მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ქედაში ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

12.02.2026
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ქედაში ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

„ოცნების“ მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც „ოცნების ქალაქში“ მშენებლობისთვის შპს „ანაგი“ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს.

„ანაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 6 თებერვალს მოაწერა.

ამ განკარგულებით „ანაგი“ სამი თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, მოიპოვოს 13 567 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე.

ქვიშა-ხრეშის მოპოვების ადგილი [9 045 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია] მდინარე აჭარისწყლის კალაპოტში, სოფელ არსენაულთან მდებარეობს.

ამონარიდი მთავრობის განკარგულებიდან

ამავე განკარგულებით „ანაგი“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 17 696 ლარის გადახდა.

„ოცნების ქალაქში“ „მეორე ფაზის“ მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 110 057 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულად გამოავლინეს „ანაგი“, რომელთანაც ხელშეკრულება 129 346 880 ლარზე გააფორმეს დღგ-ს გათვალისწინებით [ხოლო 109 616 000 ლარი დღგს გარეშე].

ტენდერის ფარგლებში „ანაგმა“ 9 კორპუსი უნდა ააშენოს არაუგვიანეს 2028 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდში.

მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ / 12.02.2026

შესყიდვების პორტალის მიხედვით ბიუჯეტიდან „ანაგზე“, 2026 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, უკვე გადარიცხულია 45 940 752 ლარი.

„ოცნების ქალაქში“ მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყება 2025 წლის 8 თებერვალს „სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიებით“  აღნიშნეს, რომელსაც „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძეც დაესწრო. ამ ღონისძიებისთვის მაშინ ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამ ღონისძიების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში კი „ოცნების ქალაქში“ ტრაგედია დატრიალდა – 2025 წლის 15 თებერვალს, 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ.

ამ თემაზე ვრცლად: უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: