რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული 168 იაპონური კომპანიიდან დაახლოებით 37-მა (22%) უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო ამ დროისთვის გადაწყვიტა, შეაჩეროს საქმიანობა რუსეთის ბაზარზე ან შეწყვიტოს ექსპორტი.
ამასთან, 15 მარტის მდგომარეობით, 22-მა კომპანიამ გამოაცხადა ექსპორტის შეჩერების შესახებ, 7-მა შეაჩერა წარმოება, 4-მა კი მაღაზიები დახურა.
ავტომწარმოებლებმა: Toyota Motor-მა, Nissan Motor-მა და მსოფლიოში საბურავების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა – Bridgestone-მა დროებით შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა რუსეთში.
Fast Retailing Co-მ განაცხადა Uniqlo-ს ტანსაცმლის მაღაზიების დახურვის შესახებ.
მანამდე იაპონიამ რუსეთს დაუწესა საექსპორტო სანქციები, რომლებიც კრძალავს 300 დასახელების საქონლისა და ტექნოლოგიის მიწოდებას. კერძოდ, ეს მოიცავს ნახევარგამტარებს, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების აღჭურვილობას, სატელეკომუნიკაციო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, სამხედრო პროდუქტებს, მათ შორის, იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ტყვიაგაუმტარ ჟილეტებს.
გარდა ამისა, სიაში შედის მოწყობილობები და პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია ბირთვულ ენერგიასთან, ქიმიური მრეწველობის პროდუქტები, სხვადასხვა სახის გადამცემი, პროგრამული უზრუნველყოფისა და ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობა.
________________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV