დღეს ყველა წუხს, მაგრამ ხვალ ალბათ მხოლოდ სტატისტიკაში ასახავს ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალგაზრდა თეა ვადაჭკორიას დაღუპვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც გადაუგზავნიან, სადაც ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა.
ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, თეა ვადაჭკორია, აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო და გუშინ, 15 მარტს, დაიღუპა ქობულეთის შემოვლით გზაზე. ამავე ავარიის დროს 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, აჭარის განათლების მინისტრი.
უცნობია ოფიციალური სტატისტიკა, კონკრეტულად რამდენი დაშავდა და დაიღუპა უშუალოდ ქობულეთის შემოვლით გზაზე. მხოლოდ „ბათუმელების“ არქივის მიხედვით, 2018 წლიდან დღემდე ქობულეთის შემოვლით გზაზე თეა ვადაჭკორია უკვე მე-11 დაღუპულია.
ამ გზაზე ამავე პერიოდში დაიღუპა 5 ბავშვი, დაშავდა 35 ადამიანი.
ამ ციფრების მიუხედავად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ქობულეთის შემოვლით გზას „შავ წერტილადაც“ არ ხედავენ.
თეა ვადაჭკორია ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 15 მარტს, დაიღუპა
ამ პროცესში საინტერესოა ორი ამბავი: რატომ არ არის ამ დრომდე მიჩნეული „შავ წერტილად“ ქობულეთის შემოვლითი გზა, სადაც უკვე მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა?
საინტერესოა ესეც: რატომ არ ადასტურებს გზების დეპარტამენტი, რომ ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიანი მას შემდეგ გახდა, როცა იქაც ავარია გახშირდა და ეს სატენდერო დოკუმენტებში პირდაპირ წერია.
„შავი წერტილი“ საკანონმდებლო ტერმინია და ის კანონში „საავტომობილო გზების შესახებ“ 2020 წლის შემდეგ ასეა განმარტებული:
„შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
ბ) ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.“ – წერია კანონში.
„კანონის ეს ჩანაწერი გვაქვს უკვე 2 წელია, მაგრამ რეალურად არ ვიცით, დაადგინა თუ არა სადმე შესაბამისმა ორგანომ „შავი წერტილები“, – გვიყვება ირაკლი იზორია, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი. – „უცნობია, რა გაკეთდა იმისთვის, რომ „შავი წერტილი“ აღარ იყოს ან საერთოდ, დადგინდა თუ არა სადმე „შავი წერტილები“, შეისწავლა თუ არა სპეციალური ინსპექტირების ჯგუფმა იგივე ქობულეთის შემოვლითი გზის უსაფრთხოება.“
ირაკლი იზორია განმარტავს, რომ „შავი წერტილის“ დადგენის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ შესაბამისმა უწყებებმა: გზის სავალი ზოლის დამატება იქნება უფრო ეფექტური, ცალმხრივ მოძრაობაზე გადასვლა, სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის შემცირება, თუ სხვა რამ.
გზების დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ „შავ წერტილებს“ პერიოდულად ადგენენ [საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში გვეტყვიან კიდეც მისამართებს], მაგრამ ქობულეთის შემოვლით გზას ეს არ ეხება. აქ ირწმუნებიან, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა და ხშირი ავარიის მიზეზი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა და არა საავტომობილო გზის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.
„ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზა დაგეგმარებულია, დაპროექტებული და აშენებულია საერთაშორისო სტანდარტების და ნორმების შესაბამისად. მოწყობილია შესაბამისი საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა: საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები, გარეგანათების ქსელი, ასევე, მოწყობილია სიჩქარის მაკონტროლებელი კამერები, მიმდინარეობს 24-საათიანი პატრულირება. ეს გზა სრულად შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო სტანდარტებს. დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საფუძველი ამჟამად არსებული მდგომარეობით საგზაო უსაფრთხოების კუთხით არ არსებობს.
სამწუხარო ფაქტია გუშინ რაც მოხდა, გამოძიება იმედია დაადგენს ავარიის მიზეზს, თუმცა ეს არ უკავშირდება უშუალოდ გზის უსაფრთხოებას“, – დარწმუნებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე წურწუმია.
სალომე წურწუმიას თქმით, უწყების სპეციალური სამსახური სწავლობს და აანალიზებს პერიოდულად ავტოსაგზაო შემთხვევებს და დასკვნებს, რომლებიც ავარიის საქმეებში იდება.
როგორ არის გზა უსაფრთხო, როცა დაახლოებით ერთსა და იმავე მონაკვეთზე უკვე მე-11 ადამიანი დაიღუპა? – ვკითხეთ ჩინოვნიკს.
„ფაქტების ანალიზი უნდა განახორციელოთ სწორად, უნდა გამოიკვლიოთ საფუძვლები და ნახავთ, რომ მივდივართ არა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, არამედ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, რაც უკავშირდება უშუალოდ მძღოლების კომპეტენციას: ესაა შემხვედრ ზოლში გადასვლა, წყვეტილი ხაზის დარღვევა, გასწრების წესების დარღვევა. ქობულეთის შემოვლით გზაზე დადგენილი სიჩქარე 90 კმ. საათია, რაც ასევე შეესაბამება კანონმდებლობას და საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრულ ნორმებს.
არც ერთი შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე არ უკავშირდება საავტომობილო გზის უსაფრთხოებას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სალომე წურწუმიამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ. მისი მტკიცებით, ქობულეთში მომხდარი ავარიები 300-მეტრიან მონაკვეთში არ იყო და ამიტომაც არ მიენიჭა ადგილს „შავი წერტილის“ სტატუსი.
„სპეციალური ჯგუფი ადგილზე უნდა სწავლობდეს ასეთ ადგილებს…“ – მიიჩნევს ირაკლი იზორია, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი. – „ევროპის ქვეყნებში აქამდე დიდი ხნით ადრე იქნებოდა განგაშის სიგნალი ჩართული. ვერ ვიტყვი, რომ შემოვლითი გზის ეს მონაკვეთი ვიწროა ან მოსახვევებია, მაგრამ შესაძლოა უფრო მეტად ეფექტური აღმოჩნდეს „უკონტაქტო პატრული“, იქნებ სიჩქარის მეტად დაკლებაა გამოსავალი…“
„ოთხზოლიანი რომ გახდეს მოძრაობა, საჭიროა, ინტენსივობა გახდეს უფრო მაღალი. უნდა არსებობდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა… სავალი ზოლი ავარიების გამო არ დამატებია ქუთაისის შემოვლით გზას, ეს დაემატა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გამო,“ – ამბობს სალომე წურწუმია, გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც ასევე ვკითხეთ, რატომ გახადეს ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიანი, სადაც ხშირად ხდებოდა ავარია და იღუპებოდნენ ადამიანები.
გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წავუკითხეთ ჩანაწერი ამავე უწყების 2018 წლის სატენდერო დოკუმენტაციიდან, როცა ქუთაისის შემოვლით გზაზე ზოლების დამატება გადაწყვიტეს:
„გამოკვლევა აჩვენებს, რომ ოთხზოლიან მონაკვეთებზე დაკვირვება ფატალური ავარიებისა გაცილებით დაბალი დონეა, მაგრამ ტრავმული დაშავებების დონე ან იგივეა, ან მაღალია. საერთაშორისო გამოკვლევები ადასტურებს, რომ ფატალური/მძიმე შედეგებით უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად, ორ-სამჯერ უფრო დაბალია ოთხზოლიან გზაზე, ვიდრე ორზოლიანი სავალი ნაწილის მქონე გზაზე (საქართველოს მონაცემებში არ არის დაყოფილი მძიმე/მსუბუქი უბედური შემთხვევები),“ – წერია კვლევაში, რომლის საფუძველზეც გზების დეპარტამენტმა გაამართლა მიზნობრიობა – რატომ უნდა დამატებოდა სავალი ზოლი ქუთაისის შემოვლით გზას.
„არ ვიცი, რა დოკუმენტს კითხულობთ, სატენდერო დოკუმენტაცია იქნება 3 ათასი გვერდი და მხოლოდ ავარიებზე არ იქნება საუბარი… უნდა დასაბუთდეს ზოლის დამატების საჭიროება,“ – გვითხრა გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ, დოკუმენტიდან ციტატის წაკითხვის შემდეგ.
———–
ქობულეთის შემოვლით გზაზე რაიმეს შეცვლის საჭიროება ხელისუფლებას არც წინა წლებში დაუნახავს, მაგალითად, 2019 წელს, როცა ამავე გზაზე 15 წლის ლიკა დაიღუპა, მასთან ერთად მყოფი 2 წლის ბავშვი კი, მამასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ ტრაგედიამდე ორი თვით ადრე, 2019 წლის ივლისში, გზის იმავე მონაკვეთზე ცოლ-ქმარი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა, მეორე დღეს კი დაღუპული მშობლების 6 წლის ბიჭიც გარდაიცვალა კლინიკაში. სპეციალისტები ამ გზის უსაფრთხოებაზე ეჭვებს 2018 წელსაც გამოთქვამდნენ, როცა იმავე მონაკვეთში ტყუპი ბავშვები და მამა დაიღუპნენ.
კიდევ ერთი ცოლ-ქმრის სიცოცხლე ამავე გზაზე მომხდარ ავარიას 2016 წლის 28 აგვისტოს ემსხვერპლა.
ქობულეთის შემოვლით გზაზე 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ის შეცვალა, რომ იქ ამოყირავებული მანქანა განათავსა უსაფრთხოდ მოძრაობის კამპანიის ფარგლებში, თუმცა რამდენიმე დღეში ამ სიმბოლური მანქანის წინ ავარია ისევ მოხდა – კიდევ 4 ადამიანი დაშავდა. იმის მიუხედავად, რომ ამ შემთხვევაშიც ცხადად გამოჩნდა შსს-ს გადაწყვეტილების უსუსურობა, ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი შსს-ს ან რომელიმე სხვა უწყებისთვის კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად.
ხედავს თუ არა ამჯერად რაიმეს შეცვლის საჭიროებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ქობულეთის შემოვლით გზაზე – კითხვა დღესაც უპასუხოდ დატოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მთავარი ფოტო: ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმბოლურად ამოტრიალებული მანქანა ჰქონდა განთავსებული, 2019 წლის ფოტო.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/232597/