მთავარი,სიახლეები

ზელენსკის უახლოესი გარემოცვა – ვინ არიან ისინი?

15.03.2022 • 6023
ზელენსკის უახლოესი გარემოცვა – ვინ არიან ისინი?

იცით თუ არა, ვინ არიან პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრები? მაგალითად, მიხაილო პოდოლიაკი, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ონლაინჩართვების დროს ხშირად ახსენებს ან თან ახლავს, ის წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა და ბელარუსიიდან გამოაძევეს. პოდოლიაკი ახლა ზელენსკის ძირითადად საინფორმაციო პოლიტიკის კუთხით აძლევს რჩევებს.

პოდოლიაკი არ არის ერთადერთი, ვინც ზელენსკის გარემოცვაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს კარგად იცნობს.

„ბათუმელებმა“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის ყველაზე აქტიური წევრების ბიოგრაფიებს გადახედა – რა გამოცდილებით მოვიდნენ ისინი პოლიტიკაში და უკრაინის ხელისუფლებაში ჩაიბარეს თანამდებობები მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა პრეზიდენტად ზელენსკი აირჩიეს.

24 თებერვლის  ანუ მას შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ყველამ გაიცნო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები აქვს დამთავრებული და საერთაშორისო სამართლის დოქტორია.

კულება 1981 წელს დაიბადა უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქ სუმში.

დმიტრო კულებას მამაც დიპლომატი ყოფილა – ივან კულება 2003-2004 წლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ უკრაინის ელჩი ეგვიპტეში, ჩეხეთში, ყაზახეთსა და სომხეთში.

დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ფოტო კულებას ფეისბუქგვერდიდან

კულება 2003 წლიდან მუშაობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან საჯარო სამსახური 2013 წელს დატოვა, უკრაინული მედიის ცნობით, „პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის კურსთან უთანხმოების გამო.“

კულება ევრომეიდნის აქტივისტი გახდა.

2014 წელს კულება საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. 2016 წლიდან იგი ევროსაბჭოში უკრაინის მუდმივმოქმედ წარმომადგენლად დანიშნეს. დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრია 2020 წლის 4 მარტიდან.

„უკრაინა ბრუნდება ცენტრალურ ევროპაში“  – ეს ერთ-ერთი ციტატაა კულებას განცხადებებიდან, რომელსაც დღეს „გუგლის“ საძიებო სისტემა აგდებს, როცა კულებას შესახებ ინფორმაციას ეძებ. აქვეა „ინდეპენდეტის“ სტატიაც, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე – 2021 წლის 13 სექტემბერსაა გამოქვეყნებული და სადაც კულება დასავლეთს ახსენებს, რომ მილიტარიზაცია სჭირდება ქვეყნის გადარჩენისთვის.

კულებამ 2019 წელს დაწერა წიგნი „ომი რეალობისთვის. როგორ მოვიგოთ ომი ყალბი ამბების და სიმართლის სამყაროში“. წიგნში კულება ძირითადად საინფორმაციო ომის შესახებ წერს.

დმიტრო კულებას ცოლი, ევგენია, კიევის საკრებულოს დეპუტატად 2020 წელს აირჩიეს პარტიიდან – „ხალხის მსახური“ [პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია]. ის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მუდმივი კომიტეტის მდივანია.

ზელენსკის გარემოცვის აქტიური წევრია ასევე ოლექსი არესტოვიჩი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ყოველდღიურად მართავს ბრიფინგს. ის ზელენსკის მრჩეველია და ბლოგერი პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე. ოლექსი არესტოვიჩი 1975 წელს დაბადებულა საქართველოში, დედოფლისწყაროში.

ოლექსი არესტოვიჩი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი. ფოტო არესტოვიჩის ფეისბუქგვერდიდან

არესტოვიჩის მიმართაც მსოფლიო მედიის ყურადღება მას შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა, როცა ცნობილი გახდა, რომ არესტოვიჩს 2019 წელს ჰქონდა ნავარაუდევი ომი რუსეთთან. „99 პროცენტით იქნება ომი რუსეთთან 2020 – 2022 წლებში,“ – აღნიშნა არესტოვიჩმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში.

1992 წელს არესტოვიჩმა კიევში დაამთავრა სკოლა და თავდაპირველად ბიოლოგობა გადაწყვიტა. იგი შევჩენკოს ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობდა. სტუდენტობის დროს ოლექსის მსახიობობის სურვილი გასჩენია, შემდეგ კი – ფსიქოლოგიის.

2010 წელს არესტოვიჩმა დაასრულა ფსიქოლოგ პოდვოდნის საავტორო სკოლა „ადამიანი ხალხში“. იგი სწავლობდა თეოლოგიასაც.

არესტოვიჩს ასევე დამთავრებული აქვს ოდესის სამხედრო აკადემია, მას აქვს სამხედრო თარჯიმნის დიპლომი. 1994 წლიდან 2005 წლამდე ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოში.

არესტოვიჩს პირველ ცოლთან ჰყავს შვილი ანასტასია, მეორე ცოლთან – ალექსანდრე.

ოლექსი რეზნიკოვი – უკრაინის თავდაცვის მინისტრი 56 წლისაა. ის ასაკით ყველაზე უფროსია ზელენსკის გარემოცვაში. რეზნიკოვი 2021 წლის ნოემბრიდან იკავებს მინისტრის თანამდებობას. მანამდე კი, რეზნიკოვი უკრაინის მთავრობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის, იყო ვიცე-პრემიერი და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრიც.

ოლექსეი რეზნიკოვი – უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ფოტო რეზნიკოვის ფეისბუქგვერდიდან.

რეზნიკოვი ლვოვშია დაბადებული. მისი მამა, იური რეზნიკოვი, პროფესორი ყოფილა და ლვოვის სახელმწიფო ინსტიტუტში მუშაობდა, დედა – ოლენა რეზნიკოვა კი ნევროლოგია და ტანვარჯიშის ოსტატი.

რეზნიკოვი პროფესიით იურისტია, მას ლვოვის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 2010 წელს ჟურნალმა The Lawyer-მა იურიდიული კომპანია Magisters-ი დაასახელა საუკეთესო იურიდიულ ფირმად რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ამ იურიდიული ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი კი რეზნიკოვია. ის იურიდიულ კომპანიაში დავების დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობდა.

2014 წელს ადგილობრივ არჩევნებში რეზნიკოვი კიევის ქალაქის საბჭოს წევრად აირჩიეს. აქედან იწყება მისი პოლიტიკური კარიერა. შემდეგ წლებში კი, იგი წარმოადგენდა უკრაინის დელეგაციას ევროსაბჭოში.

2019 წელს პრეზიდენტმა ზელენსკიმ რეზნიკოვს უფლება მისცა წარმოედგინა უკრაინა სამუშაო პოლიტიკურ ქვეჯგუფში, სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში დონბასის საკითხზე.

რეზნიკოვს ჰყვარებია დაივინგი, ჩოგბურთი და თხილამურები. მას ჩატარებული აქვს მყვინთავის 260-ზე მეტი ექსპედიცია და 163 ნახტომი პარაშუტით.

ოლექსი რეზნიკოვის მეუღლე ტელეჟურნალისტია. მას პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს.

ფოტო რეზნიკოვის ფეისბუქგვერდიდან

რუსლან სტეფანჩუკი უკრაინის რადას თავმჯდომარეა. „უკრაინა არასდროს დათმობს ევროპულ პერსპექტივას. ეს ის გზაა, რომელსაც აუცილებლად მივყვებით“, – ასე იწყება რადას გვერდზე გამოქვეყნებულ ბოლო ინფორმაციაში სტეფანჩუკის ციტატა.

სტეფანჩუკი ომის დაწყებამდეც გახდა ცნობილი, მაშინ, როცა გაირკვა, რომ ის პრეზიდენტ ზელენსკის საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი ავტორი იყო არჩევნების დროს.

რუსლან სტეფანჩუკი, უკრაინის რადას თავმჯდომარე. ფოტო სტეფანჩიკის ფეისბუქგვერდიდან

რუსლან სტეფანჩუკი 1975 წლის 29 ოქტომბერს დაიბადა. ის უკრაინის რადას თავმჯდომარეა 2021 წლის ოქტომბრიდან. სტეფანჩუკი რადას წევრი გახდა პარტიიდან – „ხალხის მსახური“ [ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია].

სტეფანჩუკიც პროფესიით იურისტია. მას ხმელნიცკის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული – „მენეჯმენტი და სამართალი“. აქვს დოქტორის ხარისხი სამართალში.

პოლიტიკასთან მისი პირველი კავშირი 2007 წელს დაიწყო, როცა რადას დეპუტატის, ანატოლი მატვიენკოს ასისტენტი გახდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსლან სტეფანჩუკი უკრაინაში ერთ-ერთი მდიდარი იურისტი იყო. მისი შემოსავლები 2019 წლისთვის დაახლოებით 1.5 მილიონი ამერიკული დოლარი იყო.

რუსლან სტეფანჩუკის ცოლი მარიანა სტეფანჩუკია. ის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორია.

ზელენსკის გუნდის სახეა დავით არახამია. ყველას გეხსომებათ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბელარუსიაში რუსებთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოსალაპარაკებლად დავით არახამია გაუშვეს. იგი უკრაინის რადაში სახელისუფლებო პარტიის – „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარეა.

დავით არახამია 1979 წელს დაიბადა სოჭში. ის გაგრაში ცხოვრობდა 1992 წლამდე, ვიდრე აფხაზეთში ომი დაიწყებოდა. დევნილი არახამიების ოჯახი მას შემდეგ უკრაინაში, ქალაქ მიკოლაევში ცხოვრობს.

დავით არახამია – უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე. ფოტო დავით არახამიას ფეისბუქგვერდიდან

დავით არახამიას დამთავრებული აქვს უკრაინის ევროპული უნივერსიტეტი და გავლილი აქვს პროფესიული მენეჯმენტის მასტერკურსი ლონდონის ღია უნივერსიტეტში.

2014 წლიდან დავით არახამია მიკოელაევის ოლქის გუბერნატორის მრჩეველი ხდება, მალევე ის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად გადაჰყავთ.

დავით არახამიას 6 შვილი ჰყავს. ის ამჟამად მეორე ქორწინებაშია და ვიქტორია არახამიასთან 5 შვილი ჰყავს, პირველი ქორწინებიდან კი, კიდევ ერთი ვაჟი.

დავით არახამია მილიონერია. 2019 წელს უკრაინულ გამოცემა „ლიგა ნეტთან“ დავით არახამიამ დაადასტურა, რომ მისი ქონება დაახლოებით 20 – 25 მილიონი აშშ დოლარია. უკრაინული მედია 2020 წელს ასევე წერდა, მაგალითად, არახამიას ახალ სახლზე კიევის პრესტიჟულ უბანში, რომელიც დეპუტატს 2020 წელს 983 ათასი გრივნა დაუჯდა.

en.thepage.ua-ს ინფორმაციით, დავით არახამია ერთ-ერთი დამფუძნებელია საერთაშორისო IT კომპანიაში TemplateMonster. ეს კომპანია გაყიდვებში ერთ-ერთ ლიდერად სახელდება. მის ცოლს, ვიქტორიას კი, აქვს ასევე წილები კომპანიაში – global bay venture.

დავით არახამია უკრაინაში ევრომაიდნის აქტივისტი იყო 2014 წელს, როცა მეგობრებთან ერთად შექმნა ინტერნეტგვერდი მოხალისეებისთვის, ვინც 79-ე ბრიგადისთვის სამხედრო აღჭურვილობის შეძენას დააფინანსებდა. მცდელობამ გაამართლა და დავით არახამიამ ინტერნეტტექნოლოგიების მიმართულებით ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.

პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკია. ის დაიბადა 1972 წლის 16 თებერვალს, ბავშვობა მან ლვოვში გაატარა, ნოვოვოლინსკში. 1989 წლიდან პოდოლიაკი ბელარუსში ცხოვრობდა, მას მინსკის სამედიცინო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი. ფოტო პოდოლიაკის ფეისბუქგვერდიდან

პოდოლიაკს ჟურნალისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს – ის 1990 წელს რადიო „FM ბულვარის“ ჟურნალისტად მუშაობდა. 2004 წელს იყო მთავარი რედაქტორის მოადგილე ბელარუსიაში გამომავალ გაზეთ – „დროში“. მაშინ მის სახლში ბელარუსიის უშიშროების ოფიცრები შევიდნენ და ნახევარი საათი მისცეს საკუთარი ნივთების მოსაგროვებლად.

უკრაინული მედიის და უკვე არამხოლოდ უკრაინული მედიის ცნობით, მაშინ ის დაადანაშაულეს „სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში“, ხოლო მისი ჟურნალისტური მასალები ბელარუსიის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო ცილისწამება. მას დეპორტაცია გაუკეთეს უკრაინაში და ხუთი წლის განმავლობაში უკან დაბრუნება აუკრძალეს.

2005 წელს პოდოლიაკი „უკრანული გაზეთის“ მთავარი რედაქტორი ხდება. ამავე წლის ივნისში გამოქვეყნდა მისი სტატია სათაურით – „უკანასკნელი ვახშამი“, რომელიც მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის – ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლას ეხებოდა. აქ პოდოლიაკი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობდა, რომ იუშჩენკოს მოწამვლის უკან პრეზიდენტობის კანდიდატთან დაახლოებული პირები იდგნენ.

2006 წელს პოდოლიაკი უკრაინული ინტერნეტგამოცემა Observer-ში იწყებს მუშაობას.

ზელენსკისთან მუშაობა მიხაილო პოდოლიაკმა 2020 წლის აპრილში დაიწყო. მას შემდეგ ის აკონტროლებს პრეზიდენტის საინფორმაციო პოლიტიკას და უშუალოდ აძლევს რჩევებს ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის ამზადებს ასევე მინისტრებს მედიაში გამოსასვლელად.

____

ამ თემაზე:

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: