგუდვას აპირებს.
„ვხედავთ, როგორ გუდავენ უნივერსიტეტებს. დაასახელეს 7 პრიორიტეტი, რომლებიც არანაირ კვლევას არ ეფუძნება. ჩვენი სტუდენტები მიჩვეული არიან დემოკრატიულ მმართველობას, გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღებას და ისინი ასე მარტივად სამართავები არ არიან. ისევე როგორც ჩვენი პროფესურა, ასე მარტივად არ ემორჩილება სისტემას.
ფინანსურად დამოკიდებულს ხდიან სახელმწიფოზე უმაღლეს სასწავლებლებს, იმიტომ, რომ ვერ გაბედონ ზედმეტი ხმის ამოღება.
ფაქტობრივად აქეთ მივექანებით, რადგან შეგვიჩერეს ყველანაირი გრანტი და დახმარებები დასავლეთის ქვეყნებმა. პროექტებიც მინიმუმზეა დაყვანილი და მხოლოდ მიმდინარე პროექტები თუ სრულდება საქართველოში. ერთადერთი, რა შესაძლებლობაც იყო აკადემიურ ნაწილში, ეს იყო ერასმუსის პროგრამები, რომელზეც უარი არ თქმულა და თითქოს მწვანე შუქი აენთო, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ თუკი ჩვენი დიპლომი არ იქნება აღიარებული, ერასმუსშიც როგორ ჩაერთვებიან სტუდენტები?“ – ამბობს მანანა რატიანი.
განათლების ექსპერტების შეფასებით, „ქართული ოცნების“ რეფორმა წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, რადგან არღვევს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპებს.
არ არის თავსებადი უნივერსიტეტების დიდ ქარტიასთან და ბოლონიის პროცესთან. საფრთხეს უქმნის ქართული აკადემიური სივრცის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციასა და მონაწილეობას.
იგი არ ემსახურება უნივერსიტეტის განვითარებას და აკადემიური სივრცის შეზღუდვის, იზოლაციისა და დასუსტების პოლიტიკური ინსტრუმენტი ხდება.
განათლების ექსპრერტი სიმონ ჯანაშიაც მიიჩნევს, რომ „რეფორმის“ მიზანია ხელისუფლებამ ტოტალური კონტროლი დაამყაროს უნივერსიტეტებზე.
„რეალური რისკი კი ის არის, რომ „ოცნება“ ცდილობს დაიმორჩილოს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა იმისთვის, რომ შემდეგ ეს სისტემა ემსახუროს ამ პარტიის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და სულ უფრო და უფრო ჩამოშორდეს თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს და ევროპულ განათლებას.
ამაზეც თავად საუბრობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომ თავი უნდა დავიცვათ თურმე „მავნე ზეგავლენებისგან, რაც მოდის დასავლეთიდან“.
ევროპაში უნივერსიტეტები ემსახურებიან საზოგადოებას და არა პარტიებს. პარტიები ასრულებენ აკადემიური სივრცის ფარგლებში შემუშავებულ კონცეფციებს და აკადემიური სივრცის მოთხოვნებს და არა პირიქით, როცა აკადემიური სივრცე ემსახურება პარტიების შემუშავებული კონცეფციების აღსრულებას“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
ცვლილებები შეეხო ზოგად განათლებასაც:
- გააუქმა 12-წლიანი სასკოლო განათლება და ამით სკოლა გამოთიშა ბოლონიის პროცესს.
- 12-წლიანი სწავლების უფლება დაუტოვა მხოლოდ კერძო სკოლებს, საჯაროებს, ცალკეულ შემთხვევაში.
- შეზღუდა მასწავლებლების უფლებები კარიერული განვითარების სქემით, მასწავლებლებს აღარ აქვთ უფლება, დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, დამატებით დასაქმდნენ სხვა სამსახურში, დირექტორის წერილობითი ნებართვის გარეშე.
- შეუზღუდა კერძო რეპეტიტორობა და კერძო ცენტრებში მასწავლებლად მუშაობა.
- საბაზო საფეხური გახდა 10-წლიანი, მე-11 კლასი გამოცხადდა მოსამზადებელ კლასად.






