გადამზიდავი კომპანიების აქცია დაწყებამდე დაიშალა – „მინისტრმა დღესვე შეგხვდებითო“

სატვირთო მანქანების მფლობელმა გადამზიდავი კომპანიების მესაკუთრეებმა ბათუმში დაანონსებული აქცია მას შემდეგ აღარ გამართეს, როცა გაიგეს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მათთან შეხვედრას აპირებს. ისინი სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან გაჩერებული ათეულობით ტრაილერის დაუყოვნებლივ გამოტარებას ითხოვენ.

დღეს, 17 მარტს, სატვირთო მანქანების მფლობელი გადამზიდავი კომპანიის მესაკუთრეები ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეიკრიბნენ და აპირებდნენ პროტესტის ნიშნად სარფის გასასვლელის გადაკეტვას საქართველოს მხრიდან.

„სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ, რომ მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დღესვე შეგვხდება. შემდეგ მოვიფიქრებთ, რას ვიზამთ,“ – გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ტრაილერების მძღოლებს სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარემ მოულოდნელად და ერთბაშად მოსთხოვა ავტოსაგზაო დარღვევების შედეგად თურქეთში გამოწერილი ჯარიმების გადახდა.

„მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ესაა 4 წლის განმავლობაში დაგროვებული 220 ათასი ლირა 25 მანქანაზე… რამდენიმე დღეა უკვე იქ დგას მანქანები და საქართველოში არ უშვებენ. ტრაილერების ნაწილზე მალფუჭებადი პროდუქტია. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ხელისუფლება ჩაერთოს ამ პროცესში, მანქანები გამოატარონ და შემდეგ დავილაპარაკოთ, რა გვაქვს გადასახდელი,“ – ამბობს ირაკლი ნემსაძე.

ტრაილერების მფლობელების აქციისთვის ემზადებოდნენ პოლიციელებიც, თუმცა აქცია არ შედგა

გადამზიდავები ასევე ირწმუნებიან, რომ მათ არც კი ჩაჰბარებიათ თურქეთის სამართალდამცველების მხრიდან ჯარიმის შესახებ ოქმები წინა წლებში.

„შესაძლოა, ჩემს მძღოლებს ჩააბარეს, ვერ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე მის გადახდას არ ითხოვდნენ. გარდა ამისა, არსებობს ხანდაზმულობის ვადა, ხომ? როგორ უნდა გავარკვიოთ ახლა, რამდენად სამართლიანად იქნა გამოწერილი ესა თუ ის ჯარიმა? ჯარიმები, როგორც წესი, უნდა მისდიოდეს მესაკუთრეს. ჩემთან კი, არც მეილზე, არც სატელეფონო შეტყობინებით არ შემოსულა ინფორმაცია ამ ჯარიმებზე,“ – გვითხრა ირაკლი ნემსაძემ.

სატვირთო მანქანების კომპანიების მფლობელებმა, ასევე მძღოლებმა, ბათუმის ეკონომიკური გაფორმების ზონასთან საპროტესტო აქცია გასული წლის სექტემბერშიც გამართეს. მაშინ ისინი ნებართვებს ითხოვდნენ გადაზიდვებზე და ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა აქციის შემდეგ დააკმაყოფილა.

ჩინეთი უკრაინის მეგობარი ქვეყანაა, ჩვენ დაგეხმარებით – ჩინეთის ელჩი უკრაინაში

„ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას. ჩვენ დაგეხმარებით, განსაკუთრებით ეკონომიკურად… მდგომარეობაში, რომელიც ახლა გაქვთ, ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით.

ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება სასიკეთო ძალა უკრაინისთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად,“- უთხრა ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიენჟუნმა, ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაქსიმ კოზიცკის. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ჩინეთის საელჩო უკრაინაში კიევიდან ლვოვში გადავიდა და ამ დროისათვის იქ რჩება.

The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ წერილში, უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიციაზე ისაუბრა ჩინეთის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინ განგმაც. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ და რუსეთს მხარს უჭერდა.

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა. Financial Times-ის ცნობით, მას ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კონფიდენციალურად განუცხადეს. აშშ-ის ოფიციალურ პირებს საჯაროდ არ დაუდასტურებიათ ინფორმაცია, თუმცა არაერთხელ განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს დაეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაში, ჩინეთს შედეგებისთვის თვალის გასწორება მოუწევს.

თავის მხრივ, ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გავრცელებულ ინფორმაციას არაერთხელ უწოდეს დეზინფორმაცია და აშშ-ს მოუწოდეს „არ დაემუქრონ სანქციებით ჩინეთს, როდესაც მისი მხარდაჭერა სჭირდებათ“.

ჩინეთისთვის სამხედრო აღჭურვილობით დახმარების თხოვნა უარყო რუსეთმაც და განაცხადა, რომ „რუსულ სამხედრო ძალებს შეუძლიათ სრული კონტროლის დამყარება უკრაინის მთავარ ქალაქებზე ჩინეთის დახმარების გარეშე“.

_____________

ფოტო: ჩინეთის საელჩო უკრაინაში

საფინანსო ინსტიტუტები საქართველოში გადმორიცხვებს სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ. საზოგადოებას მივმართავთ, რომ აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა.“

„რეგიონში გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, როგორც უცხოური, ისე ქართული ბანკები აანალიზებენ, თუ რამდენად მისაღებია მათთვის იმ რესურსის გაღება, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტრანზაქციების სანქციებთან შესაბამისობის დასადგენად. სწორედ ამ შეფასებისა და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურების  საფუძველზე მიიღება კონკრეტული ტრანზაქციის თაობაზე გადაწყვეტილებები. ამის მაგალითია ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია შვედეთის ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიერ საქართველოს მიმართულებით ფიზიკური პირებისათვის ტრანზაქციების შეწყვეტაზე.  აქვე აღვნიშნავთ, რომ შვედეთის რიგი სხვა ბანკები, ისევე როგორც ევროპისა და აშშ-ს საფინანსო ინსტიტუტები, გადმორიცხვებს სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ.

ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას.“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ამავე თემაზე:

ესპანეთში დააკავეს „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა

ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

საუბარია 135 მეტრის სიგრძის იახტაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იახტად მიიჩნევა და მისი სავარაუდო ღირებულება, მედიის ცნობით, 600 მლნ აშშ დოლარია.

წყარომ ესპანეთის პოლიციდან „როიტერს “განუცხადა, რომ იახტა ეკუთვნის სეჩინს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, რომელიც შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია.

სეჩინს კიდევ ერთი იახტა საფრანგეთის ხელისუფლებამ 4 მარტს ჩამოართვა.

_______________________________

სეჩინის იახტა. ფოტო: yachtharbour.com

ხულოს სოფელ თხილვანაში 1 მეტრი თოვლია – „მარტში არ მახსოვს ამხელა თოვლი“

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდთოვლობაა. ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლია სოფელ თხილვანაში.  „არ მახსოვს მარტში ამხელა თოვლი მოსულიყოს,” – უთხრა „ბათუმელებს“ თხილვანის მცხოვრებმა თემურ ქამადაძემ.

„გუშინ იყო თოვლი, მაგრამ ამხელა არა. წუხელ მთელი ღამე თოვდა. დილით ერთი მეტრი დაგვხვდა. ზოგან მეტიც,“ – თქვა თემურ ქამადაძემ.

მისივე თქმით, გუშინ, 16 მარტს, სოფელში შიდა გზები გაწმინდეს, მაგრამ ერთ ღამეში იმხელა თოვლი მოვიდა, ახლა მხოლოდ ვიწრო ბილიკებია დარჩენილი.

სოფელი თხილვანა, 17 მარტი  ფოტო: თემურ ქამადაძე
სოფელი თხილვანა, 17 მარტი.  ფოტო: თემურ ქამადაძე
ფოტო: თემურ ქამადაძე
17 მარტი, სოფელი თხილვანა.   ფოტო: თემურ ქამადაძე

აჭარაში კოვიდის 32 შემთხვევა დადასტურდა – 17 მარტის მონაცემები

17 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის  განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 888 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 620 კვლევა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 218, PCR ტესტით – 2 402. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარაში – 32, იმერეთში – 111, ქვემო ქართლში – 29, შიდა ქართლში – 50, გურიაში – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 53, კახეთში – 88, მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 986 პაციენტი. 

პოლონეთის პრემიერი ბათუმში ღარიბაშვილს შეხვდება

დღეს, 17 მარტს, ბათუმში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მათეუშ მორავიეცკი ჩამოდის. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში დადგეს.

„თქვენ უყურებთ ახალი უკრაინის დაბადებას, ჩვენ ვგავართ დავითს გოლიათის წინააღმდეგ“

„თქვენ ხართ ახალი უკრაინის დაბადების მომსწრე. ვერ წარმომიდგენია სხვა ევროპული ქვეყანა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობას აჩვენებდა. ჩვენ ვგავართ დავითს გოლიათის წინააღმდეგ,“ – უთხრა უკრაინის ქალაქ ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ, Financial times-ს.

გამოცემა სტატიაში წერს უკრიანელთა ერთიანობაზე რუსეთზე თავდასხმის შემდეგ.

უკრაინაში გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ მზადაა იარაღით დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სოციოლოგიური კვლევის ავტორი უკრაინული Ratinggroup-ია. 2020 წელს კი ბრძოლისთვის 59% იყო მზად.

დღეს, 17 მარტს, 22-ე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს.

____________________

რუსეთ-უკრაინის ომი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

სად დგას ჩინეთი უკრაინის საკითხზე – ელჩის წერილი და პეკინის პოზიცია

„მტკიცება, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა, დაეთანხმა ან ჩუმად დაუჭირა მხარი ამ ომს, არის წმინდა დეზინფორმაცია”, – წერს ჩინეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინ განგი.

მან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრის იან ჯიეჩის რომში შეხვედრიდან ორ დღეში The Washington Post-ში გამოაქვეყნა მოსაზრება, სახელწოდებით – „რა პოზიცია გვაქვს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით“.

„იყო ბრალდებები, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ და ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე გადადება მოსთხოვა რუსეთს. ბოლო ჭორები დამატებით ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩინეთისგან სამხედრო დახმარებას ითხოვდა. ნება მომეცით სრული პასუხისმგებლობით გითხრათ: მტკიცება, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა, დაეთანხმა ან ჩუმად დაუჭირა მხარი ამ ომს, არის წმინდა დეზინფორმაცია.

ყველა ეს ბრალდება ემსახურება მხოლოდ ერთ – ბრალის გადატანისა და ჩინეთისთვის ტალახის სროლის მიზანს. უკრაინაში იმყოფებოდა ჩინეთის 6 ათასზე მეტი მოქალაქე. ჩინეთი არის ორივეს – რუსეთისა და უკრაინის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოში.

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ჩინეთისთვის კარგი არაფერი მოაქვს. ჩინეთს რომ სცოდნოდა ამ გარდაუვალი კრიზისის შესახებ, ჩვენ ყველაფერს ვიღონებდით მის თავიდან ასაცილებლად“, – წერს ჩინ განგი, ჩინეთის ელჩი აშშ-ში.

ჩინეთის ელჩი ასევე გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებას, რომ თუ ჩინეთი რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში დაეხმარება, „შედეგებისთვის თვალის გასწორება მოუწევს“. ელჩმა მოუწოდა ვაშინგტონს, არ დაემუქროს ჩინურ კომპანიებს სანქციებით, როცა ჩინეთთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა სჭირდება.

მას შემდეგ, რაც აშშ-ჩინეთის მაღალი რანგის შეხვედრის წინ მედიაში კონფიდენციალური წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთს რუსეთმა შეიარაღება სთხოვა, ხოლო ჩინეთს პოზიტიური სიგნალი ჰქონდა აღნიშნულ საკითხზე, ვაშინგტონმა არაერთხელ გააჟღერა, რომ მსგავს შემთხვევაში სანქციები შეეხებოდა ჩინეთსაც.

16 მარტს ყოველდღიურ ბრიფინგზე ამავე საკითხს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ჟაო ლიჯიანი: „ნუ მოიღერებთ სანქციების ჯოხს, როცა ჩინეთის მხარდაჭერას ეძებთ“, – თქვა მან. 

ჟაო ლიჯიანმა და ჩინ განგმა გაიმეორეს ევროპელ ლიდერებთან სი ძინპინის მიერ გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან შეხვედრის დროს დასმული „ოთხი აუცილებელი“ საკითხიც, რომელთა შესრულებასაც ჩინეთი მოითხოვს:

  • ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა
  • გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების სრულად დაცვა
  • უსაფრთხოების საკითხებზე ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის სერიოზულად აღქმა
  • კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა

ჩინელი ოფიციალური პირები ბოლო დღეებში განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ ქვეყნის ლეგიტიმაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე აკეთებენ და ცდილობენ, უკრაინის ტაივანთან შედარების საწინააღმდეგო არგუმენტები მოიყვანონ:

„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. მაშინ, როცა ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, სრულიად გაუგებარია, როდესაც ხაზს უსვამენ სუვერენიტეტის პრინციპს უკრაინასთან მიმართებაში, როცა ზიანს აყენებენ ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ტაივანთან მიმართებაში,“-  მოჰყავს ჩინ განგის ციტატა  CGTN-ს, ჩინურ სამთავრობო მედიას.

ჩინური მედია სალივანი-იანის შეხვედრის დასრულების შემდეგაც მთავარ აქცენტებს სწორედ ტაივანის საკითხზე სვამდა. ჩინური მედიის ცნობით, იან ჯიეჩმა კოლეგას შეახსენა ამერიკის მიერ აღებული პასუხისმგებლობების შესრულების აუცილებლობაზე, რათა ამერიკამ შეწყვიტოს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მხარდაჭერა და დაუბრუნდეს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკაზე შეთანხმებას.

ტაივანი [ოფიციალურად – ჩინეთის რესპუბლიკა] სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროდან დაახლოებით 160 კმ-ით მდებარეობს და ე.წ.  „პირველი კუნძულის ჯაჭვში“ შედის. ეს ჯაჭვი მოიცავს აშშ-სადმი მეგობრულად განწყობილ ტერიტორიებს, რომლებიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. 

როგორც BBC-ი წერს, თუ ჩინეთი ტაივანის ხელში ჩაგდებას დააპირებს, ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ვარაუდით, მას წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში ძალაუფლება მიეცემა და შესაძლოა დაემუქროს აშშ-ს სამხედრო ბაზებს გუამსა და ჰავაიმდე, თუმცა ჩინეთი ამტკიცებს, რომ მისი განზრახვები ტაივანთან მიმართებაში წმინდად მშვიდობიანია.

_____________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/FILIP SINGER

ლტოლვილები ლაპარაკობენ, რას ააშენებენ ომის შემდეგ – ქართველი მზარეული უკრაინიდან

„იმის მიუხედავად, რომ ჯოჯოხეთური დღეები გამოიარეს, ბუნკერში მყოფი ლტოლვილები იცინიან, მღერიან კიდეც და მუდმივად საუბრობენ აშენებაზე. ლაპარაკობენ იმაზე, ეს ომი რომ დამთავრდება, ვინ რას იზამს, რას ააშენებს,“ – უყვება „ბათუმელებს“ ირაკლი ბერიძე. ის რვა წელია დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად.

ირაკლი და მისი უკრაინელი მეუღლე მზარეულები არიან. ომის დაწყებიდან მალევე მათ შესთავაზეს უკრაინის დატოვება და უსაფრთხო ქვეყანაში გაყვანა, თუმცა ოჯახმა დარჩენა და უკრაინისთვის დახმარება გადაწყვიტა.

  • მოგვიყევით, სად იმყოფებით ახლა, თუ შესაძლებელია ადგილის დასახელება, ვისთან ერთად და როგორ სიტუაციაში ხართ?

სამწუხაროდ იმ ადგილის დაკონკრეტება, სადაც ჩვენ ვართ ამჟამად, არ შემიძლია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ივანო-ფრანკივსკის ოლქში ვმუშაობთ რესტორანში მე და ჩემი მეუღლე.

რაც შეეხება სიტუაციას, შეიძლება ითქვას, რომ აქ სიმშვიდეა. საომარი მოქმედებები აქ არ ყოფილა. ერთადერთი ფაქტი, რისი აღნიშვნაც შეიძლება, ივანო-ფრანკივსკის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ბომბები ჩამოყარეს.

იმდენად უსაფრთხო გარემოში ვართ, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა გარემოება. აღმოსავლეთ უკრაინასთან შედარებით, სადაც ყოველდღიურად იბომბება ქალაქები, აქ შეიძლება ითქვას, რომ სიმშვიდეა. უსაფრთხოების მეტი დონეა. შესაბამისად სხვადასხვა ქალაქიდან ლტოლვილების გამოდინება ხდება აქ.

  • როგორი გახდა ომის დროს თქვენი ყოველდღიურობა? რა შეიცვალა? რამდენად რთულია ამ ცვლილებებთან შეგუება?

უკრაინაში ჩამოვედი 2014 წლის ნოემბერში. მას შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ კულინარიაში. ის რამდენიმე ათეული რესტორნის ბრენდშეფია, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ჩემი მეუღლე უძღვება ოპერატიულ მხარეს, მე კიდევ – ტექნიკურ მხარეს. ერთად ვმუშაობთ.

რვა წლის განმავლობაში ჩვენ ასე ვცხოვრობთ. ვიყავით საქართველოში, გვქონდა საინტერესო პროექტი, შევასრულეთ და წამოვედით. ომამდე ივანო-ფრანკივსკის ოლქში დაგვპატიჟეს უკრაინული რესტორნის გახსნაზე. დავიწყეთ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, როგორც ხდება. ჩამოვედით აქ ოჯახით – მე, მეუღლე და ჩვენი ოთხი წლის ქალიშვილი ნიკოლი.

რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რაც მოიტანა ომმა, ვფიქრობ, ჯერ ბოლომდე არც კი გვაქვს გათვითცნობიერებული, რა არის ეს, რა მოხდა.

ისეთი გიჟური რიტმი გვაქვს მუშაობის, რაიმეზე სერიოზულად დაფიქრების დროც კი აღარ გვრჩება.

ერთადერთი, რაც დარწმუნებით ვიცით, ისაა, რომ აღარაფერი არ იქნება ისე, როგორც ადრე იყო. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ამას რა დაერქმევა, უკვე ალბათ ომი რომ დასრულდება, მაშინ გავიგებთ. გვჯერა, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ამ ერს სურს, როგორც ჩვენ გვსურს.

  • როგორი განწყობაა თქვენს ნაცნობ უკრაინელებში?

ყოველი უკრაინელი, არ აქვს მნიშვნელობა დიდი, პატარა, ბავშვი, მოხუცი, ქალი, კაცი, მწოლიარე, მდგომარე, დღესდღეობით არის გაასმაგებული ენერგიით დამუხტული. ყველა ასეა – ისინიც, ვინც ახლა ტოვებს უკრაინას, ისინიც, ვინც დიდი ხანია დატოვა უკრაინა და ისინიც, ვინც ოდესღაც იძახდა, რომ უკრაინა არ შედგებოდა.

არ არსებობს ემოცია, რომელიც ამაზე ძლიერი იქნება. არის რაღაც რაღაცები, რაც თვალნათლივ ჩანს. ვფიქრობ, რომ ეს არის ერის გამოწრთობის პროცესი. საბოლოო ჯამში, ყველას ერთი აზრი აქვს, იმის მიუხედავად, რომ შიში და სიფრთხილეა ახლა უკრაინაში გამეფებული.

  • ვიცი, რომ შემოგთავაზეს პოლონეთის საზღვრამდე მიყვანა. თქვენ უარი თქვით? თუ შეგიძლიათ, იმ დღის და თქვენი გადაწყვეტილების შესახებ მოგვიყევით.

ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ოჯახში ვთქვით, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ლვოვში გვაქვს ბინა, თუმცა გადავწყვიტეთ არსად წავსულიყავით. დავინახეთ, რომ აქ უფრო საჭირო ვიქნებოდით, ვიდრე დიდ ქალაქში.

ომის დაწყებიდან მესამე ღამეს ადგილობრივები შეიკრიბნენ. დაახლოებით 500 ადამიანი. დაგვიძახეს ჩვენც, რესტორნის პერსონალს, ვინც ვმუშაობდით და გაგვაცნეს გეგმა, სამომავლოდ რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ყველა ადამიანი უსაფრთხოდ ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ პირველ დღეებში რუსული არმია უფრო უტევდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს, მოსალოდნელი იყო, რომ ლტოლვილების ნაკადი მოაწყდებოდა უკრაინის დასავლეთ ნაწილს.

იმ ღამესვე, რესტორნის მეპატრონემ, რომელიც მოხალისეა ომის დაწყების დღიდან [ვგულისხმობ 2014 წელს], გადაწყვიტა რესტორანი დაუთმოს ლტოლვილებისა და სამხედროების მომსახურებას. გვკითხეს, ჩვენ თუ ვიყავით თანახმა ასეთ პირობებში გვემუშავა, რაზეც თანხმობა მიიღეს.

იყო საშიშროება დაბომბვის სერია გადმონაცვლებულიყო დასავლეთ უკრაინამდე და მოეღწია ჩვენამდე. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მინიმალურად მაინც უნდა შეიარაღებულიყო.

ჯერ უნდა მოეტანათ იარაღი, შემდეგ ესწავლებინათ მოსახლეობისთვის იარაღის მოხმარება. პარალელურად დაიწყო ექსტრემალურ სიტუაციაში მოქცევის და პირველადი დახმარების გაწევის სწავლება, რაშიც მე პირადად მივიღე მონაწილეობა, რადგან მქონდა გამოცდილება. 5 წლის განმავლობაში საზღვაო აკადემიაში ვისწავლე პირველადი დახმარება და ხანძართან ბრძოლის წესები.

დღის განმავლობაში მზარეული ბიჭები ვმუშაობთ რესტორანში. დღეში დაახლოებით 500-700 ადამიანს ვემსახურებით. რაც შეეხება სამხედროებს, საკვებს ადგილზე ვამზადებთ და მერე უკვე თავისი ტრანსპორტით მიაქვთ, ნაწილებში ანაწილებენ.

დავინახე, რომ ხალხი არის ერთიანი, ერთ აზრზე დგას, შეიარაღდა, უმოკლეს დროში ისწავლა როგორ უნდა გადაარჩინოს სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანის სიცოცხლე. დავინახე, რომ რესტორანში მოდიან ბიზნესმენები დასავლეთ უკრაინიდან. მოდიან განწყობით, რომ დაეხმარონ არმიას და რესტორნის მეპატრონის საშუალებით სხვადასხვა დახმარებას უგზავნიან უკრაინის ჯარს. აი, ამ ყველაფერს რომ უყურებ, ხვდები, რომ შენი ადგილი არის აქ.

რადგან მე ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე და მყავს პატარა ბავშვი, შემომთავაზეს, ხომ არ გადავიდოდი პოლონეთში. შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. იმიტომ, რომ მივხვდი, აქ არის ჩემი ადგილი, ამ ხალხს ვჭირდები, ეს ხალხი მჭირდება, ეს ჩემი შვილის სამშობლოა. აქ დაიბადა, აქ იზრდება და უკრაინულ ენაზე ლაპარაკობს. 

ერთ საღამოს, როდესაც რესტორანი დაიხურა, შესვენების შემდეგ გადავნაწილდით საგუშაგოებზე, იქ შეიკრიბნენ ადგილობრივები. ვადგენდით სიას, ვინ სად უნდა წასულიყო მომდევნო დღეებში. მაშინ მითხრეს, რომ სჯობდა გავცლოდი აქაურობას, რადგან რუსებს განსაკუთრებით აღიზიანებთ აქაური მოსახლეობა, აქაური ეთნოსი.

წარმოიდგინეთ, 25 ადამიანი შენს პასუხს ელოდება. აი, რას იტყვი, ნებისმიერ სიტყვას აქვს სხვანაირი დატვირთვა. დაახლოებით იციან, რომ იტყვი – თქვენი მესმის, მაგრამ ოჯახი უნდა გადავარჩინო, წავიდე, წავიყვანო და ა.შ. ეს იკითხებოდა მათ თვალებში. ხვდებოდნენ, რომ უნდა წავიდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც იკითხებოდა, რომ ამდენი რამე ერთად გავიარეთ, ასე დავახლოვდით ერთმანეთთან და ამის მერე დასანანია, რომ ასე დაშორდე ადამიანებს… ოჯახს. გასაგებია, რომ ომია და უნდა იყოს გასაგები, თითქოს…

მე ვუთხარი მტკიცედ, რომ როცა ომი დასრულდება და არავინ არ იცის როდის დასრულდება და რანაირად, შვილი რომ გაიზრდება და მკითხავს, როცა ჩვენს ერს ანადგურებდნენ, შენ რატომ გაიქეცი, რა ვუპასუხო? პასუხი არ მექნება, შემრცხვება… ამასთანაც, მე აქ ვგრძნობ თავს საჭიროდ და თქვენც თუ თანახმა იქნებით, დავრჩები-მეთქი. მათი გაბრწყინებული თვალები არასდროს არ დამავიწყდება.

ერთი წამითაც კი არ გვინანია ოჯახს ეს გადაწყვეტილება. უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მებრძოლი ბიჭების წყალობით, უკრაინის და ჩვენი ქართველი ბიჭების შეუპოვარი ბრძოლების წყალობით, ჯერ აქეთ ვერ ბედავენ გადმოსვლას და იქნებ ისე მოხდეს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს მალე და ნაკლები მსხვერპლის ხარჯზე.

  • მოგვიყევით უკრაინელი დევნილების შესახებ, რომელთანაც გიწევთ შეხება. ძირითადად ქვეყნის რომელი რეგიონებიდან მიდიან და რომელ ქვეყნებში?

კოტეჯში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული უკრაინული ოჯახები არიან შემოსახლებული. თავიდან ხალხი რომ მოდიოდა და ივსებოდა, გული მიმძიმდებოდა, ისეთ ისტორიებს ჰყვებოდნენ.

საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი აპლიკაცია გვაქვს ჩართული, ის შეგვახსენებს ხოლმე, რომ ამ რაიონში არის საჰაერო თავდასხმის საშიშროება. როგორც კი გაისმის სიგნალი, წყდება ყველანაირი სამუშაო პროცესი, ჩავდივართ ბუნკერში, პერსონალი, რესტორანში მოსული სტუმარი – ყველა. დაახლოებით 500 კაცზე არის გათვლილი.

ბუნკერი არის მომარაგებული წყლით, პირველადი დახმარების საშუალებებით, სამედიცინო საშუალებებით, საკვებით. უფრო მეტად მშრალი საკვებით. მაგ დროს უფრო გვეძლევა ლტოლვილებთან გასაუბრების საშუალება.

ზოგჯერ ბუნკერში ჩასვლა არ გვინდა. იმიტომ, კი არა, რომ გვეშინია ან სხვა რამე. ყოველ ჩასვლაზე ისეთ გულის განმგმირავ ისტორიებს ვისმენთ, თავს ძლივს ვიკავებთ.

საჰაერო დარტყმის განგაშის სიგნალი დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდება. მომხდარა ისე, რომ საათ-ნახევარი, ორი საათი გაგრძელებულა. ამ დროის განმავლობაში ჩუმად ხომ ვერ იქნება ადამიანი? ერთმანეთს ეკონტაქტება ხალხი.

იმის მიუხედავად, რომ ჯოჯოხეთური დღეები გამოიარეს, იცინიან, მღერიან და მუდმივად არის საუბარი აშენებაზე, ეს ომი რომ დამთავრდება, ვინ რას იზამს, რას ააშენებს.

ძირითადად ლტოლვილები არიან ჟიტომირის ოლქიდან, ვინიცას ოლქიდან, კიევიდან, ირპენიდან. აქ ერთსა და იმავე ხალხს ვერ ნახავთ, ორ-სამ დღეს რჩებიან. მოდიან, აქ ისვენებენ, ჩერდებიან ორი-სამი დღით, შემდეგ გადიან სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან უფრო მოსახერხებელია სლოვაკეთის ან პოლონეთის საზღვრამდე მისვლა.

___________________

ფოტოზე: ირაკლი ბერიძე ოჯახთან ერთად

რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა ისევ თავისუფლად შეუძლიათ

რუსულ კომპანიებს საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა კვლავ თავისუფლად შეუძლიათ და მათთვის რაიმე შეზღუდვა სახელმწიფოს ამ დროისთვის არ დაუწესებია. შეზღუდვები ტენდერებში მონაწილეობაზე დაწესებული არ არის არც იმ რუსული კომპანიების მიმართ, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები უკვე დაუწესა სხვადასხვა სახელმწიფომ თუ ევროკავშირმა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საჯარო რეესტრს ასობით რუსეთის მოქალაქემ მიმართა. ისინი საქართველოში ახალ შპს-ებს არეგისტრირებენ ან რეგისტრირდებიან როგორც ინდმეწარმეები.

„ბათუმელებმა“ 7  მარტს შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალურად გამოითხოვა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან შემდგომ პერიოდში, რამდენი კომპანია დაარეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. შესაბამისად, უცნობია ზუსტი მონაცემი, იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებიც ვრცელდება.

რაც შეეხება რუსული კომპანიებისთვის [მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანამ სანქციები დაუწესა] სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლების ისევ ქონას – ეს დგინდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილობითი განმარტებით.

სააგენტომ 10 სამუშაო დღე მოანდომა ამის მოწერას, რომ: „სახელმწიფო შესყიდვებში მიმწოდებელთა მონაწილეობის საკითხი, ისევე, როგორც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით“ და „სააგენტოს ქმედებები განხორციელებულ იქნება იმ მოთხოვნებისა და რეგულაციების შესაბამისად, რაც დადგინდება საქართველოს კანონმდებლობით“.

გადამოწმებით დგინდება, რომ რუსულ კომპანიებთან მიმართებით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის კუთხით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობაში არაფერი შეცვლილა.

[toggle title=”„ბათუმელების“ კითხვების და სააგენტოს პასუხის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 12 დღის წინ წერილობით შემდეგი კითხვები გაუგზავნა:

  • უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შეეზღუდათ ან შეეზღუდებათ თუ არა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ კომპანიებს [ასევე, მათ ფილიალებს საქართველოში] მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში?
  • აეკრძალათ თუ არა [ან შეეზღუდათ თუ არა და რა პირობებით] სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა იმ რუსულ კომპანიებს, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამ კომპანიების ჩამონათვალი.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 2 მარტს წარმოდგენილი თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მიმწოდებელთა მონაწილეობის საკითხი, ისევე, როგორც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით). აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ქმედებები განხორციელებულ იქნება იმ მოთხოვნებისა და რეგულაციების შესაბამისად, რაც დადგინდება საქართველოს კანონმდებლობით“, – მოგვწერეს სააგენტოდან 14 მარტს.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, ჩვენ მაინც გადავამოწმეთ საკანონმდებლო მაცნეში და აღმჩნდა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ბოლო ცვლილება 2021 წლის მაისშია შეტანილი. „მაცნეზე“ არც სხვა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი იძებნება ჩვენთვის საინტერესო საკითხზე.

შესაბამისად, რუსული კომპანიების მიმართ რაიმე შეზღუდვა სახელმწიფო შესყიდვებში ამ დროისთვის დაწესებული არ არის.

[/toggle]

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების eProcurement სისტემაში კი 180-ზე მეტი რუსული კომპანიაა დარეგისტრირებული. სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობს და იმარჯვებს კიდეც, რუსული კომპანიების ასობით ფილიალი, ასევე, კომპანიები, რომელთა ერთი ან მეტი მეწილე მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

[checklist]

  • ამ სიაში მყოფი რუსული კომპანიებიდან რამდენიმეს, ჯამში, 20,3 მილიონი ლარის და 972 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.
  • 2019 წლიდან დღემდე, ჯამში, 30 მილიონი ლარის ტენდერები აქვთ ასევე მოგებული რუსული კომპანიების ფილიალებს საქართველოში.

[/checklist]

სახელმწიფო ტენდერების გარდა 2021 წელს რუსულმა კომპანიამ [„მეტროვაგონმაში“] გაიმარჯვა თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონების შესყიდვის ტენდერშიც, რომელიც  EBRD-ის მიერ იყო გამოცხადებული. შესყიდვის ღირებულება 49,19 მილიონი ევროა და ვაგონების მოწოდება 2022 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა EBRD-მა თანხის გადარიცხვა კომპანიისთვის შეაჩერა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაციით, სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა უნდა დარეგულირდეს:

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის რუსული კომპანიებისგან შესყიდვა აიკრძალება ან შეიზღუდება. ასევე, უნდა შეიზღუდოს იმ რუსული კომპანიების მონაწილეობა [ტენდერებში], რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო“, – აღნიშნულია გამჭვირვალობის კვლევაში, რომელიც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხება.

რუსული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის საკითხით „ბათუმელები“ 2019 წელს დაინტერესდა და შესყიდვების პორტალზე დარეგისტრირებული რუსული კომპანიების სია შესყიდვების სააგენტოდან გამოითხოვა. სააგენტომ სია მხოლოდ სასამართლოში ორწელიწად-ნახევრიანი დავის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოგვაწოდა.

წინა წლებში „ბათუმელების“ მიერ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის საკითხის შესწავლით აღმოჩნდა, რომ 2012 წლიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდში რუსული კომპანიების ფილიალებთან სახელმწიფო უწყებებმა [231 ტენდერში] ხელშეკრულებები, ჯამში, 139 024 429 ლარზე გააფორმეს. 

„ბათუმელებმა“ მაშინ სახელმწიფო ტენდერებში უშუალოდ რუსული კომპანიების მონაწილეობის გადამოწმებაც სცადა, თუმცა შესყიდვების სააგენტომ სისტემაში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების ჩამონათვალი არ მოგვაწოდა – მიუთითა, რომ ამ ფორმით ინფორმაცია დამუშავებული არ ჰქონდათ.

საქართველოს მთავრობაში ადმინისტრაციული საჩივრების უშედეგოდ გაგზავნის შემდეგ „ბათუმელები“ იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის აპრილის თვეში დაავალა შესყიდვების სააგენტოს გაეცა ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. სასამართლო გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი – უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შესყიდვების სააგენტოს სარჩელი დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა სასამართლოს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება.

საბოლოოდ, შესყიდვების სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაცია – რუსული კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც შესყიდვების პორტალზე მიმწოდებლებად იყვნენ დარეგისტრირებულნი, 2,5 წლის დაგვიანებით, 2022 წლის თებერვალში მოგვაწოდა.

[toggle title=”რუსული კომპანიისა და მათ მიერ მოგებული ტენდერების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოავლინეს – არასრული სია

  • შპს „ინვესტსტროირეგიონ“ [რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი]

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას ამ რუსულ კომპანიასთან 2 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სარწყავი არხების რეაბილიტაციაზე, ხელშეკრულების თანხა – ჯამში, 6 185 465 ლარი [შესყიდვების პორტალის მიხედვით აქედან ერთი ხელშეკრულება შეუსრულებელია].

  • АО ППМТС Пермснабсбыт [რუსეთის ფედერაცია, პერმი]

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” – მაგნიუმის პროტექტორების სახელმწიფო შესყიდვა – ხელშეკრულების თანხა 5 340 ლარი.

  • АО НПО Тяжпромарматура [რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი]

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ამ კომპანიასთან გაზსადენის მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის აუცილებელი სახაზო ონკანების შესყიდვაზე სამი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული:

  1. ხელშეკრულების თანხა 1 029 177 ლარი, გადახდილი თანხა – 975 377 ლარი;
  2. ხელშეკრულების თანხა 1 130 662 ლარი, გადახდილი თანხა – 1 194 453 ლარი;
  3. ხელშეკრულების თანხა 1 947 768 ლარი, გადახდილი თანხა – 2 209 751 ლარი;
  • JSC PTPA [რუსეთის ფედერაცია, პენზა]

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ – გაზსადენის მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის აუცილებელი სახაზო ონკანების შესყიდვა – ხელშეკრულების თანხა: 541 501 ლარი, გადახდილი თანხა – 597 980 ლარი.

  • Общество с ограниченной ответственностью „СПЕЦЭНЕРГОЗАЩИТА“[რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი]

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის” სპეცტანსაცმლის შესყიდვა, ხელშეკრულების თანხა: 77 798 ლარი, გადახდილი თანხა – 80 869 ლარი.

  • ООО СМС-информационные технологии [რუსეთის ფედერაცია, სამარა]

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ – ენერგეტიკული მოწყობილობების რემონტების მართვის ავტომატიზებული სისტემის და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვა, ხელშეკრულების თანხა: 109 000 ლარი, გადახდილი თანხა: 109 000 ლარი.

  • Общество с ограниченной ответственностью “Медицинская Компания „АНТЕН-СЕРВИСЕ“ [რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი]

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი – ლაბორატორიული ფართობების რემონტი და აპარატურის შესყიდვა – ხელშეკრულების თანხა: 172 450 ლარი, გადახდილი თანხა: 169 591 ლარი.

  • ООО ЦГИ [რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი]

შპს „ენგურჰესი“ – ენგურჰესის თაღოვნი კაშხლის ნაპირებთან შეუღლების მდგომარეობის შეფასება, მარცხენა ფერდის უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა, გეოდეზიური და გეოფიზიკური მონიტორინგის სადამკვირვებლო ქსელების ოპტიმიზაცია, გეოდეზიურ სამუშაოებზე ზედამხედველობა, ხელშეკრულების თანხა: 4 539 999 ლარი, გადახდილი თანხა: 4 085 999 ლარი.

  • Общество с ограниченной ответственностью „РД-Транс“ [რუსეთის ფედერაცია, კრასნოდარი]

შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ – არაგაბარიტული ტვირთის – ერთი ერთეული ავტოტრანსფორმატორის წონით 115 ტონა და მისი სათადარიგო ნაწილების საერთო წონით 145 ტონა გადაზიდვის სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით – ხელშეკრულების თანხა: 190 000 ლარი, გადახდილი თანხა: 185 671 ლარი.

  • Акционерное общество Научно-производственный центр „ПРОМЭЛЕКТРОНИКА“ [რუსეთის ფედერაცია, ეკატერინბურგი]

„საქართველოს რკინიგზა“ – მიკროპროცესორული ნახევრადავტომატური ბლოკირების სისტემის შესყიდვა – ხელშეკრულების თანხა: 290 113 აშშ დოლარი.

  • Общество с ограниченной ответственностью „Сибирский завод промышленного машиностроения“ [რუსეთის ფედერაცია, ომსკი]

„საქართველოს რკინიგზა“ – ქუსლების შესაცვლელ-დასამოქლონებელი პნევმოჰიდრავლიკური მოწყობილობის შესყიდვა – ხელშეკრულების თანხა: 39 164 აშშ დოლარი.

  • АО „Калугапутьмаш“ [რუსეთის ფედერაცია, კალუგა]

„საქართველოს რკინიგზა“ – ლიანდაგდამგები ამწე (სალიანდაგო რგოლების დაგება-აღებისათვის) – ხელშეკრულების თანხა: 643 149 აშშ დოლარი

  • ООО „ЛИТОМ“ [რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი]

„ბათუმის ბულვარი“ – სამუშაოები ძველი ბულვარის ტერიტორიაზე – ხელშეკრულების თანხა: 1 064 152 ლარი, გადახდილი თანხა: 1 008 129 ლარი [აღნიშნულ კომპანიასთან ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება შეწყვიტა და დავა სასამართლოში გაგრძელდა. ვრცლად ნახეთ აქ].

ამ კომპანიებთან დადებული ყველა ხელშეკრულების საერთო თანხა 20 321 973 ლარი და 972 426 აშშ დოლარია.

[/toggle]

 

სახელმწიფო შესყიდვებში მიმწოდებლად დარეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა 2013 წლიდან ყოველწლიურად იზრდება:

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშები

შესყიდვების სააგენტოს 2021 წლის ანგარიში ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად არ ვიცით, რამდენი რუსული კომპანია იყო დარეგისტრირებული ამ წელს შესყიდვების პორტალზე მიმწოდებლად [ის, თუ რამდენი რუსული კომპანიაა დღევანდელი მდგომარეობით დარეგისტრირებული – ეს ინფორმაცია სააგენტოდან გამოთხოვილი გვაქვს და ველოდებით].

იმ მონაცემების მიხედვით, რაც ამ დრომდე გვქონდა, კვლავ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ რუსული კომპანიების ფილიალები სახელმწიფო ტენდერებში [2019 წლიდან დღემდე პერიოდში] რამდენჯერმე გამოავლინეს გამარჯვებულად.

 

[toggle title=”ამ ტენდერებისა და რუსული კომპანიების ფილიალების სანახავად დააწკაპუნეთ აქ:“]

სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული რუსული კომპანიების ფილიალები,
რომლებთანაც 2019 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ
ხელშეკრულებები ჯამში 30 088 334 ლარით გააფორმა 

  • შპს „რუსული რეგისტრი – ვესტჯეორჯია“ – ეს კომპანია ბათუმშია რეგისტრირებული და მისი მფლობელია რუსეთის ფედერაციის სერტიფიკაციის ასოციაცია „რუსული რეგისტრი“.

ამ კომპანიასთან 2019-2022 წლებში ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს ბათუმის საზღვაო აკადემიას [ჯამში 63 300 ლარზე] და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს [31 300 ლარზე].

საზღვაო აკადემიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ბოლოს 2022 წლის 14 თებერვალს გააფორმა. მომსახურება სამწლიანია და ხელშეკრულება ჯამში 41 400 ლარზეა გაფორმებული. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის რესერტიფიცირება და შემდგომ 2 საზედამხედველო აუდიტი.

  • შპს „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ – ამ კომპანიის 100% წილს ფლობს რუსეთში რეგისტრირებული შპს „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევეროზაპადი“.

აღნიშნულ კომპანიასთან 2019-2020 წლებში ონის მერიას გზების რეაბილიტაციაზე ჯამში 1 905 431 ლარის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.

  • შპს „კლასიკ-სტროი“ – ამ კომპანიის მესაკუთრეც ამავე დასახელების რუსული კომპანიაა.

„კლასიკ-სტროისთან“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2019 წელს ხელშეკრულება 9 499 951 ლარზე აქვს გაფორმებული. მომსახურება – თბილისში, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები.

ამავე კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ:

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს – 298 706 ლარით – თბილისში, N150 -ე საბავშვო ბაგა-ბაღის გამაგრება/აღდგენის სამუშაოებზე;

ჭიათურის მუნიციპალიტეტს – 644 995 ლარით – სოფელ მერევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე;

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას – 1 199 999 ლარით – სოფელ კაკაბეთში სასმელი წყლის ქსელის მოწყობაზე;

თბილისის ვაკის რაიონის გამგეობას – 471 121 ლარით – საყრდენი კედლების მოწყობაზე.

  • შპს „ჯორჯია სპეცგიდროენერგომონტაჟი“ [იგივე შპს „ჯორჯია სგემ“] – 100% წილის მფლობელია რუსული სს „იგჰოლდინგ რუს“.

ეს კომპანია გამოვლენილია გამარჯვებულად „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ამწე-დანადგარების შეკეთებაზე გამოცხადებულ ტენდერში. კომპანია რკინიგზას მომსახურებას 885 936 ლარად სთავაზობს. ხელშეკრულება შესყიდვების პორტალზე ჯერ ატვირთული არ არის[15 მარტის მდგომარეობით].

  • შპს „ინდივიდ-პარტნიორი“ – მესაკუთრეა ამავე სახელწოდების შპს, რომელიც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში.

ამ კომპანიასთან 2019 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება – 632 832 ლარით – აქვს გაფორმებული სოფელ არგვეთის კულტურის სახლის მშენებლობაზე; ხოლო სოფელ ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოებზე –  1 272 921 ლარით.

ონის მერიამ კი ქალაქ ონის ტერიტორიაზე არსებული არხების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე ამავე კომპანიასთან ხელშეკრულება 408 846 ლარით გააფორმა.
  • შპს „სამშენებლო კომპანია ასტონ-ჯორჯია“ – მესაკუთრეა რუსული შპს „ასტონი“.

ამ კომპანიასთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს 2020 წელს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება 147 053 ლარით – სხვადასხვა ტიპის სამშენებლო–სარემონტო სამუშაოზე.

  • შპს „სტროი-ვეკის ფილიალი საქართველოში“ – მესაკუთრე შპსსტროი-ვეკი“ / რუსეთის ფედერაცია.

ამ კომპანიათან 2019-2021 წლებში რამდენიმე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მარნეულის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს – ჯამში 823 657 ლარით.

  • შპს „პასაჟი-საქართველო“ – მესაკუთრეა შპს „პასაჟი“ / რუსეთის ფედერაცია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ამ კომპანიასთან ორი ხელშეკრულება გააფორმა 2020 წელს, ბორჯომი-ახალქალაქის საზღვრიდან სოფლების – ჭიხარულა და ბალანთის გავლით ასფალტო- ბეტონის საფარის მოწყობაზე – რაშიც ჯამში კომპანიას 1 942 971 ლარი გადაუხადეს.

1 680 039 ლარით გააფორმა ხელშეკრულება „პასაჟი-საქართველოსთან“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ – სოფელ ხაბუმეში გზის ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე. ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. შესყიდვების პორტალის მიხედვით გარკვეული თანხა კომპანიას 2022 წლის 24 თებერვალს გადაურიცხა მუნიციპალიტეტმა. 15 მარტის მდგომარეობით სახელშეკრულებო თანხის მხოლოდ 51%-ია გადარიცხული.

„პასაჟი-საქართველოსთან“ ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ასევე თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობას [1 121 122 ლარი]; ახმეტის მუნიციპალიტეტს [200 962 ლარი]; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს [2 909 088 ლარი]; თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას [73 282 ლარი]; წალენჯიხის მერიას [4 525 548 ლარი].

გარდა იმ კომპანიებისა, რომელთა დამფუძნებლები [მთლიანად ან ნაწილობრივ] რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიები არიან, საქართველოში 5 ათასზე მეტი ისეთი კომპანიაცაა დარეგისტრირებული, რომელთა ერთი პარტნიორი [მეწილე] მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ან ორმაგი [აქედან ერთი რუსეთის] მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირია. ამ კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა „ბათუმელებს“ არ გადაუმოწმებია.

 

[/toggle]

შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთი არ ფიგურირებს იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა კომპანიებთანაც ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა ტენდერების შედეგად. ამ მონაცემებით, ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები ფრანგულ კომპანიებთან გაფორმდა, შემდეგ მოდის: უნგრეთის, ლიეტუვის, გერმანიის და ა.შ. კომპანიები.

ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია 2020 წელს არარეზიდენტ მიმწოდებლებთან [უცხოურ კომპანიებთან] გაფორმებული ხელშეკრულებების
ღირებულების გადანაწილება ქვეყნების მიხედვით:

წყარო: შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის ანგარიში

ზოგადად, ომის გამო  რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს რაც შეეხება, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. იგივე პოზიცია დააფიქსირა 16 მარტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ბათუმის „რეპროარტის“ მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ ზეინაბ ბერიძის სემინარი

მარტი ენდომეტრიოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

თუ ენდომეტრიოზი გაწუხებთ ან დაინტერესებული ხართ ამ თემით, შეგიძლიათ დაესწროთ ჩვენს სემინარს, რომელსაც ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ ბათუმის ფილიალის მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ზეინაბ ბერიძე ონლაინ ჩაატარებს.

სემინარის თემა: „როგორ გავხდე მშობელი ენდომეტრიოზის დიაგნოზით“.

თარიღი: 25 მარტი, 19:00 საათი.

სემინარზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://rb.gy/zogzkz

დასწრება უფასოა.

ან დაგვირეკეთ : +995 595 441 144

უკრაინის კულტურის სამინისტრო: რუსეთი ანადგურებს ეკლესიებს, მეჩეთებსა და სინაგოგებს

მაშინ, როცა კრემლის პროპაგანდისტები, რუსეთის პატრიარქის ჩათვლით, უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „მართლმადიდებლობის დაცვას“ ასახელებენ, რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში ანადგურებენ მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და სხვა სალოცავებს: სინაგოგებს, მეჩეთებსა თუ რელიგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს –  უკრაინის კულტურის სამინისტრო რუსეთის მიერ დაზიანებული და განადგურებული რელიგიური ნაგებობების ონლაინ ბაზას აწარმოებს.

სამინისტროს ცნობით, მასალები გროვდება, როგორც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის.

უკრაინის კულტურის სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უკრაინაში სულ მცირე 28 რელიგიური მნიშვნელობის ნაგებობა დაზიანდა უკრაინის მინიმუმ ექვს რეგიონში: კიევში, დონეცკში, ჟიტომირში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ჩერნიგოვში.

უმრავლესობა მართლმადიდებლური ეკლესიებია.

წყარო: უკრაინის კულტურის სამინისტრო

პირველ მარტს დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში დაზიანდა მეჩეთი და მიმდებარე შენობები.

წყარო: უკრაინის კულტურის სამინისტრო
დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა სალოცავი სახლი, ევანგელისტ- ბაპტისტების ეკლესია. ხარკოვის ოლქი

კულტურის სამინისტრომ აამუშავა ონლაინ ბაზა, რომელიც ამ დროისთვის 58 შემთხვევის შესახებ დასურათებულ ინფორმაციას შეიცავს. საკულტო ნაგებობების გარდა, ბაზაში შეყვანილია როგორც  არქიტექტურული, ისე ისტორიული თვალსაზრისით ღირებული შენობები, მუზეუმები, თეატრები და ძეგლები.

მაგალითად დაბომბვის შედეგად მთლიანად განადგურდა ოხტირკას რკინიგზის სადგურის ძველი შენობა, რომელიც აგების თარიღი 1895 წელია.

ოხტირკას რკინიგზის სადგურის ძველი შენობა

ასევე,  რაკეტამ ნაწილობრივ გაანადგურა არქიტექტურული ძეგლი – ყოფილი კინოთეატრის შენობა, სადაც განთავსებული იყო რეგიონული ახალგაზრდული ცენტრი.

ყოფილი კინოთეატრის შენობა
ყოფილი კინოთეატრის შენობა
სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაზიანდა ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობის ძეგლის ფასადები და ფანჯრები – 1950 წლის ყოფილი საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის შენობა, სადაც განთავსებულია ხარკოვის საკრებულო.
საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიწვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – წმინდა გიორგის ხის ეკლესია, რომელიც თარიღდება 1878 წლით.

უკრაინის კულტურის სამინისტრო წერს, რომ რუსეთს ამ დანაშაულისთვის რეპარაციის გადახდას დააკისრებს. რეპარაცია საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, მისი გადახდა ხდება ფულადი ან სხვა მატერიალური კომპენსაციის სახით.

უკრაინის კულტურის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებსა და სამხედროებს, თუ ფლობენ ინფორმაციას რუსეთის მიერ რელიგიური თუ არქიტექტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების მასობრივი განადგურებისა და დაზიანების შემთხვევების შესახებ, მონაცემები გააგზავნონ სპეციალურ ბაზაში.

 

რა საფრთხეს ქმნის კოვიდის უფასო PCR ტესტირების გაუქმება? – „გვეყოლება მეტი ინფიცირებული“

საქართველოში PCR ტესტი პირველი მარტიდან ფასიანია. კორონავირუსის გავრცელების ყოველდღიურ სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, მცირდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. თუმცა ასევე მცირდება მოქალაქეების მიერ გაკეთებული PCR ტესტების რაოდენობაც.

მაგალითისთვის:

  • 26 თებერვალს კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა – 33 926 ტესტი. აქედან 20 408 – ანტიგენტესტი და 13 518 – PCR ტესტი.
  • 2 მარტს, როცა PCR ტესტი უკვე ფასიანი იყო, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 840 შემთხვევა. ჩატარდა სულ 20 075 ტესტი, აქედან 14 438 -ანტიგენტესტი, 5 637 კი – PCR ტესტი.
  • 15 მარტის მონაცემებით, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 1 716  ახალი შემთხვევა. ჩატარდა 19 857 ტესტი, მათ შორის 17 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 631  – PCR ტესტით.

ვირუსის გავრცელება მცირდება, თუ PCR ტესტზე შეზღუდული წვდომა გახდა ოფიციალური სტატისტიკის მიზეზი? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტს, პარტია „ლელოს“ წევრს, ვატო სურგულაძეს ესაუბრა.

  • საქართველოში პირველი მარტიდან PCR ტესტი გახდა ფასიანი. ბოლო 15 დღე ვუყურებთ კორონავირუსის დადებითი შემთხვევების კლებას. თქვენი აზრით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ვირუსმა უკან დაიხია, თუ იმით, რომ PCR ტესტზე ყველას აღარ მიუწვდება ხელი?

თუ ჩვენ არც ერთ ტესტს არ გავაკეთებთ, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გვექნება. რაც უფრო ნაკლები რაოდენობა კეთდება ტესტების, შესაბამისად, უფრო ნაკლები იქნება გამოვლენა.

რამდენიმე დღის წინ იყო 7 000-ზე მეტი ტესტი გაკეთებული და დადასტურდა 823 შემთხვევა. დღეს გაიზარდა რაოდენობა, გააკეთეს 19 ათასზე მეტი ტესტი და აქვთ 1 716 შემთხვევა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვირუსულ დაავადებებს ახასიათებს ციკლურობა. ვირუსის გავრცელება, როგორც ტალღა, წავიდა ზევით, მიაღწია რაღაც პიკს და წამოვიდა ახლა ქვემოთ.

ამჟამად ვირუსი იმყოფება დაღმავალ ეტაპზე.

ჩვენ რას ვაკეთებთ? – ვამცირებთ PCR ტესტებს. PCR ტესტს შეცდომის ალბათობა აქვს ყველაზე დაბალი. მაშინ, როცა სწრაფი ტესტის შეცდომის ალბათობა, მით უმეტეს, ამ ახალ შტამზე, ომიკრონზე, ალბათობა იმის, რომ ცრუ უარყოფითი იყოს, არის საკმაოდ მაღალი. დღეს [15 მარტს] გაკეთებული 19 857 ტესტიდან PCR ტესტი იყო მხოლოდ 2 631.

ამიტომ, რა თქმა უნდ,ა ვირუსის შემთხვევების რიცხვიც წამოვიდა ქვემოთ.

ჩვენმა სახელმწიფომ ეს გააკეთა იმისთვის, რომ გვაჩვენოს – პრემიერ-მინისტრის სიტყვები მართალია – „ვირუსს მოვერიეთ, აღარ გვჭირდება არც ნიღბების ტარება, არც არაფერი სხვა“. კოვიდპასპორტებზე აღარაფერს ვამბობ.

  • თქვენი აზრით, რამდენად სწორია ის კოვიდპოლიტიკა, რასაც ახლა მთავრობა ატარებს?

მე რომ ვიყო, ამას არ გავაკეთებდი. ჩვენ, დიდი ალბათობით, აპრილის შუა რიცხვებში გველოდება კიდევ ერთი ტალღა, რამაც შეიძლება იმსხვერპლოს ადამიანები.

ჩვენ და ბულგარეთი ევროპის ქვეყნებში ვართ პირველ ადგილზე კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების მხრივ მილიონ მოსახლეზე.

ახალი შემთხვევების რაოდენობითაც, მილიონ მოსახლეზე, ვართ „ლიდერები“ მსოფლიოში.  ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვერ მართავს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა – გინდა წინა მინისტრი, გინდა ახალი მინისტრი, რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ გაერკვა რისი მინისტრია. სისტემური ცვლილება სჭირდებათ. ამასთან, ვერცერთ ეტაპზე ვერ აღასრულეს ის რეგულაციები, რაც იყო შემოღებული – ნიღბის ტარება, დისტანცია, მასობრივი ღონისძიებები, ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაცია და ნორმალურად ჩატარება.

ვაქცინაციის გარდა ეს ოთხი უმარტივესი რეგულაცია საქართველოში არ სრულდებოდა, არც სრულდება ახლა და ამიტომაც გვყავს კორონავირუსით გარდაცვლილი ამდენი ადამიანი.

  • შეიძლება კოვიდის ახალი შემთხვევები აღარ აისახოს სტატისტიკაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები არ იქნებიან ინფიცირებულები. ეს სადამდე მიგვიყვანს?

მიგვიყვანს იქამდე, რომ კიდევ ერთი აფეთქება იქნება აპრილში და მოგვიწევს ყველაფრის თავიდან დაწყება. აცრების რაოდენობითაც ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ – ჩვენ, ბულგარეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ეს აისახება იმაზეც, რომ გვეყოლება მეტი ინფიცირებული და მეტი გარდაცვლილი.

მაგრამ მარტო გარდაცვალებაზეც არაა. ამოცანაა, რომ კორონავირუსი არ უნდა დაემართოს ადამიანს. ხომ ვნახეთ, ე.წ. პოპულაციურმა იმუნიტეტმა არ იმუშავა. მესამეჯერაც ემართება ადამიანს და მეოთხედაც.

კორონავირუსი ადამიანს უტოვებს ძალიან ბევრ გვერდით მოვლენებს – მეხსიერებიდან დაწყებული, სისხლძარღვებსა და თირკმლებზე დატოვებული დაავადებებით. ბევრ ორგანოს აზიანებს ეს დაავადება. ამიტომ არის ამოცანა, რომ არ დაემართოს, ან მსუბუქი ფორმით დაემართოს ადამიანს.

როცა პრემიერ-მინისტრი იძახის, რომ ვაქცინაცია არ შველის, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 41 % ისედაც აცხადებს, რომ არ აიცრება, 25 % აცხადებს, რომ „ფიქრობს“, რა მოჰყვება ამას გესმით, ალბათ.

  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ახალი შტამის – „დელტაკრონის“ შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, ამ შტამს სავარაუდოდ აქვს „დელტას“ სიმძიმე და „ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფე. ფასიანი PCR  და ახალი შტამი – თქვენ რა საფრთხეს ხედავთ?

რატომ გვიკვდება ამდენი ადამიანი ჩვენ? გვიანი დიაგნოსტიკა ხდება. პირველადი ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება, ცუდად მუშაობს. რა თქმა უნდა, არიან ოჯახის ექიმები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ.

ხდება გვიანი დიაგნოსტირება, შესაბამისად, გვიან იწყება ამ ხალხის გადაყვანა საავადმყოფოში და ამიტომაც გვყავს ამდენი გარდაცვლილი. თუ ახალი შტამი გამოჩნდება და ექნება ის სიმძიმე, რაც ჰქონდა დელტას და გავრცელების სისწრაფე, რაც ჰქონდა ომიკრონს, ეს იქნება კატასტროფა საქართველოსთვის.

რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეღუპება – სისტემა არ არის მზად იმისათვის, რომ კიდევ ერთი ტალღა გადაიტანოს.

  • პანდემიის ორმა წელმა გვაჩვენა, რომ სიმპტომების მიუხედავად, სწრაფი ტესტით ხშირად არ დასტურდება კოვიდი.  შესაბამისად, ასეთი ადამიანები ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას, უფრო მეტიც, ვალდებულნი არიან წავიდნენ სამსახურში. ეს რა ჯაჭვს შექმნის?

როცა უფასო PCR ტესტი არ კეთდება, ხოლო ანტიგენმა შეიძლება ცრუ უარყოფითი აჩვენოს, ეს აჩენს იმის საფრთხეს, რომ მაგალითად, ავადმყოფი ადამიანი გავა სამსახურში და გახდება ინფექციის გამავრცელებელი [PCR ტესტი შეიძლება ვერ გაიკეთოს, რადგან არც ისე იაფია]. ამიტომაც არ ექნება ოჯახის ექიმთან წვდომა, მერე შეიძლება ეს გართულდეს და მოხვდება საავადმყოფოში გართულებული ფორმით.

იმის გამო, რომ ივლის საჯარო სივრცეებში, დააინფიცირებს ძალიან ბევრ ირგვლივ მყოფ ადამიანს. საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი? ისევ სახელმწიფოს კისერზე იქნება, რადგან სახელმწიფო იხდის მკურნალობის ფასს.

შემიძლია ვთქვა, რომ საავადმყოფოები კარგად არის მომარაგებული მედიკამენტებით და ყველა საშუალებებით, ამაზე ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი. თუმცა გვიან მიმართვა ხშირად იქნება ლეტალური შედეგის მიზეზი.

სოფელ ირემაძეებში გზაზე მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 16 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტთან და მეზობელ სოფლებთან აკავშირებს.

მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბათუმელებთან“ საუბრისას ხულოს მერიის სპეციალისტმა დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ირემაძეებში, თამაზ გობაძემ, აღნიშნა, რომ ცენტრალურ გზაზე თოვლის საფართან ერთად ჩამოწვა მიწა და ჩამოიტანა ხეები.

„მხოლოდ თოვლი არ არის ჩამოსული, ჩამოშვავდა მიწა, რასაც ჩამოჰყვა ხშირი ტყეც.

ამ ეტაპზე მოძრაობა შეფერხებულია და გზის გახსნის სამუშაოები დღეს ინტენსიურად მიმდინარეობდა, ამ წუთებშიც იწმინდება გზა. აღნიშნული გზის ქვედა მხარეს, მოშორებით, დასახლებული ტერიტორიაა, ამიტომ მეწყრული მასის ადგილიდან გატანა ხდება“, – ამბობს თამაზ გობაძე.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ირემაძეებში გზის ნაწილობრივ გაწმენდა მოხერხდა და ცალმხრივი მოძრაობა უკვე აღდგენილია. ადგილზე მუშაობდა 2 სპეციალური ტექნიკა.

„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად დიდაჭარა-ღორჯომის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში გრძელდება, ხვალ დილიდან საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება,“ – გვითხრეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა

დღეს ყველა წუხს, მაგრამ ხვალ ალბათ მხოლოდ სტატისტიკაში ასახავს ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალგაზრდა თეა ვადაჭკორიას დაღუპვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც გადაუგზავნიან, სადაც ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა.

ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, თეა ვადაჭკორია, აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო და გუშინ, 15 მარტს, დაიღუპა ქობულეთის შემოვლით გზაზე. ამავე ავარიის დროს 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, აჭარის განათლების მინისტრი.

უცნობია ოფიციალური სტატისტიკა, კონკრეტულად რამდენი დაშავდა და დაიღუპა უშუალოდ ქობულეთის შემოვლით გზაზე. მხოლოდ „ბათუმელების“ არქივის მიხედვით, 2018 წლიდან დღემდე ქობულეთის შემოვლით გზაზე თეა ვადაჭკორია უკვე მე-11 დაღუპულია.

ამ გზაზე ამავე პერიოდში დაიღუპა 5 ბავშვი, დაშავდა 35 ადამიანი.

ამ ციფრების მიუხედავად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ქობულეთის შემოვლით გზას „შავ წერტილადაც“ არ ხედავენ.

თეა ვადაჭკორია ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 15 მარტს, დაიღუპა

ამ პროცესში საინტერესოა ორი ამბავი: რატომ არ არის ამ დრომდე მიჩნეული „შავ წერტილად“ ქობულეთის შემოვლითი გზა, სადაც უკვე მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა?

საინტერესოა ესეც: რატომ არ ადასტურებს გზების დეპარტამენტი, რომ ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიანი მას შემდეგ გახდა, როცა იქაც ავარია გახშირდა და ეს სატენდერო დოკუმენტებში პირდაპირ წერია.

„შავი წერტილი“ საკანონმდებლო ტერმინია და ის კანონში „საავტომობილო გზების შესახებ“ 2020 წლის შემდეგ ასეა განმარტებული:

„შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

ა) ადამიანის  დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;

ბ) ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.“ – წერია კანონში.

„კანონის ეს ჩანაწერი გვაქვს უკვე 2 წელია, მაგრამ რეალურად არ ვიცით, დაადგინა თუ არა სადმე შესაბამისმა ორგანომ „შავი წერტილები“, – გვიყვება ირაკლი იზორია, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი. – „უცნობია, რა გაკეთდა იმისთვის, რომ „შავი წერტილი“ აღარ იყოს ან საერთოდ, დადგინდა თუ არა სადმე „შავი წერტილები“, შეისწავლა თუ არა სპეციალური ინსპექტირების ჯგუფმა იგივე ქობულეთის შემოვლითი გზის უსაფრთხოება.“

ირაკლი იზორია – ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი

ირაკლი იზორია განმარტავს, რომ „შავი წერტილის“ დადგენის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ შესაბამისმა უწყებებმა: გზის სავალი ზოლის დამატება იქნება უფრო ეფექტური, ცალმხრივ მოძრაობაზე გადასვლა, სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის შემცირება, თუ სხვა რამ.

გზების დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ „შავ წერტილებს“ პერიოდულად ადგენენ [საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში გვეტყვიან კიდეც მისამართებს], მაგრამ ქობულეთის შემოვლით გზას ეს არ ეხება. აქ ირწმუნებიან, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა და ხშირი ავარიის მიზეზი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა და არა საავტომობილო გზის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.

„ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზა დაგეგმარებულია, დაპროექტებული და აშენებულია საერთაშორისო სტანდარტების და ნორმების შესაბამისად. მოწყობილია შესაბამისი საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა: საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები, გარეგანათების ქსელი, ასევე, მოწყობილია სიჩქარის მაკონტროლებელი კამერები, მიმდინარეობს 24-საათიანი პატრულირება. ეს გზა სრულად შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო სტანდარტებს. დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საფუძველი ამჟამად არსებული მდგომარეობით საგზაო უსაფრთხოების კუთხით არ არსებობს.

სამწუხარო ფაქტია გუშინ რაც მოხდა, გამოძიება იმედია დაადგენს ავარიის მიზეზს, თუმცა ეს არ უკავშირდება უშუალოდ გზის უსაფრთხოებას“, – დარწმუნებულია  საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე წურწუმია.

სალომე წურწუმია – საქართველოს გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სალომე წურწუმიას თქმით, უწყების სპეციალური სამსახური სწავლობს და აანალიზებს პერიოდულად ავტოსაგზაო შემთხვევებს და დასკვნებს, რომლებიც ავარიის საქმეებში იდება.

როგორ არის გზა უსაფრთხო, როცა დაახლოებით ერთსა და იმავე მონაკვეთზე უკვე მე-11 ადამიანი დაიღუპა? – ვკითხეთ ჩინოვნიკს.

„ფაქტების ანალიზი უნდა განახორციელოთ სწორად, უნდა გამოიკვლიოთ საფუძვლები და ნახავთ, რომ მივდივართ არა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, არამედ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, რაც უკავშირდება უშუალოდ მძღოლების კომპეტენციას: ესაა შემხვედრ ზოლში გადასვლა, წყვეტილი ხაზის დარღვევა, გასწრების წესების დარღვევა. ქობულეთის შემოვლით გზაზე დადგენილი სიჩქარე 90 კმ. საათია, რაც ასევე შეესაბამება კანონმდებლობას და საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრულ ნორმებს.

არც ერთი შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე არ უკავშირდება საავტომობილო გზის უსაფრთხოებას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სალომე წურწუმიამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ. მისი მტკიცებით, ქობულეთში მომხდარი ავარიები 300-მეტრიან მონაკვეთში არ იყო და ამიტომაც არ მიენიჭა ადგილს „შავი წერტილის“ სტატუსი.

ქობულეთის შემოვლითი გზა

„სპეციალური ჯგუფი ადგილზე უნდა სწავლობდეს ასეთ ადგილებს…“ – მიიჩნევს ირაკლი იზორია, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი. – „ევროპის ქვეყნებში აქამდე დიდი ხნით ადრე იქნებოდა განგაშის სიგნალი ჩართული. ვერ ვიტყვი, რომ შემოვლითი გზის ეს მონაკვეთი ვიწროა ან მოსახვევებია, მაგრამ შესაძლოა უფრო მეტად ეფექტური აღმოჩნდეს „უკონტაქტო პატრული“, იქნებ სიჩქარის მეტად დაკლებაა გამოსავალი…“

„ოთხზოლიანი რომ გახდეს მოძრაობა, საჭიროა, ინტენსივობა გახდეს უფრო მაღალი. უნდა არსებობდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა… სავალი ზოლი ავარიების გამო არ დამატებია ქუთაისის შემოვლით გზას, ეს დაემატა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გამო,“ – ამბობს სალომე წურწუმია, გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც ასევე ვკითხეთ, რატომ გახადეს ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიანი, სადაც ხშირად ხდებოდა ავარია და იღუპებოდნენ ადამიანები.

გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წავუკითხეთ ჩანაწერი ამავე უწყების 2018 წლის სატენდერო დოკუმენტაციიდან, როცა ქუთაისის შემოვლით გზაზე ზოლების დამატება გადაწყვიტეს:

„გამოკვლევა აჩვენებს, რომ ოთხზოლიან მონაკვეთებზე დაკვირვება ფატალური ავარიებისა გაცილებით დაბალი დონეა, მაგრამ ტრავმული დაშავებების დონე ან იგივეა, ან მაღალია. საერთაშორისო გამოკვლევები ადასტურებს, რომ ფატალური/მძიმე შედეგებით უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად, ორ-სამჯერ უფრო დაბალია ოთხზოლიან გზაზე, ვიდრე ორზოლიანი სავალი ნაწილის მქონე გზაზე (საქართველოს მონაცემებში არ არის დაყოფილი მძიმე/მსუბუქი უბედური შემთხვევები),“ – წერია კვლევაში, რომლის საფუძველზეც გზების დეპარტამენტმა გაამართლა მიზნობრიობა – რატომ უნდა დამატებოდა სავალი ზოლი ქუთაისის შემოვლით გზას.

„არ ვიცი, რა დოკუმენტს კითხულობთ, სატენდერო დოკუმენტაცია იქნება 3 ათასი გვერდი და მხოლოდ ავარიებზე არ იქნება საუბარი… უნდა დასაბუთდეს ზოლის დამატების საჭიროება,“ – გვითხრა გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ, დოკუმენტიდან ციტატის წაკითხვის შემდეგ.

———–

ქობულეთის შემოვლით გზაზე რაიმეს შეცვლის საჭიროება ხელისუფლებას არც წინა წლებში დაუნახავს, მაგალითად, 2019 წელს, როცა ამავე გზაზე 15 წლის ლიკა დაიღუპა, მასთან ერთად მყოფი 2 წლის ბავშვი კი, მამასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ ტრაგედიამდე ორი თვით ადრე, 2019 წლის ივლისში, გზის იმავე მონაკვეთზე ცოლ-ქმარი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა, მეორე დღეს კი დაღუპული მშობლების 6 წლის ბიჭიც გარდაიცვალა კლინიკაში. სპეციალისტები ამ გზის უსაფრთხოებაზე ეჭვებს 2018 წელსაც გამოთქვამდნენ, როცა იმავე მონაკვეთში ტყუპი ბავშვები და მამა დაიღუპნენ.

კიდევ ერთი ცოლ-ქმრის სიცოცხლე ამავე გზაზე მომხდარ ავარიას 2016 წლის 28 აგვისტოს ემსხვერპლა.

ქობულეთის შემოვლით გზაზე 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ის შეცვალა, რომ იქ ამოყირავებული მანქანა განათავსა უსაფრთხოდ მოძრაობის კამპანიის ფარგლებში, თუმცა რამდენიმე დღეში ამ სიმბოლური მანქანის წინ ავარია ისევ მოხდა – კიდევ 4 ადამიანი დაშავდა. იმის მიუხედავად, რომ ამ შემთხვევაშიც ცხადად გამოჩნდა შსს-ს გადაწყვეტილების უსუსურობა, ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი შსს-ს ან რომელიმე სხვა უწყებისთვის კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად.

ხედავს თუ არა ამჯერად რაიმეს შეცვლის საჭიროებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ქობულეთის შემოვლით გზაზე – კითხვა დღესაც უპასუხოდ დატოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მთავარი ფოტო: ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმბოლურად ამოტრიალებული მანქანა ჰქონდა განთავსებული, 2019 წლის ფოტო.

ამ თემაზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე, რუსი ოლიგარქის ვილა „დააპატიმრეს“

იტალიური მედიის ცნობით, კუნძულ სარდინიაზე, სასარის პროვინციაში, ფინანსურმა პოლიციამ „გაყინა“ რუსი ოლიგარქის, პიოტრ ავენის ქონება, მდიდრული ვილა.

იტალიური გამოცემა la Repubblica-ს ცნობით, ვილას ფასი დაახლოებით 4 მლნ ევროა.

პიოტრ ავენი რუსული „ალფა ბანკის“ მფლობელია. მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

ამავე თემაზე: 

ევროკავშირი რუსეთში 300 ევროზე მეტი ფასის ფუფუნების საგნების შეტანას კრძალავს

37 იაპონური კომპანია რუსეთში მუშაობას წყვეტს – რუსული მედია

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული 168 იაპონური კომპანიიდან დაახლოებით 37-მა (22%) უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო ამ დროისთვის გადაწყვიტა, შეაჩეროს საქმიანობა რუსეთის ბაზარზე ან შეწყვიტოს ექსპორტი. 

ამასთან, 15 მარტის მდგომარეობით, 22-მა კომპანიამ გამოაცხადა ექსპორტის შეჩერების შესახებ,  7-მა შეაჩერა წარმოება, 4-მა კი მაღაზიები დახურა. 

ავტომწარმოებლებმა: Toyota Motor-მა, Nissan Motor-მა და მსოფლიოში საბურავების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა – Bridgestone-მა დროებით შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა რუსეთში. 

Fast Retailing Co-მ განაცხადა Uniqlo-ს ტანსაცმლის მაღაზიების დახურვის შესახებ.

მანამდე იაპონიამ  რუსეთს დაუწესა საექსპორტო სანქციები, რომლებიც კრძალავს 300 დასახელების საქონლისა და ტექნოლოგიის მიწოდებას. კერძოდ, ეს მოიცავს ნახევარგამტარებს, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების აღჭურვილობას, სატელეკომუნიკაციო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, სამხედრო პროდუქტებს, მათ შორის, იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ტყვიაგაუმტარ ჟილეტებს.

გარდა ამისა, სიაში შედის მოწყობილობები და პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია ბირთვულ ენერგიასთან, ქიმიური მრეწველობის პროდუქტები, სხვადასხვა სახის გადამცემი, პროგრამული უზრუნველყოფისა და ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობა.

________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV

“ფორბსი”: რუსეთიდან წასული კომპანიები 200 000-ზე მეტ ადამიანს უზრუნველჰყოფენ სამსახურით

საერთაშორისო კომპანიებში, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად ტოვებენ რუსეთს, 200 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმეული, ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ბიზნეს ჟურნალი Forbes აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, მაკდონალდსი არის უმსხვილესი დამსაქმებელი იმ კომპანიებიდან, რომლებმაც გამოაცხადეს ქვეყნიდან გასვლა. რუსეთში სწრაფი კვების რესტორნების ქსელში 62 000 ადამიანია დასაქმებული.

ამ სიაში “პეპსიკო” თანამშრომლების რაოდენობით სიდიდით მეორე კომპანიაა. იქ საერთო ჯამში 19 ათასი ადამიანია დასაქმებული, აქედან 8000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს უალკოჰოლო სასმელების წარმოების ქარხანაში სოლნეჩნოგორსკში, 1500-ზე მეტი ადამიანი “პეპსიკოს” ჩიფსების მწარმოებელ კომპანია Frito-Lay-ში კაშირში და 8.6 ათასიადამიანი Wimm-Bill-Dann-ში, რომელიც აწარმოებს რძის პროდუქტებსა და ბავშვთა საკვებს. ასევე “პეპსიკოს” ლებედიანსკის წვენების მწარმოებელ საწარმოში კიდევ 462 ადამიანია დასაქმებული.

შვედურმა IKEA-მ სამი თვით დახურა ყველა რუსული მაღაზია, გარდა Mega-ს 14 სავაჭრო ცენტრისა (ორივე კომპანია Ingka ჯგუფის ნაწილია), ასევე შეწყვიტა ადგილობრივი წარმოება და შესყიდვები ადგილობრივი კონტრაქტორებისგან. IKEA-ს ჯერ არ დაუწყია 15000 თანამშრომლის გათავისუფლება – ისინი სამივე თვის განმავლობაში ანაზღაურებით იმუშავებენ. „ეს არ არის [განთავისუფლების] შემწეობა“, განუცხადა Forbes-ს IKEA რუსეთის სპიკერმა კონსტანტინე ტიუტრინმა.

Yum! Brands, რომელიც ფლობს KFC და Pizza Hut ბრენდებს, არის სიდიდით მესამე კომპანია თანამშრომლების რაოდენობთ, რომელმაც ასევე შეაჩერა საქმიანობა რუსეთში. კომპანიის რუსულ საწარმოებს 14,5 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

კიდევ 502-მა რუსულმა მაღაზიამ შეაჩერა მუშაობა ესპანური კომპანია Inditex-ის გადაწყვეტილებით, რომელიც ფლობს ბრენდებს Zara, Pull & Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho და სხვა. მაღაზიების დროებითი დახურვის შემდეგ, Inditex აგრძელებს თითქმის 9000 თანამშრომლის ფინანსურ მხარდაჭერას, წერს”ფორბსი”

ავტომწარმოებლებს შორის, რომლებმაც შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში, ყველაზე დიდი დამსაქმებელია Volkswagen-ის კონცერნი, რომელშიც დასაქმებულია თითქმის 5,8 ათასი ადამიანი. “ფორბსი” განმარტავს, რომ კომპანიის ცნობით, რუსეთში თანამშრომლები მოკლევადიან სამუშაო შემწეობებს მიიღებენ.

ასევე, EPAM Systems-მა, რომელშიც 6000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, გამოაცხადა რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

იმ უცხოური კომპანიების რიცხვი, რომლებმაც უკრაინაზე რუსეთის მიერ შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, განაცხადეს რუსეთიდან ნაწილობრივი ან სრული გასვლის შესახებ კვლავ იზრდება.


მაკდონალდსის რესტორანი მოსკოვში, 2022 წლის 10 მარტი. ფოტო: EPA-EFE/MAXIM

სომხეთს თურქეთთან საზღვრის გახსნა სურს

„სომხეთში ხალხი მხარს უჭერს თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას,“ – უთხრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 15 მარტს წერილობით ინტერვიუში თურქულ მედიაგამოცემა „ანადოლუს“.

არარატ მირზოიანი ანტალიაში, სამდღიან საერთაშორისო ფორუმში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც ის შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად.

„სომხეთი მზად არის დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა [თურქეთთან], გახსნას საზღვრები. მიხარია, რომ ჩემი თურქი კოლეგისგან [მევლუთ ჩავუშოღლუ] მოვისმინე, რომ მათ აქვთ პოლიტიკური ნება, პროცესი ამ მიზნამდე მიიყვანონ,“ – უთხრა „ანადოლუს“ მირზოიანმა.

ურთიერთობების ნორმალიზების ნიმუშად სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოიყვანა მაგალითი, რომ სტამბოლსა და ერევანს შორის ფრენა უკვე პირდაპირი რეისებითაა  შესაძლებელი.

„საზღვრების გახსნა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ორ ქვეყანას შორის კავშირზე, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ხალხს შორის ურთიერთობებზე და მთლიან რეგიონში სტაბილურობაზე,“ – თქვა არარატ მირზოიანმა.

მისივე თქმით, „თუ [ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების] ნორმალიზაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართება, შესაძლებელი იქნება თურქეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ვიზიტები“.

„ანადოლუს“ ცნობით, ანტალიის საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმამდე რამდენიმე თვით ადრე სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაცვალეს საჯარო განცხადებები, სადაც მზადყოფნა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად.

თურქეთის ელჩი სერდარ კილიჩი და სომხეთის ელჩი რუბენ რუბინიანი 14 იანვარს მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს, მეორე შეხვედრა კი 24 თებერვალს, ვენაში გაიმართა. ელჩები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს წინაპირობების გარეშე, რომლის საბოლოო მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზებაა.

__________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ევროკავშირი რუსეთში 300 ევროზე მეტი ფასის ფუფუნების საგნების შეტანას კრძალავს

ევროკავშირმა სანქციების მეოთხე პაკეტი დაუწესა რუსეთს უკრაინაში ომის გამო.

ევროკავშირი ახალ პერსონალურ სანქციებს აწესებს  რუსი ოლიგარქების, კრემლის ლობისტებისა და პროპაგანდისტების, ასევე, საავიაციო, მანქანათმშენებელი და შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგ.

სანქციების მეოთხე პაკეტი შეეხება შემდეგ კომპანიებსა და პირებს:

  • ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს
  • რუსეთის პირველი არხის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინ ერნსტს
  • Альфа-Групп-ის მსხვილ აქციონერებს, ჰერმან ჰანსა და ალექსეი კუზმიჩევს
  • Роснефти-ის ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის ყოფილ ცოლს, მარინა სეჩინას
  • Нафта Москва-ს მფლობელ სულეიმან კერიმოვს
  • Рособоронэкспорта-ს გენდირექტორ ალექსანდრ მიხეევს

სანქციების ახალ სიაში სულ 15 ადამიანია. მათი აქტივები ევროკავშირში გაყინულია და ყველა მათგანს ეკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.

სანქცირებულ კომპანიებს შორის აღსანიშნავია Роснефть-ი და Рособоронэкспорт-ი, ასევე, საბრძოლო რაკეტების, ბომბდამშენი ვერტმფრენების, ტანკებისა და თვითმფრინავების მწარმოებლები, რომელთა რესურსსაც იყენებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ასევე, ევროკავშირიდან აიკრძალება რუსეთში ავტომანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტი, რომელთა ღირებულებაც 50 000 ევროს აღემატება. ევროკავშირი უარს ამბობს, ასევე, რუსული ფოლადისა და რკინის იმპორტზე.

რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის ქვეყნებისგან აღარ მიეწოდება ფუფუნების საგნები და ენერგეტიკის სფეროში საჭირო ტექნოლოგიები.

ფუფუნების ნივთების აკრძალვა ეხება 300 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქციას, მათ შორის: ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მოდის აქსესუარებს, სამკაულებს, ჩანთებს, სუნამოებსა და კანის მოვლის საშუალებებს, ანტიკვარიატს,  ფაიფურს და ა.შ. 

ასევე, ტრუფელს, შამპანურს, ღვინოს, ვერმუტს და 300 ევროზე მეტი ღირებულების სიგარას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების პაკეტს უწოდა „პირდაპირი დარტყმა რუსულ ელიტაზე“.

„ვინც მხარს უჭერს პუტინის საომარ მანქანას, ვერ უნდა დატკბეს მდიდრული ცხოვრების წესით, სანამ ბომბები უდანაშაულო ადამიანებს ეცემა უკრაინაში,“ – განაცხადა მან.

სანქციების მეოთხე პაკეტი ერთხმად შეადგინა ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ, დოკუმენტი 15 მარტს დამტკიცდა და დამტკიცებისთანავე ძალაშია.

________________

ფოტო:  ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ANDY RAIN

უკრაინაში ომმა 691 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, თუმცა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია

გაეროს ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა  – 1143.

2022 წლის 24 თებერვლის დილის 4 საათიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე, 2022 წლის 14 მარტის შუაღამის 24:00 საათამდე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დააფიქსირა 691 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება და 1143 დაშავებული.

გაეროს მონაცემებით, 691 დაღუპულ მოქალაქეთაგან 135 კაცია, 99 – ქალი, 7 – გოგონა და 11- ბიჭი, ასევე, 30 – ბავშვი და 409 – ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია.

1143 დაშავებული მოქალაქიდან 105 კაცია, 73 – ქალი, 15 – გოგონა და 4 – ბიჭი, ასევე, დაშავებულია 43 ბავშვი და 903 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია, „განსაკუთრებით მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, შეფერხებულია და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას.

ეს ეხება, მაგალითად, იზიუმს [ხარკოვის ოლქი], მარიუპოლსა და ვოლნოვახას [დონეცკის ოლქი], საიდანაც არის ცნობები ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლის შესახებ. ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ ზუსტდება და არ შედის ზემოთ მოცემულ სტატისტიკაში,“ – წერს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სპეციალურ ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმით ნახსენებია უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის მოხსენება, რომლის თანახმად, 15 მარტის დილის 10 საათისთვის უკრაინაში დაიღუპა 97 ბავშვი, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

გაეროს ცნობით: 

  • დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაიღუპა 173 და დაშავდა 578 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა 134 და დაშავდა 448 მშვიდობიანი მოქალაქე; თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაღუპულია 39 და დაშავებულია 130 მშვიდობიანი მოქალაქე
  • უკრაინის სხვა რეგიონებში [ქალაქი კიევი და ჩერკასი, ჩერნიგოვი, ხარკოვი, ხერსონი, მიკოლაევი, ოდესა, სუმი, ზაპორიჟია, დნეპროპეტროვსკი და ჟიტომირის რაიონები], რომლებიც მთავრობის კონტროლს ექვემდებარებოდა, დაიღუპა 518 და დაშავდა 565 მშვიდობიანი მოქალაქე

გაეროს ცნობით, სამოქალაქო მსხვერპლის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში იყო ზემოქმედების ფართო არეალის მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება, მათ შორის, მძიმე არტილერიითა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვა, ასევე, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები.

____________________________

ფოტოზე: სამოქალაქო მსხვერპლი ბროვარის მორგში, კიევის რეგიონი, 2022 წლის 11 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ROMAN PILIPEY

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც ქალაქის ისტორიის გადარჩენის გზა

რა დროს კულტურული მემკვიდრეობაა? – ასეთი რეაქცია აქვთ ძეგლების დამცველებსაც კი, ამ თემაზე საუბრის დაწყებისთანავე მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება უკრაინა-რუსეთის ომზეა მიპყრობილი, როცა ადამიანური დანაკარგი ყოველდღე დრამატულად იზრდება და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი.

ომით გამოწვეული შოკის პარალელურად არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ასეთ დროსაც კი გვახსენებს, რომ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, მაგალითად, მემკვიდრეობაზე. სწორედ ამაზე წერდა ცოტა ხნის წინ გლობალური ხელოვნების ორგანიზაცია Getty.

„უკრაინაში საფრთხეშია ხელოვნების მილიონობით ნამუშევარი და ძეგლი, მათ შორის, ძეგლები, რომლებიც წარმოადგენენ მრავალსაუკუნოვან ისტორიას ბიზანტიიდან ბაროკოს პერიოდებამდე. ასევე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. ერთი მუზეუმი უკვე დამწვარია.“

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ ძეგლებს დაცვა მხოლოდ ომის დროს არ სჭირდებათ. მემკვიდრეობის დამცველებს ბრძოლა უწევთ მერიებში, საბჭოებში, სასამართლოში – წლების შემდეგ მათ ბრძოლებზე წიგნები გამოსცეს და ფილმებიც გადაიღეს.

ისტორიას ახსოვს ფაქტები, როდესაც მათი გავლენები იმდენად გაიზარდა, რომ კონკრეტული ქვეყნების, ქალაქების კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში აისახა დაცვის მექანიზმები, რომლებიც მათ კულტურული მემკვიდრეობის სასარგებლოდ შეიმუშავეს.

ძეგლების დაცვისთვის ბრძოლას საქართველოშიც თავისი ისტორია აქვს, თუმცა წლების გასვლასთან ერთად ეს ბრძოლა გადაწყვეტილებების მიმღებებსა და ძეგლების დამცველებს შორის თანდათან უფრო მწვავდება. ამ ისტორიაში არის გამარჯვებებიც, რომლებიც დამცველებმა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს.

აქცია ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ / 13.03.2021/

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი დონოვან რიპკემა თავის წიგნში – „Economics of Historic Heritage“ [მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა] წერს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების დამთვალიერებლები უფრო მეტს ხარჯავენ ყოველდღიურად და მეტ ხანს რჩებიან, ნახულობენ უფრო მეტ ადგილს, ვიდრე ტურისტები ზოგადად.

„ეკონომიკური გავლენა ზოგადად იზომება სამგვარად: სამუშაო ადგილების შექმნით, ოჯახების შემოსავლების ზრდით და სხვა ინდუსტრიებში მოთხოვნის გაჩენით. ეკონომიკური საქმიანობის დაახლოებით 500 სახეობას შორის ცოტას თუ გააჩნია ადგილობრივ დონეზე ზემოხსენებულ სამ კატეგორიას შორის დაბალანსებული გავლენის ისეთი პოტენციალი, როგორიც აქვს ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაციას“.

ამ მოსაზრებას  ბათუმელი ბიზნესმენების უმრავლესობა არ იზიარებს. დიდი ფულის გაკეთების მარტივი სქემა, რომელიც მათ შემუშავებული აქვთ, 2-3 წელზეა გათვლილი. ეს გეგმა არსებულის დანგრევას და მის ნაცვლად ახალი, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. კორპუსის სახით ბინების გაყიდვის შემდეგ ისინი ტერიტორიას კმაყოფილები ტოვებენ.

კომპანიების უმეტესობას, რომლებმაც ისტორიული სახლები ან შენობები კერძო მესაკუთრეებთან ან მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმებით შეისყიდეს, მათი დანგრევა და ამ ადგილზე ახალი, მრავალბინიანი კორპუსების აშენება სურთ.

კომპანიების ამ სურვილებს ძირითადად ეთანხმება მთავრობა, რომელიც ვერბალურ დონეზე აცხადებს, რომ ძეგლების დაცვა სურს. ჩვენ ვიცით ისეთი შემთხვევებზეც, როცა საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ გადაწყვეტილების მიმღებს უარის თქმა მოუხდა, შემდეგ კი განმცხადებელს რეკომენდაცია მისცა: „მიჩივლე და მომიგე“, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.

ოფიციალური ნებართვების გაფორმებისას მთავრობის არგუმენტებია: კანონით დაცულია საკუთრების უფლება, თუმცა თითქმის შეუძლებელია მაგალითის პოვნა, როცა თავად მთავრობამ ძეგლი ან ძეგლის დაცვის ზონაში არსებული ტერიტორია გაასხვისა ისე, რომ ძეგლის ინტერესები შესაბამისი პირობებით დააზღვია. სამაგიეროდ, ათეულობით მაგალითი ვიცით, როცა ძეგლების ირგვლივ ე.წ. ფონური ნაგებობები გაქრა და მათ ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსები გაჩნდა.

საქართველოს კანონი მემკვიდრეობის შესახებ და არც საგადასახადო პოლიტიკა არ ითვალისწინებს არანაირ შეღავათებს მათთვის, ვინც კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ძალისხმევა გაიღო და სწრაფ, მაღალბიუჯეტიან სარგებელს მემკვიდრეობის გადასარჩენად გრძელვადიანი შრომა ამჯობინა.

აქცია კულტურის სამინისტროსთან / 2.03.2021
საკრებულოს სხდომა, როცა აქტივისტები შევიდნენ დარბაზში კონკრეტული პროექტის გასაპროტესტებლად

წარმატებული მაგალითები

წარმატებულ მაგალითებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანებზე, რომლებმაც მემკვიდრეობის ღირებულება კარგად გაიაზრეს, დონოვან რიპკემა წერს:

„არ არსებობს სანდო მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივმა ისტორიულმა უბნებმა შეამცირა უძრავი ქონების ღირებულება. უმეტეს შემთხვევაში, ისტორიულ უბნებში დაცვის ქვეშ არსებული უძრავი ქონების ღირებულება მეტია, ვიდრე ადგილობრივი ბაზრის სხვა უძრავი ქონების და უფრო მაღალი, ვიდრე მსგავს უძრავ ქონებაზე იმ უბნებში, სადაც დაცვის ზონები არ არის. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ადგილობრივი ისტორიული უბნის დაცვის ზონებში არსებული უძრავი ქონების ღირებულება იცვლება მთლიან ბაზარზე ცვლილებების შესაბამისად.“

ბათუმში ამის წარმატებულ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ კაფე „დელირია“.

დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ახლა ამ კაფე-რესტორნის ადგილას მრავალბინიანი კორპუსი ყოფილიყო, თუმცა მესაკუთრეს ძალისხმევის გაღება არ დაეზარა მის გადასარჩენად და ისტორიული სახლი და მისი ეზო მიმზიდველ ტურისტულ ადგილად აქცია. ფაქტია, რომ ახლა მისი ღირებულება ბევრად მაღალია და დიდი ალბათობით, სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

გარდა ამისა, „დელირია“ ყველა იმ ეკონომიკურ კრიტერიუმს  აკმაყოფილებს, რომლებზეც დონოვან რიპკემა წერდა. აქ დასაქმდნენ ადამიანები, კაფე იხდის  გადასახადებს და თანდათან ფართოვდება, ცოტა ხნის წინ ამ სივრცეს საცხობიც დაემატა.

კაფე „დელირია“

ფარნავაზ მეფის #116-ში მდებარე ისტორიული სახლის მეპატრონეს დიდხანს  ესაუბრებოდა ინვესტორი პირობებზე – ის მიიღებდა სახლს და მასზე დამაგრებულ ნაკვეთს საკუთრებაში, თუ აქ მრავალბინიან კორპუსს ააშენებინებდა. მოლაპარაკება არ შედგა. დღეს ამ სახლში ფუნქციონირებს კაფე, რომლის ფასადიც უკრაინის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.

ბათუმი, ფარნავაზ მეფის 116

„ფერები დამთხვევაა, ადრე შევარჩიეთ, თუმცა მხარს ვუჭერთ უკრაინას და ჩვენს კაფეში უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს უფასოდ ვუმასპინძლდებით. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს აქცია, ვმართავთ კონცერტს, შემოსულ თანხას კი უკრაინელ ლტოლვილებს გადავცემთ“, – ამბობს დიაგო ჟვანია, კაფეს მენეჯერი.

შვიდი წლის წინ 24 წლის ლილუმ [მეგობრები ასე ეძახიან] ბათუმში, საცხოვრებელ სახლში, ჰოსტელი და კაფე გახსნა, შემდეგ შემოქმედებითი საღამოების მოწყობა დაიწყო და ასე აქცია საკუთარი სახლის მისამართი თავშეყრის ადგილად დასვენებისა და გართობისთვის.

„არასოდეს დავთანხმდებოდი, რომ ვინმეს დაენგრია ის და კორპუსი ჩაედგა. სახლი ძველია, რაც ტურისტებს აინტერესებთ და მოსწონთ, მეც ვუყვები მათ ამ სახლის ისტორიას. ამ სახლში ესენინი ცხოვრობდა, ერთი კვირა უცხოვრია, მაგრამ მაშინ გათბობა არ გვქონია, გაცივებულა და მეგობართან გადასულა“, – ამბობს ილონა ივანოვა.

ლილუ, იგივე ილონა ივანოვა ამბობს, რომ „შენი საყვარელი ადგილის გადასარჩენად უნდა მოუსმინო გულს და გამოიჩინო კრეატიულობა, გააკეთო ისე, როგორიც გსურს, რომ იყოს შენი გარემო.

აუცილებელი არ არის დიდი ფულის დახარჯვა, საერთოდ რომ არ შეეხონ და ისეთ გარემოში, როგორიც ეს სახლია გააკეთონ სასტუმრო, ესეც შესაძლებელია. სამომავლოდ გალერეის გახსნაზეც ვფიქრობ.“

სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ისტორიული სახლები, კომერციული ობიექტები და მოედნები, რომლებიც ადამიანებს მეხსიერებაში რჩებათ, გვიამბობენ ქალაქის ისტორიასა და კულტურაზე, ქმნიან ურბანულ მეხსიერებას, ეს კი ტურისტული ინტერესის ერთ-ერთი განმაპირობებელია.

ქალაქის ისტორიის წაშლის შემთხვევაში კი ინტერესი ქალაქის მიმართ მკვეთრად დაიკლებს.

 

ამავე თემაზე: 

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – პასუხი არ არის

 

ავარია ავტობანზე – როგორია დაშავებულების მდგომარეობა

„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო კლინიკებში, სადაც ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 15 მარტს, მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი მოათავსეს. ავარიის დროს დაიღუპა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თეა ვადაჭკორია.

ავარიის შედეგად დაშავდა მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლების მინისტრი. ის „მედცენტრშია“ მოთავსებული. კლინიკაში გვითხრეს, რომ მას საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.

რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება განათლების სამინისტროს მძღოლი, რომელიც ავტომანქანას მართავდა. კლინიკა BAU-ში აღნიშნეს, რომ დაშავებულს დაზიანებები აქვს, თუმცა ის კონტაქტურია.

ავარიის შედეგად კიდევ ერთი კაცი დაშავდა,  რომელიც სხვა ავტომანქანაში იჯდა. მას ხერხემლის მეხუთე მალა აქვს დაზიანებული და ის „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ მოათავსეს. კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მას საოპერაციოდ ამზადებენ.

პუტინი სამხედრო დამნაშავეა – აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია

16 მარტს აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პუტინი სამხედრო დამნაშავედაა შეფასებული.

რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ.

დოკუმენტში სენატი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის.

რეზოლუციის ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემია. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ორივე პარტიის კანონმდებლებმა. დოკუმენტი ასახავს კონგრესის ზედა პალატის შეხედულებებს რუსეთის მიერ უკრაინაში გამოვლენილ აგრესიაზე.

„ვგმობთ რუსეთის ფედერაციის, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების, რუსეთის შეიარაღებული ძალების, რუსეთის სამხედრო ლიდერების მიერ გამოვლენილ აგრესიას. ჩადენილი სისასტიკე აღმაშფოთებელია და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია, ეს არის ომის დანაშაულები მიმართული უკრაინელი და სხვა ხალხის წინააღმდეგ,“ – წერია სენატის რეზოლუციაში.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მოსთხოვონ საერთაშორისო სასამართლოს დროული გამოძიება რუსეთის მიერ ომით კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.

______________

ფოტოზე: ვლადიმერ პუტინი „ჰარი პოტერის“ რომანების სერიის მთავარი ბოროტმოქმედის, ლორდ ვოლდემორდის როლში. გრაფიტი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში, მხატვარმა KAWU-მ შექმნა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/Jakub Kaczmarczyk

კორონავირუსის 1099 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 16 მარტის მონაცემები

16 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში კოვიდით საქართველოში გარდაიცვალა 10 ადამიანი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარებულია სულ 21 281 ტესტი, მათ შორის, PCR ტესტი – 19 101.

დღეის მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 1068 პაციენტი.

 

ავარია ავტობანზე – დაიღუპა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი

დღეს, 15 მარტს, საღამოს, ავტოავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია.

ავარიის შედეგად თეა ვადაჭკორია დაიღუპა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარის განათლების პრესსამსახურში.

ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, აჭარის განათლების მინისტრი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

____________

ფოტოზე: თეა ვადაჭკორია/facebook

3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი უკრაინიდან – ომის შედეგები

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე, რუსეთის უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო უკრაინიდან 2 969 600 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა ლტოლვილის სტატუსით, ხოლო სულ მცირე 2 მილიონი – იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნით.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შიშობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს იძულებით გადაადგილდება. სააგენტოს გათვლით, უკრაინა, შესაძლოა, დაახლოებით 4-მა მილიონმა ადამიანმა დატოვოს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, პირველ კვირაში უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში საზღვრები გადაკვეთა მილიონზე მეტმა ლტოლვილმა. რეგისტრირებული რიცხვის გარდა, კიდევ ბევრი ადამიანი იძულებით გადაადგილდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი გათვლით, მოსახლეობის დიდი რაოდენობა გადავიდა ასევე სხვა [არა შენგენის ზონის ქვეყნებში – უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი] ქვეყნებში” – წერს გაეროს ლტოლვილთა სააგენტო.

უკრაინიდან ლტოლვილთა მთლიანი ნაკადი მეზობელ ქვეყნებში:

ქვეყანა წყარო მონაცემების 

თარიღი

პოპულაცია
პოლონეთი მთავრობა 15 მარტი 2022 1,808,436
რუმინეთი მთავრობა 14 მარტი 2022 453,432
მოლდოვის რესპუბლიკა მთავრობა 14 მარტი 2022 337,215
უნგრეთი მთავრობა 14 მარტი 2022 263,888
სლოვაკეთი მთავრობა 14 მარტი 2022 213,000
რუსეთი მთავრობა 14 მარტი 2022 142,994
ბელარუსი მთავრობა 14 მარტი 2022 1,475

* 21-დან 23 თებერვლამდე დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში დამატებით 50 000 ადამიანი გადავიდა – წერს გაეროს ლტოლვილთა სააგენტო.

„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში

„პრემიერმა განმარტა“ – გვიპასუხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებსაც ვკითხეთ, რამდენად სამართლიანი იყო მათთვის კრიტიკა ამჯერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ცილისწამებაა სინამდვილეში.

დღეს, 15 მარტს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ – ეს შეფასება უკვე დადო ორგანიზაცია IDFI-მ და თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ „მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს, არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ“.

„ხანდახან სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, შეიძლება პირდაპირ ითქვას, არის შეუსაბამო და არაადეკვატური,“ – მიიჩნევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე. უფრო შორს წავიდა დავით ბაციკაძე, კიდევ ერთი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“: „სალომე ზურაბიშვილი არც ყოფილა ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი,“ – გვითხრა მან.

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს, რასაც ღირსება გვკარნახობს… ამას გამართლება არ აქვს სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც დავდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 14 მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლის დროს.

„ზუსტად ღირსების საქმეა ის, რომ ქვეყანამ აირიდოს ყველა საფრთხე და არ დადგეს ქვეყანაში რამე ისეთი, რაც სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს. მინდა ვუთხრა პრეზიდენტს, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველო იქცევა ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ პარტნიორს,“ – მმართველი პოლიტიკური გუნდის გზავნილი გაგვიმეორა დავით ბაციკაძემ, რომელსაც გავახსენეთ, რომ ამ „სიფრთხილის“ ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პროტესტის ნიშნად გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან.

დავით ბაციკაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“

„ზელენსკი ახლა ეთერში რომ გამოვიდეს და შემაგინოს, ჩემი სოლიდარობა მას. ეს კაცი ებრძვის ახლა მონსტრს,“ – თქვა დავით ბაციკაძემ.

„ეს იყო გარკვეული გაუგებრობა,“ – მიიჩნევს ტიტე აროშიძე და ეჭვი აქვს, რომ ზელენსკის საქართველოდან არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

„პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტება გააკეთა,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ, როცა მას ვკითხეთ, რატომ არ იყო სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა თუ საყვედური სამართლიანი, როცა საომარ ვითარებაში ევროპის ქვეყნებში მას სამუშაო ვიზიტები გაუუქმეს.

პრემიერის თქმით, „როცა უკრაინაში ომია, საქართველოს მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოს.“

„პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი, როცა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა და როდესაც საომარი ვითარებაა მეზობელ ქვეყანაში, უნდა იყოს ადგილზე. მე მას სრულად ვეთანხმები პრინციპში, სამართლებრივ სიღრმეებში ვერ შევალ,“ – დასძინა ტიტე აროშიძემ.

ტიტე აროშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

„არ წარმოადგენს პრეზიდენტი საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, თუკი მას შეთანხმება არ მისცა მთავრობამ, საგარეო პოლიტიკას წარმართავს მთავრობა. ამისთვის გვყავს ელჩები და საგარეო საქმეთა მინისტრი,“ – მიიჩნევს დავით ბაციკაძე.

კანონმდებელს მივუთითეთ კონსტიტუციის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში. ამავე კონსტიტუციის მიხედვით, ევროინტეგრაცია საქართველოს არჩევანია.

„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,“ – წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს ხომ არ შეუშალეს ხელი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში და კონსტიტუციით გათვალისწინებული ევროინტეგრაციის პროცესში?

„ამ საკითხებს განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ინტერპრეტაცია რომ არ მიეცეს. მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი…

გარკვევით ახსენეს საფრთხეები, რის გამო გააკეთეს [პრეზიდენტის საქმიანი ვიზიტების გაუქმება]. არ ვიცი, რა საფრთხეები იყო, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ჩემთვის მთავარია კონსტიტუციის და კანონის დაცვა,“ – აღნიშნა დავით ბაციკაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატების მოსაზრებით დავინტერესდით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაა, რომელიც უკრაინაში ომის მიუხედავად, საქართველოში ამ დრომდე არ გამართულა.

„ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით,“ – თქვა პარლამენტში 14 მარტს სალომე ზურაბიშვილმა.

„უსაფრთხოების საბჭოს სხდომას აქვს თავისი პროცედურები და იმისთვის, რომ გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალოს, ასე არ ხდება,“ – განმარტავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე.

რატომ არ დაინახა ხელისუფლებამ „საფუძველი“, თუკი ამის საჭიროებას ხედავს პრეზიდენტი და აქამდე ამის შესახებ საუბრობდნენ ექსპერტებიც?

„თუკი ჩათვლის საჭიროდ, აუცილებლად ჩატარდება თქვენ გარეშე და იმის გარეშეც, ვინც თვლის, რომ უნდა ჩატარდეს, თუ არ ჩატარდეს,“ – პარტიულ ვერტიკალს ვერც ამჯერად გასცდა დეპუტატი ტიტე აროშიძე.

კონსტიტუციასთან მიბრუნება არჩია დეპუტატმა დავით ბაციკაძემ, რომელსაც ასევე ვკითხეთ: რატომ არ არის სამართლიანი პრეზიდენტის კრიტიკა, როცა უსაფრთხოების საბჭო ერთხელაც არ შეიკრიბა?

„ამისთვის შედის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და ის განმარტავს, ვის რა უფლებები აქვს… საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ის, რომ მთავრობა წარმართავს საქმიანობას იგივე უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით, ცალსახა ჩანაწერი არსებობს“, – თქვა დავით ბაციკაძემ.

რატომ ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებას სანდოობის მაღალი ხარისხი, როცა მოსამართლეები, მაგალითად, „ლონდა თოლორაის საქმეზე“ მხოლოდ საპროტესტო აქციების შემდეგ, ბოლო დღეს შეიკრიბნენ და არ მიიჩნიეს საჭიროდ მთავრობისთვის კრიტიკული გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტის გადარჩენა? დეპუტატს გავახსენეთ, რომ ამ საქმეზე მოსამართლემაც დააფიქსირა ღიად თავისი განსხვავებული აზრი და საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიც ხედავენ, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობაა, რომელზეც მმართველ პოლიტიკურ გუნდს აქვს გავლენა.

„მე რა უფლება მაქვს, შევიდე საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვაში? რატომ განიხილა ან არ განიხილა, ეს ჰკითხეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს,“ – გამოსავალი იპოვა დავით ბაციკაძემ.

ღარიბაშვილისა და კობახიძის რიტორიკის შესაბამისად, პრეზიდენტს ფაქტების წარმოდგენას სთხოვს დეპუტატი ტიტე აროშიძე:

„წარმოადგინოს მაშინ ის ფაქტები, რომლითაც დასტურდება, რომ ჩვენ უკრაინას და უკრაინის მოსახლეობას არ ვუდგევართ გვერდით. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, როცა სალომე ზურაბიშვილი ადანაშაულებს ხელისუფლებას, რომ თითქოს უფრთხიან და არ დგებიან უკრაინის გვერდით. ეს არის ცილისმწამებლური განცხადება…

ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი არის აგრესორი, ისინი შეიჭრნენ უკრაინაში ტერიტორიის ოკუპაციის მიზნით. ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროკავშირის დიდ ოჯახში,“ – ამბობს ტიტე აროშიძე.

როგორ დაუჯეროს საზოგადოებამ დეპუტატს, როცა პრეზიდენტს ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებს უუქმებენ, უკრაინა ელჩს იწვევს კონსულტაციებისთვის, თორნიკე რიჟვაძე ვერ ამბობს, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში…

„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან… მაგალითად, ბოლოს იყოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა… ჩვენ ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ ვართ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე… თორნიკე რიჟვაძე ყველა სხდომას იწყებს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით, ჩართული ვართ აქტიურად დახმარებით,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე.

დავით ბაციკაძე კი გულდაწყვეტილია, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს კიდევ უფრო მეტად რომ არ შეუკვეცეს პრეზიდენტს უფლებამოსილება.

„…კიდევ მეტი უფლებები აქვს პრეზიდენტს, ვიდრე უნდა ჰქონდეს. არ გამოადგა ამ ქვეყანას არაფერში საპრეზიდენტო მმართველობა, დამაზიანებელი აღმოჩნდა ყველაფერში,“ – მიიჩნევს დავით ბაციკაძემ, რომელიც ასევე არ იზიარებს პრეზიდენტის კრიტიკას კიდევ ერთ ნაწილში:

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, დავით ბაციკაძემ, ამ ნაწილში მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს გული დაწყდა, თავად რომ არ მოუწია ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ხელის მოწერა. მისი შეფასებით, სულ ესაა პრობლემის არსი და არა ის „ეროვნული თანხმობა“ და კონსოლიდაციის საჭიროება, რაზეც ზურაბიშვილმა გაამახვილა ყურადღება.

„პრემიერს აქვს მხოლოდ უფლება ასეთი ტიპის საკითხებს მოაწეროს ხელი, საპარლამენტო რესპუბლიკებში ასეა, საგარეო პოლიტიკას წარმართავს პარლამენტი და მთავრობა… ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ ევროკავშირის წევრობაზე,“ – გვითხრა დავით ბაციკაძემ.

„ბათუმელების“ შეტყობინება უპასუხოდ დატოვა გიორგი მანველიძემ,  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოში.

სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრა „ოცნებიდან“ კიდევ ერთმა დეპუტატმა – დავით თედორაძემ.

უკრაინელი პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების ცხოვრება სარდაფებში | ფოტო

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკვე მე-20 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები, სკოლები, საავადმყოფოები. მაგალითად 9 მარტს რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო დაბომბა, შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და დაშავდა 17 პირი, მათ შორის – ფეხმძიმე ქალები.

14 მარტს მოხერხდა უკრაინიდან 21 სიმსივნით დაავადებული ბავშვის გადაყვანა ბრიტანეთისა და პოლონეთის საავადმყოფოებში.

უკრაინაში 600 სამედიცინო დაწესებულებაა. ომის დაწყების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზედამხედველობის სისტემის (SSA) მეშვეობით დაფიქსირდა 31 თავდასხმა ჯანდაცვის დაწესებულებებზე; 24 შემთხვევაში დაზიანდა ან განადგურდა სამედიცინო ობიექტები, ხოლო ხუთ შემთხვევაში დაზიანდა ან განადგურდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. ამ თავდასხმებს მოჰყვა სულ მცირე 12 ადამიანის სიკვდილი და დაშავდა 34.

მედდა და პაციენტი ჟიტომირის მე-2 საავადმყოფოს მიწისქვეშა თავშესაფარში. თავშესაფარი მუშაობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაადგილება არ შეუძლიათ და რომელთა ჰოსპიტალიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2 მარტს დაბომბეს. უკრაინა, 2022 წლის 13 მარტი.
ოლენა მაკუხი ზის მეუღლის, ვილატი მაკუხისის გვერდით, რომელიც 16 თებერვლიდან მკურნალობს კოვიდ-19-ზე და ახლა იმყოფება ჟიტომირის საავადმყოფოს მიწისქვეშა თავშესაფარში. ფოტო: EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
ჟიტომირის საავადმყოფოს მიწისქვეშა თავშესაფარი. უკრაინა, 2022 წლის 13 მარტი. ფოტო: EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
ჟიტომირის №2 საავადმყოფოს მიწისქვეშა თავშესაფარი, საერთო ხედი. უკრაინა, 2022 წლის 13 მარტი. ფოტო: EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
ლილია და სერჰი უყურებენ შვილს, ახალშობილ ივანს სამშობიარო საავადმყოფოს სარდაფში, რომელიც საჰაერო თავდასხმის დროს თავშესაფრად გამოიყენება. კიევი, უკრაინა, 2022 წლის 2 მარტი. ფოტო: EPA-EFE
დედას ხელში უჭირავს ახალშობილი სამშობიარო საავადმყოფოს სარდაფში, რომელიც ახლა საჰაერო თავდასხმის დროს თავშესაფრად გამოიყენება. კიევი, უკრაინა, 2022 წლის 2 მარტი. ფოტო: EPA-EFE
სამშობიარო საავადმყოფოს სარდაფი, კიევი, უკრაინა, 2022 წლის 2 მარტი. ფოტო: EPA-EFE
დედები და ბავშვები თავს აფარებენ ოჰმადიტის ბავშვთა საავადმყოფოს სარდაფს კიევში. უკრაინა, 2022 წლის 1 მარტი. ფოტო: EPA-EFE/ROMAN
უკრაინელი სამხედრო მედიკოსები ახარისხებენ მედიკამენტებს სამედიცინო მომარაგების ბაზაზე, ბროვარში, კიევის რეგიონი, უკრაინა, 2022 წლის 12 მარტი. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY
მედმუშაკებს პაციენტები გადაჰყავთ. ფოტო:
ამერიკული ორგანიზაციის – Samaritan’s Purse-ის ექიმების მიერ ახლად გაშლილი ჰოსპიტალი უკრაინის სოფელ სოკოლნიკში, ლვოვის მახლობლად. ჰოსპიტალი მდებარეობს King Cross Leopolis-ის სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა ავტოსადგომზე. უკრაინა, 2022 წლის 14 მარტი ფოტო: EPA-EFE/MYKOLA
უკრაინის სოფელ სოკოლნიკში, ლვოვის მახლობლად, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა ავტოსადგომზე გაშლილ ჰოსპიტალში მკურნალობენ პაციენტს. უკრაინა, 2022 წლის 14 მარტი ფოტო: EPA-EFE/MYKOLA
უკრაინის სოფელ სოკოლნიკში, ლვოვის მახლობლად, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა ავტოსადგომზე გაშლილი ჰოსპიტალი. უკრაინა, 2022 წლის 14 მარტი ფოტო: EPA-EFE/MYKOLA

ზელენსკის უახლოესი გარემოცვა – ვინ არიან ისინი?

იცით თუ არა, ვინ არიან პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრები? მაგალითად, მიხაილო პოდოლიაკი, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ონლაინჩართვების დროს ხშირად ახსენებს ან თან ახლავს, ის წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა და ბელარუსიიდან გამოაძევეს. პოდოლიაკი ახლა ზელენსკის ძირითადად საინფორმაციო პოლიტიკის კუთხით აძლევს რჩევებს.

პოდოლიაკი არ არის ერთადერთი, ვინც ზელენსკის გარემოცვაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს კარგად იცნობს.

„ბათუმელებმა“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის ყველაზე აქტიური წევრების ბიოგრაფიებს გადახედა – რა გამოცდილებით მოვიდნენ ისინი პოლიტიკაში და უკრაინის ხელისუფლებაში ჩაიბარეს თანამდებობები მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა პრეზიდენტად ზელენსკი აირჩიეს.

24 თებერვლის  ანუ მას შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ყველამ გაიცნო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები აქვს დამთავრებული და საერთაშორისო სამართლის დოქტორია.

კულება 1981 წელს დაიბადა უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქ სუმში.

დმიტრო კულებას მამაც დიპლომატი ყოფილა – ივან კულება 2003-2004 წლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ უკრაინის ელჩი ეგვიპტეში, ჩეხეთში, ყაზახეთსა და სომხეთში.

დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ფოტო კულებას ფეისბუქგვერდიდან

კულება 2003 წლიდან მუშაობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან საჯარო სამსახური 2013 წელს დატოვა, უკრაინული მედიის ცნობით, „პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის კურსთან უთანხმოების გამო.“

კულება ევრომეიდნის აქტივისტი გახდა.

2014 წელს კულება საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. 2016 წლიდან იგი ევროსაბჭოში უკრაინის მუდმივმოქმედ წარმომადგენლად დანიშნეს. დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრია 2020 წლის 4 მარტიდან.

„უკრაინა ბრუნდება ცენტრალურ ევროპაში“  – ეს ერთ-ერთი ციტატაა კულებას განცხადებებიდან, რომელსაც დღეს „გუგლის“ საძიებო სისტემა აგდებს, როცა კულებას შესახებ ინფორმაციას ეძებ. აქვეა „ინდეპენდეტის“ სტატიაც, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე – 2021 წლის 13 სექტემბერსაა გამოქვეყნებული და სადაც კულება დასავლეთს ახსენებს, რომ მილიტარიზაცია სჭირდება ქვეყნის გადარჩენისთვის.

კულებამ 2019 წელს დაწერა წიგნი „ომი რეალობისთვის. როგორ მოვიგოთ ომი ყალბი ამბების და სიმართლის სამყაროში“. წიგნში კულება ძირითადად საინფორმაციო ომის შესახებ წერს.

დმიტრო კულებას ცოლი, ევგენია, კიევის საკრებულოს დეპუტატად 2020 წელს აირჩიეს პარტიიდან – „ხალხის მსახური“ [პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია]. ის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მუდმივი კომიტეტის მდივანია.

ზელენსკის გარემოცვის აქტიური წევრია ასევე ოლექსი არესტოვიჩი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ყოველდღიურად მართავს ბრიფინგს. ის ზელენსკის მრჩეველია და ბლოგერი პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე. ოლექსი არესტოვიჩი 1975 წელს დაბადებულა საქართველოში, დედოფლისწყაროში.

ოლექსი არესტოვიჩი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი. ფოტო არესტოვიჩის ფეისბუქგვერდიდან

არესტოვიჩის მიმართაც მსოფლიო მედიის ყურადღება მას შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა, როცა ცნობილი გახდა, რომ არესტოვიჩს 2019 წელს ჰქონდა ნავარაუდევი ომი რუსეთთან. „99 პროცენტით იქნება ომი რუსეთთან 2020 – 2022 წლებში,“ – აღნიშნა არესტოვიჩმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში.

1992 წელს არესტოვიჩმა კიევში დაამთავრა სკოლა და თავდაპირველად ბიოლოგობა გადაწყვიტა. იგი შევჩენკოს ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობდა. სტუდენტობის დროს ოლექსის მსახიობობის სურვილი გასჩენია, შემდეგ კი – ფსიქოლოგიის.

2010 წელს არესტოვიჩმა დაასრულა ფსიქოლოგ პოდვოდნის საავტორო სკოლა „ადამიანი ხალხში“. იგი სწავლობდა თეოლოგიასაც.

არესტოვიჩს ასევე დამთავრებული აქვს ოდესის სამხედრო აკადემია, მას აქვს სამხედრო თარჯიმნის დიპლომი. 1994 წლიდან 2005 წლამდე ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოში.

არესტოვიჩს პირველ ცოლთან ჰყავს შვილი ანასტასია, მეორე ცოლთან – ალექსანდრე.

ოლექსი რეზნიკოვი – უკრაინის თავდაცვის მინისტრი 56 წლისაა. ის ასაკით ყველაზე უფროსია ზელენსკის გარემოცვაში. რეზნიკოვი 2021 წლის ნოემბრიდან იკავებს მინისტრის თანამდებობას. მანამდე კი, რეზნიკოვი უკრაინის მთავრობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის, იყო ვიცე-პრემიერი და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრიც.

ოლექსეი რეზნიკოვი – უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ფოტო რეზნიკოვის ფეისბუქგვერდიდან.

რეზნიკოვი ლვოვშია დაბადებული. მისი მამა, იური რეზნიკოვი, პროფესორი ყოფილა და ლვოვის სახელმწიფო ინსტიტუტში მუშაობდა, დედა – ოლენა რეზნიკოვა კი ნევროლოგია და ტანვარჯიშის ოსტატი.

რეზნიკოვი პროფესიით იურისტია, მას ლვოვის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 2010 წელს ჟურნალმა The Lawyer-მა იურიდიული კომპანია Magisters-ი დაასახელა საუკეთესო იურიდიულ ფირმად რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ამ იურიდიული ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი კი რეზნიკოვია. ის იურიდიულ კომპანიაში დავების დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობდა.

2014 წელს ადგილობრივ არჩევნებში რეზნიკოვი კიევის ქალაქის საბჭოს წევრად აირჩიეს. აქედან იწყება მისი პოლიტიკური კარიერა. შემდეგ წლებში კი, იგი წარმოადგენდა უკრაინის დელეგაციას ევროსაბჭოში.

2019 წელს პრეზიდენტმა ზელენსკიმ რეზნიკოვს უფლება მისცა წარმოედგინა უკრაინა სამუშაო პოლიტიკურ ქვეჯგუფში, სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში დონბასის საკითხზე.

რეზნიკოვს ჰყვარებია დაივინგი, ჩოგბურთი და თხილამურები. მას ჩატარებული აქვს მყვინთავის 260-ზე მეტი ექსპედიცია და 163 ნახტომი პარაშუტით.

ოლექსი რეზნიკოვის მეუღლე ტელეჟურნალისტია. მას პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს.

ფოტო რეზნიკოვის ფეისბუქგვერდიდან

რუსლან სტეფანჩუკი უკრაინის რადას თავმჯდომარეა. „უკრაინა არასდროს დათმობს ევროპულ პერსპექტივას. ეს ის გზაა, რომელსაც აუცილებლად მივყვებით“, – ასე იწყება რადას გვერდზე გამოქვეყნებულ ბოლო ინფორმაციაში სტეფანჩუკის ციტატა.

სტეფანჩუკი ომის დაწყებამდეც გახდა ცნობილი, მაშინ, როცა გაირკვა, რომ ის პრეზიდენტ ზელენსკის საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი ავტორი იყო არჩევნების დროს.

რუსლან სტეფანჩუკი, უკრაინის რადას თავმჯდომარე. ფოტო სტეფანჩიკის ფეისბუქგვერდიდან

რუსლან სტეფანჩუკი 1975 წლის 29 ოქტომბერს დაიბადა. ის უკრაინის რადას თავმჯდომარეა 2021 წლის ოქტომბრიდან. სტეფანჩუკი რადას წევრი გახდა პარტიიდან – „ხალხის მსახური“ [ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია].

სტეფანჩუკიც პროფესიით იურისტია. მას ხმელნიცკის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული – „მენეჯმენტი და სამართალი“. აქვს დოქტორის ხარისხი სამართალში.

პოლიტიკასთან მისი პირველი კავშირი 2007 წელს დაიწყო, როცა რადას დეპუტატის, ანატოლი მატვიენკოს ასისტენტი გახდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსლან სტეფანჩუკი უკრაინაში ერთ-ერთი მდიდარი იურისტი იყო. მისი შემოსავლები 2019 წლისთვის დაახლოებით 1.5 მილიონი ამერიკული დოლარი იყო.

რუსლან სტეფანჩუკის ცოლი მარიანა სტეფანჩუკია. ის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორია.

ზელენსკის გუნდის სახეა დავით არახამია. ყველას გეხსომებათ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბელარუსიაში რუსებთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოსალაპარაკებლად დავით არახამია გაუშვეს. იგი უკრაინის რადაში სახელისუფლებო პარტიის – „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარეა.

დავით არახამია 1979 წელს დაიბადა სოჭში. ის გაგრაში ცხოვრობდა 1992 წლამდე, ვიდრე აფხაზეთში ომი დაიწყებოდა. დევნილი არახამიების ოჯახი მას შემდეგ უკრაინაში, ქალაქ მიკოლაევში ცხოვრობს.

დავით არახამია – უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე. ფოტო დავით არახამიას ფეისბუქგვერდიდან

დავით არახამიას დამთავრებული აქვს უკრაინის ევროპული უნივერსიტეტი და გავლილი აქვს პროფესიული მენეჯმენტის მასტერკურსი ლონდონის ღია უნივერსიტეტში.

2014 წლიდან დავით არახამია მიკოელაევის ოლქის გუბერნატორის მრჩეველი ხდება, მალევე ის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად გადაჰყავთ.

დავით არახამიას 6 შვილი ჰყავს. ის ამჟამად მეორე ქორწინებაშია და ვიქტორია არახამიასთან 5 შვილი ჰყავს, პირველი ქორწინებიდან კი, კიდევ ერთი ვაჟი.

დავით არახამია მილიონერია. 2019 წელს უკრაინულ გამოცემა „ლიგა ნეტთან“ დავით არახამიამ დაადასტურა, რომ მისი ქონება დაახლოებით 20 – 25 მილიონი აშშ დოლარია. უკრაინული მედია 2020 წელს ასევე წერდა, მაგალითად, არახამიას ახალ სახლზე კიევის პრესტიჟულ უბანში, რომელიც დეპუტატს 2020 წელს 983 ათასი გრივნა დაუჯდა.

en.thepage.ua-ს ინფორმაციით, დავით არახამია ერთ-ერთი დამფუძნებელია საერთაშორისო IT კომპანიაში TemplateMonster. ეს კომპანია გაყიდვებში ერთ-ერთ ლიდერად სახელდება. მის ცოლს, ვიქტორიას კი, აქვს ასევე წილები კომპანიაში – global bay venture.

დავით არახამია უკრაინაში ევრომაიდნის აქტივისტი იყო 2014 წელს, როცა მეგობრებთან ერთად შექმნა ინტერნეტგვერდი მოხალისეებისთვის, ვინც 79-ე ბრიგადისთვის სამხედრო აღჭურვილობის შეძენას დააფინანსებდა. მცდელობამ გაამართლა და დავით არახამიამ ინტერნეტტექნოლოგიების მიმართულებით ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.

პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკია. ის დაიბადა 1972 წლის 16 თებერვალს, ბავშვობა მან ლვოვში გაატარა, ნოვოვოლინსკში. 1989 წლიდან პოდოლიაკი ბელარუსში ცხოვრობდა, მას მინსკის სამედიცინო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი. ფოტო პოდოლიაკის ფეისბუქგვერდიდან

პოდოლიაკს ჟურნალისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს – ის 1990 წელს რადიო „FM ბულვარის“ ჟურნალისტად მუშაობდა. 2004 წელს იყო მთავარი რედაქტორის მოადგილე ბელარუსიაში გამომავალ გაზეთ – „დროში“. მაშინ მის სახლში ბელარუსიის უშიშროების ოფიცრები შევიდნენ და ნახევარი საათი მისცეს საკუთარი ნივთების მოსაგროვებლად.

უკრაინული მედიის და უკვე არამხოლოდ უკრაინული მედიის ცნობით, მაშინ ის დაადანაშაულეს „სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში“, ხოლო მისი ჟურნალისტური მასალები ბელარუსიის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო ცილისწამება. მას დეპორტაცია გაუკეთეს უკრაინაში და ხუთი წლის განმავლობაში უკან დაბრუნება აუკრძალეს.

2005 წელს პოდოლიაკი „უკრანული გაზეთის“ მთავარი რედაქტორი ხდება. ამავე წლის ივნისში გამოქვეყნდა მისი სტატია სათაურით – „უკანასკნელი ვახშამი“, რომელიც მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის – ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლას ეხებოდა. აქ პოდოლიაკი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობდა, რომ იუშჩენკოს მოწამვლის უკან პრეზიდენტობის კანდიდატთან დაახლოებული პირები იდგნენ.

2006 წელს პოდოლიაკი უკრაინული ინტერნეტგამოცემა Observer-ში იწყებს მუშაობას.

ზელენსკისთან მუშაობა მიხაილო პოდოლიაკმა 2020 წლის აპრილში დაიწყო. მას შემდეგ ის აკონტროლებს პრეზიდენტის საინფორმაციო პოლიტიკას და უშუალოდ აძლევს რჩევებს ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის ამზადებს ასევე მინისტრებს მედიაში გამოსასვლელად.

____

ამ თემაზე:

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

სად და რამდენი ხნით გაითიშება დენი აჭარაში 16 მარტს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ბათუმში, ქობულეთსა და ხულოში მცხოვრებ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

  • ბათუმში – 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ურეხის დასახლებასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
  • ქობულეთში – 11:00-დან 13:40 საათამდე დენი მონაცვლეობით გაითიშება ფიჭვნარისა და ჩოლოქის დასახლებების ნაწილში. ასევე, დავით აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე.
  • ხულოში – 09:00-დან 20:00 საათამდე დენის მიწოდება შეწყდება დიოკნისში, ჯვარიქეთში, ღურტასა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, აბონენტებს დენს სამუშაოების დასრულებისთანავე მიაწვდიან.

ბათუმში თანხას აგროვებენ 15 უკრაინელი შშმ პირის დასახმარებლად

„ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ 15 უკრაინელი შშმ პირის დასახმარებლად თანხას აგროვებს.

ცენტრის თავმჯდომარე, თომა კაკაბაძე ამბობს, რომ უკრაინელი შშმ პირების მხარდასაჭერი კამპანია უკრაინაში ომის დაწყებისთანავე წამოიწყეს და კარგად იციან, როგორი მძიმე მდგომარეობა და სპეციფიკური საჭიროებები შეიძლება ჰქონდეთ უკრაინელ შშმ პირებს მათი შეზღუდვებიდან გამომდინარე ახლა: უჭირდეთ ევაკუაცია, გადაადგილება, საჭმლის მომარაგება და ა.შ.

თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ კონტაქტი აქვთ 15 უკრაინელ შშმ პირთან და კამპანიის პირველ ეტაპზე თითოეული მათგანისთვის  100-100 დოლარის შეგროვება სურთ.

„პირველ ეტაპზე 15 უკრაინელი შშმ პირის დასახმარებლად, ვისზეც გვაქვს ინფორმაცია, გვინდა 1500 დოლარის შეგროვება, ჯერ ეს თანხა არ გვაქვს.

ჩვენი მხარდამჭერი კამპანიის მეორე ეტაპი იქნება იგივე და სხვა შშმ პირების მხარდაჭერა. იქამდე ვიქნებით უკრაინელი შშმ პირების გვერდით და გვექნება მათი მხარდასაჭერი კამპანია, სანამ ამის საჭიროება ექნებათ და არ დასრულდება ომი“, – ამბობს თომა.

მისი თქმით, უკრაინელ შშმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ბათუმში მცხოვრები უკრაინელების დახმარებით დაუკავშირდნენ, რათა უშუალოდ მათგან გაეგოთ, თუ რა სჭირდებოდათ.

„ზუმით ჩავერთეთ 9 მარტს. განგაშის სიგნალების ფონზე ვესაუბრებოდით. ზუმი გვეთიშებოდა ხოლმე, რადგან სარდაფებში გარბოდნენ, იქ ინტერნეტი არ ჰქონდათ და ა.შ. ზოგიერთი საერთოდ სარდაფებიდან ჩაგვერთო ზუმში, ჩაფუთნული, ქურთუკებით… ზოგ მათგანს  საკვების პრობლემაც კი ჰქონდა, მაგრამ უფრო მეტად  მედიკამენტების უქონლობის პრობლემა აქვთ, სჭირდებათ „ფაუერ ბანკები“, ფარნები, სიბნელეში გადასაადგილებლად. მათ გვითხრეს, რომ ხანდახან ორჯერ ჩადიან სარდაფებში განგაშის სიგნალის ხმაზე“, – ამბობს თომა.

როგორც თომა ამბობს, ამჯობინეს, რომ შეაგროვონ თანხა და გადაურიცხონ უკრაინასთან ახლო მდებარე ქალაქებში მცხოვრებ მოხალისეებს, რომლებიც უფრო სწრაფად შეძლებენ ამ შშმ პირების საჭიროებების დაკმაყოფილებას, ვიდრე ეს საქართველოდან ტვირთის გაგზავნის შემთხვევაში მოხდებოდა.

„ჩემს პირად საბანკო ანგარიშებს ვიყენებთ თანხის შესაგროვებლად, რადგან ორგანიზაციის ანგარიშიდან თანხის შეტანა და გამოტანა რთული და დროში გაწელილია, ბევრი პროცედურა სჭირდება, ამიტომ მარტივ გზას მივმართეთ“, – ამბობს თომა.

„ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კამპანიას შეუერთდა ქალისა და ბავშვის სამოსის ქართული ბრენდი „ლილეპოპი“, რომელიც უკრაინის დროშის ფერებში დამზადებული საყელოებისა და ბაფთების გაყიდვიდან შემოსული თანხის 70% ურიცხავს ცენტრს უკრაინელი შშმ პირების დასახმარებლად. თომას თქმით, იმედოვნებენ, რომ მსგავს ინიციატივას სხვა მცირე და დიდი ბიზნესებიც გამოიჩენენ.

უკრაინელი შშმ პირების დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ამ ანგარიშის ნომრებზე: 

საქართველოს ბანკი

მიმღები: თემურ კაკაბაძე

GE84BG0000000161260925

 

თიბისი ბანკი

მიმღები: თემურ კაკაბაძე

GE89TB7713345061100088

 

ლიბერთი ბანკი

მიმღები: თემურ კაკაბაძე

GE33LB0711198508889000

____________________

ფოტოზე: შშმ პირების სოლიდარობის აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“

ამავე თემაზე: 

„წარმოგვიდგენია, ომში როგორ უჭირთ“ – ბათუმში შშმ პირებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

 

„წმინდა ჯაველინმა“ 1 მილიონი დოლარი შეაგროვა უკრაინისთვის – მარკეტოლოგის წარმატებული იდეა

კანადაში მცხოვრებმა 35 წლის მარკეტოლოგმა და ყოფილმა ჟურნალისტმა კრისტიან ბორისმა შექმნა გამოსახულება, რომელიც ცნობილია, როგორც „წმინდა ჯაველინი“.

წარმოშობით უკრაინელ კრისტიან ბორისის მიერ შექმნილ გამოსახულებაზე ღვთისმშობელს ხელში უჭირავს ამერიკული წარმოების FGM-148 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი „ჯაველინი“. 

„ჯაველინი“ ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემაა, რომელსაც აშშ-ის არმია და საზღვაო ქვეითი შენაერთები იყენებენ მოწინააღმდეგის ტანკების გასანადგურებლად. თავდაცვითი სისტემა მოქმედებაში მოჰყავს ორ ადამიანს – მსროლელსა და აღჭურვილობით მომმარაგებელს. ეს რაკეტები ერთ-ერთია იმ იარაღთაგან, რომლებსაც დასავლელი მოკავშირეები უგზავნიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

„წმინდა ჯაველინის“ გამოსახულებით ბორისმა შექმნა სტიკერები, მაისურები, ჩანთები და დროშები, რომელთა გაყიდვებიდან შემოსული თანხა უკრაინის დასახმარებლად ირიცხება. ბოლო მონაცემებით, მან 1 მილიონზე მეტი დოლარი შეაგროვა. 

„ბიბისი“ წერს, რომ კრისტიან ბორისის ინსპირაცია ამერიკელი მხატვრის კრის შოუს ნამუშევრები გახდა, რომელმაც 2012 წელს დახატა მადონა მოოქრული AK-47-ით [„კალაშნიკოვის“ავტომატით].

მან „წმინდა ჯაველინის“ გამოსახულება ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, ომის დაწყებამდე შექმნა.

„ვიცოდი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, არ მინდოდა ხელდაკრეფილს ჯდომა,“- ამბობს კრისტიან ბორისი.

„პირველ დღეს, როცა ვებგვერდი გავააქტიურე, ორი შეკვეთა მივიღეთ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო შესანიშნავი შედეგი. მეორე დღეს ჩვენ გამოვიმუშავეთ 1000 კანადური დოლარი, ამიტომ დავბეჭდე ეს სტიკერები და გამოვაქვეყნე [სურათი] ინსტაგრამზე 17 თებერვალს. მეორე დღეს 5000 კანადური დოლარის გამომუშავება შევძელით,“ – ჰყვება ავტორი „ბიბისისთან“. 

უკრაინის დროშა „წმინდა ჯაველინის“ გამოსახულებით. ფოტო: saintjavelin.com

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს, კრისტიან ბორისმა მიიღო 45,000 კანადური დოლარის ღირებულების შეკვეთები, რომლებიც ორი დღის შემდეგ 170,000 დოლარამდე გაიზარდა.

არადა, მისი თავდაპირველი მიზანი 500 კანადური დოლარის შეგროვება იყო Help Us Help-ისთვის – კანადური საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, რომელიც მუშაობს უკრაინაში, რათა დაეხმაროს დაღუპული ჯარისკაცებისა და ვეტერანების ოჯახებს, რომლებიც განიცდიან პოსტტრავმულ სტრესს. თუმცა ახლა ის გეგმავს, რომ „წმინდა ჯაველინის“ კამპანია გახდეს სრულგანაკვეთიანი სამუშაო და იმედოვნებს, რომ დაიქირავებს მუდმივ პერსონალს, რათა შეძლოს, დაეხმაროს უკრაინას მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შემდეგაც.

კრისტიან ბორისის ვებგვერდი – saintjavelin.com ახლა ყიდის მაისურებს, ჰუდებს, აქსესუარებს, დროშებსა და სტიკერებს „წმინდა ჯაველინისა“ და ზელენსკის გამოსახულებებითა  და უკრაინის მხარდამჭერი წარწერებით. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო პროექტებს უკრაინაში.

25 000 ლარი და 4 წელი დავხარჯე – აბიტურიენტი რომ ვიყო, უნივერსიტეტში არ ჩავაბარებდი

გოჩა ხმალაძემ საჯარო მართვისა და პოლიტიკის სპეციალობა ბათუმში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ისწავლა. მან ბაკალავრი 2018 წელს დაამთავრა. ამბობს, რომ სტუდენტობის წლებში თავს თურქეთში, სეზონური სამუშაოებით ირჩენდა და მხოლოდ სწავლის საფასურში 20 000 – 25 000 ლარი აქვს დახარჯული.

გოჩა ახლა 31 წლისაა და იხსენებს, რომ სტუდენტობის წლებში ქირით ცხოვრობდა და ცდილობდა, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად  ემუშავა კიდეც. ერთხელ დაცვაშიც დაიწყო მუშაობა, მაგრამ იმის გამო, რომ ხანდახან უნივერსიტეტის გაცდენა უწევდა, სამსახურს თავი დაანება. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი განათლების მიღება იყო და არ უნდოდა, ლექციები გაეცდინა.

გოჩა ამბობს, ახლა რომ  აბიტურიენტი იყოს, არავითარ შემთხვევაში არ ჩააბარებდა უნივერსიტეტში.

„მიფიქრია, რომ ხარჯით, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლისთვის იღებ და ეს მხოლოდ ფინანსები არ არის, 4 წელი მნიშვნელოვანი დროა, შეიძლება რაიმე პროფესია შეისწავლო კოლეჯში და როცა დაასრულებ, ეს ფული, რასაც უნივერსიტეტში სწავლისთვის ხარჯავ, მოიხმარო რაიმე ბიზნესის წამოსაწყებად, საწარმოს გახსნისთვის, ნებისმიერ რამეში დააბანდო ფული და მეტწილად დასაქმებულიც იყო და განვითარდე. ვფიქრობ, ასე უფრო მეტი საშუალება გეძლევა ცხოვრებაში.

თურქეთში გადავდიოდი სამუშაოდ და ამით ვირჩენდი თავს, ვმუშაობდი ჩაისა და თხილზე. თურქეთში სამუშაოდ სისტემატურად გადავდიოდი – ვნახავდი თუ არა დროს, შაბათ-კვირასაც დავდიოდი.

ჩემი უნივერსიტეტის ფილიალი ბათუმში იმ წელს გაიხსნა, როცა მე ჩავაბარე. ჩემს კურსზე 18 სტუდენტი ვიყავით. ჩემი კურსიდან პროფესიით არავინ დასაქმებულა, ზოგი სად მუშაობს და ზოგი – სად. ზოგი მარკეტში მუშაობს, ზოგი უმუშევარია და ასე, 400-500 ლარზე მუშაობენ, თავი რომ ირჩინონ“, – ამბობს გოჩა.

გოჩას თქმით, თავის დროზე უნივერსიტეტში ჩაბარებაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა და ფაკულტეტიც თავად შეარჩია, ეს სპეციალობა პერსპექტიულად მიიჩნია დასაქმების თვალსაზრისით: „ვფიქრობდი, რომ უფრო პერსპექტიული პროფესია იყო, ვიდრე სხვა სპეციალობები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა.

როცა აბარებ უნივერსიტეტში, მოტივირებული ხარ სწავლაზე და ფიქრობ, რომ თუ კარგად ისწავლი, შედეგი გექნება. ცდილობ, იბრძვი და ბოლო კურსებზე ხვდები, რომ საბოლოოდ დიდი იმედგაცრუება გელოდება… მაინც არ იშლი შენსას და მაინც სწავლობ, ასრულებ სწავლას“, – ამბობს გოჩა.

გოჩას თქმით, საკუთარი პროფესიით დასაქმება არაერთხელ სცადა, მაგრამ უშედეგოდ: 

„ვიღაც უნდა გყავდეს ან გამოცდილება გქონდეს 2-3 წელი, მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლა არ არის საკმარისი. თუ გამოცდილება არ გაქვს, ვერ იმუშავებ. თუ არ დაგასაქმებენ და სტაჟირება არ გაიარე, გამოცდილება საიდან გექნება, სტაჟირებაზე კი ძალიან ცუდი პირობებია, 300 ლარი თავის რჩენაში არ გეყოფა ადამიანს, ტრანსპორტის ღირებულება ისე გაიზარდა, ეს მხოლოდ მგზავრობის თანხაა“, – ამბობს გოჩა.

ახალგაზრდებს, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებენ, გოჩა ურჩევს, რომ კარგად დაფიქრდნენ და გადახედონ სტატისტიკას, თუ რამდენი კურსდამთავრებულია დასაქმებული. მისი თქმით, 4 თუ 6 წელი მნიშვნელოვანი დროა და ფუჭად არ უნდა გახარჯონ ახალგაზრდებმა, მაშინ, როცა შეუძლიათ ამ დროში საკუთარი საქმე წამოიწყონ.

„მე ვურჩევდი აბიტურიენტებს, რომელთაც უნივერსიტეტში ჩაბარება სურთ, რომ კარგად დაფიქრდნენ, შეისწავლონ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული თავისი პროფესიით, ვინც უნივერსიტეტი დაასრულა. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდნენ ახალგაზრდები, თუ რამდენად უღირთ დროის და ფულის დახარჯვა და უნივერსიტეტში ჩაბარება“, – ამბობს გოჩა.

მას შემდეგ, რაც თავისი პროფესიით ვერსად დასაქმდა, გოჩა ხმალაძე სოფლის მეურნეობას დაუბრუნდა. ის ამჟამად ახალქალაქში, სოფელ ოკამში ცხოვრობს. ამბობს, რომ თავს არ ზოგავს მუშაობაში, მაგრამ არც სოფლის მეურნეობა არ არის მომგებიანი და ბაზარზე პროდუქტი კარგად არ საღდება: „სოფლის მეურნეობიდან იმდენი შემოსავალი გაქვს მხოლოდ, რომ თავი ირჩინო. ძირითადად სოფელში კარტოფილს ვაწარმოებ და მესაქონლეობით ვარ დაკავებული“, – თქვა გოჩამ.

საომარი მდგომარეობა უკრაინაში 30 დღით გაგრძელდეს – ზელენსკიმ რადას მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის უმაღლეს რადაში კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ის ითხოვს გახანგრძლივდეს საომარი მდგომარეობა 26 მარტიდან 30 დღით.

უმაღლესმა რადამ მიიღო უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის 14 მარტის No133/2022 ბრძანებულება უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ.

საომარი მდგომარეობა უკრაინაში 24 თებერვალს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს, დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა და სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, სამშობიარო სახლი, სახოვრებელი კორპუსები.

ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.

Exit mobile version