მთავარი,სიახლეები

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

04.03.2022 • 16277
ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

„გაურკვეველია რამდენ ხანს, ან თუნდაც უკრაინელებს შეუძლიათ გაუძლონ უაღრესად დიდ და უპირატეს რუსულ ძალას, ან გააგრძელებს თუ არა ბატონი ზელენსკი იმ როლის შესრულებას, რომლისთვისაც მას რეპეტიცია არ ჰქონია,“ – რამდენიმე დღის წინ წერდა „ნიუ იორკ თაიმსი“ უკრაინაში მიმდინარე ომზე და იხსენებდა, რომ ზელენსკის, რომელმაც დემოკრატიის გადასარჩენად სამყაროს მომართვა შეძლო, მხოლოდ კომიკოსის გამოცდილება აქვს. 

მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ არამხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომია, არამედ უკრაინის პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკიც. თუკი ამ ომს ხშირად „ევროპის ისტორიულ ომად“ მოიხსენებენ, ზელენსკის გულწრფელი და უშუალო გამოსვლების შემდეგ ხაზს უსვამენ იმას, რომ „მას განსაკუთრებულად მოაქვს თანაგრძნობის ემოცია, რომელიც გადამდებია“. 

დენაციფიკაციას ვითხოვთ“ – რუსეთის უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის „მიზეზი“ და პასუხი ზელენსკის ბავშვობიდან

„ჩემი ბაბუა საბჭოთა არმიაში იბრძოდა, სამი ძმა ერთად წავიდა ომში, მხოლოდ ბაბუაჩემი დაბრუნდა,“ – იხსენებდა ვოლოდიმირ ზელენსკი 2019 წელს, ვიდრე მას პრეზიდენტად აირჩევდნენ. წლების წინ ნათქვამი ეს ფრაზები საერთაშორისო მედიამ მას შემდეგ გაიხსენა, როცა რუსეთმა თქვა, რომ „უკრაინაში დენაციფიკაციას ითხოვს“.

დასავლურმა მედიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ზელენსკის ებრაულ წარმომავლობას.

„უკრაინელი ერი არასდროს ყოფილა ნაცისტი,“ – თქვა ზელენსკიმ და გაიხსენა, რომ ჰოლოკოსტის დროს მილიონზე მეტი უკრაინელი მოკლეს.

„პუტინი ამბობს, რომ უკრაინის დენაციფიკაციას აპირებს, მაგრამ უკრაინის ებრაელმა პრეზიდენტმა ოჯახი ჰოლოკოსტში დაკარგა“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია „ვაშინგტონ პოსტმა“ 25 თებერვალს ზელენსკის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ბაბუას საფლავზე. ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან, 2019 წელი

„სემიონმა [ზელენსკის ბაბუა] გაიარა მთელი ომი და სამუდამოდ რჩება ჩემს მეხსიერებაში ერთ-ერთი იმ გმირიდან, ვინც იცავდა უკრაინას ნაცისტებისგან. მადლობა იმისთვის, რომ ნაციზმის არაადამიანური იდეოლოგია სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს“, – წერდა ზელენსკი თავის ფეისბუქგვერდზე 2019 წელს, როცა ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

ზელენსკი გაპრეზიდენტებამდე იხსენებდა, რომ მისი ბებია ებრაელების ევაკუაციის დროს გაიქცა ყაზახეთში, ხოლო ომის შემდეგ კრივოი-როგში დაბრუნდა და მასწავლებელი გახდა.

„მე გავიზარდე ჩვეულებრივ საბჭოთა ებრაულ ოჯახში, არც თუ ისე რელიგიური იყო, რადგან რელიგია საბჭოთა სახელმწიფოში, როგორც ასეთი, არ არსებობდა,“ – ამბობდა ზელენსკი უკრაინულ მედიასთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი კრივოი-როგში 1978 წლის 25 იანვარს დაიბადა.

ზელენსკის უკრაინული 5 წლის წინ უსწავლია 

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინული კარგად 2017 წელს უსწავლია. ის უკრაინის იმ მხარეში დაიბადა, რომელიც რუსულენოვანი იყო.

ზელენსკები 4 წელი მონღოლეთში ცხოვრობდნენ, როცა ვოლოდიმირი პატარა იყო. მონღოლეთში ზელენსკის დედა ინჟინრად მუშაობდა, მამა კი სამთო და გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში იყო დაკავებული. ბოლო წლებია ზელენსკის მამა კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია.

ვოლოდიმირ ზელენსკი მშობლებთან ერთად. ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

16 წლის ზელენსკის ისრაელში სწავლისთვის გრანტი მოუპოვებია, მაგრამ საბოლოოდ იქ არ წასულა, რადგან მამას ეს გადაწყვეტილება არ მოსწონდა. ზელენსკიმ უმაღლესი განათლება კიევის ჰეტმანის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო, მან იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი პროფესიით არასოდეს უმუშავია, თუმცა იგი პოპულარული სტუდენტობის წლებიდან გახდა, „მხიარულთა და ჭკვიანთა კლუბიდან“. 1997 წლიდან აქ ზელენსკიმ საკუთარი გუნდიც შექმნა – „95-ე კვარტალი“.

ზელენსკი 2003 წელს დაქორწინდა ოლენა ზელენსკაზე. მათ ორი შვილი ჰყავთ: კირილი და ალექსანდრა.

ზელენსკის ქორწინების ფოტო. ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

„ხალხის მსახური“ – კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე

„ხალხის მსახური“ – ასე დაარქვა ზელენსკიმ პარტიას 2017 წელს და პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მანამდე ამავე სახელწოდებით მან სერიალში პრეზიდენტის როლი შეასრულა.

ზელენსკის გმირი ფილმში ვასილი გოლობოროდკოა, რომელიც 30 წლისაა და საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლის. ერთ დილას მასწავლებელი იღვიძებს და იგებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად აურჩევიათ. პრეზიდენტი ფილმში კორუფციას ებრძვის.

ფილმი „ხალხის მსახური“, სადაც მთავარ როლს ვოლოდიმირ ზელენსკი ასრულებდა. 2016 წელი

ამ ფილმამდე ზელენსკიმ არაერთი სატირული სახე შექმნა. კომიკოსს განსაკუთრებით ქვეყანაში არსებული კორუფციული ვითარების გაშარჟება უყვარდა.

„გადავწყვიტე, შენთან ღიად ვილაპარაკო, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ,“ – საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2019 წელს, ამ სიტყვით სცადა მან ამომრჩევლის გულის მოგება.

„ახლა უკრაინაში არის სიტუაცია, როცა ყველა უკრაინელს სამი გზა აქვს. პირველი გზა არის იცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობ, იარო დინებით და ეს კარგია. მეორე გზაა, მოაგროვო ნივთები და სხვა ქვეყანაში წახვიდე, იქ ფული გამოიმუშაო და ნათესავებს, მეგობრებს გამოუგზავნო. ეს ასევე ნორმალურია, მაგრამ არის მესამე გზა – სცადო რაღაცის შეცვლა უკრაინაში და მე თვითონ ავირჩიე იგი“, – უთხრა ზელენსკიმ უკრაინელ ამომრჩეველს 2019 წელს.

მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე ზელენსკის 2016 წელს იურმალას ფესტივალზე გამოსვლაც გაახსენეს, სადაც მან უკრაინას „მათხოვარი“ უწოდა. ზელენსკიმ თქვა, რომ ის მთავრობას გულისხმობდა და არა ქვეყანას მთლიანად.

ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდანზელენსკის გაუხსენეს ისიც, რომ ის 2018 წელს დაადანაშაულეს ჰომოფობიაში წარმოდგენის გამო, სადაც მსახიობებმა ლგბტქ თემს დასცინეს. საჯარო კრიტიკის შემდეგ სტუდიას ვიდეო საჯარო წვდომის სივრციდან აუღია და ბოდიში მოუხდია.

პრეზიდენტად არჩევამდე კი არა, კანდიდატად დასახელებამდე კიდევ ერთი კომიკური აქტი გაუთამაშებია ზელენსკის – როცა 2019 წელი დადგა, ერთ-ერთი ტელევიზიის „1 + 1“-ის საახალწლო ეთერში ზელენსკიმ მაყურებელს, როგორც პრეზიდენტმა, ახალი წელი მიულოცა.

ამ დროს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იყო. ტელევიზიას მაშინ ეს ამბავი „ტექნიკური ხარვეზით“ აუხსნია.

ვოლოდიმირ ზელენსკი 2019 წლიდან უკრაინის პრეზიდენტია

რას ამბობდა ზელენსკი რუსეთის შესახებ გაპრეზიდენტებამდე? 

ვიდრე პრეზიდენტის კანდიდატი გახდებოდა, ზელენსკი პარტიიდან „ხალხის მსახური“ 2018 წელს რუსეთის შესახებ ამას ამბობდა:

„მინსკის შეთანხმება არ მუშაობს… ძალიან ლიბერალი ვარ, უნდა ვთქვა, მელოტ ეშმაკთან მზად ვარ შევთანხმდეთ, რომ არავინ აღარ მოკვდება“.

გაპრეზიდენტებამდე და შემდეგაც მას არაერთხელ უწოდეს „უკრაინელი დონალდ ტრამპი“. ზელენსკის შესახებ მედია ასევე ხშირად წერდა, რომ მისი საარჩევნო კამპანია ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ დააფინანსა.

„მხოლოდ ჩემი ჯიბიდან, მეგობრები დამეხმარნენ,“ – მუდმივად უარობდა ზელენსკი ოლიგარქთან კავშირს.

„მან იცის, რომ ზესახელმწიფოებს შორის უფრო დიდი ძალაუფლების თამაშის შუაშია და, როგორც ჩანს, იცის, რას აკეთებს. ის საკმაოდ კარგად უმკლავდება საკუთარ თავს. მან იცის, რა არის რეალურად სასწორზე, იცის, რა დაემართა ვიქტორ იანუკოვიჩს,“ – წერს უკრაინის მკვლევარი, რას ბელანტი [ვიქტორ იანუკოვიჩი კი უკრაინის მეოთხე პრეზიდენტია, რომელიც მაიდნის მოვლენების დროს 2014 წელს გადააყენეს] .

ზელენსკის შესახებ ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ ის რუსული არმიის პირდაპირი სამიზნეა, მაგრამ ზელენსკი კიევის დატოვებას არ აპირებს.

საქართველოში კი, ალბათ ყველაზე განსაკუთრებული ემოცია ზელენსკიმ 26 თებერვალს გამოიწვია, როცა ომის პირობებში მან თბილისსა და ბათუმში გამართული სოლიდარობის აქციაც დატვიტა:

„არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“, – წერდა ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი, ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

ომის დაწყების შემდეგ ითქვა, რომ ზელენსკის მოსაკლავად უკრაინაში რამდენიმე ჯგუფი შევიდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზელენსკის ქვეყნიდან გასვლა შესთავაზა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი განაცხადა. ამის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა ზელენსკი უკრაინაში. მას ქვეყნის შიგნით ყველაზე უფრო ხშირად უკრაინის გმირს უწოდებენ.

ქვეყნიდან წასვლაზე უარის შემდეგ, რუსული პროპაგანდისტული მედია ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ზელენსკიმ უკრაინა დატოვა. მან მოახერხა ამ ფეიკნიუსთან გამკლავებაც – ზელენსკი კიევის ქუჩებიდან ლაივ ჩართვებით მიმართავდა მოქალაქეებს.

ზელენსკის ლაივჩართვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: