მთავარი,სიახლეები

„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში

15.03.2022 • 2448
„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში

„პრემიერმა განმარტა“ – გვიპასუხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებსაც ვკითხეთ, რამდენად სამართლიანი იყო მათთვის კრიტიკა ამჯერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ცილისწამებაა სინამდვილეში.

დღეს, 15 მარტს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ – ეს შეფასება უკვე დადო ორგანიზაცია IDFI-მ და თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ „მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს, არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ“.

„ხანდახან სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, შეიძლება პირდაპირ ითქვას, არის შეუსაბამო და არაადეკვატური,“ – მიიჩნევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე. უფრო შორს წავიდა დავით ბაციკაძე, კიდევ ერთი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“: „სალომე ზურაბიშვილი არც ყოფილა ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი,“ – გვითხრა მან.

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს, რასაც ღირსება გვკარნახობს… ამას გამართლება არ აქვს სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც დავდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 14 მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლის დროს.

„ზუსტად ღირსების საქმეა ის, რომ ქვეყანამ აირიდოს ყველა საფრთხე და არ დადგეს ქვეყანაში რამე ისეთი, რაც სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს. მინდა ვუთხრა პრეზიდენტს, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველო იქცევა ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ პარტნიორს,“ – მმართველი პოლიტიკური გუნდის გზავნილი გაგვიმეორა დავით ბაციკაძემ, რომელსაც გავახსენეთ, რომ ამ „სიფრთხილის“ ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პროტესტის ნიშნად გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან.

დავით ბაციკაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“

„ზელენსკი ახლა ეთერში რომ გამოვიდეს და შემაგინოს, ჩემი სოლიდარობა მას. ეს კაცი ებრძვის ახლა მონსტრს,“ – თქვა დავით ბაციკაძემ.

„ეს იყო გარკვეული გაუგებრობა,“ – მიიჩნევს ტიტე აროშიძე და ეჭვი აქვს, რომ ზელენსკის საქართველოდან არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

„პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტება გააკეთა,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ, როცა მას ვკითხეთ, რატომ არ იყო სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა თუ საყვედური სამართლიანი, როცა საომარ ვითარებაში ევროპის ქვეყნებში მას სამუშაო ვიზიტები გაუუქმეს.

პრემიერის თქმით, „როცა უკრაინაში ომია, საქართველოს მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოს.“

„პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი, როცა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა და როდესაც საომარი ვითარებაა მეზობელ ქვეყანაში, უნდა იყოს ადგილზე. მე მას სრულად ვეთანხმები პრინციპში, სამართლებრივ სიღრმეებში ვერ შევალ,“ – დასძინა ტიტე აროშიძემ.

ტიტე აროშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

„არ წარმოადგენს პრეზიდენტი საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, თუკი მას შეთანხმება არ მისცა მთავრობამ, საგარეო პოლიტიკას წარმართავს მთავრობა. ამისთვის გვყავს ელჩები და საგარეო საქმეთა მინისტრი,“ – მიიჩნევს დავით ბაციკაძე.

კანონმდებელს მივუთითეთ კონსტიტუციის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში. ამავე კონსტიტუციის მიხედვით, ევროინტეგრაცია საქართველოს არჩევანია.

„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,“ – წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს ხომ არ შეუშალეს ხელი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში და კონსტიტუციით გათვალისწინებული ევროინტეგრაციის პროცესში?

„ამ საკითხებს განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ინტერპრეტაცია რომ არ მიეცეს. მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი…

გარკვევით ახსენეს საფრთხეები, რის გამო გააკეთეს [პრეზიდენტის საქმიანი ვიზიტების გაუქმება]. არ ვიცი, რა საფრთხეები იყო, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ჩემთვის მთავარია კონსტიტუციის და კანონის დაცვა,“ – აღნიშნა დავით ბაციკაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატების მოსაზრებით დავინტერესდით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაა, რომელიც უკრაინაში ომის მიუხედავად, საქართველოში ამ დრომდე არ გამართულა.

„ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით,“ – თქვა პარლამენტში 14 მარტს სალომე ზურაბიშვილმა.

„უსაფრთხოების საბჭოს სხდომას აქვს თავისი პროცედურები და იმისთვის, რომ გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალოს, ასე არ ხდება,“ – განმარტავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე.

რატომ არ დაინახა ხელისუფლებამ „საფუძველი“, თუკი ამის საჭიროებას ხედავს პრეზიდენტი და აქამდე ამის შესახებ საუბრობდნენ ექსპერტებიც?

„თუკი ჩათვლის საჭიროდ, აუცილებლად ჩატარდება თქვენ გარეშე და იმის გარეშეც, ვინც თვლის, რომ უნდა ჩატარდეს, თუ არ ჩატარდეს,“ – პარტიულ ვერტიკალს ვერც ამჯერად გასცდა დეპუტატი ტიტე აროშიძე.

კონსტიტუციასთან მიბრუნება არჩია დეპუტატმა დავით ბაციკაძემ, რომელსაც ასევე ვკითხეთ: რატომ არ არის სამართლიანი პრეზიდენტის კრიტიკა, როცა უსაფრთხოების საბჭო ერთხელაც არ შეიკრიბა?

„ამისთვის შედის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და ის განმარტავს, ვის რა უფლებები აქვს… საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ის, რომ მთავრობა წარმართავს საქმიანობას იგივე უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით, ცალსახა ჩანაწერი არსებობს“, – თქვა დავით ბაციკაძემ.

რატომ ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებას სანდოობის მაღალი ხარისხი, როცა მოსამართლეები, მაგალითად, „ლონდა თოლორაის საქმეზე“ მხოლოდ საპროტესტო აქციების შემდეგ, ბოლო დღეს შეიკრიბნენ და არ მიიჩნიეს საჭიროდ მთავრობისთვის კრიტიკული გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტის გადარჩენა? დეპუტატს გავახსენეთ, რომ ამ საქმეზე მოსამართლემაც დააფიქსირა ღიად თავისი განსხვავებული აზრი და საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიც ხედავენ, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობაა, რომელზეც მმართველ პოლიტიკურ გუნდს აქვს გავლენა.

„მე რა უფლება მაქვს, შევიდე საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვაში? რატომ განიხილა ან არ განიხილა, ეს ჰკითხეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს,“ – გამოსავალი იპოვა დავით ბაციკაძემ.

ღარიბაშვილისა და კობახიძის რიტორიკის შესაბამისად, პრეზიდენტს ფაქტების წარმოდგენას სთხოვს დეპუტატი ტიტე აროშიძე:

„წარმოადგინოს მაშინ ის ფაქტები, რომლითაც დასტურდება, რომ ჩვენ უკრაინას და უკრაინის მოსახლეობას არ ვუდგევართ გვერდით. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, როცა სალომე ზურაბიშვილი ადანაშაულებს ხელისუფლებას, რომ თითქოს უფრთხიან და არ დგებიან უკრაინის გვერდით. ეს არის ცილისმწამებლური განცხადება…

ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი არის აგრესორი, ისინი შეიჭრნენ უკრაინაში ტერიტორიის ოკუპაციის მიზნით. ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროკავშირის დიდ ოჯახში,“ – ამბობს ტიტე აროშიძე.

როგორ დაუჯეროს საზოგადოებამ დეპუტატს, როცა პრეზიდენტს ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებს უუქმებენ, უკრაინა ელჩს იწვევს კონსულტაციებისთვის, თორნიკე რიჟვაძე ვერ ამბობს, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში…

„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან… მაგალითად, ბოლოს იყოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა… ჩვენ ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ ვართ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე… თორნიკე რიჟვაძე ყველა სხდომას იწყებს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით, ჩართული ვართ აქტიურად დახმარებით,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე.

დავით ბაციკაძე კი გულდაწყვეტილია, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს კიდევ უფრო მეტად რომ არ შეუკვეცეს პრეზიდენტს უფლებამოსილება.

„…კიდევ მეტი უფლებები აქვს პრეზიდენტს, ვიდრე უნდა ჰქონდეს. არ გამოადგა ამ ქვეყანას არაფერში საპრეზიდენტო მმართველობა, დამაზიანებელი აღმოჩნდა ყველაფერში,“ – მიიჩნევს დავით ბაციკაძემ, რომელიც ასევე არ იზიარებს პრეზიდენტის კრიტიკას კიდევ ერთ ნაწილში:

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, დავით ბაციკაძემ, ამ ნაწილში მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს გული დაწყდა, თავად რომ არ მოუწია ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ხელის მოწერა. მისი შეფასებით, სულ ესაა პრობლემის არსი და არა ის „ეროვნული თანხმობა“ და კონსოლიდაციის საჭიროება, რაზეც ზურაბიშვილმა გაამახვილა ყურადღება.

„პრემიერს აქვს მხოლოდ უფლება ასეთი ტიპის საკითხებს მოაწეროს ხელი, საპარლამენტო რესპუბლიკებში ასეა, საგარეო პოლიტიკას წარმართავს პარლამენტი და მთავრობა… ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ ევროკავშირის წევრობაზე,“ – გვითხრა დავით ბაციკაძემ.

„ბათუმელების“ შეტყობინება უპასუხოდ დატოვა გიორგი მანველიძემ,  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოში.

სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრა „ოცნებიდან“ კიდევ ერთმა დეპუტატმა – დავით თედორაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: