კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ფულის ძალა სასამართლოში – უთანასწორო ბრძოლა საჯარო სივრცისთვის

05.05.2021 • 9402
ფულის ძალა სასამართლოში – უთანასწორო ბრძოლა საჯარო სივრცისთვის

მშვიდობიანი პროტესტი აზრს კარგავს! – ეს განცდა აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი სივრცეების მშენებლებისგან დასაცავად ჯერ ქუჩაში გავიდნენ, შემდეგ კი სასამართლოს მიმართეს.

სასამართლომ თქვა, რომ ამ საქმეებს განიხილავს, მაგრამ საქმის განხილვამდე სადავო მშენებლობებს არ აჩერებს, რასაც მომჩივანი მხარე დაჟინებით და დასაბუთებულად ითხოვს. ამის შემდეგ კი  მოსამართლეებმა ეს საქმეები თაროზე შემოდეს, ანუ მათი არსებითი განხილვა ჯერაც არ დაწყებულა.

  1. შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტის მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებმა საიასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის იანვარში მიმართეს.
  2. ერთ წელზე მეტია, რაც სარჩელი შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში – ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად საია შპს „რივიერა ბათუმის“ გენგეგმის დამტკიცების კანონიერების შესწავლას ითხოვს. სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უნდა განიხილოს, თუმცა დღემდე მას ამ საქმეზე ერთი სხდომაც კი არ ჩაუნიშნია.
  3. ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობის ნებართვის კანონიერების დადგენის მოთხოვნით, სარჩელი სასამართლოში  2021 წლის მარტში შევიდა, განხილვა არ დაწყებულა.
  4. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2019 წელს გაასაჩივრა ასევე ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გრგ, რომელიც მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ორი 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. არც ამ საქმის არსებითი განხილვა დაწყებულა [ჩამონათვალი არასრულია].

სასამართლო ბათუმის ბულვარში მშენებლობის საქმეზე როცა გადაწყვეტილებას მიიღებს, მშენებლობა დასრულებული იქნება – აქ 10 სართული უკვე ააშენეს.

შპს „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე კი მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, კომპანიას ერთი თაუერისა და ხელოვნური ლაგუნას მშენებლობის ნებართვა აქვს და მშენებლობის დაწყებაში ხელს არაფერი უშლის. რაც შეეხება სამშენებლო პროექტს მწვანე კონცხზე, მშენებლობა უკვე დაწყებულია.

ეს მიდგომა მოქალაქეებს უჩენს განცდას, რომ სასამართლო იმ პოლიტიკის გამგრძელებელია, რომელსაც არჩეული ხელისუფალი თავს ახვევს ამომრჩეველს , როგორც „ინვესტორზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკას“ არგუმენტით, რომ „ ასე დასაქმების ადგილებს ზრდიან და სწორედ ეს არის გადარჩენის შესაძლებლობა.“

ან მთავრობა უბრალოდ ამბობს, რომ „შენება კარგია.“

„სასამართლო არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი. მსგავს საქმეებზე მოსამართლემ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თანაც სწრაფად, რადგან დაგვრჩა ერთადერთი გზა სიმართლის დასადგენად და ეს სასამართლოა. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის წინა ხელისუფლების სასამართლოს მსგავსი, მაგრამ აშკარაა, რომ მიკერძოებულია. როცა დაინტერესება არის სახელმწიფოს მხრიდან, წლობით იწელება პროცესები. სასამართლომ არაკანონიერადაც რომ ჩათვალოს მშენებლობა ბათუმის ბულვარში, მისი დასრულების შემდეგ ამ გადაწყვეტილებას რაღა აზრი ექნება?! პირველ რიგში, დაუცველობის განცდა მიჩნდება“- ამბობს ნინო ნაკაშიძე, ის ერთ-ერთი აქტივისტია მათ შორის, რომლებიც ბოლო პერიოდში აქციებით ცდილობენ გადაწყვეტილების მიმღებთან თავიანთი სათქმელის მიტანას. ეს მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა.

ნინო ნაკაშიძე – მარჯვნივ

შპს „რივიერა ბათუმის“ წინააღმდეგ საქმეში სალომე ცეცხლაძე ერთ-ერთ მოსარჩელედ ფიქსირდება. კომპანია მშენებლობას მისი სახლის ახლოს იწყებს. ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ სალომეს საცხოვრებელი გარემო მნიშვნელოვნად შეიცვლება – 5 თაუერით და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურით დაიფარება დიდი რეკრეაციული სივრცე მის სახლთან. დაიფარება ზღვის ხედი მისი ფანჯრიდან და დაიბლოკება ზღვიდან მომავალი ჰაერის ნაკადი.

სალომე ცეცხლაძე არ არის ერთადერთი, ვისაც ეს ელის.

სალომე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, ახლა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი პასუხები ამ საკითხზე ეჭვსაც შეიცავს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებები მას კითხვებს უჩენს:

სალომე ცეცხლაძე რუპორით ხელში – ბეტონყმობა, აქცია „რივიერას“ წინააღმდეგ, ძველი ბათუმის დასაცავად. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

„ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი წუხილი, წინააღმდეგობა, აზრის გამოხატვა ყოველთვის იყოს სამართლებრივ  ჩარჩოებში მოქცეული, დასაბუთებული და ცივილურ ნორმებში. სასამართლო კი მიმართავს უცნაურ და არაკანონიერ მეთოდებს. ჩვენ არ ვითხოვთ სწორ გადაწყვეტილებებს ჩვენთვის, არამედ ვითხოვთ ქალაქისთვის. ამ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, შევინარჩუნებთ თუ არა ძველ ქალაქს“, – ამბობს სალომე ცეცხლაძე.

„არ მაქვს განცდა, რომ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ სასამართლოში, მაგრამ აზრი მაინც აქვს  პროტესტს, რადგან ჩვენ ვიბრძვით სისტემური ცვლილებისთვის, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს“, – ასეთია კიდევ ერთი აქტივისტის, აზა გაბუნიას მოტივაცია. გარდა იმისა, რომ ის სამოქალაქო პროტესტის აქტიური მონაწილეა, ხშირად თავადაც არის ამ აქციების ორგანიზატორი.

 

მარიამ ქაჯაია: სასამართლო არ ითვალისწინებს ხალხის მოთხოვნას. ვიდრე უკმაყოფილო მოქალაქე არ მიიღებს დასაბუთებულ განმარტებას, რატომ უნდა აშენდეს ან არ უნდა აშენდეს, წინასწარვე ზრუნავს, რომ არ შეფერხდეს ბიზნესინტერესი, როცა შეუძლია პატარა განცდა მაინც გააჩინოს იმისა, რომ დაინტერესდება და შეისწავლის საქმეს საფუძვლიანად [მარიამი „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ ერთ-ერთი მოსარჩელეა].

შპს „რივიერა ბათუმის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი სხდომა უკვე ჩანიშნული ჰქონდა, როცა მომჩივანმა მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ სამშენებლო სამუშაოები  „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე არ გააჩერა. 

საიას იურისტის, გიორგი ანთაძის განმარტებით [ის ამ საქმეს უძღვება, როგორც მომჩივანის ადვოკატი], ვიდრე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, საქმის არსებითი განხილვა ვერ დაიწყება.

რაც შეეხება გენგეგმის დამტკიცების კანონიერების დადგენის საკითხს, საიამ უკვე ორჯერ მიმართა სასამართლოს წერილობით, რომ დროულად უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება. იმ შემთხვევაში კი, თუ უახლოეს მომავალში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე სხდომას არ ჩანიშნავს, ორგანიზაცია მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს: „რადგან ერთ წელზე მეტი პერიოდით საქმის განუხილველად დატოვების მიზეზი არ შეიძლება იყოს გადატვირთულობა.“

აქცია ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ / 13.03.2021/ ფოტო: ცაგო კახაბერიძე

როგორც საიას იურისტი, ასევე მომჩივანი აქტივისტები ეჭვობენ, რომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე საქმის განხილვის დაწყებას შეგნებულად აჭიანურებს.

შპს „ამბასადორი ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა ბათუმის საქალაქო სასამართლომაც, რაც იურისტებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მანამდე კი  მოსამართლემ ეს საქმე განსაკუთრებულად რთული კატეგორიის საქმედ მიიჩნია. რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებას მინიმუმ ხუთი თვე დასჭირდება.

„ამბასადორის“ პროექტთან დაკავშირებული საჩივრის განსაკუთრებულად რთული კატეგორიის საქმედ შეფასება „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტს, ლადო ქუთათელაძეს კითხვებს უჩენს:

„როგორც წესი, ვადის გაგრძელება ხდება მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნახავს, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადაში ვერ ასწრებს. ამ შემთხვევაში საჩივრის მიღებისთანავე, პრაქტიკულად მეორე დღესვე, განსაზღვრა ხუთი თვე, რაც განცდას ტოვებდა, რომ… ძალიან რთულია საქმეს ერთ დღეში ისე გაეცნო, რომ მიხვდე რთულია თუ არა. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის რთული კატეგორიის საქმე, ეს უფრო არის სენსიტიური, აქტუალური საქმე, ვიდრე რთული. ყველასთვის ცნობილია, თუ როგორი მნიშვნელოვანია აქ ვადა, რადგან მშენებლობა მიმდინარეობს. “

იურისტების დაკვირვებით, რომლებიც წლების განმავლობაში მსგავს თემებზე მუშაობენ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასამართლო საჯარო სივრცეებთან დაკავშირებული დავებისას ძირითადად არ იყენებს მიმდინარე მშენებლობის ან ნებართვის შეჩერების შესაძლებლობას. სწორედ ამის გამო ხშირად დავა აზრს კარგავს, თუმცა მოსამართლეებს ეს საკითხი უმეტესწილად არ აღელვებთ. სასამართლოში იმ იმედით მისული მოქალაქეები კი, რომ დავა დროულად და ეფექტურად გადაწყდებოდა, სასამართლოს მიმართ ნდობას კარგავენ. 

„იანვარში გაიცა ნებართვა „ამბასადორის“ მშენებლობაზე, იანვარშივე  გავასაჩივრეთ, მაგრამ ის არც ზემდგომმა უწყებამ, სამინისტრომ და არც სასამართლომ არ შეაჩერა. სასამართლომ გვითხრა, რომ  გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, როცა იქ მშენებლობა სრულდება. დავა აზრს კარგავს, რადგან ნაკლებად საეჭვოა მოქალაქისთვის, რომ ამხელა ფინანსური ინვესტიციის პირობებში, შემდგომში სასამართლო ამის დემონტაჟის გადაწყვეტილებას არ მიიღებს“, – ამბობს იურისტი ეთერ გვრიტიშვილი, რომელიც პროექტ „ამბასადორის“  წინააღმდეგ დავის პროცესში „ბათომს“ წარმოადგენს.

რაც შეეხება დასაბუთებას, როცა სასამართლო ამბობს, რომ მშენებლობას არ აჩერებს, იურისტის თქმით, იყენებენ ძირითადად შაბლონურ განმარტებას, რომელიც თითქმის ყველა მსგავს საქმეზე იდენტურია: „ხანდახან შთაბეჭდილება გვრჩება, რომ სასამართლო საქმის მასალებს მთლიანად არც ეცნობა.“

საერთო ჯამში, იურისტების შეფასებით, პრაქტიკა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით გარანტირებული უფლებაა. არადა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შექმნას ისეთი გარემო, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება ხელმისაწვდომობა დროულ მართლმსაჯულებაზე.

6 მაისს ორგანიზაცია „ბათომმა“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან მიიღო უწყება, რომ შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობის შეჩერების საკითხს [ ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა] 22 აივნისს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავენ.

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 40-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს – ამის შესახებ კომპანია თავისსავე  გავრცელებულ სარეკლამო მასალებში წერს.  ხოლო „რივიერა ბათუმი“ 70 მილიონზე მეტის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

___

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

ამავე თემაზე:

 

ფულის ძალა – „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობა ბათუმის ბულვარში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: