უზენაესმა სასამართლომ შესყიდვების სააგენტოს დაავალა, გასცეს რუსეთში დაფუძნებული იმ კომპანიის მონაცემები, რომლებიც საქართველოში ტენდერებს იგებენ. რუსული კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე „ბათუმელებს“ უარი სააგენტომ 2019 წელს უთხრა. სასამართლოში „ბათუმელების“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.
„მოგვაწოდეთ იმ კომპანიების ჩამონათვალი, სახელისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, რომლებმაც 2018 წელს, ასევე 2019 წლის 9 აგვისტომდე გაიმარჯვეს სახელმწიფო ტენდერებში. ასევე 2019 წლის სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშში აღნიშნული 163 არარეზიდენტი კომპანიის სია, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან რუსეთის ფედერაციაში“, – კონკრეტულად ამ ინფორმაციის მოწოდებას ითხოვდა „ბათუმელები“ შესყიდვების სააგენტოსგან, რაზედაც სააგენტომ უარი განაცხადა.
„ბათუმელები“ იძულებული გახდა ინფორმაციის მისაღებად სასამართლოსთვის მიემართა.
შესყიდვების სააგენტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის აპრილის თვეში დაავალა გაეცა „ბათუმელებისთვის“ მოთხოვნილი ინფორმაცია. სასამართლო გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ ჯერ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში.
უზენაესმა სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, შესყიდვების სააგენტოს სარჩელი დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა სასამართლოს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება.
შესაბამისად, შესყიდვების სააგენტო ვალდებულია, „ბათუმელებს“ აღნიშნული ინფორმაცია მოაწოდოს.
კიდევ ერთი დეტალი, 2019 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია სააგენტოსგან ვერ მივიღეთ, ადმინისტრაციული საჩივრით 2019 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრს მივმართეთ, რომელმაც საჩივარი რეაგირებისთვის ისევ შესყიდვების სააგენტოს დაუბრუნა.
შესყიდვების სააგენტოსგან კი, „ბათუმელებმა“ იგივე შინაარსის პასუხი მიიღო, რაც მანამდე, ანუ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
კანონით სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა, თუმცა, „ბათუმელებისთვის“ ჯერჯერობით უცნობია, მოაწვდის თუ არა შესყიდვების სააგენტო რუსეთში დაფუძნებული იმ კომპანიების მონაცემებს, რომლებიც საქართველოში იმარჯვებენ ტენდერებში.
ამ თემაზე:
რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ