მთავარი,სიახლეები

რა შეუძლია საკონსტიტუციოს 4 დღეში „ლონდა თოლორაიას საქმეზე“ – იურისტის განმარტება

22.02.2022
რა შეუძლია საკონსტიტუციოს 4 დღეში „ლონდა თოლორაიას საქმეზე“ – იურისტის განმარტება

„საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავზე დამოკლეს მახვილი ჰკიდია, რომელიც ოთხი სამუშაო დღის დროითი ინტერვალით არის შემოსაზღვრული,“ – ამბობს საიას იურისტი, ვასილ ჟიჟიაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ლონდა თოლორაიას ინტერესებს იცავს.

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსია, თუმცა მისი სამსახური პირველი მარტიდან უქმდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ლონდა თოლორაიამ და ასევე სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს 25 იანვარს მიმართეს.

საიას იურისტი, ვასილ ჟიჟიაშვილი განმარტავს, რომ თუკი 4 დღეში საკონსტიტუციო სასამართლო ლონდა თოლორაიას შუამდგომლობას არ განიხილავს, რაც ეხება სადავო ნორმების შეჩერებას პირველ მარტამდე, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა და მისი დაკმაყოფილებაც აზრს დაკარგავს.

„თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია შემდეგი 4 სამუშაო დღის განმავლობაში არ განიხილავს ლონდა თოლორაიას შუამდგომლობას, მისი უმოქმედობა გახდება მოსარჩელის უფლებების დარღვევის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა სწორედ იმითაა გამართლებული, რომ აღკვეთოს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და შეაკავოს ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილებები. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უარს იტყვის საკუთარი დანიშნულების შესრულებაზე და ხელს შეუწყობს ერთი ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებას, ის თავისი ხელით დაამსხვრევს საზოგადოებაში მის მიმართ არსებულ ნდობას, რომლის გამთელება ურთულეს, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა შეუძლებელ რეალობად იქცეს,“ – წერს ვასილ ჟიჟიაშვილი.

საიას იურისტი ყურადღებას ამახვილებს სამართლებრივ მოცემულობაზე, რომლის მიხედვითაც, თუკი სადავო ნორმას საკონსტიტუციო სასამართლო პირველ მარტამდე არ შეაჩერებს, პირველი მარტიდან მუშაობს დაიწყებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური – სარჩელი რომც დაკმაყოფილდეს, ლონდა თოლორაიას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელი გახდება.

„ამგვარად, გასაჩივრებული ნორმების შეუჩერებლობის შემთხვევაში მოსარჩელე განიცდის შეუქცევად ზიანს, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ გამოსწორდება. სხვა სიტყვებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რაც 2022 წლის 1-ელი მარტის შემდეგ ლონდა თოლორაიას მისცემს ადრინდელ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას,“ – აღნიშნავს საიას იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი.

უფლებადამცველების შეფასებით, ლონდა თოლორაია კრიტიკული გადაწყვეტილებების გამო დასაჯეს, მათ შორის, ბოლო გადაწყვეტილება ეს იყო – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 000 ლარით დააჯარიმა.

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: