მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

შეწყდეს თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე – მიმართვა რუსეთის ხსენების გარეშე

14.03.2022 •
შეწყდეს თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე – მიმართვა რუსეთის ხსენების გარეშე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნისეფი და UNFPA ერთიანი ძალებით მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმა უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე, თუმცა განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის.

„დღეს ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა თავდასხმა უკრაინაში ჯანდაცვაზე. ამ საშინელი თავდასხმების შედეგად კვდებიან და სერიოზულ დაზიანებებს იღებენ პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები, ნადგურდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა და ათასობით ადამიანს ეზღუდება ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, მიუხედავად კატასტროფული საჭიროებისა,” – წერია განცხადებაში.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზედამხედველობის სისტემის (SSA) მეშვეობით დაფიქსირდა 31 თავდასხმა ჯანდაცვის დაწესებულებებზე. ამ ანგარიშის თანახმად, 24 შემთხვევაში დაზიანდა ან განადგურდა სამედიცინო ობიექტები, ხოლო ხუთ შემთხვევაში დაზიანდა ან განადგურდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. ამ თავდასხმებს მოჰყვა სულ მცირე 12 ადამიანის სიკვდილი და დაშავდა 34, ამან ასევე ნეგატიური ზეგავლენა იქონია ჯანმრთელობის აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობაზე,“ – წერია ჯანმოს, იუნისეფისა და UNFPA-ს საერთო განცხადებაში.

„თავდასხმა ყველაზე დაუცველებზე – ჩვილებზე, ბავშვებზე, ორსულებზე, მათზე, ვინც უკვე დაავადებულია და ჯანდაცვის მუშაკებზე, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვა სიცოცხლის გადასარჩენად – ეს არის უსინდისო სისასტიკის აქტი“.

გაეროს ორგანიზაციების საერთო განცხადებაში წერია, რომ უკრაინაში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ჯანმრთელობის სერვისებზე, ხოლო წვდომა ამ სერვისებზე მკაცრად შეზღუდულია ძალადობის გამო.

„მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყებიდან 4300-ზე მეტმა ქალმა გააჩინა ბავშვი და ელოდებიან, რომ უახლოეს სამ თვეში 80000 უკრაინელი ქალი გააჩენს ბავშვს. ჟანგბადი და სამედიცინო მარაგი, მათ შორის, ორსულობის გართულებების მართვისთვის, სახიფათოდ მცირეა,“ – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სერვისები სისტემატურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასაზღვრო პუნქტებზე, მათ შორის, გადაუდებელი დახმარება:

„მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარულ აქტორებს ჰქონდეთ უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა, რათა მიაღწიონ ყველა იმ სამოქალაქო პირამდე, ვისაც ეს სჭირდება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.

იუნისეფი, UNFPA და ჯანმო მუშაობენ პარტნიორებთან, რათა გააფართოონ სიცოცხლის გადარჩენის სერვისები და დახმარება ჯანმრთელობის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ უნდა შეგვეძლოს უსაფრთხოდ მივაწოდოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება – მათ შორის, სამეანო და ახალშობილთა მოვლისთვის – ჯანმრთელობის ცენტრებში, დროებით დაწესებულებებსა და მიწისქვეშა თავშესაფრებში“.

მოწოდებების მიუხედავად, თავდასხმები უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე გრძელდება.

გაეროს ორგანიზაციების ამ განცხადებას უკრაინის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და წერენ, რომ დროა ასეთ მოწოდებებში ადრესატად ღიად დასახელდეს რუსეთი.

________________

ფოტოზე: მარიუპოლის დაბომბილი სამშობიარო, 9 მარტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: