კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც ქალაქის ისტორიის გადარჩენის გზა

16.03.2022 • 3975
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც ქალაქის ისტორიის გადარჩენის გზა

რა დროს კულტურული მემკვიდრეობაა? – ასეთი რეაქცია აქვთ ძეგლების დამცველებსაც კი, ამ თემაზე საუბრის დაწყებისთანავე მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება უკრაინა-რუსეთის ომზეა მიპყრობილი, როცა ადამიანური დანაკარგი ყოველდღე დრამატულად იზრდება და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი.

ომით გამოწვეული შოკის პარალელურად არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ასეთ დროსაც კი გვახსენებს, რომ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, მაგალითად, მემკვიდრეობაზე. სწორედ ამაზე წერდა ცოტა ხნის წინ გლობალური ხელოვნების ორგანიზაცია Getty.

„უკრაინაში საფრთხეშია ხელოვნების მილიონობით ნამუშევარი და ძეგლი, მათ შორის, ძეგლები, რომლებიც წარმოადგენენ მრავალსაუკუნოვან ისტორიას ბიზანტიიდან ბაროკოს პერიოდებამდე. ასევე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. ერთი მუზეუმი უკვე დამწვარია.“

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ ძეგლებს დაცვა მხოლოდ ომის დროს არ სჭირდებათ. მემკვიდრეობის დამცველებს ბრძოლა უწევთ მერიებში, საბჭოებში, სასამართლოში – წლების შემდეგ მათ ბრძოლებზე წიგნები გამოსცეს და ფილმებიც გადაიღეს.

ისტორიას ახსოვს ფაქტები, როდესაც მათი გავლენები იმდენად გაიზარდა, რომ კონკრეტული ქვეყნების, ქალაქების კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში აისახა დაცვის მექანიზმები, რომლებიც მათ კულტურული მემკვიდრეობის სასარგებლოდ შეიმუშავეს.

ძეგლების დაცვისთვის ბრძოლას საქართველოშიც თავისი ისტორია აქვს, თუმცა წლების გასვლასთან ერთად ეს ბრძოლა გადაწყვეტილებების მიმღებებსა და ძეგლების დამცველებს შორის თანდათან უფრო მწვავდება. ამ ისტორიაში არის გამარჯვებებიც, რომლებიც დამცველებმა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს.

აქცია ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ / 13.03.2021/

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი დონოვან რიპკემა თავის წიგნში – „Economics of Historic Heritage“ [მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა] წერს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების დამთვალიერებლები უფრო მეტს ხარჯავენ ყოველდღიურად და მეტ ხანს რჩებიან, ნახულობენ უფრო მეტ ადგილს, ვიდრე ტურისტები ზოგადად.

„ეკონომიკური გავლენა ზოგადად იზომება სამგვარად: სამუშაო ადგილების შექმნით, ოჯახების შემოსავლების ზრდით და სხვა ინდუსტრიებში მოთხოვნის გაჩენით. ეკონომიკური საქმიანობის დაახლოებით 500 სახეობას შორის ცოტას თუ გააჩნია ადგილობრივ დონეზე ზემოხსენებულ სამ კატეგორიას შორის დაბალანსებული გავლენის ისეთი პოტენციალი, როგორიც აქვს ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაციას“.

ამ მოსაზრებას  ბათუმელი ბიზნესმენების უმრავლესობა არ იზიარებს. დიდი ფულის გაკეთების მარტივი სქემა, რომელიც მათ შემუშავებული აქვთ, 2-3 წელზეა გათვლილი. ეს გეგმა არსებულის დანგრევას და მის ნაცვლად ახალი, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. კორპუსის სახით ბინების გაყიდვის შემდეგ ისინი ტერიტორიას კმაყოფილები ტოვებენ.

კომპანიების უმეტესობას, რომლებმაც ისტორიული სახლები ან შენობები კერძო მესაკუთრეებთან ან მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმებით შეისყიდეს, მათი დანგრევა და ამ ადგილზე ახალი, მრავალბინიანი კორპუსების აშენება სურთ.

კომპანიების ამ სურვილებს ძირითადად ეთანხმება მთავრობა, რომელიც ვერბალურ დონეზე აცხადებს, რომ ძეგლების დაცვა სურს. ჩვენ ვიცით ისეთი შემთხვევებზეც, როცა საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ გადაწყვეტილების მიმღებს უარის თქმა მოუხდა, შემდეგ კი განმცხადებელს რეკომენდაცია მისცა: „მიჩივლე და მომიგე“, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.

ოფიციალური ნებართვების გაფორმებისას მთავრობის არგუმენტებია: კანონით დაცულია საკუთრების უფლება, თუმცა თითქმის შეუძლებელია მაგალითის პოვნა, როცა თავად მთავრობამ ძეგლი ან ძეგლის დაცვის ზონაში არსებული ტერიტორია გაასხვისა ისე, რომ ძეგლის ინტერესები შესაბამისი პირობებით დააზღვია. სამაგიეროდ, ათეულობით მაგალითი ვიცით, როცა ძეგლების ირგვლივ ე.წ. ფონური ნაგებობები გაქრა და მათ ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსები გაჩნდა.

საქართველოს კანონი მემკვიდრეობის შესახებ და არც საგადასახადო პოლიტიკა არ ითვალისწინებს არანაირ შეღავათებს მათთვის, ვინც კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ძალისხმევა გაიღო და სწრაფ, მაღალბიუჯეტიან სარგებელს მემკვიდრეობის გადასარჩენად გრძელვადიანი შრომა ამჯობინა.

აქცია კულტურის სამინისტროსთან / 2.03.2021

საკრებულოს სხდომა, როცა აქტივისტები შევიდნენ დარბაზში კონკრეტული პროექტის გასაპროტესტებლად

წარმატებული მაგალითები

წარმატებულ მაგალითებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანებზე, რომლებმაც მემკვიდრეობის ღირებულება კარგად გაიაზრეს, დონოვან რიპკემა წერს:

„არ არსებობს სანდო მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივმა ისტორიულმა უბნებმა შეამცირა უძრავი ქონების ღირებულება. უმეტეს შემთხვევაში, ისტორიულ უბნებში დაცვის ქვეშ არსებული უძრავი ქონების ღირებულება მეტია, ვიდრე ადგილობრივი ბაზრის სხვა უძრავი ქონების და უფრო მაღალი, ვიდრე მსგავს უძრავ ქონებაზე იმ უბნებში, სადაც დაცვის ზონები არ არის. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ადგილობრივი ისტორიული უბნის დაცვის ზონებში არსებული უძრავი ქონების ღირებულება იცვლება მთლიან ბაზარზე ცვლილებების შესაბამისად.“

ბათუმში ამის წარმატებულ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ კაფე „დელირია“.

დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ახლა ამ კაფე-რესტორნის ადგილას მრავალბინიანი კორპუსი ყოფილიყო, თუმცა მესაკუთრეს ძალისხმევის გაღება არ დაეზარა მის გადასარჩენად და ისტორიული სახლი და მისი ეზო მიმზიდველ ტურისტულ ადგილად აქცია. ფაქტია, რომ ახლა მისი ღირებულება ბევრად მაღალია და დიდი ალბათობით, სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

გარდა ამისა, „დელირია“ ყველა იმ ეკონომიკურ კრიტერიუმს  აკმაყოფილებს, რომლებზეც დონოვან რიპკემა წერდა. აქ დასაქმდნენ ადამიანები, კაფე იხდის  გადასახადებს და თანდათან ფართოვდება, ცოტა ხნის წინ ამ სივრცეს საცხობიც დაემატა.

კაფე „დელირია“

ფარნავაზ მეფის #116-ში მდებარე ისტორიული სახლის მეპატრონეს დიდხანს  ესაუბრებოდა ინვესტორი პირობებზე – ის მიიღებდა სახლს და მასზე დამაგრებულ ნაკვეთს საკუთრებაში, თუ აქ მრავალბინიან კორპუსს ააშენებინებდა. მოლაპარაკება არ შედგა. დღეს ამ სახლში ფუნქციონირებს კაფე, რომლის ფასადიც უკრაინის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.

ბათუმი, ფარნავაზ მეფის 116

„ფერები დამთხვევაა, ადრე შევარჩიეთ, თუმცა მხარს ვუჭერთ უკრაინას და ჩვენს კაფეში უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს უფასოდ ვუმასპინძლდებით. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს აქცია, ვმართავთ კონცერტს, შემოსულ თანხას კი უკრაინელ ლტოლვილებს გადავცემთ“, – ამბობს დიაგო ჟვანია, კაფეს მენეჯერი.

შვიდი წლის წინ 24 წლის ლილუმ [მეგობრები ასე ეძახიან] ბათუმში, საცხოვრებელ სახლში, ჰოსტელი და კაფე გახსნა, შემდეგ შემოქმედებითი საღამოების მოწყობა დაიწყო და ასე აქცია საკუთარი სახლის მისამართი თავშეყრის ადგილად დასვენებისა და გართობისთვის.

„არასოდეს დავთანხმდებოდი, რომ ვინმეს დაენგრია ის და კორპუსი ჩაედგა. სახლი ძველია, რაც ტურისტებს აინტერესებთ და მოსწონთ, მეც ვუყვები მათ ამ სახლის ისტორიას. ამ სახლში ესენინი ცხოვრობდა, ერთი კვირა უცხოვრია, მაგრამ მაშინ გათბობა არ გვქონია, გაცივებულა და მეგობართან გადასულა“, – ამბობს ილონა ივანოვა.

ლილუ, იგივე ილონა ივანოვა ამბობს, რომ „შენი საყვარელი ადგილის გადასარჩენად უნდა მოუსმინო გულს და გამოიჩინო კრეატიულობა, გააკეთო ისე, როგორიც გსურს, რომ იყოს შენი გარემო.

აუცილებელი არ არის დიდი ფულის დახარჯვა, საერთოდ რომ არ შეეხონ და ისეთ გარემოში, როგორიც ეს სახლია გააკეთონ სასტუმრო, ესეც შესაძლებელია. სამომავლოდ გალერეის გახსნაზეც ვფიქრობ.“

სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ისტორიული სახლები, კომერციული ობიექტები და მოედნები, რომლებიც ადამიანებს მეხსიერებაში რჩებათ, გვიამბობენ ქალაქის ისტორიასა და კულტურაზე, ქმნიან ურბანულ მეხსიერებას, ეს კი ტურისტული ინტერესის ერთ-ერთი განმაპირობებელია.

ქალაქის ისტორიის წაშლის შემთხვევაში კი ინტერესი ქალაქის მიმართ მკვეთრად დაიკლებს.

 

ამავე თემაზე: 

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – პასუხი არ არის

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: