მთავარი,სიახლეები

ლტოლვილები ლაპარაკობენ, რას ააშენებენ ომის შემდეგ – ქართველი მზარეული უკრაინიდან

16.03.2022 • 2439
ლტოლვილები ლაპარაკობენ, რას ააშენებენ ომის შემდეგ – ქართველი მზარეული უკრაინიდან

„იმის მიუხედავად, რომ ჯოჯოხეთური დღეები გამოიარეს, ბუნკერში მყოფი ლტოლვილები იცინიან, მღერიან კიდეც და მუდმივად საუბრობენ აშენებაზე. ლაპარაკობენ იმაზე, ეს ომი რომ დამთავრდება, ვინ რას იზამს, რას ააშენებს,“ – უყვება „ბათუმელებს“ ირაკლი ბერიძე. ის რვა წელია დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად.

ირაკლი და მისი უკრაინელი მეუღლე მზარეულები არიან. ომის დაწყებიდან მალევე მათ შესთავაზეს უკრაინის დატოვება და უსაფრთხო ქვეყანაში გაყვანა, თუმცა ოჯახმა დარჩენა და უკრაინისთვის დახმარება გადაწყვიტა.

  • მოგვიყევით, სად იმყოფებით ახლა, თუ შესაძლებელია ადგილის დასახელება, ვისთან ერთად და როგორ სიტუაციაში ხართ?

სამწუხაროდ იმ ადგილის დაკონკრეტება, სადაც ჩვენ ვართ ამჟამად, არ შემიძლია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ივანო-ფრანკივსკის ოლქში ვმუშაობთ რესტორანში მე და ჩემი მეუღლე.

რაც შეეხება სიტუაციას, შეიძლება ითქვას, რომ აქ სიმშვიდეა. საომარი მოქმედებები აქ არ ყოფილა. ერთადერთი ფაქტი, რისი აღნიშვნაც შეიძლება, ივანო-ფრანკივსკის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ბომბები ჩამოყარეს.

იმდენად უსაფრთხო გარემოში ვართ, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა გარემოება. აღმოსავლეთ უკრაინასთან შედარებით, სადაც ყოველდღიურად იბომბება ქალაქები, აქ შეიძლება ითქვას, რომ სიმშვიდეა. უსაფრთხოების მეტი დონეა. შესაბამისად სხვადასხვა ქალაქიდან ლტოლვილების გამოდინება ხდება აქ.

  • როგორი გახდა ომის დროს თქვენი ყოველდღიურობა? რა შეიცვალა? რამდენად რთულია ამ ცვლილებებთან შეგუება?

უკრაინაში ჩამოვედი 2014 წლის ნოემბერში. მას შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ კულინარიაში. ის რამდენიმე ათეული რესტორნის ბრენდშეფია, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ჩემი მეუღლე უძღვება ოპერატიულ მხარეს, მე კიდევ – ტექნიკურ მხარეს. ერთად ვმუშაობთ.

რვა წლის განმავლობაში ჩვენ ასე ვცხოვრობთ. ვიყავით საქართველოში, გვქონდა საინტერესო პროექტი, შევასრულეთ და წამოვედით. ომამდე ივანო-ფრანკივსკის ოლქში დაგვპატიჟეს უკრაინული რესტორნის გახსნაზე. დავიწყეთ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, როგორც ხდება. ჩამოვედით აქ ოჯახით – მე, მეუღლე და ჩვენი ოთხი წლის ქალიშვილი ნიკოლი.

რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რაც მოიტანა ომმა, ვფიქრობ, ჯერ ბოლომდე არც კი გვაქვს გათვითცნობიერებული, რა არის ეს, რა მოხდა.

ისეთი გიჟური რიტმი გვაქვს მუშაობის, რაიმეზე სერიოზულად დაფიქრების დროც კი აღარ გვრჩება.

ერთადერთი, რაც დარწმუნებით ვიცით, ისაა, რომ აღარაფერი არ იქნება ისე, როგორც ადრე იყო. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ამას რა დაერქმევა, უკვე ალბათ ომი რომ დასრულდება, მაშინ გავიგებთ. გვჯერა, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ამ ერს სურს, როგორც ჩვენ გვსურს.

  • როგორი განწყობაა თქვენს ნაცნობ უკრაინელებში?

ყოველი უკრაინელი, არ აქვს მნიშვნელობა დიდი, პატარა, ბავშვი, მოხუცი, ქალი, კაცი, მწოლიარე, მდგომარე, დღესდღეობით არის გაასმაგებული ენერგიით დამუხტული. ყველა ასეა – ისინიც, ვინც ახლა ტოვებს უკრაინას, ისინიც, ვინც დიდი ხანია დატოვა უკრაინა და ისინიც, ვინც ოდესღაც იძახდა, რომ უკრაინა არ შედგებოდა.

არ არსებობს ემოცია, რომელიც ამაზე ძლიერი იქნება. არის რაღაც რაღაცები, რაც თვალნათლივ ჩანს. ვფიქრობ, რომ ეს არის ერის გამოწრთობის პროცესი. საბოლოო ჯამში, ყველას ერთი აზრი აქვს, იმის მიუხედავად, რომ შიში და სიფრთხილეა ახლა უკრაინაში გამეფებული.

  • ვიცი, რომ შემოგთავაზეს პოლონეთის საზღვრამდე მიყვანა. თქვენ უარი თქვით? თუ შეგიძლიათ, იმ დღის და თქვენი გადაწყვეტილების შესახებ მოგვიყევით.

ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ოჯახში ვთქვით, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ლვოვში გვაქვს ბინა, თუმცა გადავწყვიტეთ არსად წავსულიყავით. დავინახეთ, რომ აქ უფრო საჭირო ვიქნებოდით, ვიდრე დიდ ქალაქში.

ომის დაწყებიდან მესამე ღამეს ადგილობრივები შეიკრიბნენ. დაახლოებით 500 ადამიანი. დაგვიძახეს ჩვენც, რესტორნის პერსონალს, ვინც ვმუშაობდით და გაგვაცნეს გეგმა, სამომავლოდ რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ყველა ადამიანი უსაფრთხოდ ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ პირველ დღეებში რუსული არმია უფრო უტევდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს, მოსალოდნელი იყო, რომ ლტოლვილების ნაკადი მოაწყდებოდა უკრაინის დასავლეთ ნაწილს.

იმ ღამესვე, რესტორნის მეპატრონემ, რომელიც მოხალისეა ომის დაწყების დღიდან [ვგულისხმობ 2014 წელს], გადაწყვიტა რესტორანი დაუთმოს ლტოლვილებისა და სამხედროების მომსახურებას. გვკითხეს, ჩვენ თუ ვიყავით თანახმა ასეთ პირობებში გვემუშავა, რაზეც თანხმობა მიიღეს.

იყო საშიშროება დაბომბვის სერია გადმონაცვლებულიყო დასავლეთ უკრაინამდე და მოეღწია ჩვენამდე. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მინიმალურად მაინც უნდა შეიარაღებულიყო.

ჯერ უნდა მოეტანათ იარაღი, შემდეგ ესწავლებინათ მოსახლეობისთვის იარაღის მოხმარება. პარალელურად დაიწყო ექსტრემალურ სიტუაციაში მოქცევის და პირველადი დახმარების გაწევის სწავლება, რაშიც მე პირადად მივიღე მონაწილეობა, რადგან მქონდა გამოცდილება. 5 წლის განმავლობაში საზღვაო აკადემიაში ვისწავლე პირველადი დახმარება და ხანძართან ბრძოლის წესები.

დღის განმავლობაში მზარეული ბიჭები ვმუშაობთ რესტორანში. დღეში დაახლოებით 500-700 ადამიანს ვემსახურებით. რაც შეეხება სამხედროებს, საკვებს ადგილზე ვამზადებთ და მერე უკვე თავისი ტრანსპორტით მიაქვთ, ნაწილებში ანაწილებენ.

დავინახე, რომ ხალხი არის ერთიანი, ერთ აზრზე დგას, შეიარაღდა, უმოკლეს დროში ისწავლა როგორ უნდა გადაარჩინოს სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანის სიცოცხლე. დავინახე, რომ რესტორანში მოდიან ბიზნესმენები დასავლეთ უკრაინიდან. მოდიან განწყობით, რომ დაეხმარონ არმიას და რესტორნის მეპატრონის საშუალებით სხვადასხვა დახმარებას უგზავნიან უკრაინის ჯარს. აი, ამ ყველაფერს რომ უყურებ, ხვდები, რომ შენი ადგილი არის აქ.

რადგან მე ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე და მყავს პატარა ბავშვი, შემომთავაზეს, ხომ არ გადავიდოდი პოლონეთში. შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. იმიტომ, რომ მივხვდი, აქ არის ჩემი ადგილი, ამ ხალხს ვჭირდები, ეს ხალხი მჭირდება, ეს ჩემი შვილის სამშობლოა. აქ დაიბადა, აქ იზრდება და უკრაინულ ენაზე ლაპარაკობს. 

ერთ საღამოს, როდესაც რესტორანი დაიხურა, შესვენების შემდეგ გადავნაწილდით საგუშაგოებზე, იქ შეიკრიბნენ ადგილობრივები. ვადგენდით სიას, ვინ სად უნდა წასულიყო მომდევნო დღეებში. მაშინ მითხრეს, რომ სჯობდა გავცლოდი აქაურობას, რადგან რუსებს განსაკუთრებით აღიზიანებთ აქაური მოსახლეობა, აქაური ეთნოსი.

წარმოიდგინეთ, 25 ადამიანი შენს პასუხს ელოდება. აი, რას იტყვი, ნებისმიერ სიტყვას აქვს სხვანაირი დატვირთვა. დაახლოებით იციან, რომ იტყვი – თქვენი მესმის, მაგრამ ოჯახი უნდა გადავარჩინო, წავიდე, წავიყვანო და ა.შ. ეს იკითხებოდა მათ თვალებში. ხვდებოდნენ, რომ უნდა წავიდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც იკითხებოდა, რომ ამდენი რამე ერთად გავიარეთ, ასე დავახლოვდით ერთმანეთთან და ამის მერე დასანანია, რომ ასე დაშორდე ადამიანებს… ოჯახს. გასაგებია, რომ ომია და უნდა იყოს გასაგები, თითქოს…

მე ვუთხარი მტკიცედ, რომ როცა ომი დასრულდება და არავინ არ იცის როდის დასრულდება და რანაირად, შვილი რომ გაიზრდება და მკითხავს, როცა ჩვენს ერს ანადგურებდნენ, შენ რატომ გაიქეცი, რა ვუპასუხო? პასუხი არ მექნება, შემრცხვება… ამასთანაც, მე აქ ვგრძნობ თავს საჭიროდ და თქვენც თუ თანახმა იქნებით, დავრჩები-მეთქი. მათი გაბრწყინებული თვალები არასდროს არ დამავიწყდება.

ერთი წამითაც კი არ გვინანია ოჯახს ეს გადაწყვეტილება. უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მებრძოლი ბიჭების წყალობით, უკრაინის და ჩვენი ქართველი ბიჭების შეუპოვარი ბრძოლების წყალობით, ჯერ აქეთ ვერ ბედავენ გადმოსვლას და იქნებ ისე მოხდეს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს მალე და ნაკლები მსხვერპლის ხარჯზე.

  • მოგვიყევით უკრაინელი დევნილების შესახებ, რომელთანაც გიწევთ შეხება. ძირითადად ქვეყნის რომელი რეგიონებიდან მიდიან და რომელ ქვეყნებში?

კოტეჯში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული უკრაინული ოჯახები არიან შემოსახლებული. თავიდან ხალხი რომ მოდიოდა და ივსებოდა, გული მიმძიმდებოდა, ისეთ ისტორიებს ჰყვებოდნენ.

საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი აპლიკაცია გვაქვს ჩართული, ის შეგვახსენებს ხოლმე, რომ ამ რაიონში არის საჰაერო თავდასხმის საშიშროება. როგორც კი გაისმის სიგნალი, წყდება ყველანაირი სამუშაო პროცესი, ჩავდივართ ბუნკერში, პერსონალი, რესტორანში მოსული სტუმარი – ყველა. დაახლოებით 500 კაცზე არის გათვლილი.

ბუნკერი არის მომარაგებული წყლით, პირველადი დახმარების საშუალებებით, სამედიცინო საშუალებებით, საკვებით. უფრო მეტად მშრალი საკვებით. მაგ დროს უფრო გვეძლევა ლტოლვილებთან გასაუბრების საშუალება.

ზოგჯერ ბუნკერში ჩასვლა არ გვინდა. იმიტომ, კი არა, რომ გვეშინია ან სხვა რამე. ყოველ ჩასვლაზე ისეთ გულის განმგმირავ ისტორიებს ვისმენთ, თავს ძლივს ვიკავებთ.

საჰაერო დარტყმის განგაშის სიგნალი დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდება. მომხდარა ისე, რომ საათ-ნახევარი, ორი საათი გაგრძელებულა. ამ დროის განმავლობაში ჩუმად ხომ ვერ იქნება ადამიანი? ერთმანეთს ეკონტაქტება ხალხი.

იმის მიუხედავად, რომ ჯოჯოხეთური დღეები გამოიარეს, იცინიან, მღერიან და მუდმივად არის საუბარი აშენებაზე, ეს ომი რომ დამთავრდება, ვინ რას იზამს, რას ააშენებს.

ძირითადად ლტოლვილები არიან ჟიტომირის ოლქიდან, ვინიცას ოლქიდან, კიევიდან, ირპენიდან. აქ ერთსა და იმავე ხალხს ვერ ნახავთ, ორ-სამ დღეს რჩებიან. მოდიან, აქ ისვენებენ, ჩერდებიან ორი-სამი დღით, შემდეგ გადიან სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან უფრო მოსახერხებელია სლოვაკეთის ან პოლონეთის საზღვრამდე მისვლა.

___________________

ფოტოზე: ირაკლი ბერიძე ოჯახთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: