კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხეშია – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

22.12.2020 • 2591
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხეშია – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ის ინგლისურენოვან კრებულში „მემკვიდრეობა საფრთხეშია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომისა“ და „იკომოს-საქართველოს“ სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებს ეხება.

„…კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა თავისი ისტორიული მახასიათებლები. რამდენიმე მათგანი მიზანმიმართულად დაანგრიეს. ბევრ შემთხვევაში ძველი შენობები ჩანაცვლდა მრავალფუნქციური, უმასშტაბო, შეუსაბამო ნაგებობებით.

ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ისტორიული ქალაქის ზომიერი და ადამიანური მასშტაბი, ძველი კვარტალების ინტიმურ-კამერული გარემო, განაშენიანების რიტმი, სტილისტური სისადავე, ტრადიციული გამწვანების ხასიათი. მნიშვნელოვნად დაზარალდა ბათუმის ისტორიული კონტექსტი – XIX-XX მიჯნის ურბანული ქსოვილი – რომელიც წარმოადგენდა ძველი ქალაქის მთავარ ხიბლს, მის მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას, მისი „ადგილის სულს,“ – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე საუბარია პროექტ „ბათუმი – რივიერაზე“, რომლის ფარგლებში ბათუმის ისტორიული პორტის არეალში ცათამბჯენების აგება იგეგმება.

„…წარმოდგენილი პროექტი საბოლოოდ გაანადგურებს ბათუმის, როგორც ზღვისპირა ქალაქის იდენტობას და ამოქოლავს იმ ერთადერთ ჯერ კიდევ შემორჩენილ ღია სივრცეს, რომლითაც ბათუმის ისტორიული ბირთვი უკავშირდება ზღვას და გარე სამყაროს, რაც ადგილობრივების პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწვევს“ – ვკითხულობთ სტატიაში.

სტატია ილუსტრირებულია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ცვლილებების ამსახველი ფოტომასალით.

კრებული-ანგარიში „მემკვიდრეობა საფრთხეშია“, 1999 წლიდან გამოდის. გამოცემის მიზანია გამოავლინოს საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობა და საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას გაუზიაროს პრობლემების გადაჭრის გზები.

2019 წელს საქართველოდან წარდგენილი იყო სამი ანგარიში – ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა; დავით გარეჯის მონასტრები და ხადის კულტურული ლანდშაფტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: