მთავარი,სიახლეები

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

18.06.2019 • 7051
რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

საქართველოში 208 იურიდიული პირია რეგისტრირებული, რომელთა პარტნიორებიც [დამფუძნებელი ან მეწილე] რუსული კომპანიები არიან. ისინი საქართველოში საქმიანობენ, როგორც უცხო ქვეყნის [ამ შემთხვევაში რუსეთის] საწარმოთა ფილიალები, წარმომადგენლობები ან უბრალოდ შპს-ები თუ სააქციო საზოგადოებები.

„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ 208 რუსული კომპანიიდან 70-მდე კომპანია, როგორც მიმწოდებელი, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაშია რეგისტრირებული. აქედან 31-მა ტენდერშიც კი [ზოგიერთმა რამდენიმე ტენდერში] გაიმარჯვა. შესაბამისად, ამ კომპანიებმა სახელმწიფო ორგანიზაციებისგან მიღებული დაკვეთის შედეგად გაწეულ მომსახურებაში ფული საქართველოს [როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი] ბიუჯეტიდან აიღეს.

2012 წლიდან დღემდე პერიოდში ამ კომპანიებთან სახელმწიფო უწყებებმა ხელშეკრულებები, ჯამში, 139 024 429 ლარზე გააფორმეს. ამ პერიოდში კი სხვადასხვა რუსული კომპანია [მათი ფილიალები] საქართველოში 231 ტენდერში გამოაცხადეს გამარჯვებულად. ამ კომპანიების ძირითადი სფერო საქართველოში მშენებლობაა.

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების პორტალი / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი-ს საქართველოს ფილიალი 2013 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა საქართველოში. ამ ფილიალის დამფუძნებელია შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალ [რუსეთის ფედერაცია]. ფილიალის დირექტორი რაინდი ქანთარიაა, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეა.

ამ კომპანიამ საქართველოში 2013-2017 წლებში 29 ტენდერი მოიგო, ძირითადად ის ტენდერები, რომლებიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერების საერთო სახელშეკრულებო თანხა 46 330 768 ლარია.

კლასიკ-სტროი, რომლის დირექტორი კახაბერ მამალაძეა, საქართველოში რუსულმა შპს კლასიკ-სტროიმ 2015 წლის ოქტომბერში დააფუძნა. ამ კომპანიამ საქართველოში 26 ტენდერი მოიგო, საერთო სახელშეკრულებო თანხამ კი ჯამში 18 491 402 ლარი შეადგინა.

კლასიკ-სტროის 2015 წლიდან მოგებული აქვს როგორც თბილისის მერიის, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერები. ერთ-ერთი ბოლო ტენდერი, სადაც ამ კომპანიამ გაიმარჯვა, იყო თბილისის მერიის მიერ 2019 წელს გამოცხადებული ტენდერი თბილისის 150-ე საბავშვო ბაგა-ბაღის გამაგრება/აღდგენის სამუშაოებზე.

შპს ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წლის მაისში დააფუძნა რუსულმა შპს ვლადნეფტპროდუქტმა. წარმომადგენლობის დირექტორია რევაზ რაზმაძე.

ამ კომპანიასაც საქართველოში 29 ტენდერი აქვს მოგებული – საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით 15 261 940.

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ტენდერი, რომელიც ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობამ მოიგო, შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ იყო გამოცხადებული. სოფლების: ფურტიო, ბუთურაული, ნენიის ახალი წყალსადენის სისტემის მშენებლობაზე ხელშეკრულება შუახევის მუნიციპალიტეტსა და ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობას შორის 4 916 999 ლარზე 2015 წლის დეკემბერში გაფორმდა.

პასაჟი-საქართველოს დამფუძნებელია რუსული შპს „პასაჟი“. პასაჟი-საქართველო თბილისში 2017 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული და მისი დირექტორია დავით მშვიდობაძე.

პასაჟი-საქართველოს ძირითადად გზების მშენებლობასა და საყრდენი კედლების მოწყობაზე გამოცხადებული 10 ტენდერი აქვს მოგებული 2017 წელს. საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ კი 7 415 379 ლარი შეადგინა.

ინვესტსტროირეგიონის წარმომადგენლობა საქართველოში რუსულმა შპს „ინვესტსტროირეგიონმა“ 2014 წელს დაარეგისტრირა. წარმომადგენლობის დირექტორი, რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლესია კვასოვაა.

ამ კომპანიას 2016 წელს გზების მშენებლობასა თუ კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული 8 ტენდერი აქვს მოგებული, საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით – 6 783 130 ლარი.

„ბათუმელებს“ არ გადაუმოწმებია ამ რუსული კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი, თუმცა მუშაობის პროცესში აღმოჩნდა ისეთი ფაქტები, როცა უცხო ქვეყნის ფილიალი საქართველოში ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, დამფუძნებელი კი ახალ კომპანიას [ანუ ახალ ფილიალს] აფუძნებს და ტენდერში ამ ფორმით მაინც მონაწილეობს.

მაგალითად, ბათუმში, ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო ტენდერის პირობებთან, კანონშეუსაბამოდ მიიჩნია სხვა პრეტენდენტმა და დავების საბჭოში იჩივლა.

„რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა – სააგენტოს ინფორმაციით, რუსული კომპანიის ფილიალმა 167-ათასლარიანი სამუშაო ვერ შეასრულა.

„რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ 2019 წლის თებერვალში მას შემდეგ დაარეგისტრირა რუსულმა შპს „რეკონსტრუქცია XXI“-მ, რაც ამ კომპანიის მეორე ფილიალმა – „შპს რეკონსტრუქცია XXI“-ს ფილიალი/წარმომადგენლობა“-მ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და შავ სიაში მოხვდა.

შპს რეკონსტრუქცია XXI-ს ფილიალი/წარმომადგენლობას კი 12 ტენდერი აქვს მოგებული საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით – 2 157 856 ლარი.

სხვათა შორის, ამ კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება 24 800 ლარზე გაფორმებული აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2016 წლის ნოემბერში. ხელშეკრულების საგანი ქ. ბათუმში, ხულოს ქ. N10-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შიდა (ეზო და ვერანდა) სარემონტო სამუშაოები იყო.

გარდა იმ 208 კომპანიისა, რომელთა დამფუძნებლები [მთლიანად ან ნაწილობრივ] რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიები არიან, საქართველოში 5 088 ისეთი კომპანიაცაა დარეგისტრირებული, რომელთა ერთი პარტნიორი [მეწილე] მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ან ორმაგი [აქედან ერთი რუსეთის] მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირია.

ეს 5 088 კომპანია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობს თუ არა, „ბათუმელებს“ არ გადაუმოწმებია. თუმცა ჩვენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავიღეთ 75 კომპანია და აღმოჩნდა, რომ მათგან 15 დარეგისტრირებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, როგორც მიმწოდებელი. ამ 15-დან კი, სხვადასხვა ტენდერში 11 კომპანიაა გამარჯვებული.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და „გროსტინვესტ კაპიტალს“ შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან / [„გროსტინვესტ კაპიტალის“ დამფუძნებელი რუსული კომპანიაა].

წალენჯიხის მერიასა და „პასაჟი საქართველოს“ შორის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან / [„პასაჟი საქართველო“ რუსული კომპანიის ფილიალია]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გარდა საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების ფილიალებისა და იმ კომპანიებისა, რომელთა მინიმუმ ერთი პარტნიორი მაინც არის რუსეთის მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში უშუალოდ რუსული არარეზიდენტი კომპანიებიც მონაწილეობენ.

შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, არარეზიდენტ პირად ითვლება მხოლოდ ის კომპანია, რომელიც უცხოური საიდენტიფიკაციო კოდით არის რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

„ბათუმელებმა“ რუსული არარეზიდენტი კომპანიების სია შესყიდვების სააგენტოსგან ოფიციალურად წერილობით გამოითხოვა, თუმცა ასეთი სია, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ის დამუშავებული აქვს, ამ დრომდე არ მოგვაწოდეს. შესყიდვების გვერდზე კი, სადაც 39 959 მიმწოდებელია რეგისტრირებული, არარეზიდენტი რუსული კომპანიების გამოყოფა ფიზიკურად შეუძლებელია [შესაბამისი ელექტრონული ფუნქცია შესყიდვების პორტალს არ აქვს].

ამასთან, 2012 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 17 ივნისამდე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს, სხვადასხვა კატეგორიის შესყიდვაზე, 249 297 ტენდერი აქვთ გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის იმ არარეზიდენტი კომპანიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მიმწოდებლებად არიან დარეგისტრირებული და ტენდერებში მონაწილეობენ, 2013 წელთან შედარებით, 2018 წელს, თითქმის 15-ჯერ გაიზარდა. 2013 წლამდე პერიოდის ანალოგიური სტატისტიკა სააგენტოს ანგარიშებში არ არის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ წელს,  საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე მიმწოდებლად რეგისტრირებული იყო 163 რუსული არარეზიდენტი კომპანია.

რუსული კომპანიები, რომლებიც საქართველოს ტენდერებში მონაწილეობდნენ [წლების მიხედვით]

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო / ეკა ბერიძის ინფოგრაფიკა


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: