კანადაში მცხოვრებმა 35 წლის მარკეტოლოგმა და ყოფილმა ჟურნალისტმა კრისტიან ბორისმა შექმნა გამოსახულება, რომელიც ცნობილია, როგორც „წმინდა ჯაველინი“.
წარმოშობით უკრაინელ კრისტიან ბორისის მიერ შექმნილ გამოსახულებაზე ღვთისმშობელს ხელში უჭირავს ამერიკული წარმოების FGM-148 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი „ჯაველინი“.
„ჯაველინი“ ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემაა, რომელსაც აშშ-ის არმია და საზღვაო ქვეითი შენაერთები იყენებენ მოწინააღმდეგის ტანკების გასანადგურებლად. თავდაცვითი სისტემა მოქმედებაში მოჰყავს ორ ადამიანს – მსროლელსა და აღჭურვილობით მომმარაგებელს. ეს რაკეტები ერთ-ერთია იმ იარაღთაგან, რომლებსაც დასავლელი მოკავშირეები უგზავნიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
„წმინდა ჯაველინის“ გამოსახულებით ბორისმა შექმნა სტიკერები, მაისურები, ჩანთები და დროშები, რომელთა გაყიდვებიდან შემოსული თანხა უკრაინის დასახმარებლად ირიცხება. ბოლო მონაცემებით, მან 1 მილიონზე მეტი დოლარი შეაგროვა.
„ბიბისი“ წერს, რომ კრისტიან ბორისის ინსპირაცია ამერიკელი მხატვრის კრის შოუს ნამუშევრები გახდა, რომელმაც 2012 წელს დახატა მადონა მოოქრული AK-47-ით [„კალაშნიკოვის“ავტომატით].
მან „წმინდა ჯაველინის“ გამოსახულება ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, ომის დაწყებამდე შექმნა.
„ვიცოდი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, არ მინდოდა ხელდაკრეფილს ჯდომა,“- ამბობს კრისტიან ბორისი.
„პირველ დღეს, როცა ვებგვერდი გავააქტიურე, ორი შეკვეთა მივიღეთ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო შესანიშნავი შედეგი. მეორე დღეს ჩვენ გამოვიმუშავეთ 1000 კანადური დოლარი, ამიტომ დავბეჭდე ეს სტიკერები და გამოვაქვეყნე [სურათი] ინსტაგრამზე 17 თებერვალს. მეორე დღეს 5000 კანადური დოლარის გამომუშავება შევძელით,“ – ჰყვება ავტორი „ბიბისისთან“.
24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს, კრისტიან ბორისმა მიიღო 45,000 კანადური დოლარის ღირებულების შეკვეთები, რომლებიც ორი დღის შემდეგ 170,000 დოლარამდე გაიზარდა.
არადა, მისი თავდაპირველი მიზანი 500 კანადური დოლარის შეგროვება იყო Help Us Help-ისთვის – კანადური საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, რომელიც მუშაობს უკრაინაში, რათა დაეხმაროს დაღუპული ჯარისკაცებისა და ვეტერანების ოჯახებს, რომლებიც განიცდიან პოსტტრავმულ სტრესს. თუმცა ახლა ის გეგმავს, რომ „წმინდა ჯაველინის“ კამპანია გახდეს სრულგანაკვეთიანი სამუშაო და იმედოვნებს, რომ დაიქირავებს მუდმივ პერსონალს, რათა შეძლოს, დაეხმაროს უკრაინას მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შემდეგაც.
კრისტიან ბორისის ვებგვერდი – saintjavelin.com ახლა ყიდის მაისურებს, ჰუდებს, აქსესუარებს, დროშებსა და სტიკერებს „წმინდა ჯაველინისა“ და ზელენსკის გამოსახულებებითა და უკრაინის მხარდამჭერი წარწერებით. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო პროექტებს უკრაინაში.