მთავარი,სიახლეები

„ნებართვები ამოწურულია“ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პაუხი მძღოლებს

07.09.2021 • 2697
„ნებართვები ამოწურულია“ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პაუხი მძღოლებს

„ამ ეტაპზე ველოდებით თურქეთის მხრიდან გამოგზავნილი ნებართვების მიღებას, რის შემდგომაც, უახლოეს მომავალში დაიწყება მათი გაცემა,“ – აღნიშნულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დღეს, 7 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაცია უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სააგენტოს ბათუმის სამსახურის ოფისთან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, საქართველოს და თურქეთს შორის მუდმივად იცვლება გადაზიდვების ნებართვების რაოდენობა, წელს ეს მოთხოვნები 42 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ნებართვების რაოდენობა უკვე ამოწურულია.

„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული მთავრობათშორისი ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის ყოველწლიურად იცვლება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გარკვეული რაოდენობა… თურქეთის რესპუბლიკასთან გაცვლილი ნებართვები სრულად ამოწურულია.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ნებართვების დამატებით გაცვლის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მოგვიანებით გაავრცელებს,“ – აღნიშნულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, როდის მიიღებენ მძღოლები შესაბამის ნებართვებს.

მთავარი ფოტო: მძღოლების აქცია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან, 7 სექტემბერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: