მთავარი,სიახლეები

რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა ისევ თავისუფლად შეუძლიათ

16.03.2022 • 2027
რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა ისევ თავისუფლად შეუძლიათ

რუსულ კომპანიებს საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა კვლავ თავისუფლად შეუძლიათ და მათთვის რაიმე შეზღუდვა სახელმწიფოს ამ დროისთვის არ დაუწესებია. შეზღუდვები ტენდერებში მონაწილეობაზე დაწესებული არ არის არც იმ რუსული კომპანიების მიმართ, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები უკვე დაუწესა სხვადასხვა სახელმწიფომ თუ ევროკავშირმა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საჯარო რეესტრს ასობით რუსეთის მოქალაქემ მიმართა. ისინი საქართველოში ახალ შპს-ებს არეგისტრირებენ ან რეგისტრირდებიან როგორც ინდმეწარმეები.

„ბათუმელებმა“ 7  მარტს შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალურად გამოითხოვა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან შემდგომ პერიოდში, რამდენი კომპანია დაარეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. შესაბამისად, უცნობია ზუსტი მონაცემი, იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებიც ვრცელდება.

რაც შეეხება რუსული კომპანიებისთვის [მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანამ სანქციები დაუწესა] სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლების ისევ ქონას – ეს დგინდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილობითი განმარტებით.

სააგენტომ 10 სამუშაო დღე მოანდომა ამის მოწერას, რომ: „სახელმწიფო შესყიდვებში მიმწოდებელთა მონაწილეობის საკითხი, ისევე, როგორც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით“ და „სააგენტოს ქმედებები განხორციელებულ იქნება იმ მოთხოვნებისა და რეგულაციების შესაბამისად, რაც დადგინდება საქართველოს კანონმდებლობით“.

გადამოწმებით დგინდება, რომ რუსულ კომპანიებთან მიმართებით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის კუთხით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობაში არაფერი შეცვლილა.

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების eProcurement სისტემაში კი 180-ზე მეტი რუსული კომპანიაა დარეგისტრირებული. სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობს და იმარჯვებს კიდეც, რუსული კომპანიების ასობით ფილიალი, ასევე, კომპანიები, რომელთა ერთი ან მეტი მეწილე მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

[checklist]

  • ამ სიაში მყოფი რუსული კომპანიებიდან რამდენიმეს, ჯამში, 20,3 მილიონი ლარის და 972 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.
  • 2019 წლიდან დღემდე, ჯამში, 30 მილიონი ლარის ტენდერები აქვთ ასევე მოგებული რუსული კომპანიების ფილიალებს საქართველოში.

[/checklist]

სახელმწიფო ტენდერების გარდა 2021 წელს რუსულმა კომპანიამ [„მეტროვაგონმაში“] გაიმარჯვა თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონების შესყიდვის ტენდერშიც, რომელიც  EBRD-ის მიერ იყო გამოცხადებული. შესყიდვის ღირებულება 49,19 მილიონი ევროა და ვაგონების მოწოდება 2022 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა EBRD-მა თანხის გადარიცხვა კომპანიისთვის შეაჩერა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაციით, სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა უნდა დარეგულირდეს:

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის რუსული კომპანიებისგან შესყიდვა აიკრძალება ან შეიზღუდება. ასევე, უნდა შეიზღუდოს იმ რუსული კომპანიების მონაწილეობა [ტენდერებში], რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო“, – აღნიშნულია გამჭვირვალობის კვლევაში, რომელიც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხება.

რუსული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის საკითხით „ბათუმელები“ 2019 წელს დაინტერესდა და შესყიდვების პორტალზე დარეგისტრირებული რუსული კომპანიების სია შესყიდვების სააგენტოდან გამოითხოვა. სააგენტომ სია მხოლოდ სასამართლოში ორწელიწად-ნახევრიანი დავის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოგვაწოდა.

წინა წლებში „ბათუმელების“ მიერ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის საკითხის შესწავლით აღმოჩნდა, რომ 2012 წლიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდში რუსული კომპანიების ფილიალებთან სახელმწიფო უწყებებმა [231 ტენდერში] ხელშეკრულებები, ჯამში, 139 024 429 ლარზე გააფორმეს. 

„ბათუმელებმა“ მაშინ სახელმწიფო ტენდერებში უშუალოდ რუსული კომპანიების მონაწილეობის გადამოწმებაც სცადა, თუმცა შესყიდვების სააგენტომ სისტემაში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების ჩამონათვალი არ მოგვაწოდა – მიუთითა, რომ ამ ფორმით ინფორმაცია დამუშავებული არ ჰქონდათ.

საქართველოს მთავრობაში ადმინისტრაციული საჩივრების უშედეგოდ გაგზავნის შემდეგ „ბათუმელები“ იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის აპრილის თვეში დაავალა შესყიდვების სააგენტოს გაეცა ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. სასამართლო გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი – უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შესყიდვების სააგენტოს სარჩელი დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა სასამართლოს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება.

საბოლოოდ, შესყიდვების სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაცია – რუსული კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც შესყიდვების პორტალზე მიმწოდებლებად იყვნენ დარეგისტრირებულნი, 2,5 წლის დაგვიანებით, 2022 წლის თებერვალში მოგვაწოდა.

 

სახელმწიფო შესყიდვებში მიმწოდებლად დარეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა 2013 წლიდან ყოველწლიურად იზრდება:

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშები

შესყიდვების სააგენტოს 2021 წლის ანგარიში ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად არ ვიცით, რამდენი რუსული კომპანია იყო დარეგისტრირებული ამ წელს შესყიდვების პორტალზე მიმწოდებლად [ის, თუ რამდენი რუსული კომპანიაა დღევანდელი მდგომარეობით დარეგისტრირებული – ეს ინფორმაცია სააგენტოდან გამოთხოვილი გვაქვს და ველოდებით].

იმ მონაცემების მიხედვით, რაც ამ დრომდე გვქონდა, კვლავ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ რუსული კომპანიების ფილიალები სახელმწიფო ტენდერებში [2019 წლიდან დღემდე პერიოდში] რამდენჯერმე გამოავლინეს გამარჯვებულად.

 

შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთი არ ფიგურირებს იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა კომპანიებთანაც ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა ტენდერების შედეგად. ამ მონაცემებით, ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები ფრანგულ კომპანიებთან გაფორმდა, შემდეგ მოდის: უნგრეთის, ლიეტუვის, გერმანიის და ა.შ. კომპანიები.

ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია 2020 წელს არარეზიდენტ მიმწოდებლებთან [უცხოურ კომპანიებთან] გაფორმებული ხელშეკრულებების
ღირებულების გადანაწილება ქვეყნების მიხედვით:

წყარო: შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის ანგარიში

ზოგადად, ომის გამო  რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს რაც შეეხება, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. იგივე პოზიცია დააფიქსირა 16 მარტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: