მთავარი,სიახლეები

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – პასუხი არ არის

24.03.2021 • 3124
რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – პასუხი არ არის

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამ კითხვაზე დაახლოებით ისეთივე რეაქცია აქვთ, როგორიც „ტომ სოიერის“ ამბის დასაწყისში – პასუხი არ არის. კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელ ქვეყნის მთავარ სტრუქტურას, საქართველოს ქალაქების ისტორიული განაშენიანების დაუცველად დატოვებასა და რღვევაზე პასუხი არ აქვს.

ბათუმის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს დაანონსეს. 2021 წელს კი ამ საკითხზე მივიღეთ მორიგი განმარტება, რომ დამცავი ზონების დამტკიცებაზე მერია მას შემდეგ დაიწყებს ზრუნვას, როცა ქალაქს გენგეგმა ექნება. როდის ექნება ქალაქს გენგეგმა, ეს საკითხი ახლაც ისევე გაურკვეველია, როგორც ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მერია დამცავი ზონების დამტკიცებას გენგეგმისთვის საჭირო დოკუმენტის შესყიდვის შემდეგ შეძლებს. არჩილ ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ გენგეგმის ნაწილის შესყიდვის შეწყვეტილი კონკურსის ხელახლა გამოცხადებას მისი, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებლის ვადაში მოასწრებს. ეს ვადა 2021 წლის ოქტომბერში იწურება. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამის იმედი არჩეულ მერს, ლაშა კომახიძესაც ჰქონდა. კომახიძემ მერის პოსტი ვადაზე ადრე დატოვა, გენგეგმა კი ბათუმს ისევ არ აქვს.

კონკურსი ქალაქის სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებას გულისხმობდა, რაც მომავალში ბათუმის გენგეგმის მთავარი დასაყრდენი გახდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები კი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული განაშენიანების ან კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ტერიტორიის საზღვრებს დაადგენს. ამ საზღვრებში განსაკუთრებული რეჟიმები ამოქმედდება, ისტორიული განაშენიანება მასშტაბური ჩარევისგან რომ დაიცვას. წესით, აქ დადგენილი მკაცრი რეგულაციები მისი ავთენტური იერ-სახის შენარჩუნების დაცვას უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ კანონით გათვალისწინებული რეჟიმი ამოქმედდეს, დაცვითი ზონები კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დაამტკიცოს.

რა ხდება ისტორიულ ზონაში, ვიდრე ის დაუცველია

ბათუმის ისტორიული ზონა იერ-სახეს ყოველდღე იცვლის. ბათუმის ძირითად ნაწილში უკვე გამოცვალეს ფანჯრები, ამოაშენეს აივნები, გალესეს ძველი, ფიგურებიანი ფასადები, ზოგან ისინი გამოჭრეს და დიდი შუშებით ჩაანაცვლეს, მოამტვრიეს მასკარონები, დაანგრიეს ორსართულიანი სახლები და ახალი, მაღალი კორპუსები ააშენეს, დაარღვიეს ქუჩის სიმაღლის მწყობრი ხაზები …

ქუჩის მონაკვეთი ძველ ბათუმში, რომელსაც ძველი იერსახე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს – ეს ტერიტორია მთლიანად ასე იყო განაშენიანებული.

ერთ-ერთი პროექტი, რომლის მშენებლობის ნებართვაც ძველ ბათუმში დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის წამოწყების შემდეგ გაიცა, შპს „პროგრეს სიტის“ 5-სართულიანი სასტუმროა. ეს პროექტი ბათუმში ჟორდანიასა და  მაზნიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორი ისტორიული სახლის დანგრევას ითვალისწინებდა. ამ ზონაში 12 მეტრზე მეტი სიმაღლის შეზღუდვის დაწესებამდე კომპანიას პროექტის პირველი ეტაპი უკვე დამტკიცებული ჰქონდა.  სწორედ ამის გამო მერიას სასამართლო დავა მოუგო და შედეგად 5-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მიიღო.

ახალმა პროექტმა დაარღვია ამ ქუჩაზე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ისტორიული იერ-სახე.  გარდა ამისა, ახალი შენობის კარკასს თუ დავაკვირდებით, კომპანიამ არათუ ნებართვის მიღება, პროექტის შეცვლაც მოახერხა და მიიღო არა შეთანხმებული 5-სართულიანი შენობის, არამედ კიდევ ერთი, შედარებით შეწეული სართულის დამატების ნებართვა. მერიაში ამბობენ, რომ ამ სართულზე ლიფტებისთვის გათვალისწინებული ტექნიკური სართულია, იქ მომუშავე პირებისგან კი გავიგეთ, რომ შენობას მანსარდული სართული დაამატეს.

ეს სახლი მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში აღარ არსებობს – აქ ნგრევას ბათუმელები აქციებით აპროტესტებდნენ

შპს „პროგრეს სიტის“ ტექნიკური სართული – მანსარდი ჟორდანიას ქუჩის მხრიდან

შპს „პროგრეს სიტის“ ტექნიკური – მანსარდული სართული მაზნიაშვილის ქუჩის მხრიდან

ასე ყოველდღე იცვლება ბათუმის ისტორიული ნაწილი, გადაწყვეტილების მიმღები პირები კი ჯერ კიდევ ფიქრობენ, შეუნარჩუნონ თუ არა ქალაქს ისტორიული განაშენიანება ერთ კონკრეტულ ზონაში მაინც. ვიდრე ისინი ამ საკითხის გადაწყვეტას დროში აჭიანურებენ, მშენებლები უკან არ იხევენ. ბათუმის მერია ვერც იმას ახერხებს, რომ ამ ზონების დამტკიცებას და განსაკუთრებული რეჟიმების ამოქმედებას შეუწყოს ხელი და ვერც იმას, რომ მათ დამტკიცებამდე ხელი შეუშალოს ამ ზონაში ნგრევას.

მიმდინარე სარემონტო სამუშაოები

შეცვლილი ფასადები

დამცავი ზონების დამტკიცებაზე უარის ოფიციალური მიზეზები

ისტორიული განაშენიანების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და მასთან დაკავშირებული სხვა რამდენიმე ამბის ქრონოლოგია გვაჩვენებს, რომ ბათუმში ისტორიული უბნების დაცვა კერძო ინტერესებმა შეაფერხა, ისევე როგორც სამშენებლო რეგულაციების დადგენასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა საკითხი.

აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ნაკლებად პრინციპულები არიან გავლენიანი პირების ინტერესებისგან საჯარო სივრცეების დაცვისას – დაწყებულ საქმეს განუსაზღვრელი ვადით აჭიანურებენ და შემდეგ ივიწყებენ. შემდეგ ყველაფერი ისევე თავიდან იწყება და ისე გრძელდება, როგორც დაინტერესებულ მშენებელს უნდა.

ასე მოხდა, მაგალითად, როცა ბათუმში ისტორიული ზონის საზღვრები დაადგინეს – მერიამ სპეციალისტებს დაუკვეთა კვლევა, დახარჯა ბიუჯეტის ფული და შეიმუშავა საზღვრის დამდგენი დოკუმენტი. ბოლოს კი ეს დოკუმენტი თავისი შეხედულებისამებრ შეასწორა და ისე წარუდგინა საკრებულოს. საკრებულოსთვის წარდგენილ შესწორებულ დოკუმენტში აღმოაჩინეს მოქალაქეებმა, რომ შპს „რივიერა ბათუმის“ ტერიტორია ისტორიული საზღვრებიდან ამოღებული იყო. ბათუმის საკრებულომ შესწორებული დოკუმენტი ისე მოიწონა, რომ ერთი კითხვაც არავის დაუსვამს, ვინ და რატომ შეცვალა სპეციალისტების მიერ მომზადებული ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები. არავინ არც იმით დაინტერესებულა, კანონიერი იყო თუ არა კვლევის ასე გადაკეთება.

შეცვლილი დოკუმენტი – საია ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივის

ბათუმის ისტორიული დაცვის ზონების დამტკიცების საკითხზე გრძელვადიანი მსჯელობისა და დოკუმენტების გაგზავნა-გამოგზავნის შემდეგ, არ ვიცით საბოლოოდ რომელ სტრუქტურაში შემოდეს ეს პროექტი თაროზე – ბათუმის მერიაში თუ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში. მსგავსი პროცედურების დროში გახანგრძლივებისა და ურთიერთგადაბრალების გამოცდილება ორივე უწყებას აქვს.

სპეციალისტების მიერ დადგენილი საზღვრების შეცვლა კონკრეტული კერძო კომპანიის ინტერესს – შპს „ბათუმი რივიერას“ სამშენებლო პროექტს რომ უკავშირდებოდა, მოგვიანებით დადასტურდა კიდეც. დამცავი ზონების დამტკიცების დროში გაყინვისა და შპს „ბათუმი რივიერასთვის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის შემდეგ, ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ პირად საუბარში გვითხრა: „რომ ამოგვეღო „რივიერას“ ტერიტორია, ახლა ხომ გვექნებოდა დამტკიცებული დაცვის ზონები.“

2019 წლის 15 თებერვალს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაკორექტირებული დოკუმენტის დამტკიცებაზე ბათუმის მერიას უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ ის შეცვლილია – საზღვრებიდან ამოღებულია „ბათუმი რივიერას“ ტერიტორია. ზოგიერთი სპეციალისტი უარის მიზეზად ამ საზღვრებიდან ბულვარის განცალკევებასაც ასახელებდა. 2019 წლის 4 აპრილს ამ საკითხზე სააგენტოში გვითხრეს, რომ დოკუმენტს განახლება სჭირდება. გარდა ამისა, მათ დამტკიცებამდე ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სტანდარტები უნდა დაადგინონ.

მას შემდეგ ეს საკითხი არავის გახსენებია.

ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებამდე ზონებში სამშენებლო სტანდარტების დადგენაზე მსჯელობენ

 

ქუჩის მონაკვეთი ძველ ბათუმში, რომელსაც ძველი იერსახე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს

ჟორდანიას ქუჩა ახალი იერსახით

მთელი ამ ხნის განმავლობაში ბათუმის საკრებულო არ დაინტერესებულა, სად გაქრა მის მიერ მოწონებული დაცვითი ზონების საკითხი და ამ დრომდე რატომ არ დაამტკიცეს ის. ხალხის არჩეული საკრებულოს წევრები არ ინტერესდებიან, რატომ არ მიდის ბოლომდე წლების წინ დაწყებული და ხალხის ფულით დაფინანსებული პროექტები; ვის ინტერესებს ეწირება ქალაქის ისტორიული ნაწილი. მაკონტროლებელი – როგორც საკრებულოს წევრები, ისევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ყოველთვის უპირობოდ სჯერდებიან იმ მიზეზებს, რასაც აღმასრულებელი სთავაზობს მათ.

დამცავი ზონების საზღვრები

„გეოგრაფიკის“ რუკა, წითელ ფერში ნაჩვენებია ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა, ხოლო ლურჯ ფერში – განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონა. სპეციალისტების მონახაზით ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრის საწყისი წერტილი ემთხვევა ლერმონტოვის ქუჩის, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთას. საზღვარი მიყვება ნურიგელის ტბის მიმდებარე ტერიტორიას მელიქიშვილის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩა ფარნავაზ მეფის ქუჩის გადაკვეთამდე, ფარნავაზ მეფის ქუჩა – 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე, 26 მაისის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა – წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა – ბერიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბერიძის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა მის ღერძზე მდებარე ზღვის სანაპირო ზოლის გადაკვეთამდე, სანაპირო ზღვის ზოლი საზღვაო სადგურის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით გოგებაშვილის ქუჩამდე, გოგებაშვილის ქუჩა სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით ნონეშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ნინოშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიის გადაკვეთამდე.

რატომ არის მნიშვნელოვანი დაცვითი ზონების დამტკიცება – რას ამბობენ სპეციალისტები

საერთაშორისო ორგანიზაცია „იკომოსის“ პრეზიდენტის, ნატო ცინცაბაძისთვის ბათუმის მერიის ლოგიკა გაუგებარია, როცა მერია ამბობს – ჯერ გენგეგმა, შემდეგ დაცვითი ზონები. თუმცა, იმ ფონზე, როცა თვითმმართველობამ ბულვარში 17-სართულიანი მშენებლობა დაუშვა, ის არ გამორიცხავს, რომ მერიამ კონკრეტული ინტერესების შემთხვევაში არც დამტკიცებული ზონების არსებობა გაითვალისწინოს:

„არაფერ კავშირში არ არის ერთმანეთთან გენგეგმა და დაცვითი ზონები. დაცვით ზონებს ამტკიცებს ცენტრალური ხელისუფლება, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია კი, კანონი მიხედვით, ითვალისწინებს დარგობრივ რეგულაციებს, გენგეგმამ შემდეგ უნდა ასახოს დაცვითი ზონები. თბილისის გენგეგმა როცა გაკეთდა, დაცვის ზონები უკვე არსებობდა, დარგობრივი დოკუმენტი უფრო მაღლა დგას და კანონმდებლობით გენგეგმამ დაცვითი ზონები უნდა გაითვალისწინოს.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა მოწოდებულია დაიცვას ისტორიული ქსოვილი და არამხოლოდ ძეგლები. ეს ნიშნავს იმას, რომ ისტორიულმა ბათუმმა საერთოდ არ დაკარგოს სახე. ამ ზონის არარსებობა უადვილებს ქალაქის ხელისუფლებას, მიიღოს არა ძეგლთა დაცვითი გადაწყვეტილებები. თუმცა, მართალი გითხრათ, რაც ბულვარის შემთხვევაში ხდება, აჩვენებს, რომ თვითმმართველობა არც ამას გაითვალისწინებს – ბულვარის შემთხვევაში ძეგლის ტერიტორიაზე დაარღვიეს კანონი. არ უნდათ ზედმეტი თავის ტკივილი და არც ის, რომ თუნდაც ფორმალურად სასამართლოში წასვლის საშუალება მისცენ ვინმეს. [ჩვენ] მივიღეთ ღირებული ბათუმი, მაგრამ მომავალ თაობას არ ვუტოვებთ საერთოდ არაფერს – გაუგებარ ურბანულ ერთეულს. ძალიან ძნელია დღევანდელი ბათუმის თვითმმართველობის ლოგიკა გაიგო, არც იურიდიულად, არც დარგობრივად. არ არსებობს ვალდებულება ან მოთხოვნა, რომ ჯერ გენგეგმა უნდა დამტკიცდეს და შემდეგ დაცვითი ზონები“.

______________

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: