მთავარი,სიახლეები

ომიდან დაბრუნებული მამა 3 შვილთან ერთად დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად – ტრაგედია ხარკოვში

11.02.2026
ომიდან დაბრუნებული მამა 3 შვილთან ერთად დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად – ტრაგედია ხარკოვში

უკრაინაში 11 თებერვალს, ღამით, ხარკოვის ოლქში მდებარე პატარა ქალაქ ბოჰოდუხოვში, ხუთსულიანი ოჯახის სახლზე რუსული დრონის აფეთქების შედეგად ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა.

„დარტყმის შედეგად სახლი მთლიანად განადგურდა და ცეცხლში გაეხვა, ოჯახი კი ნანგრევების ქვეშ მოყვა“, – წერს ხარკოვის პროკურატურა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, დაიღუპა 34 წლის კაცი და მისი სამი შვილი, ორი, 1 წლამდე ასაკის ბიჭი და 2 წლის გოგონა.

ხარკოვის პროკურატურის ცნობით, მაშველებმა ოჯახის მხოლოდ ერთი წევრის, ბავშვების დედის გადარჩენა მოახერხეს. ის 35 კვირის ორსულია. ქალს აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობა, ტვინის ტრავმული დაზიანება და თერმული დამწვრობა აღენიშნება.

უკრაინული გამოცემა „სუსპილნე“ წერს, რომ 34 წლის კაცი, ბავშვების მამა, ომიდან იყო დაბრუნებული. „მამა იბრძოდა. ის ომიდან ინვალიდი დაბრუნდა, ფეხის ნახევარი აკლდა და პროთეზი ჰქონდა“, – წერს „სუსპილნე“ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ოჯახი ახალ სახლში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადავიდა საცხოვრებლად, მანამდე ისინი ხარკოვის ოლქის სხვა სოფელში ცხოვრობდნენ, რომელიც ევაკუაციის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ.

__________

ფოტო: უკრაინის ნაციონალური პოლიცია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: