კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ქალაქი შენი ფანჯრიდან

28.05.2017 •
ქალაქი შენი ფანჯრიდან

სახლი ზღვის ხედით – ამ მომხიბვლელი შეთავაზების გამო ბათუმში კონკრეტულმა მოქალაქეებმა ბინის შესაძენად გაცილებით ძვირი გადაიხადეს. ბინის შეძენიდან მალე მათი სახლების წინ მენაშენეებმა ახალი სამშენებლო პროექტი წამოიწყეს, იმავე შეთავაზებით – სახლი ზღვის ხედით.

ძველ მობინადრეებს ზღვის ხედის ნაცვლად ახლა ყრუ კედლის ან მოპირდაპირე სახლის ფანჯრებში მეზობლების ცქერა უწევთ. ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც ბათუმის ცენტრში, ახალაშენებულ, მრავალბინიან სახლებში მცხოვრებთ აწუხებთ. იმის გამო, რომ ახალი კორპუსების უმრავლესობას არ აქვს ეზო და ადგილი პარკინგისთვის, ქუჩები ავტოსადგომად იქცა.

ქალაქის ცენტრში, ზოგიერთ ადგილას – ტროტუარებზე ან კაფეებია, ან მანქანები დგას. ამ ყველაფერმა ქალაქში დაძაბული გარემო შექმნა. კონფლიქტის საგანია მანქანის გასაჩერებელი ადგილები, ტროტუარი – სადაც მოქალაქეს თავისუფლად, შშმ პირს კი ეტლით გადაადგილების საშუალება არ აქვს, სახლსა და სახლს შორის ვიწრო ეზო, რომელსაც მეზობლები ვერ იყოფენ… ამ ფონზე მშენებლობებზე ნებართვების გაცემა იმავე ტემპითა და მასშტაბებით, ქალაქის განაშენიანების გეგმის გარეშე გრძელდება.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]როცა მეზობელი ფანჯრიდან გხედავს[/highlight]

ბათუმში, ფიროსმანის #1ა-ში, ორსართულიანი სახლის ეზოში, სადარბაზოს შესასვლელთან მანქანის ძველი საბურავებია დალაგებული. ამ საბურავებით ერთ-ერთი ბინის მესაკუთრეს თავისი მანქანისთვის გასაჩერებელი ადგილი აქვს „დაჯავშნილი“. ადგილი მანქანისთვის მეზობლებს შორის დავის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ფიროსმანის პირველში კომპანია „ანაგმა“ შპს „დუკა 2006“-ის დაკვეთით 17-სართულიანი სახლი ააშენა. შენობებს საერთო, ვიწრო ეზო ყოფს.

როგორც ფიროსმანის #1ა-ში ყვებიან, მაღლივი კორპუსის მშენებლობას მათი სახლის ეზოში თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა შემდეგ კომპანიასთან ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს. „დუკა 2006“-ის წარმომადგენლები მათ შეჰპირდნენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალ კორპუსში ბინებს შესთავაზებდნენ, მათი სახლის ათვისების ხარჯზე კი კომპანია კიდევ ერთ ახალ კორპუსს ააშენებდა. ფიროსმანის #1-ში მაღლივ სართულებზე კომპანიამ ბინები გაყიდა ზღვის ხედით, შესაბამისად, მაღალ ფასად. კომპანიის წარმომადგენლები პოტენციურ მყიდველებს არწმუნებდნენ, რომ სახლის წინ მაღლივი კორპუსი არ აშენდებოდა.

ახლა 17-სართულიანი და ორსართულიანი სახლის ბინადრები – ორივე მხარე მიიჩნევს, რომ ეზო მათ ეკუთვნის. მაღლივი კორპუსის ბინადრები მოითხოვენ, რომ ორსართულიანი შენობა მერიამ დაანგრიოს და მის ნაცვლად სკვერი გააკეთოს. ეზოს განაწილების საკითხი ახალი და ძველი სახლების მცხოვრებთ შორის დაპირისპირებაშიც არაერთხელ გადაზრდილა – აქ ორჯერ გამოუძახებიათ საპატრულო პოლიცია.
ფიროსმანის #1ა-ში მცხოვრები ნატო კახიძე სახლის განიავების პრობლემაზე წუხს და იმაზეც, რომ ფარდის გადაწევის შემთხვევაში ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრებლები მისი ოჯახის ცხოვრების უნებლიე დამკვირვებლები ხდებიან.

ამავე ეზოში კიდევ ორი ძველი სახლი დგას, სადაც თოთხმეტამდე ოჯახი ცხოვრობს. სახლის ერთი ნაწილი ჩამონგრეულია. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სახლის ნგრევა მას შემდეგ დაიწყო, როცა „დუკა 2006“-მა კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

ეს არ არის ერთადერთი სახლი, სადაც მოქალაქეებს დიდი ფულის დახარჯვის მიუხედავად არაკომფორტულ გარემოში უწევთ ცხოვრება. 24 წლის ლიზა ბერიძე ბათუმში, კობალაძისა და მწვანე ქუჩის კვეთაში, 22-სართულიან სახლში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მერვე სართულზე ცხოვრობს. ბინა მეუღლესთან ერთად შეიძინა და ინტერიერი ისე დაგეგმა, რომ ახალი ბინა შვილების ზრდასრულობამდე არ დასჭირვებოდათ. ლიზა ახლა უკვე ადგილის შეცვლაზე ფიქრობს, თუმცა იცის, რომ თავის ბინას იმავე ფასად ვეღარ გაყიდის, რაც მისი შეძენა-გარემონტებაზე დაეხარჯა. მიზეზი კორპუსის წინ აშენებული ახალი, 22-სართულიანი სახლი და კორპუსის უკანა მხარეს დაგეგმილი კიდევ ერთი სამშენებლო პროექტია. „მზის სხივი აღარ შემოდის, უკანა მხარეს, სადაც ორსართულიანი სახლი დგას, კიდევ ერთი მაღლივი კორპუსი უნდა აშენდეს, მესაკუთრეები ინვესტორს უკვე მოელაპარაკნენ. ასე თუ მოხდება, ამ ბინაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება,“ – ამბობს ლიზა.

კიდევ ერთ მისამართზე – ანგისის #4-ში, წრიულთან, ოცდაორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შპს „დუპლექსმა“ 2009 წელს დაასრულა. მესაკუთრეებმა ჩაიბარეს ბინები ორმხრივი აივნებით. სახლის ექსპლუატაციაში შესვლიდან მალევე მოპირდაპირედ კიდევ ერთი, 22-სართულიანი საცხოვრებელი სხვა კომპანიამ ააშენა. ამ კორპუსს არა აქვს ადგილი პარკინგისთვის, ეზო და გამწვანება. სახლის გვერდით იმავე მასშტაბის ბინა ააშენა შპს „ლამინი ჯგუფმაც“. შესაბამისად, ანგისის #4-ში მდებარე სახლს ხედის გარდა, ჟანგბადის განაწილებისა და განათების თვალსაზრისითაც შეექმნა პრობლემა.

22-სართულიანი (200 ბინა) სახლის მშენებლობა „ლამინი ჯგუფმა“ 2014 წელს დაიწყო. მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. კომპანიაში ამბობენ, რომ სახლის ნულოვანი ნიშნული (სარდაფი) პარკინგისთვის აქვთ გათვალისწინებული. სარდაფში ახლა წყალი დგას და ამის გამო პირველ სართულზე ცუდი სუნია. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს „მოგვარებადია“. ამ სამ სახლში, მთლიანობაში, 600-მდე ბინაა, მანქანების მინიმალური გასაჩერებელი ადგილებით. „ლამინი ჯგუფი“ პარკინგისთვის გათვალისწინებულ ერთ ადგილს 7 000 დოლარად ყიდის.

იგივე მდგომარეობაა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც „მარდი ჰოლდინგმა“ კორპუსის ასაშენებლად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თერთმეტი ბარაკი აითვისა, კომპანიას ნებართვა 12-სართულის მშენებლობაზე ჰქონდა, ააშენა – 15. სახლი ქუჩაზე გამოდის და პირველ სართულზე კომერციული ფართობებია გათვალისწინებული. ამ შენობას მხოლოდ 30 ადგილი ექნება პარკინგისთვის და ისიც ფასიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ პარკინგის პრობლემა ამ სახლში მცხოვრებლებსაც შეექმნებათ.

ანალოგიური ვითარებაა ბათუმში, ჭავჭავაძის #2-ში, სადაც ხუთსართულიან სახლს გამწვანებული შიდა ეზო ჰქონდა. ამ სახლის წინ კიდევ ერთი, ხუთსართულიანი, ე.წ. „ხრუშოვკა“ იდგა, რომელიც მშენებელმა დაანგრია – „ხრუშოვკისა“ და სკვერის ადგილზე ახლა მრავალბინიანი სახლი შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, აივანზე გასული ხუთსართულიანი სახლის მცხოვრებლები სკვერის ნაცვლად ყრუ კედელს დაინახავენ. მშენებლობას მოსახლეობა აქციებით აპროტესტებდა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ.

ზემოთ ჩამოთვლილი მისამართები არ არის გამონაკლისი – ეს ბათუმში ახალაშენებული კორპუსების საერთო მახასიათებელია. სახლები მზის სხივის, ეზოს, გამწვანებისა და პარკინგის გარეშე ბათუმში ამ დრომდე მხოლოდ არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ექსპერტების კრიტიკას იმსახურებდა. ცოტა ხნის წინ ამაზე აჭარის მთავრობის კომისიაც ალაპარაკდა.

ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სამთავრობო პოზიცია[/highlight]

ქალაქმშენებლობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მოსაზრებები განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტთან, იგივე K2-თან დაკავშირებით, რომელიც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებებს დაემთხვა. ისინი ბათუმში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წლებია აფრთხილებენ, რომ მსგავსი ტიპის განაშენიანება ქალაქს პრობლემებს შეუქმნის. მათი აზრი დღემდე არავის გაუთვალისწინებია.

სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ მანუჩარ მახათაძემ, რომელიც აჭარის მთავრობაში მოწვეულ სპეციალისტად მუშაობს, ბათუმში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე სამშენებლო პროექტები შეაფასა, როგორც „ურბანული კატასტროფა“. კომისიაში მიიჩნევენ, რომ ქალაქმშენებლობის არასწორმა პოლიტიკამ, სტანდარტების დარღვევამ და K2-ის ნებართვებმა ქალაქს ჟანგბადისა და მზის სხივის გავრცელების პრობლემა შეუქმნა.

„თქვენ იცით, რაც მივიღეთ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქალაქში მზის სხივის გავრცელების თვალსაზრისით. ეს კასკადური შენობა-ნაგებობები არ არის ქალაქის ცენტრის არქიტექტურა და მითუმეტეს, ბათუმის არქიტექტურას არ წარმოადგენს“, – განაცხადა მანუჩარ მახათაძემ.

მშენებლობებზე ნებართვის გაცემა და ქალაქის განაშენიანების კონტროლი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მშენებლობის ნებართვაზე ხელს არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი აწერს, მანამდე ამას მისი წინამორბედი ჯემალ ანანიძე აკეთებდა. კოდექსი მცირე დროით ამ კომპეტენციას საკრებულოს თავმჯდომარესაც ანიჭებდა. მაშინ საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი იყო. ამ დროს ქალაქის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე გია რამიშვილი მუშაობდა, მერიის არქიტექტურის სამსახურს კი პროფესიით იურისტი ირაკლი სურმანიძე ხელმძღვანელობდა. ის ახლა სამშენებლო კომპანია „დარბილდინგს“ უწევს იურიდიულ მომსახურებას და ქალაქმშენებლობის საკითხებთან მიმართებაში მის წილ პასუხისმგებლობაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

რა არგუმენტები აქვს ბათუმის არჩეულ მერს ახლა, როცა არასამთავრობო სექტორის გარდა ქალაქმშენებლობის პოლიტიკას ბათუმში უკვე სამთავრობო კომისიაც აკრიტიკებს? – მერს ამ თემაზე საუბარი არ სურს. რამდენიმედღიანი მოლაპარაკების მიუხედავად, ის ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა. ბათუმის მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავება გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი მთავარი წინაასარჩევნო მესიჯი იყო. გიორგი ერმაკოვი ამ თანამდებობაზე შემოდგომამდე, ანუ თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩება.

გიორგი ერმაკოვთან ერთად ბათუმში სამშენებლო საკითხებზე პასუხისმგებლობას იღებს მერიის არქიტექტურის სამსახური. ეს სამსახური ითანხმებს პროექტს, ხოლო შემდეგ მერს დოკუმენტაციას ხელმოსაწერად უმზადებს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იღებს ყველა იმ პროექტის კანონთან შესაბამისობაზე, რომელიც ბოლო ორწლინახევრის განმავლობაში გაცემული ნებართვების საფუძველზე აშენდა, ან შენდება, დანარჩენი კი გემოვნების საკითხია:

„პროექტი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს, ნორმები დადგენილია ზონების მიხედვით, რომლებსაც ვერ გადააჭარბებ, გარედან შენობის დათვალიერებით ჩვენ ვერ შევაფასებთ შიდა ეზოში რა ხდება და როგორ არის საზოგადოებრივ სივრცესთან შემხებლობა. სხვა დანარჩენი კი გემოვნების საკითხია, რაზეც ჩვენ ხშირად გვაქვს ჯანსაღი კამათი“.

მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას ბათუმის მერია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 57-ე დადგენილებით (მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები), 2014 წლის ტექნიკური რეგლამენტით (დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების რეგულირების წესების შესახებ) და ბათუმის საკრებულოს მიერ 2012 წლის 10 სექტემბრის 50-ე დადგენილებით ხელმძღვანელობს. სპეციალისტების შეფასებით, ჩამოთვლილ დოკუმენტებში მინიმალურია მოთხოვნები იმ სტანდარტების დაცვაზე, რომლებიც საზოგადოებრივი სივრცეების (ეზო, გამწვანება, პარკინგი) გათვალისწინებას უზრუნველყოფდა.

„დანარჩენზე კი პირიქით – მაქსიმუმის უფლებას აძლევენ, მაგალითად, რა ტერიტორია შეიძლება დაიკავოს მშენებელმა, სართულების ჯამური ფართობი რამდენი უნდა იყოს მიწის ნაკვეთთან შედარებით… თუ არ არის ის, რაც შეითანხმა არქიტექტურის სამსახურმა, მაშინ მშენებლობის ან აზომვითი ნახაზის პრობლემაა: შეიძლება თავიდანვე ტყუილი იდო ტოპოგეგმაში და არ იყო იმხელა ადგილი, რაც ნახაზში იყო ნაჩვენები. შენობები ვნახე, რომელსაც ე.წ. გიფსოკარდონის გარე კედელი აქვს, თბოიზოლაციას თავი რომ დავანებოთ, სურათი მაინც ხომ უნდა ჩამოკიდო სახლში კედელზე. დაინტერესდით, როგორ ადგენენ ამ ბინების ფასებს. ჩვენთან მუშაობს მხოლოდ უბანი და მეტი არაფერი, არც უსაფრთხოება… რასაც აშენებენ და ყიდიან, ბინები არ არის, ეს არის თავშესაფარი პრაქტიკულად, ღია ცის ქვეშ რომ არ დარჩეს ადამიანი. პრესტიჟული ბინებიო და ასე შემდეგ გაყიდვის დროს ათას სისულელეს იძახიან, მივეჩვიეთ ჩვენც. მაგალითად, ძველ ბათუმში ერთ ეზოში ცხოვრობს ორი-სამი ოჯახი და ამას ვერ აფასებს, ერთი სული აქვს, რომ მივიდეს ინვესტორი და ააშენოს იქ 12-სართულიანი სახლი, რის შემდეგაც მიიღებს საკანს და ის გონია ამასთან შედარებით უკეთესი. რეგულაციები ყოველთვის მოქმედებდა, გარდა ერთი პერიოდისა: 2012 წლის 14 სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე არსებობდა ე.წ. „ბეზპრედელი.“ ამ პერიოდში არც ზონირება არსებობდა“, – ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი.

K3 – სამშენებლო რეგულაციებში გამწვანების კოეფიციენტს ადგენს. საქართველოს კანონმდებლობით და ბათუმის საკრებულოს 50-ე დადგენილებით, K3-ზე მოთხოვნა ყველა ზონისთვის მინიმალურია. უკვე განხორციელებული პროექტები ცხადყოფს, რომ ახალ კორპუსებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ადგილი ეზოსა და პარკინგისთვის.

ხიმშიაშვილის ქუჩა. სკვერის ადგილას მრავალბინიანი სახლის მშენებლობა იგეგმება

ხიმშიაშვილის ქუჩა. სკვერის ადგილას მრავალბინიანი სახლის მშენებლობა იგეგმება

ფიროსმანის პირველი და პირველი ა. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ფიროსმანის პირველი და პირველი ა. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ცაგო კახაბერიძის ფოტო.

ცაგო კახაბერიძის ფოტო.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]შუამდგომლობა K2-ზე[/highlight]

ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად, რის გამოც ბათუმი „კასკადური შენობების ქალაქად“ გადაიქცა, აჭარის მთავრობის კომისიამ სამშენებლო პროექტებზე K2 კოეფიციენტის მატება დაასახელა. K2-ის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ფინანსთა მინისტრს აქვთ. ყოფილ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, დავით ბალაძეს ეს შესაძლებლობა ორჯერ გამოუყენებია, აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, არჩილ ხაბაძეს კი მერიასთან შუამდგომლობის თხოვნაზე კომპანიებისგან 300-მდე განცხადება მიუღია. ხაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ სტატისტიკას კარგად დავაკვირდებით, „ქალაქის დაუშნოების საქმეში“ მისი წილი მკვეთრად შემცირდება:

„…ეს ყველაფერი კარგად არის დასათვლელი. თუ არ ვცდები, შუამდგომლობის გაწევის თხოვნით სამასამდე განცხადება შემოვიდა ჩემს პერიოდში, აქედან 50 პროცენტს ვუშუამდგომლე, მათგან გარკვეული ნაწილი იყო არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამის ფარგლებში. ჩემი შუამდგომლობებიდან მერიამ, ალბათ, ოთხმოცამდე პროექტზე გასცა K2-ის გაზრდის ნებათვა. ამ ოთხმოციდან კი დიდი ნაწილი იყო სასტუმროებისა და ბიზნესსექტორისთვის. ეს იყო „ორბის“ მიმართულება, „ალიანსის“ პროექტი… საინტერესოა, გაცემული შუამდგომლობებიდან რამდენი პროექტი განხორციელდა – მხედველობაში მაქვს ის მომენტები, როცა მერიამ არ გაიზიარა ჩემი შუამდგომლობა, ან ის არ მოიწონა ძეგლთა დაცვის სააგენტომ. ჯამში, იმ ნებართვებიდან, რომლებიც მერიამ ბოლო წლებში გასცა, 50 თუ იქნებოდა ჩემი რეკომენდაციით. ეს თუ ქალაქს აუშნოებს, არ ვიცი. არ უარვყოფ, შეიძლება ერთეულები იყოს კიდეც, მაგრამ მასიური ხასიათი ამას ვერ ექნებოდა“.

აჭარის მოქმედ მთავრობასთან დაკავშირებული პირებისგან კრიტიკა ქალაქმშენებლობის საკითხებზე, ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრ არჩილ ხაბაძეს უჩენს განცდას, რომ „ადგილი აქვს გადაბრალების პოლიტიკას“. „არ ვიცი, ახლა გადაბრალება რამდენად სწორია. გადაბრალებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი… არქიტექტორები თავისებური ხალხია. სანამ ქალაქის სივრცითი მოწყობის გეგმა არ დაიდება, მანამდე ეს გემოვნების თემა ყოველთვის იქნება“, – აცხადებს არჩილ ხაბაძე.

მან მიანიშნა იმაზეც, რომ არქიტექტორი დავით ზოიძე, რომელიც მისი მრჩეველი იყო, ახლა მთავრობის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მრჩეველია. ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებდა, რომ დავით ზოიძეს ექნებოდა არგუმენტები არჩილ ხაბაძის მიერ გაცემულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კომისიის ახალი თავმჯდომარის მოსაზრებას – K2-ებმა ქალაქი საგანგაშო მდგომარეობამდე მიიყვანა – დავით ზოიძეც ეთანხმება, არჩილ ხაბაძემ ივარაუდა, რომ დავით ზოიძეს გემოვნება შეეცვალა.

აჭარის მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, K2 კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობის თხოვნით ასამდე მშენებელმა მიმართა. ამ დრომდე კი მან მერიასთან მხოლოდ სამ კომპანიას უშუამდგომლა. ის მიიჩნევს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხი „პერსონების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“ და მას მხოლოდ კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს. ამიტომაც მთავრობის თავმჯდომარე დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს მერიამ ბათუმის გენგეგმის მომზადება.

ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 5

ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 5

IMG_9239 IMG_9058

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„რასაც მინდა, იმას გავაკეთებ“[/highlight]

სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა მინიმალურია მაშინ, როცა კანონმდებლობა მშენებლობაზე ნებართვის გამცემს მკაცრ მოთხოვნებს არ უყენებს. თავად მშენებლები არ აღიარებენ იმ პრობლემებს, რომლებიც მათ მიერ აშენებულ სახლებში მცხოვრებლებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. ისინი მიიჩნევენ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ: აშენებენ, ასაქმებენ ადამიანებს და ბიუჯეტს მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ავსებენ – ეს მათი არგუმენტია ოპონენტების წინააღმდეგ.

სამმა კომპანიამ – DS Group-მა, რომელმაც ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ მშენებლობის დასაწყებად სკვერი გაჩეხა, „ლამინი ჯგუფმა“, რომელმაც მწვანე ქუჩისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში 22-სართულიანი სახლის წინ კიდევ ერთი 22- სართულიანი სახლი ააშენა და „აჭარა დეველოპმენტმა“, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე კიდევ ერთ მაღალ კორპუსს აშენებს, „ბათუმელები“ ერთსა და იმავე პირთან გადაამისამართა. ამირან ცეცხლაძე სამივე კომპანიის იურისტია. ჟურნალისტებთან ურთიერთობაც მას ევალება.

იურისტი არ უარყოფს, რომ ბათუმში განაშენიანების თვალსაზრისით „არის გარკვეული ხარვეზები“, თუმცა მისი მოსაზრებით, ამას ამართლებს ის, რომ ინვესტორები უსახური ბარაკების ათვისებით დაინტერესდნენ:

„სხვანაირად იქ ინვესტორი არ შევა, რადგან მოქალაქეების მხრიდან გასაცემ ფართობებზე მოთხოვნა დიდია. არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაშია. ხარვეზები არის, ამიტომ ჩვენ ვემხრობით რეგულაციების ამოქმედებას, თუ პროექტი ბარაკების ათვისებას არ ეხება. ბათუმის განაშენიანების კუთხით ბევრია საკამათო. ერთი მხრივ, კარგი და მისაღებია, მეორე მხრივ, ცუდია. კარგია ის, რომ სამეზობლო საზღვარზე ღიობის გამოჭრა არ შეიძლება. ეს ნიშნავს საზღვარზე ფანჯარა არ გამოიჭრას. რაც შეეხება დღის შუქის დაბლოკვას, ეს შენობის სიმაღლეზეა უკვე დამოკიდებული. არავის სიამოვნებს მეზობლად მაღალი ნაგებობა, მაგრამ როდესაც ინვესტორი ბარაკებს ითვისებს, ცხადია, ეს სხვა რაღაცის ხარჯზე კეთდება“.

მშენებლობის რეგულაციებსა და სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობაზე საუბრისას ბიზნესმენი გოჩა ირემაძე მიიჩნევს, რომ მშენებლობა შეზღუდვების გარეშე მისი უფლებაა, რომელიც უნდა გაგრძელდეს იმ სახით, რა სახითაც ახლა მიმდინარეობს ბათუმში და ამას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს. მისი აზრით, „სწორედ ეს არის კაპიტალიზმი, დემოკრატია და განვითარება“.
გოჩა ირემაძის კომპანია „ბათმშენი 2007“ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ცხრასართულიან კომპლექსს და ყაზბეგის ქუჩაზე რვასართულიან სახლს აშენებს. კომპანიამ უკვე ააშენა სახლი გორგილაძის #9-ში. ამ პროექტებიდან პარკინგისთვის ადგილი მხოლოდ გორგილაძის #9-ში მდებარე სახლს აქვს, ისიც – არასაკმარისად.

გოჩა ირემაძეს, როგორც მშენებლების უმეტესობას, საცხოვრებელი კორპუსის აშენება ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვასთან ახლოს სურს: „ჯერ ცენტრში ბევრია ასაშენებელი, რატომ გადმოვიდო მწვადი იქითა მაგიდიდან, როცა აქაც მაქვს? – დასრულდება ცენტრში მშენებლობები, ფასი გაძვირდება და შემდეგ გარეუბნებშიც გავლენ მშენებლები, იქაც ააშენებენ. საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ის კულტურა, რომ მშენებელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი არ უჩხიკინონ, მშენებელია, ფული აქვსო და აწერონ – ქვა გადმოვარდა გიჩივლებო და ფული ახდევინონ. კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ყველამ შეუწყოს ხელი ქალაქის მშენებლობას. გაიხედავ, ვიღაც გამოვარდება, ეს ის ბათუმი აღარ არის, მე-19 საუკუნეში რომ იყოო. მაშინ მეც ვიტყვი, მე-19 საუკუნეში რომ ბაბუაჩემმა სახლი ააშენა, ის იყო ყველაზე მაგარი სახლი. რა ვქნათ, აღარ ავაშენოთ ორმოცსართულიანები?“

გოჩა ირემაძე მიიჩნევს, რომ სამშენებლო სტანდარტების დაწესება თავისუფლების შეზღუდვა იქნება, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს შეუშლის: „მე სადაც მინდა, იქ უნდა ვაშენო. ეს არის კერძო ტერიტორია. კაპიტალიზმი ეს არის, რომ კერძო საკუთრება იყოს დაცული. მე ვარ კერძო მესაკუთრე, თქვენ არ გაქვთ უფლება, მოხვიდეთ და ჩაერიოთ. კერძო საკუთრების შიგნით მე რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. რეგულაციები? – რეგულაციები, რომ არსებობდეს, მაგას უნდა გლობალური კუთხით მიდგომა და არა ჩაკეტილი, სოფლური კუთხით. მასეთ დროს გაიხედოს უნდა სოფლის გარეთ, ქალაქის გარეთ, სახელმწიფოს გარეთ და შეხედოს როგორი პარკინგებია, როგორაა სახლები სახლებზე მიდგმული. თუნდაც, მაგალითად, ვენეცია. ფეხით ვერ გაივლი ქუჩებში ისეთია, მაგრამ დღეს საუკეთესო ევროპული ქალაქია. გაიხედონ ზოგიერთებმა, ვისაც პრეტენზია აქვს. პარკინგი არაა, მანქანას ვერ გააჩერებო, იცით სხვა ქალაქში როგორი პარკინგებია? – ჩაის ელევატორი რომ ტრიალებდა, ისეთი ელევატორები არსებობს. ქალაქის განვითარებამ უნდა მოიტანოს ეს, დამუხრუჭებით ქალაქი ვერ წავა წინ“.

ბათუმი, გორგასლის ქუჩა

ბათუმი, გორგასლის ქუჩა

IMG_9028 IMG_8816

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„დაკანონებული უკანონობა“ და ეჭვი კორუფციაზე[/highlight]

მიუხედავად პრობლემებისა, ბათუმის განაშენიანება ურბანული პოლიტიკისა და გენგეგმის გარეშე გრძელდება – შენობები სიმაღლეში იზრდება, სახლებს შორის სივრცე კი – ვიწროვდება.

ქალაქში რეგულაციების დადგენაზე ან მათ გამკაცრებაზე გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს შეუძლია, ინიცირების უფლება აქვს მერს, კანონმდელობა ამას არც მის სამსახურს უკრძალავს. ეს თვითმმართველობის კოდექსით გარანტირებული უფლებაა. თუმცა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინიციატივას, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც K2-ზე მომუშავე სამთავრობო კომისიის კრიტიკულ გამოსვლას მოჰყვა, ამ დრომდე ეს არავის გაუკეთებია. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ქალაქმშენებლობის კუთხით პოლიტიკის გამკაცრებისთვის „პოლიტიკური ნება არ არსებობს“. ასეთი ნება არ აქვს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, როცა გადაწყვეტილების მიღება შეეძლო.

ამიტომაც ამბობენ, რომ პირობითია ცნება, თითქოს ქალაქის ინფრასტრუქტურა „ეკონომიკის გაძლიერების“ სურვილს ეწირება. ეჭვებს კი, რომ ეს ორმხრივი ინტერესია, ორმხრივი ბონუსის შესაძლებლობით, მყარი არგუმენტები აქვს. ურთიერთსიმპათია უფრო თვალსაჩინო არჩევნების დროსაა, როცა სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა მმართველ პარტიას მსხვილ თანხას სწირავს.

იგივე განცდა აქვს არქიტექტორ ზურაბ ბაქრაძესაც: „ეს სურათი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ტიპურია საქართველოში. კანონიერი უკანონობაა გამეფებული ამ სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქმშენებლობის პოლიტიკა საერთოდ არ აქვს ქვეყანას შემუშავებული, თუმცა პოლიტიკის არქონაც ერთგვარი პოლიტიკაა. მიწის ნაკვეთის მფლობელი და ინვესტორი უთანხმდებიან პირობებზე ერთმანეთს, თავისი მადის შესაფერისად და მერე ამ შედეგების კანონიერ უზრუნველყოფას სთხოვენ ქალაქის მმართველობას. ქალაქის მმართველობამ, ისევე როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მოიშორა პასუხისმგებლობა, იყოს საზოგადოების წარმომადგენელი და არეგულირებდეს მშენებლობას საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მშენებლობის შედეგებზე პასუხისმგებლობა მან კერძო პირებს გადააბარა. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვხედავთ ყველა ქალაქში ერთსა და იმავე მდგომარეობას. ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობს საზოგადოების ინტერესის გამომხატველი მმართველობები. ისინი კერძო სექტორის მოთხოვნების საფუძველზე მუშაობენ და შეიძლება არალეგალურადაც. ჩნდება ნიშნები, რომ კორუფციამ ისევ მოიკიდა ფეხი ამ სამსახურებში“.

ზურაბ ბაქრაძის აზრით, კორუფციაზე ეჭვები საზოგადოებაში ხშირად ჩნდება, როცა საკითხი სამშენებლო ბიზნესსა და ხელისუფლებას ეხება, თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ეჭვებია: „როდესაც ვხედავ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სარეკრეაციო ზონაში მიწის ნაკვეთს სტატუსი შეუცვალა, შემდეგ კი ეს ერთი დიდი ნაკვეთი სამ სხვადასხვა ნაწილად გაყო და სამშენებლოდ მოამზადა, მიჩნდება ეჭვი, რომ ეს გააკეთა შეგნებულად, კონკრეტული პირებისთვის. ასევე იყო სარეკრეაციო ზონის პრივატიზების დროს, თაბორის ქედზე, სოლოლაკის ქედის უკან, როდესაც ივანიშვილის კომპანიამ ხელში ჩაიგდო ძალიან დიდი ტერიტორია, შემდეგ გაუცვალა რაღაც ტერიტორია ბოტანიკურ ბაღს და იქ უზარმაზარ კომპლექსს აშენებს. დიდი ეჭვი შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა იყო. ამის დამტკიცება მე არ შემიძლია, თუმცა თითქმის ხელის გულზე დევს, რომ ეს ასეა“.

_________________________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ აპრილის ნომერში. 

ჟურნალის გამოწერის მსურველებმა მოგვწერეთ: batumipress@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: 422 27 99 12. მობ: 568 84 59 63

გადაბეჭდვის წესი


ასევე: