დღეს, 5 მარტს, ბათუმში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებმა უკრაინაში მცხოვრებ შშმ პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ომში ყველა ადამიანი რთულ მდგომარეობაშია, შშმ პირებს კი ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა.
„უკრაინა და უკრაინელი ხალხი რთულ მდგომარეობაშია დღეს. წარმომიდგენია, როგორ მდგომარეობაში იქნებიან იქ მცხოვრები შშმ პირები, ეტლით მოსარგებლეები. ამიტომ ვუცხადებთ ჩვენ სოლიდარობას მათ“- ამბობს ნოდარ ქარცივაძე, აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილის, დეა ერემაშვილის თქმით, ომის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მხარდაჭერა დაანახო, განსაკუთრებით კი შშმ პირებს, რომლებსაც უჭირთ საომარ მდგომარეობასთან ადაპტაცია.
„ჩვენთვის, შშმ პირებისთვის, მშვიდობიან დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, ომის პირობებში კი წარმოგვიდგენია, როგორ უჭირთ შშმ პირებს.
გვინდა რაღაც მაინც გავაკეთოთ მათთვის. კოალიციაში ვგეგმავთ ზუმით დავუკავშირდეთ შშმ ქალებს და გავარკვიოთ რა საჭიროებები აქვთ მათ ყველაზე მეტად და სწორედ ამ საჭიროებებში დავეხმაროთ.
12 ორგანიზაციაა ქალების ქსელში ჩართული, გვინდა მარათონის ტიპის ღონისძიება მოვაწყოთ და გავუშვათ ფეისბუკზეც, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს ომში მყოფი უკრაინელი შშმ პირების საჭიროებების შესახებ და შეგროვებული თანხით ის შევუძინოთ, რაც მათ სჭირდებათ“ – ამბობს დეა.
თომა კაკაბაძის თქმით, ისინი ცდილობენ ინფორმაცია მიიღონ რა პირობებში უწევთ შშმ ადამიანებს უკრაინაში ცხოვრება.
„როგორც ვიცით, საკმაოდ მხნედ არიან, „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებაშიც მონაწილეობენ და ცდილობენ ასე დაეხმარონ უკრაინულ არმიას, რომ წინ წაიწიონ“.
თომა კაკაბაძის თქმით, შშმ პირების მდგომარეობა განსაკუთრებით რთულდება ევაკუაციის დროს, როცა იბომბება ქალაქები, ეტლით მოსარგებლეებისთვის კი რთულია სწრაფად გადაადგილება.
„ძალიან რთულია, ასევე, მარტოხელა შშმ პირების ყოფა ამ პერიოდში, მაშინ როცა შესაძლოა სასურსათო და სხვა ჰუმანიტარული მარაგების პრობლემა შეიძლება შეიქმნას.
ასევე, მენტალური ჯანმრთელობის და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის რთულია საომარ პირობებში ადაპტირება, რადგან რთულია მათ გააგებინო, რომ ომია და აუხსნა, რატომ ვერ გადიან გარეთ.
ეს ყველაფერი ჩვენც გადავიტანეთ და კარგად გვესმის, მაგრამ უკრაინაში უფრო ფართომასშტაბიანია, ამიტომ არის საჭირო მათი გვერდით დგომა“ – ამბობს თომა კაკაბაძე.
უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე ყოველ საღამოს იმართება. მეათე დღეა, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. საომარ მოქმედებს ემსხვერპლა ბავშვებიც. ამ დროისთვის დაახლოებით 2 მილიონამდე უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა ქვეყანა.