თურქული მედიკამენტების შემოტანამდე იგივე წამლები ქართულ აფთიაქებში 35 მილიონით მეტი დაჯდებოდა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 100 000-ზე მეტმა ადამიანმა იყიდა, რაშიც 15 მილიონი ლარი გადაიხადეს. ძველი ფასებით კი, ამავე მედიკამენტებში 35 მილიონი ლარით მეტი – 50 მილიონი ლარის გადახდა უწევდათ.

„მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამ ორ თვეში, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაზოგვა. რაც შეადგენს 35 მლნ ლარამდე თანხას“, – თქვა აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, სამინისტროს ცნობით ჩამონათვალი იზრდება.

თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნას წინ უძღოდა მრავალწლიანი მწვავე განწყობები საზოგადოებაში და საპროტესტო კამპანიები საქართველოში მედიკამენტებზე მაღალი ფასების გამო.

ამავე თემაზე:

აზარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში წამლების ხელმისაწვდომი ფასის კონტროლის მიზნით, დაწყებულია მუშაობა მედიკამენტების რეფერენტული ფასების დადგენისთვის. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აწესებს მაქსიმალურ ზედა ზღვარს, თუ რა ფასად უნდა გაიყიდოს მედიკამენტები ან მათი იმპორტი. მინისტრის თქმით, რეფერენს ფასებით ხელმძღვანელობა საქართველოში უახლოეს თვეებში იქნება შესაძლებელი.

„ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია წამლის ფასების ბალანსირებისა და ფინანსური ხელმისაწვდომობისთვის. რეფერენს ფასებით ხელმძღვანელობა აპრობირებული მექანიზმია მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში და უახლოეს თვეებშიც იქნება საქართველოში“.

მანძილის შეზღუდვის უფლება არავის აქვს, ვფიქრობ, ეს დროებითია – პედაგოგი ექსკურსიების შესახებ

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ბოლო სამი წელი აკრძალული იყო ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა, მართ შორის სასკოლო ექსკურსიებიც. შესაბამისად, ბავშვებს, ქალაქად თუ სოფლად, ძირითადად დროის გატარება დახურულ სივრცეებში ან სახლში უწევდათ. წელს, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ბევრმა სკოლამ დაგეგმა სასკოლო ექსკურსია, თუმცა ამჯერად შეზღუდვები სკოლებს განათლების სამინისტრომ დაუწესა. გარდა იმისა, რომ ბავშვები ვეღარ შეძლებენ ღამისთევით ტურში წასვლას, მათ მანძილიც შეეზღუდათ.

მარი ხარიტონაშვილი გეოგრაფიის მასწავლებელია და მას ექსკურსიებზე ხშირად დაჰყავდა თავისი მოსწავლეები. სასწავლო წლის ბოლოს, თავის სადამრიგებლო კლასთან ერთად დაგეგმილი აქვს ექსკურსია. შექმნის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციები პრობლემას, რაში ეთანხმება და რაში არა ამ შეზღუდვებს? – ამ თემაზე ესაუბრა პედაგოგი „ბათუმელებს“.

  • ქალბატონო მარი, თქვენ როგორც აქტიური პედაგოგი, ალბათ ხშირად დადიხართ ბავშვებთან ერთად ექსკურსიაზე. ხედავთ პრობლემას არსებულ შეზღუდვებში?

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ისედაც ყველაფერი აკრძალული იყო ბოლო სამი წელი და ამ წლის ბოლოს, რადგან პანდემია შესუსტებულია და რეგულაციებიც მოიხსნა, ბევრი ექსკურსიაა დაგეგმილი სკოლაში.

მე-11 სადამრიგებლო კლასი მყავს, ასევე მაქვს ეკოტურისტული კლუბი და ხშირად გავდიოდით ხოლმე პანდემიამდე ექსკურსიაზე. ახლაც, სასწავლო წლის ბოლოს ვაპირებთ გასვლას. რადგან გეოგრაფიის მასწავლებელი ვარ, ყველა კლასმა მთხოვა მერჩია, სად წასულიყვნენ. ბევრ ბავშვს უნდა ექსკურსიაზე წასვლა.

ბუნებრივია, სამინისტროს ბრძანებას უნდა დავემორჩილოთ, მოგვწონს თუ არა, მაგრამ ბავშვების ინტერესებიც უნდა დავიცვათ.

  • ყველაზე მეტი კითხვა გააჩინა ჩანაწერმა, რომელიც ამბობს, რომ ღამისთევით არ შეუძლიათ ბავშვებს ექსკურსიაზე წასვლა და ასევე, 150 კმ-ის რადიუსში შეუძლიათ მხოლოდ გადაადგილება. რამდენად გამართლებულია ეს ჩანაწერი?

თბილისიდან, უხეშად რომ გავთვალოთ, ლიხის ქედამდე არ გვეკრძალება გადაადგილება და ამ რადიუსში სადღაც გორი, ხაშური, ქვემო ქართლი რომ ავიღოთ, ამ მანძილზე შეგვიძლია ღირსშესანიშნაობების მონახულება. ყაზბეგამდე მგონი ვერ წავალთ ამ რეგულაციით. კახეთიც შესაძლოა მოხვდეს ამ სიაში, ასე თუ ისე ჩავეტევით დროში.

ვფიქრობ, თბილისის შემოგარენშიც იმდენი რამის ნახვაა შესაძლებელი, თუნდაც 150 კმ-ის საზღვრებში, რომ მე, პირადად, ხელს არ მიშლის ეს შეზღუდვაც.

არ არის აუცილებელი დასავლეთ საქართველოში გადავიდე, იმერეთი, რაჭა ან სვანეთი მოვინახულოთ მანამ, სანამ ეს რეგულაციები იქნება.

მე მესმის სამინისტროსიც, რადგან იყო ტრაგიკული შემთხვევები ექსკურსიების დროს. ხშირია ისეთი შემთხვევაც, როცა ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტით გადაადგილდებიან ბავშვები და არ არის უსაფრთხოების წესები სათანადოდ დაცული. ის, რაც მოხდა, ვთქვათ, ორი წლის წინ ლაგოდეხის ნაკრძალში, ამ წესების გაუთვალისწინებლობით იყო გამოწვეული.

მასწავლებლებმაც მიიღეს გამოცდილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და თუ აქამდე მდინარე ჩვეულებრივ გასართობად მიაჩნდათ, ახლა იციან, რომ ამას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს და ამიტომ გვეუბნებიან, რომ მოერიდეთ მდინარეს.

სულაც არ არის აუცილებელი, რომ ექსკურსიაზე მდინარის პირას მივიყვანო ბავშვი. ბავშვი ბავშვია და ბუნებრივია, რომ მას ფეხის დასველებაც მოუნდება. მშვიდად რომ ვიყოთ და ბავშვიც უსაფრთხოდ იყოს, სჯობს ზაფხულში მშობლებთან  ერთად წავიდეს მდინარეზე და ისე იბანაოს.

ექსკურსია არ არის პიკნიკი, სადაც  ოჯახი მიდის და, ბუნებრივია, იქ ბავშვებს მეტი თავისუფლება აქვთ. ჩვენ ექსკურსიის დროს ცოტა ვიზღუდებით, თუმცა ეს არ გამორიცხავს შემეცნებით გართობას.

რაც შეეხება ღამისთევას, მე 25 წელია სკოლაში ვარ და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მოსწავლეები ღამისთევით წასულიყვნენ ექსკურსიაზე. მხოლოდ მეთორმეტე კლასელებისთვის იყო ნებადართული ღამისთევით წასვლა და ისიც ბანკეტის შემდეგ.

  • მაგალითად, თუ ჯავახეთის მონახულება სურთ მოსწავლეებს, სურთ მოიარონ ზარზმა, ვარძია, რაბათი, არის შესაძლებელი ღამისთევის გარეშე წახვიდე ასეთ ტურში, გქონიათ ამის პრაქტიკა?

სხვათა შორის, ზარზმაშიც ვყოფილვართ და ძალიან კარგად ჩავეტიეთ ერთ დღეში. ახალციხიდან გადავდივართ, საკმაოდ შორსაა, დაახლოებით 200 კმ. იქნება, მაგრამ თუ სწორად დაგეგმავ ტურს, ვფიქრობ, ამ დროშიც ჩაეტევი.

მე, პირადად, ექსკურსიებს ჰიდროგრაფიული რუკით ვგეგმავ. ჯავახეთში მოგზაურობის დროს მივდივართ თურქეთის საზღვრამდე, სადაც ტბებია და გზადაგზა სწორედ ამ წყალსაცავებსა და ტბებს ვიკვლევთ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ გეგმავ მარშრუტს, რა გინდა, რომ ნახო, საქეიფოდ მიდიხარ, გასართობად თუ შემეცნებითი მარშრუტი გაქვს დაგეგმილი – ეს არის მნიშვნელოვანი.

თუ 5-6 საათი სმას და ქეიფს უნდა მოანდომო, რაც ხდება ხოლმე ტრადიციული ექსკურსიებზე, რადგან მშობლებიც მიიჩნევენ, რომ თუ ექსკურსიაზე მიდიხარ, შეიძლება ცოტა დალიო კიდეც და გაერთო. ეს სხვა მხარეა, ასეთ დროს მარშრუტის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, პრობლემაა.

ზარზმაში როცა ვიყავით, გზაში არ გავჩერებულვართ, მხოლოდ რაბათში გავიარეთ და უკან დავბრუნდით, წავიხემსეთ ტრანსპორტში.

  • არ არის რთული დიდი მანძილის ერთ დღეში დაფარვა? ბავშვები თუ იღლებიან? არის მეორე მომენტიც, როცა მძღოლი მთელი დღე საჭესთანაა, ეს უფრო არ ზრდის რისკებს?

ამაში გეთანხმებით. როდესაც ასეთი მარშრუტებია, ჩვეულებრივ ყოველთვის ორი მძღოლი გვახლავს ხოლმე. მე გიდადაც ვმუშაობ და იქაც ყოველთვის ორი მძღოლია, როცა შორ მანძილზე მივდივართ. ეს ჩვენს რეგულაციებშიც შედის. პატარა მარშრუტზე ერთი მძღოლიც საკმარისია.

  • სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შესაძლებელია ერთდღიანი ტურიც დაგეგმოო ამბობთ, მაგრამ სამინისტროს რეგულაციით, მარშრუტი ისედაც შეზღუდულია, რომც დაგეგმო, მაინც ვერ წახვალ.

ეს 150 კილომეტრი რატომ გადაწყვიტეს, ვერ გეტყვით. დიახ, ეს აჩენს კითხვებს. ვთქვათ, 180 კილომეტრი გავიარე, ამ პატარა დარღვევით რა იცვლება? არ ვიცი. ალბათ იმიტომ ჩაწერეს, რომ ზუსტად ეს ღამისთევის მომენტი არ იყოს.

  • თუმცა რისკებისგან არც მოკლე მანძილზე ვართ დაზღვეული. ხომ არ აჯობებს კონტროლი გამკაცრდეს ტექნიკურ ნაწილზე, მძღოლის პროფესიონალიზმი შემოწმდეს და ასევე, სტანდარტი გაიწეროს.

დიახ, შემთხვევებისგან არც მოკლე მანძილზე ვართ დაზღვეული. რეგულაციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, როცა გომბორზე მძიმე შემთხვევა მოხდა. რა თქმა უნდა, აუცილებელია ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა, მძღოლის კვალიფიკაცია, თუმცა მგონია, რომ მანძილის შეზღუდვა სწორედ ამას უკავშირდება, რომ ერთ დღეში ჩაეტიოს ექსკურსია.

  • ეს თქვენი ვარაუდია, თუ ბრძანებაში წერია, რომ დროებითია. ჩვენ არ გვინახავს ასეთი ჩანაწერი, რომ დროებითია.

არავის აქვს უფლება გადაადგილება შეგვიზღუდოს, ასეთ კანონს ვერ შემოიღებენ. მით უმეტეს, ექსკურსია ნებისმიერ ქვეყანაში არის შემეცნებითი აქტივობა, სადაც არავის აქვს მანძილის შეზღუდვის დაწესების უფლება. ამას ვერავინ დაწერს, ფიზიკურად ვერ დააწესებ ასეთ შეზღუდვას. ვფიქრობ, ეს დროებითია და როგორც ექსკურსიების ჩატარებაზე მოხსნეს შეზღუდვა, მანძილთან დაკავშირებითაც მოიხსნება შეზღუდვა, ვფიქრობ, 2-3 კვირაში.

  • ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში და აქვთ ინტერესი მოინახულონ თუნდაც თბილისი ან სხვა რეგიონი, ვერ შეძლებენ მოგზაურობას, თუკი ეს რეგულაცია დარჩება. თუ ვინმე იტყვის, რომ მშობელმა წაიყვანოს, ვიცით, რომ ყველა ოჯახს, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არ აქვს შესაძლებლობა იმოგზაუროს. ეს ხომ არ გამოწვევს ასეთი ბავშვების ერთ სივრცეში ჩაკეტვას?

ვფიქრობ, დროებითი რეგულაციებია პანდემიიდან გამომდინარე. ყველა ერთბაშად რომ არ მიაწყდეს და ეს სამი წლით გამოკეტილი ბავშვები გაგიჟებული არ გავარდნენ ტყე-ღრეში და უარეს რაღაცას არ გადაეყარონ.

მგონია, 1-2 თვეში ეს რეგულაცია მოიხსნება, რადგან ვიცით, რომ ეს არის თავდაცვის დროებითი მექანიზმი. ეს ასე ვერ დარჩება.

  • როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ექსკურსია სხვადასხვანაირად აღიქმება ბავშვების წარმოდგენებშიც და მშობლებიც სხვანაირად აღიქვამენ ალბათ. თქვენ ფიქრობთ, რომ სულ სხვა დატვირთვა აქვს ბავშვების  სივრცეში გაყვანას. რა არის ექსკურსიის მთავარი მიზანი?

ნებისმიერი ექსკურსია უნდა იყოს, პირველ რიგში, შემეცნებითი, შემდეგ შეიძლება გართობაც. რადგან ექსკურსია არ არის მარტო ბურთის თამაში და ჭამა-სმა. მით უმეტეს, რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება ხშირად ვატაროთ ბავშვები ექსკურსიაზე. მაქსიმუმ ორჯერ წავიყვანოთ წელიწადში.

საქართველოში იმდენი რამ არის სანახავი, შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ მოიარო. ამიტომ უნდა დაგეგმო მარშრუტი სწორად. ჩვენ სულ ვსვამთ ხოლმე კითხვებს – რა გვინდა, რომ ვნახოთ, სად წავიდეთ, ტურისტი რომ ვიყო, რას ვნახავდი პირველად? ვმსჯელობთ და შემდეგ ვთანხმდებით ტურზეც.

რა თქმა უნდა, არც გზა უნდა იყოს მოსაწყენი, რადგან გზად, ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი შეიძლება შეგვხდეს. ამიტომ გუგლის რუკაზე ვინიშნავთ იმ ადგილებსა და ობიექტებს, რაც გზად შემოგვხვდება. როცა ბავშვი არკვევს, რამდენი დასახლებული პუნქტია ამ გზაზე, სად რომელი მდინარე ჩამოდის, რომელი კულტურული ძეგლი შეიძლება იყოს ახლომახლო, ამაზე უამრავ ინფორმაციას იღებს გზაშივე და შემდეგ ამ კონკრეტულ ძეგლებსაც ხედავს. ასე ბევრად კარგად აღიქვამენ და იმახსოვრებენ ისტორიასაც და გეოგრაფიასაც.

გორში თუ მივდივართ, უფლისციხესთანაც უნდა გავიაროთ, არა. ბევრმა არ იცის,  ქრისტესშობამდე ამ ქალაქს ქურუმთა ქალაქს რატომ ეძახდნენ, რას ნიშნავს ქურუმი, როგორ აშენდა ეს კომპლექსი, არ იციან და შეიძლება ამ გზაზე მოუყვე ბავშვებს ეს ისტორია. მოყოლისას შეიძლება  გამოტოვო რაიმე საკვანძო ელემენტი და იკითხო რა გამოვტოვე? ვერ წარმოიდგენთ, როგორ ჩასაფრებულნი არიან და როგორ ეძებენ ინფორმაციას.

ასე, რომ გზაც შეიძლება ძალიან სახალისო და საინტერესო გახადო.

  • როგორ ფიქრობთ, მარშრუტების შეზღუდვა ადგილობრივი მუზეუმების დატვირთვას ხომ არ გამოიწვევს? შეიძლება უფრო მეტს მოუნდეს მუზეუმების ნახვა. 

მუზეუმებში ვიზიტები თუ გააქტიურდება, ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან მუზეუმის ნახვის კულტურა სამწუხაროდ ჩვენს მოსწავლეებს არ აქვთ. ხშირად ამბობენ, რომ მოსაწყენია, იქ რა უნდა ვნახო, ბევრმა არ იცის რეალურად მუზეუმის დანიშნულება. ასე, რომ ამ კომპონენტის გააქტიურებაც კარგი იქნება.

ესპანეთში მენსტრუალური შვებულების უფლება დაწესდა

გეგმის მიხედვით, რომელსაც ესპანეთის მთავრობა მომავალ კვირას დაამტკიცებს, ქალებს, რომლებსაც აწუხებთ ძლიერი მენსტრუალური ტკივილი, უფლება ექნებათ ჰქონდეთ თვეში სამ დღემდე ვადით შვებულება.

„ტელეგრაფი“ წერს, რომ რეფორმის მიღების შემდეგ ესპანეთი გახდება პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც შესთავაზებს დასაქმებულებს მენსტრუალური შვებულების უფლებას.

ამჟამად მენსტრუალურ შვებულებას იძლევიან მხოლოდ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორისაა: იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდონეზია და ზამბია – სამხრეთ აფრიკაში.

ესპანეთის გინეკოლოგიისა და მეანობის საზოგადოების თანახმად, ქალების დაახლოებით მესამედს აწუხებს მტკივნეული მენსტრუაცია – დისმენორეა.

დისმენორეის სიმპტომებია მუცლის მწვავე ტკივილი, თავის ტკივილი, დიარეა და ცხელება.

„თუ ვინმეს აქვს დაავადება ასეთი სიმპტომებით, მას ენიჭება დროებითი ქმედუუნარობის სტატუსი, ასე რომ, იგივე უნდა მოხდეს მენსტრუაციასთან დაკავშირებით – ძალიან მტკივნეული მენსტრუაციის მქონე ქალს სახლში დარჩენის უფლება უნდა მიეცეს,“ – განაცხადა ბარსელონას ყოველდღიურ გაზეთ El Periodico-სთან საუბრისას თანასწორობის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა ანგელა როდრიგესმა.

„ყოველ მეოთხე ქალს არ შეუძლია აირჩიოს ჰიგიენის ის პროდუქტები, რომელთა ყიდვაც სურს, ფინანსური მიზეზების გამო,“ – თქვა მან, „სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ, რომ მათი უფასოდ გაცემა იყოს შესაძლებელი საგანმანათლებლო და სოციალურ ცენტრებში“.

რეფორმის თანახმად ჰიგიენური საფენები და ტამპონები ასევე უფასოდ გადაეცემა მარგინალიზებულ სოციალურ ვითარებაში მყოფ ქალებს, ასევე, ამ პროდუქტებზე სუპერმარკეტებში გასაყიდი ფასიდან ამოღებული იქნება დღგ.

„ტელეგრაფის“ ცნობით, იმავე რეფორმის პაკეტში, ასევე, იგეგმება 16 და 17 წლის ახალგაზრდებისთვის აბორტის სერვისებზე წვდომა მშობლების ნებართვის გარეშე.

„ასეთი კონფლიქტის ბირთვულ ომში გადაზრდის რისკი ყოველთვის არსებობს“ – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს კიდევ ერთხელ მიანიშნებს უკრაინის  „კონფლიქტის სრულმასშტაბიან ბირთვულ ომში გადაზრდაზე“. მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე დამაკნინებელი ეპითეტებით მოიხსენიებს დასავლეთს და წერს, რომ „არ უნდა მოატყუოთ არც საკუთარი თავი და არც სხვები“.

მედვედევის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„უცხოელი ანალიტიკოსების მსჯელობა NATO რუსეთის ომზე არ ცხრება. ამასთან, დასავლეთის „მოლაპარაკე თავების“ ცინიზმი სულ უფრო და უფრო აშკარაა. ყველანაირად ცდილობს დღის წესრიგში შემოიტანო თეზისი, რომ რუსეთი მსოფლიოს ბირთვული კონფლიქტით ემუქრება. ტრამპიც კი ბოლოს ამ თემით გამოჩნდა, თუმცა ისიც გასაგებია, რომ ბაიდენის ჯიბრით. და, რა თქმა უნდა, თავისი წვრილი ხმით წრიპინებენ ევროპელები.

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული „პროქსი ომის“ [ეს არის დიდი სახელმწიფოს მიერ წამოწყებული ომი, რომელშიც თავად არ მონაწილეობს] პირობებში, მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გავიმეორე ის, რაც გონიერი ადამიანებისთვის ისედაც ცხადია:

1. NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება, მისი სამხედროების მომზადება დასავლური ტექნიკა რომ გამოიყენონ, დაქირავებული მებრძოლების გაგზავნა და ალიანსის ქვეყნების წვრთნების გამართვა ჩვენს საზღვრებთან, ზრდის NATO-სთან პირდაპირი და ღია კონფლიქტის ალბათობას უკვე არსებული „პროქსი ომის“ ნაცვლად.
2. ყოველთვის არსებობს ასეთი კონფლიქტის სრულმასშტაბიან ბირთვულ ომში გადაზრდის რისკი.
3. ეს ყველა სცენარით კატასტროფული იქნება.

აი, სულ ესაა. ამიტომაც არ უნდა მოატყუოთ არც საკუთარი თავი და არც სხვები. უბრალოდ, უნდა იფიქროთ საკუთარი ქმედებების შესაძლო შედეგებზე და არ დაიხრჩოთ საკუთარი ნერწყვით რუსოფობიის შეტევებისას“.

ფინეთის ნატოში შესვლა საფრთხეა რუსეთისთვის – კრემლი

ფინეთის შესვლა ნატოში რუსეთისთვის საფრთხეა – ამის შესახებ დღეს, 12 მაისს, განაცხადა ჟურნალისტებთან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიიღებს ზომებს ამ სიტუაციის საპასუხოდ, რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მისი თქმით, რუსეთის პრაქტიკული ქმედებები ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლაზე დამოკიდებული იქნება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საზღვართან.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება გაფართოების პროცესი გამოხატული, რამდენად მიუახლოვდება [ალიანსის] სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს“, – თქვა პესკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ფინეთი შეუერთდა იმ არამეგობრულ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში გადაიდგა რუსეთის მიმართ“.

დღეს, 12 მაისს, ფინეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებს.

„ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოს გაწევრიანებისთვის“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გაავრცელეს.

___________________

ფოტო: EPA-EFE/YURI KOCHETKOV

ამავე თემაზე: 

„ფინეთი უნდა შეუერთდეს ნატოს“ – ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადება

 

უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრისას არქეოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრისას აღმოაჩინეს უძველესი ამფორები, რომლებიც ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით IV-V საუკუნით თარიღდება.

ინფორმაცია თავდაპირველად ოდესის 126-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ გაავრცელა, რომელიც გაზიარებული აქვს ოდესის არქეოლოგიურ მუზეუმსაც თავის ფეისბუქის გვერდზე.

წყაროს ინფორმაციით, არქეოლოგიური ნიმუშები ჯარისკაცებმა სწორედ ოდესის არქეოლოგიურ მუზეუმს გადასცეს.

უკრაინაში ჯარისკაცებმა საფორტიფიკაციო სამუშაოების დროს არქეოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს

„ბრიგადის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში საფორტიფიკაციო სამუშაოების დროს ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4-5 საუკუნეებით დათარიღებული უძველესი ამფორები.

126-ე ბრიგადის მეთაურის გადაწყვეტილებით, უძველესი არტეფაქტები გადაეცა ოდესის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებმაც პირობა დადეს, რომ აღმოჩენილ ექსპონატებს სამუზეუმო კოლექციას დაამატებენ“, – წერს თავდაცვის ბრიგადა თავის ფეისბუქზე.

„სამი და“ – სპექტაკლი ბათუმის დრამატულ თეატრში | ანონსი

დღეს, 12 მაისს, 19 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლი „სამი და“.

პიესის ავტორია მარიამ მეღვინეთუხუცესი, რეჟისორი – სანდრო კალანდაძე, მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე და ბექა ხაჩიძე.

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. უფასო ბილეთის აღება შესაძლებელი იქნება სალაროში.

„სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია თეატრის დასთან, რომელზეც შესაძლებლობა გვექნება ერთად ვიმსჯელოთ სპექტაკლში გაჟღერებული თემების გარშემო“ – აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე.

პროექტი ხორციელდება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

______________

ფოტოზე: სცენა სპექტაკლიდან „სამი და“.
ფოტო: ბექა ცირეკიძე/tbilisiinternational.com/ge

ბათუმში უახლოეს დღეებში არ იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 14-15 მაისს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რაც შეეხება ამინდის გრძელვადიან პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბათუმში ორშაბათიდან, 16 მაისიდან, კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

„სიმენსი“ რუსეთს ტოვებს – „ვგმობთ ომს უკრაინაში“

გერმანული კონცერნი „სიმენსი“ რუსულ ბაზარს ტოვებს. კომპანიამ დღეს, 12 მაისს, გაავრცელა პრესრელიზი, რომ ამჟამად მიმდინარეობს რუსეთში ყველა ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის პროცესი.

კომპანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზია რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე.

„ვგმობთ ომს უკრაინაში და გადავწყვიტეთ, დავიწყოთ თანმიმდევრული პროცესები რუსეთში ჩვენი სამრეწველო ბიზნესსაქმიანობის შესაჩერებლად.

თუ გავითვალისწინებთ ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ჩვენს მოვალეობასა და მომხმარებელთან მრავალწლიან ურთიერთობას ბაზარზე, სადაც თითქმის 170 წელია აქტიურად ვმუშაობთ, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ამჟამად ვაფასებთ ჩვენს ხალხზე გავლენას და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში.

ამავდროულად, ვაწვდით ჰუმანიტარულ დახმარებას ჩვენს კოლეგებსა და უკრაინელ ხალხს და ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას მშვიდობისკენ მოწოდებაში,“ – განაცხადა როლანდ ბუშმა, Siemens AG-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

„სიმენსს“ 3000 თანამშრომელი ჰყავს რუსეთში.

„სიმენსი“ მუშაობს ელექტროტექნიკის, ენერგეტიკული, ტრანსპორტის, სამედიცინო აღჭურვილობისა და განათების, ასევე, სპეციალიზებული მომსახურების სხვადასხვა სფეროში. კომპანიის სათავო ოფისები ბერლინსა და მიუნხენში მდებარეობს.

___________________

ფოტო: EPA-EFE/LUKAS BARTH

სანქციების გამო, რუსეთი ტანკებში მაცივრების ჩიპებს იყენებს – აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

შეერთებული შტატების სანქციებმა რუსეთი იძულებული გახადა, ზოგიერთი სამხედრო ტექნიკისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და მაცივრების კომპიუტერული ჩიპები გამოიყენოს – ამის შესახებ, ვაჭრობის მდივანმა, ჯინა რაიმონდომ აშშ-ის სენატში გამოსვლისას ისაუბრა.

მისი გამოსვლის დეტალებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს.

„გვაქვს ცნობები უკრაინელებისგან, რომ როდესაც ისინი ხელში იგდებენ რუსეთის სამხედრო ტექნიკას, ეს ტექნიკა სავსეა ნახევარგამტარებით, რომლებიც ამოღებულია ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან“, – თქვა ჯინა რაიმონდომ და დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ ის უკრაინის პრემიერ-მინისტრის შეხვდა.

The Washington Post აღნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის დეტალების სამხედრო ტექნიკაში გამოყენების შესახებ ინფორმაციის პირველწყარო არიან უკრაინის ოფიციალური პირები, რომლებიც ჰყვებიან, რომ რუსულ ტანკებში აღმოაჩინეს ასეთი დეტალები, რომლებითაც სხვა კომპონენტები იყო ჩანაცვლებული.

თავის გამოსვლაში ვაჭრობის მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელი ცნობებით, ტანკების ორი რუსული მწარმოებელი იძულებული გახდა, კომპონენტების ნაკლებობის გამო ტექნიკის გამოშვება შეეწყვიტა.

„ჩვენი მიზანი იყო რუსეთს ვეღარ მიეღო მაღალტექნოლოგიური პროდუქცია, რომლის ნაკლებობაც სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაში ხელს შეუშლიდა. ზუსტად ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა.

სწორედ ჯინა რაიმონდოს უწყება კურირებს რუსეთში ექსპორტს, რომელზე შეზღუდვაც სანქციების პაკეტის უდიდეს ნაწილს შეადგენს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში შეერთებული შტატების ტვირთები, მათ შორის ნახევარგამტარები, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, ლაზერები, საავიაციო ელექტროტექნიკა და საზღვაო ტექნოლოგიები 85 პროცენტითაა შემცირებული, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

კომპიუტერის ჩიპები, იგივე ნახევარგამტარები, ის ტვინია, რომელიც თანამედროვე ელექტრონული ტექნიკის უმრავლესობას ამუშავებს. რუსეთი თვითონ ძალიან მცირე რაოდენობით აწარმოებს ამგვარ ჩიპებს და ყოველთვის დამოკიდებული იყო აზიისა და დასავლეთის კომპანიების იმპორტზე.

მსოფლიოს უდიდესმა კომპანიებმა თებერვალშივე უარი თქვეს რუსეთისთვის ტექნოლოგიების მიწოდებაზე, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება დაიწყეს.

აშშ-ის გარდა კიდევ დაახლოებით 30-მდე ქვეყანამ დაუწესა რუსეთს ექსპორტზე ანალოგიური შეზღუდვა, რომელიც ბელარუსზეც ვრცელდება.

მთავარი ფოტო: ჯინა რაიმონდო, აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

„ფინეთი უნდა შეუერთდეს ნატოს“ – ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადება

ფინეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებენ.

ამის შესახებ განაცხადეს დღეს, 12 მაისს, დილას, ქვეყნის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა.

„ფინეთი უნდა შეუერთდეს ნატოს“ – განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა.

„ფინეთი გააძლიერებს ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოს გაწევრიანებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, სწრაფად გადაიდგმება უახლოეს დღეებში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შემდეგი ნაბიჯი საპარლამენტო პარტიების მოსაზრებები იქნება ამ თემაზე, რომელიც არაუგვიანეს მომავალ კვირაში უნდა გაჟღერდეს.

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ანგარიში შეცვლილი უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, საპარლამენტო დებატებამდე – აპრილში წარმოადგინეს.

როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ანგარიშში გაცხადებულია, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოში გაზრდის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ბალტიის ზღვის რეგიონში. ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე „რუსეთის რეაქცია არ იქნება პოზიტიური“.

ფინური მედიის ცნობით, ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ფინეთში ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტი.

სავარაუდოდ კვირას, 15 მაისს, გახდება ცნობილი შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიციაც ნატოში გაწევრიანების შესახებ. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ თავის პოზიციას 15 მაისს დააფიქსირებს. მედიის ცნობით, შვედეთში ნატოში გაწევრიანების საკითხს უფრო სკეპტიკურად უდგებიან, ვიდრე ფინეთში.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ  უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ განაცხადეს.

____________

ფოტოზე: ფინეთის პრემიერი სანა მარინი

ბულვარში შოურუმების მოსაწყობ ადგილებზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადეს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ, მოახლოებულ საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბულვარში სეზონური საქმიანობისთვის რამდენიმე მცირე ზომის ნაკვეთის გასასხვისებლად ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

შოურუმების, იგივე საინფორმაციო ცენტრების მოსაწყობად, ბულვარმა ოთხ ადგილას – სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ, კობალაძისა და მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ, ასევე, ეგრეთ წოდებულ ეშმაკის ბორბალთან, 20 -20 კვ.მეტრი ფართობი გამოიტანა გასასხვისებლად.

აუქციონებში გამარჯვებულებს  საიჯარო ხელშეკრულებები 2023 წლის პირველ იანვრამდე გაუფორმდებათ.

ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონზე გასასხვისებლად, ასევე, ახალ ბულვარში არსებული საპირფარეშოც გაიტანა.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 12 მაისი

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 650 ადამიანი
  • ტანკი – 1 195 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 873 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 534 ერთეული
  • MLRS – 191 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87 ერთეული
  • თვითმფრინავი – 199 ერთეული
  • ვერტმფრენი – 161 ერთეული
  • გემი/ნავი – 13 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 398
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 019
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 94
  • სპეცტექნიკა – 41

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 12 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 164 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 821 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 303 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 013 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 364 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 471 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 824 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხარკოვიდან ჯარების გაყვანა რუსეთის უუნარობის ჩუმი აღიარებაა – ბრიტანეთის დაზვერვა

ხარკოვიდან ჯარების გაყვანა რუსეთის უუნარობის ჩუმი აღიარებაა – ბრიტანეთის დაზვერვა

12 მაისის განახლებაში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ვრცელ პოსტს უძღვნის ხარკოვის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და აღნიშნავს, რომ რუსეთი ახლა იზიუმთან ძალების გაძლიერებას შეეცდება.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევებს ხარკოვის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრისკენ. მათ უკვე დაიკავეს რამდენიმე ქალაქი და სოფელი. დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებებისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ, ხარკოვის ოლქში მყოფი რუსეთის სამხედრო დანაყოფები დაუცველი გახადა მობილური და ძალიან მოტივირებული უკრაინული კონტრშეტევების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების ინფორმაციით, მოსკოვმა ხარკოვის ოლქიდან თავისი დანაყოფები დიდი დანაკარგების შემდეგ ძალების შესავსებად და გადასაჯგუფებლად გაიყვანა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მოსკოვი თავის სამხედრო დანაყოფებს მდინარე სევერსკი დონეცის აღმოსავლეთ ნაპირებისკენ გადაისვრის და ამით შეეცდება, მოახერხოს ძალების ფორმირება დასავლეთის ფლანგზე მყოფი ჯარებისა და იზიუმში მიმდინარე საომარი მოქმედებებისთვის მასალების მიწოდების ძირითადი გზების დასაცავად.

„ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა ნიშნავს რუსეთის უუნარობის ჩუმ აღიარებას, რომ მან ვერ შეძლო დაეკავებინა უკრაინის ის საკვანძო ქალაქები, სადაც კრემლი მოსახლეობის სუსტ წინააღმდეგობას ელოდა“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

11 მაისის განახლებაში, უწყება კუნძულ ზმეინზე მიმდინარე ბრძოლებს მიმოიხილავდა და აღნიშნავდა, რომ  რუსეთი კვლავაც ცდილობს იქ მყოფი თავისი გარნიზონის გაძლიერებას.

მთავარი ფოტო: ხარკოვი დაბომბვის შემდეგ/სააგენტო Unian

2 შენობა ბათუმის ბულვარში 421 ათას ლარად გაასხვისეს

ორი ქონება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრონული აუქციონით, მაღალი კონკურენციის პირობებში, 421 910 ლარად გაასხვისა. აუქციონში მითითებული პირობის მიხედვით, ქონებას ერთი წლის ვადით, 2023 წლის პირველ იანვრამდე, იჯარის წესით გაასხვისებენ.

ორივე შემთხვევაში ელექტრონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული ფასი ბევრად აჭარბებს ქონების საწყის ღირებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბულვარში კომერციული სივრცეების ათვისებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.

961 კვ.მეტრი შენობა და მასთან დაკავშირებული ნაკვეთი იჯარის წესით 217 300 ლარად გასხვისდა, ამ ქონების საწყისი ფასი 82 000 ლარი იყო, ბიჯი – 2460 ლარი. ელექტრონულ ვაჭრობაზე ორი კონკურენტი მონაწილეობდა, მათ ქონების ფასი 53 ბიჯით გაზარდეს. გასხვისებულ შენობაში კლუბი „სექტორი 26“  იყო განთავსებული.

„ბათუმელების“ ინფრომაციით, ამ ადგილზე ისევ ეს კლუბი იქნება.

აუქციონის პირობებში მითითებული ინფორმაციით, ეს ქონება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე ვადით გასხვისდა

აუქციონის წესით გასხვისდა ასევე შენობა, სადაც კლუბი „სოჰო“ იყო განთავსებული. ქონების საწყისი ფასი 79 000 ლარი იყო და ის 204 610 ლარამდე გაიზარდა.

 

ბულვარის ადმინისტრაცია აუქციონებს აცხადებს

 

 

 

 

 

„ეს არის მცდელობა კანონმდებლობა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ“ – საია ბათუმის საკრებულოზე

„საია მოუწოდებს პარლამენტს, კანონმდებლობის ცვლილებების ინსტრუმენტი არ გამოიყენოს თვითნებურად, მხოლოდ ცალმხრივი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კრიზისი გადაჭრას არა დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი ინიციატივებით, არამედ ამომრჩეველთა ნების რეალიზაციაზე ორიენტირებული, დროებითი ანტიკრიზისული ნორმებით,“ – ამ რეკომენდაციით მიმართავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტს, სადაც აპირებენ კონკრეტულად ბათუმის საკრებულოსთვის „საარჩევნო კოდექსი“ შეცვალონ.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილებისთვის საკრებულოს შეკრება საჭირო აღარ იქნება.

„წარმოდგენილი ინიციატივა მმართველი პოლიტიკური ძალის კიდევ ერთი მცდელობაა, კანონმდებლობა საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგოს,“ – აღნიშნულია საია-ს მიერ დღეს, 11 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

„სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია სადეპუტატო უფლებამოსილების დაწყების კონტექსტში ორი საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრების გამიჯვნის საჭიროება. ნებისმიერი საარჩევნო სისტემის მიზანია, ამომრჩევლის ნება გარდაისახოს მანდატში. კენჭისყრის დღეს მოსახლეობა თავის არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ კონკრეტული პერსონისთვის (მაჟორიტარი) ხმის მიცემისას, არამედ ის თანხმობას აცხადებს, საკრებულოს დეპუტატი გახდეს მისთვის სასურველი პარტიის სიაში მითითებული პირიც. შესაბამისად, ამომრჩევლის ნების რეალიზაციის დაწყების მომენტის განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნება საარჩევნო სისტემებს შორის განსხვავება. ამის საპირისპიროდ, წარმოდგენილი ცვლილება გაუმართლებლად ახდენს ამომრჩევლის ნების მანდატში გარდასახვის პროცედურის დიფერენცირებას სხვადასხვა სისტემით არჩეულ დეპუტატებთან მიმართებით,“ – წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია ეხმაურება კანონპროექტის ინიციატორების არგუმენტს იმ ნაწილში, რომ მათ „ერთიანი სტანდარტის დამკვირდება“ სურთ და შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილებაც მერის მსგავსად, არჩევნების შედეგის გამოცხადებიდან მე-11 დღეს ცნობილი გახდეს.

„დეპუტატები მაჟორიტარი წევრის არჩევას და უფლებამოსილების დაწყებას უკავშირებენ (ადარებენ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილების დაწყებას. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევის წესის ერთმანეთთან შედარება, ისევე როგორც მათ შორის პარალელის გავლება, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურობას და სამართლებრივ არგუმენტაციას. ამგვარი მიდგომა საფუძველს დაუდებს არასწორ და საშიშ საკანონმდებლო პრეცედენტებს კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანოების დაკომპლექტების წესის მხრივ. არჩევნების შედეგის დადგენის მიღმა, ცესკოსთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების აღიარების კომპეტენციის გადაცემა კი, ადგილობრივი დემოკრატიის შემზღუდველ, მიუღებელ სტანდარტს დაამკვიდრებს.

თუკი ეს ცვლილებები რეალურად, ამომრჩევლის ნების სადეპუტატო მანდატში გარდასახვას და კრიზისის გადალახვას დაისახავდა მიზნად, კანონით დასაშვები იქნებოდა ისეთი საგამონაკლისო, დროებითი ანტიკრიზისული მექანიზმის შემოღება, რომელიც ყოველგვარ დისკრიმინაციულ მიდგომებს გამორიცხავდა და თანაბრად გაავრცელებდა როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრებზე. მათი მანდატი კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნებასთან, რომელიც თანაბარმნიშვნელოვანია ორივე საარჩევნო სისტემით ხმის მიცემისას,“ – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ამ თემაზე:

როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ

რატომ ვერ მიიღეს ბათუმში პოლიციელებმა დაპირებული ბინები 

მთავრობამ 18 აპრილს ათასბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა დააანონსა, მაშინ როცა, უკვე მეორე წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში 88-ბინიანი კორპუსების მშენებლობას ვერ ასრულებს.

სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობას ხელს ამწე უშლის, რომელიც ყოფილმა კონტრაქტორმა კომპანიამ ტერიტორიიდან არ გაიტანა. სამინისტრომ კომპანიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სასამართლოს კი, საკითხის განხილვა უკვე მეხუთე თვეა არც დაუწყია.

საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებს“ დღეს უთხრეს, რომ ამ საქმეზე ჯერ სხდომა ჩანიშნულიც არ არის.

პოლიციელებმა, რომლებსაც ბინები ბათუმში 2020 წელს უნდა მიეღოთ, დღემდე არ იციან, როდის მოახერხებენ ახალ კორპუსში შესახლებას.

შსს-ს მშენებარე კორპუსები ბათუმში: 2020 წელი [ივნისი] და 2022 წელი [მაისი]
საჯარო რეესტრის მიხედვით, მშენებარე კორპუსებში ბინები პოლიციელებზე გადაცემულია და როგორც ერთ-ერთმა მესაკუთრემ გვითხრა, ისინი ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულ ბინების გამოსასყიდ თანხასაც იხდიან.

ზოგიერთ მათგანს, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მშენებარე ბინები იპოთეკითაც აქვს დატვირთული.

  • ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ხელშეკრულება კომპანია „აიდურგეოსთან“ 6 599 000 ლარზე იყო გაფორმებული. მშენებლობა 2020 წლის 9 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.
  • „აიდურგეოსთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მშენებლობის დასრულებაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა.
  • ტენდერში გაიმარჯვა „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველომ“, რომლის დამფუძნებელიც ყაზახური კომპანიაა.
  • ხელშეკრულება ამ კომპანიასთან 2021 წლის 31 მაისს გაფორმდა 2 843 944 ლარზე. ხელშეკრულების მიხედვით, კორპუსების მშენებლობა 210 დღეში, ანუ 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.

2021 წლის 31 დეკემბერს კი, სამინისტროსა და „კასპიისპირეთის სამმართველოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რითაც სამუშაოების დასრულების ვადა შსს-მ 2022 წლის 28 თებერვლამდე გადაავადა.

„საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის ხელშეკრულების შესაბამისად დაიწყო უცხოური საწარმოს ფილიალმა „აიდურგეომ“, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოცემული ხელშეკრულება შეწყდა.
აღნიშნულ ობიექტზე დგას უცხოური საწარმოს ფილიალი „აიდურგეოს“ მიერ დამონტაჟებული კოშკურა ამწე, რომელიც სამუშაოების წარმოებისას ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ შეტანილ იქნა სარჩელი მოპასუხე უცხოური საწარმოს ფილიალი „აიდურგეოს“ მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილია სამუშაოების შესრულების ვადის 2 თვით გაზრდა [2022 წლის 27 თებერვლის ჩათვლით]“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ამის შემდეგ ცვლილება ხელშეკრულებაში კიდევ ორჯერ შევიდა და კორპუსების მშენებლობის დასრულების ვადა ჯერ 2022 წლის 28 აპრილამდე, შემდეგ კი 28 მაისამდე გადაიწია, მიზეზი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა – „ვინაიდან სარჩელი ჯერ არ არის განხილული და ამასთანავე უცხოური საწარმოს ფილიალი „აიდურგეოს“ მიერ დღემდე არ მომხდარა კოშკურა ამწის დემონტაჟი“.

სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს, რომ „ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გაუარესებას და არ ზრდის სახელშეკრულებო ღირებულებას“.

შსს-ს კორპუსები ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში / 11.05.2022

სამშენებლო ტერიტორია დაკეტილია და იქ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ამწე, რომელიც ტერიტორიაზე დგას, კორპუსებში შიდა სამუშაოების ჩატარებას ხელს არ უშლის [მომავალ მესაკუთრეებს ბინები იმ მდგომარეობაში უნდა გადაეცეთ, რომ იქ ცხოვრება შეიძლებოდეს].

ამწის გამო კი შსს-მ მშენებლობის დასრულება რამდენჯერმე გადაავადა. ეს ვადა ახლახან კიდევ გადაიწიეს 28 მაისამდე – თუმცა, ამწე ობიექტიდან დღესვე რომ გაიტანონ, კორპუსები მაისის ბოლომდე მაინც ვერ დასრულდება.

რატომ შეჩერდა მშენებლობის პროცესი და არის თუ არა ეს დაკავშირებული მხოლოდ ამწის დემონტაჟზე? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველოს“ დირექტორს, ილია ერქვანიას.

„ამ დღეებში გადაწყდება ყველაფერი, საქმის კურსში ვარ და დაჩქარდება ძალიან. ხელი მოეწერა ვადების გაგრძელებას. იყო პრობლემები, ახლა დარეგულირდა თითქოს სიტუაცია და ყველაფერი კარგად იქნება… ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ და ყველას უნდა დროზე მორჩეს, მაგრამ ეს გამოიწვია მასალების გაძვირებამ, სასწაული რაღაცები მოხდა – საწვავი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა და ვცდილობთ ყველანაირად, რომ დროზე განვაახლოთ სამუშაოები და ჩავაბაროთ ობიექტი“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ილია ერქვანიამ.

მისივე თქმით, კორპუსების მშენებლობა 2022 წლის აგვისტოში დასრულდება: „სიმართლე გითხრათ, ამ წლის აგვისტოში მორჩება სამუშაოები. ამ ეტაპზე კარ-ფანჯრებზე მიდის მუშაობა და უახლოეს პერიოდში ჩასვამენ. აგვისტოში ჩაბარდება აუცილებლად.“

„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა „აიდურგეოსთან“ დაკავშირება.

  • სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, „აიდურგეოზე“ შსს-ს 2 639 600 ლარი აქვს გადახდილი, ხოლო „მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველოზე“ თანხის გადარიცხვა ამ დროისთვის არ ფიქსირდება.
შსს-ს კორპუსები ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში / 11.05.2022

შსს-ს კორპუსები ბათუმში იმ ტერიტორიაზე აშენდა [ადლიაში], სადაც კანალიზაციის სისტემა არ არის.

გემი, რომელსაც უკრაინაში მოპარული ხორბალი გადაჰქონდა, სირიაში შევიდა – AP

„ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, გემი, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბალი გადაჰქონდა, სირიის პორტში შევიდა.

ინფორმაციას გამოცემა სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც 10 მაისს დედამიწის შემსწავლელმა ამერიკულმა კომპანიამ Planet Labs PBC-მა გადაიღო, სადაც ნაჩვენებია რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი Matros Pozynich-ი სირიაში, ლატაკიას ნავსადგურში.

„ფოტოზე ასახული გემის ზომები და მისი სხვა მახასიათებლები ემთხვეოდა ტვირთმზიდი გემის მახასიათებლებს. გემმა რადიო სიგნალის მიმღები თითქმის ერთი კვირის წინ, ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ კვიპროსზე გამორთო.

სამირ მადანმა, რომელიც ონლაინ კვლევითი ფირმის TankerTrackers.com-ის თანადამფუძნებელია, „ასოშეიტედ პრესს“ ასევე განუცხადა, რომ გემი, რომელიც ლატაკიის ნავსადგურში შევიდა, Matros Pozynich-ი იყო“- წერს AP.

მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ აღნიშნულ გემს 27 000 ტონა მარცვლეული გადაჰქონდა, რომელიც რუსეთმა მისი ქვეყნიდან მოიპარა.

AP-ის ინფორმაციით, უკრაინა აცხადებდა, რომ თავდაპირველად რუსეთი მოპარული მარცვლეულის ეგვიპტეში გაგზავნას აპირებდა, თუმცა ეგვიპტემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა, რადგან უკრაინელი დიპლომატები ქვეყნებს სთხოვდნენ არ მიეღოთ მოპარული მარცვლეული.

„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, გემის ოფიციალური მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული კომპანია Crane Marine Contractor-ია, რომელმაც გამოცემასთან კომენტარი არ გააკეთა.

მსგავს თემაზე:

ივანიშვილი ხორბლის სქემაშია, ის უნდა დასანქცირდეს – ელენე ხოშტარია

პაპისეული მიწა დავირეგისტრირეთ და პროკურატურა გვიჭერს – გლეხები პრემიერს მიმართავენ

ბაღდათის რაიონში მოქალაქეებმა გუშინ, 10 მაისს, საპროტესტო აქცია გამართეს. 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის შემდეგ ეს პირველი აქციაა ბაღდათში, როცა მოქალაქეები პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.

საირმის სიახლოვეს მიწის ექვს მფლობელს პროკურატურა თაღლითობის გზით მიწის მისაკუთრებაში სდებს ბრალს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ემუქრება. აქცია ბაღდათში სწორედ მათ გამართეს – ბაღდათის მცხოვრებლებმა, რომლებსაც მამა-პაპისეული მიწები დაიკანონეს კურორტ საირმის სიახლოვეს.

საქმე ისაა, რომ საკუთრების დაკანონებიდან ერთი წლის შემდეგ, ამ მიწის მფლობელებს მიუვიდათ შეტყობინება პროკურატურიდან, რომლის მიხედვითაც საირმის სიახლოვეს მიწის მფლობელები თითქოს მერიის წარმომადგენელს გაურიგდნენ, მან კი ყალბი დოკუმენტი მოამზადა, რასაც საჯარო რეესტრი დაეყრდნო მიწების დაკანონებისას.

სადავო ნაკვეთები საირმის სიახლოვეს, რომლებიც ახლაც ბაღდათის ექვსი მცხოვრების საკუთრებაშია, პროკურატურის მტკიცებით, სინამდვილეში სატყეო ფონდს ეკუთვნის და არ არსებობდა მათთვის ამ მიწები საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი.

აქცია ბაღდათში

საპროტესტო აქცია ბაღდათში დაკავებულების – წინასწარ პატიმრობაში მყოფ ნუგზარ და ბესო კბილაშვილების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს. ბესო კბილაშვილი ნერგეეთის ადმინისტრაციულ თემში ბაღდათის მერის წარმომადგენელი იყო, ნუგზარ კბილაშვილი კი ნერგეეთის საკრებულოს თავმჯდომარე.

ნუგზარ კბილაშვილი – სოფელ ნერგეეთის რწმუნებული.

„რაც თავი მახსოვს საირმეში ვცხოვრობთ. ბაბუა 1947 წელს დასახლდა იქ. საირმეში მაქვს სახლი და საფუტკრე მეურნეობა, რასაც მთელი ცხოვრება შევალიე. გამოუშვა მთავრობამ კანონი მიწების რეგისტრაციის და დავიკანონეთ წესიერად პაპისეული ადგილები. მთელმა საირმემ იცის, რომ აქ მკვიდრები ვართ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია. შევაგროვეთ საბუთები, რაც მოგვთხოვეს: საჯარო რეესტრი იყო თუ რაც იყო, კანონით შევავსეთ ფორმა, რაც მოგვცეს, დაგვირეგისტრირეს ადგილები და მას მერე ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებით გვედავებიან და თაღლითობას გვაბრალებენ.

ვითხოვთ მთავრობისგან და საჯარო მოხელეებისგან პასუხს, რის საფუძველზე გვდებენ ბრალს თაღლითობაში კანონმორჩილ ადამიანებს, ვინც ჩვეულებრივი, წესიერი მოქალაქეების ცხოვრებით ვცხოვრობთ“, – ამბობს მეფუტკრე გელა სოსელია. პროკურატურისგან თაღლითობაში ბრალდების შეტყობინება მასაც მიუვიდა და 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნინო მანაგაძეც აქციის ერთ-ერთი მონაწილეა, მისი ქმარსაც, ასევე საირმის სიახლოვეს მიწის მფლობელს. მას, გუშინ, 10 მაისს, მიუვიდა ცნობა – დაკითხვაზე იბარებენ პროკურატურაში, ყველა ბრალდებულთან დასაწყისში ასე იყო. ნინო მანაგაძე ვარაუდობს, რომ მის ქმარსაც მალე მიუვა თაღლითობაში ბრალდების შეტყობინება.

„გვედავებიან, რომ ეს მიწები სატყეო ფონდისაა. გასაგებია, რომ იყო სატყეო ფონდის და ამასთან დაკავშირებით ყველა მოქალაქეს აქვს მიწერილი სატყეო ფონდისთვის, თუკი ჩვენი მიწები რამენაირად კვეთს სატყეო ფონდს, ამაზე გაეკეთებინათ კორექტირება.

ჩვენ, მოქალაქეებს კითხვა გვიჩნდება: თუკი ეს საჯარო რეესტრს უნდა გაეკეთებინა და შეკითხვა სატყეოსთან უნდა გაეგზავნა, რა მოხდა, სად არის ეს შეკითხვა და სად არის ამაზე პასუხი?

ჩვენ რეესტრისგან მივიღეთ მხოლოდ ეს პასუხი, რომ მიწები არის თქვენი კერძო საკუთრება და დაგირეგისტრირდათო. მოსახლეობის ბრალი სად იკვეთება, რომ ჩვენ რამე დავაშავეთ და თურმე არამხოლოდ დავაშავეთ, არამედ ვითაღლითეთ კიდეც.

ეს თაღლითობის მუხლი გულში ლახვარივითაა ადამიანისთვის. წლებია ამ ხალხმა იშრომა იმისთვის, რომ საბოლოოდ თაღლითის იარლიყი მიეკერებინათ?

ჩვენ სიმართლის დადგენა გვინდა, გვითხრან ზუსტად რა დავაშავეთ, სად დავაშავეთ და რას გვედავებიან. ყველა საბუთი კანონის ფარგლებშია მოპოვებული და გადაცემული საჯარო რეესტრისთვის.

რის საფუძველზე დაგვიმტკიცეს მიწები და გვითხრეს კი ბატონო თქვენიაო და ახლა რის საფუძველზე გვეუბნებიან, რომ თაღლითები ვართ? ამის დადგენა გვინდა. გვინდა ხმა მივაწვდინოთ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის თავმჯდომარეს, რომ გამოარკვიონ, რა ხდება, რამხელა უსამართლობასთან გვაქვს საქმე, რატომ გვედავებიან უდანაშაულო ხალხს თაღლითობის მუხლით.

აქცია ბაღდათში

გელას ცხოვრება, შრომა და ისტორია ყველამ იცის ბაღდათში. ეს კაცი თუ თაღლითია, მე მაშინ ძალიან მრცხვენია და ბოდიშსაც მოვუხდი ყველას“, – ამბობს ნინო მანაგაძე.

არც გოგა თოლორდავას მისვლია ჯერ ბრალდების ცნობა, მაგრამ ისიც დაკითხვაზეა დაბარებული.

„კეთილსინდისიერი მესაკუთრე ვარ“, – ამბობს გოგა თოლორდავა. „ჩვენი მიზანია ყველას მივაწვდინოთ ხმა და ჩავაყენოთ საქმის კურსში, რაც ხდება. ყველასგან ვითხოვთ თანადგომას უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში, მსგავს უსამართლობას ბაღდათში ადგილი არასდროს ჰქონია.

დავა მიდის იმ კერძო მესაკუთრეებთან, ვისი მიწებიც კურორტ საირმის მიმდებარედაა. მთელ საქართველოში და ბაღდათშიც რეფორმის ფარგლებში უამრავმა, ასეულობით ადამიანმა დაირეგისტრირა ანალოგიურად მიწის ნაკვეთები, მაგრამ გამოძიება მხოლოდ საირმის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის მფლობელთა წინააღმდეგ დაიწყო.

ეს აჩენს საფუძვლიან და გონივრულ ეჭვს, რომ ამის უკან გარკვეული ხალხის ინტერესები დგას და სწორედ ესაა ამ აქციის მიზანი, რომ ყველას ვთხოვოთ დახმარება ამის გამოაშკარავებაში, ვინ დგას ამის უკან და რატომ ადანაშაულებენ თაღლითობაში მხოლოდ საირმის მიმდებარედ მიწის მფლობელებს“, – ამბობს აქციის მონაწილე.

პაციენტების სამედიცინო საქმეები ქაღალდიდან ციფრულზე გადავა

დღეს, 11 მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სამინისტრო ჯანდაცვის სერვისების სრულ გაციფრულებას გეგმავს, რის შედეგადაც კლინიკებში პაციენტების სამედიცინო ისტორიები ქაღალდიდან ელექტრონულ სივრცეში გადავა.

„პრიორიტეტი გვაქვს მინიჭებული ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერის სისტემის განვითარებისთვის. აღნიშნული ელექტრონული სისტემა საშუალებას მოგვცემს პაციენტის სამედიცინო ისტორიები, ქაღალდმატარებლიდან გადავიდეს ერთიან, დაცულ ელექტრონულ სივრცეში.

მკურნალ ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა საჭიროების დროს, მარტივად ჰქონდეთ წვდომა პაციენტის სრულ სამედიცინო ისტორიაზე – გადატანილ დაავადებებზე, ჩატარებულ მკურნალობასა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რომელიც მკურნალობის სწორი სტრატეგიის დასახვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა” – თქვა აზარაშვილმა.

ელექტრონული რეცეპტის სისტემა საქართველოში 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. მსგავს პროექტებზე მუშაობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს.

1 კვირაში რუსეთი „მცოცავ ოკუპაციაზე“ გადავა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

რუსული ჯარები ხერსონის ოლქის საზღვრებზე არიან გაჭედილი. მათ არც ძალა აქვთ და არც განზრახვა გადაადგილების. ეს მოსაზრება უკრაინული 24-ე არხის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა გამოთქვა.

„მათი მთავარი ამოცანაა, დაასრულონ ჩვენი ძალების ალყა, მაგრამ მათი ჯარები უკვე საკმაოდ შესუსტებულია. მე, ზოგადად, ველი, რომ ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, მათ ექნებათ კრიტიკული მდგომარეობა. მათ ჰყავთ ისეთი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა,  რომლებიც უარს ამბობენ ბრძოლაზე. მათ უკვე გადაჰყავთ [ბრძოლის ველზე] უმაღლესი სარდლობა, რათა მებრძოლებს შეტევაზე წასვლის მოტივაცია გაუწიონ“, – თქვა ანდრუსივმა.

„მათ [რუსებმა] უკვე გამოიყენეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ და განსაკუთრებით ხელშესახებ შედეგებს ვერ მიაღწიეს. წინსვლა ხდება დასახლებული პუნქტების მიწასთან გასწორების ფასად, როცა ჩვენს ჯარისკაცებს არსად აქვთ თავის დასაცავი [ადგილი]. ასე ფიზიკურად დიდხანს ვერ იბრძოლებენ“, – დარწმუნებულია ექსპერტი.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ელოდება, რომ რუსული ჯარები ტაქტიკას ერთ კვირაში ან 10 დღეში შეცვლიან, – წერს „უნიანი“.

„მე ამას „მცოცავ ოკუპაციას“ ვუწოდებ. ისინი შეწყვეტენ შეტევას მთელი ფრონტის გასწვრივ და დაიწყებენ ძალიან ნელა ფოკუსირებას თითოეულ კონკრეტულ პუნქტზე“, – თქვა ანდრუსივმა.

გუშინ, 10 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დამცველებმა შეაჩერეს რუსული არმიის შეტევა, – წერს უნიანი.


ხერსონის რუსეთთან შეერთების პერსპექტივაზე დღეს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა, მას შემდეგ, რაც ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება პუტინს სთხოვს, რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა კი ამის საპასუხოდ თქვა, რომ მათ შეუძლიათ მარსაც შეუერთდნენ.

როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ

„ხელისუფლების მიტაცება“ – ასე დაასათაურა ბათუმის საკრებულოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ. საუბარია „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც საკრებულოს შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება საჭირო აღარ იქნება.

ბათუმში საკრებულო ამ დრომდე ვერ იკრიბება. იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა არ მოუწიოს და არც ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, პარლამენტში მმართველი პოლიტიკური გუნდი საარჩევნო კოდექსის შეცვლას აპირებს, პრაქტიკულად იმისთვის, რომ ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის ჩართულობა აღარ დასჭირდეს.

„ბათუმელებმა“ მალხაზ ნაკაშიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის კონსტიტუციონალისტია და ბათუმის სახელმწიფოს უნივერსიტეტის პროფესორი.

  • ბატონო მალხაზ, წერთ, რომ ხელისუფლების მიტაცებასთან გვაქვს საქმე, როცა პარლამენტი საარჩევნო კოდექსს ბათუმის საკრებულოს არგებს. გვითხარით თქვენი არგუმენტები. 

ეს არის ხელისუფლების მიტაცება, რადგან საკრებულოს არჩევას, უფლებამოსილების ცნობას და საკრებულოს საქმიანობას განსაზღვრავს კანონი. კონსტიტუცია განსაზღვრავს არჩევნების ძირითად პრინციპებს, თუ როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. კანონის და კონსტიტუციის მიზანია, შეზღუდოს ხელისუფლება, რომ არ მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია.

როდესაც ტარდება არჩევნები და გვაქვს კონკრეტული შედეგი, შესაძლოა, ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვოს უმრავლესობა. ამ ვითარებაში საერთაშორისო პრაქტიკაა ის, რომ იქმნება კოალიცია, ნაწილდება პასუხისმგებლობა. ჩვენს შემთხვევაში კი, რა ხდება? – მმართველმა პარტიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, მას სხვა პარტიებთან თანამშრომლობა არ უნდა და პირდაპირ კანონს ცვლის. ეს, ცხადია, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს, გამოხატავს კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას და უგულებელყოფს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. გამოდის, რომ „ქართულ ოცნება“, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და შეუძლია საკრებულო უბრალოდ გააუქმოს.

საკრებულოს ირჩევს მოსახლეობის უმრავლესობა და ამომრჩევლის განწყობების მიხედვით ნაწილდება მანდატები. ეს მანდატები განაწილდა და  „ქართული ოცნება“ ამ რეალობის შეცვლას ცდილობს სხვადასხვა მეთოდით, რადგან მან ვერ მოიპოვა უმრავლესობა. ის მიდის ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ.

  • კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ ერთიანი სტანდარტის დანერგვა სურთ. ისინი საუბრობენ მერზე, რომლის უფლებამოსილებაც ძალაში შედის არჩევნების შედეგების შეჯამებიდან მე-11 დღეს. 

ეს არაა არგუმენტი, რადგან საკრებულო არჩევითი ორგანოა და არამხოლოდ საქართველოში, ყველგან ასეა: საკრებულო თავად ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას. პარლამენტის შემთხვევაშიც ასეა – პირველ შეკრებაზე ცნობენ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას. ეს, ზოგადად, არის არჩევითიო ორგანოს პრინციპი. ამიტომაცაა, ყველა არჩევითი ორგანოს შემთხვევაში პირველი სხდომის ჩატარება დეტალურად გაწერილი, რომ საკრებულოს დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერიოს ვერავინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეაფერხონ საკრებულოს მუშაობა, არ აამოქმედონ და ის გააკეთონ, რასაც ახლა აკეთებენ.

  • ეს არის ერთპარტიულობის გაძლიერება, თუ ხედავთ ავტორიტარიზმის ნიშნებსაც? 

აქ არის ამის ნიშნები და ეს სჭირდება მმართველ პოლიტიკურ ძალას ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად. მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ყველა საკრებულოში, ყველა დონეზე თვითონ უნდა იყოს ერთპარტიულად უმრავლესობაში, ანუ ცენტრალური მთავრობის პირდაპირი გაგრძელება უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლებაც. ის არ უშვებს იმას, რომ თუნდაც ერთი ქალაქი იყოს ისეთი, სადაც  შეიძლება თვითონ არ იყოს გადაწყვეტილების მიმღები. მოქალაქეებმა ბათუმში აირჩიეს სხვა საკრებულო და მათ უნდათ, რომ სხვა შემადგენლობა შექმნან.

ავტორიტარიზმის ნიშანი ისაა, რომ საკრებულო არჩეულია, მაგრამ იქ არაა „ოცნებისთვის“ სასურველი უმრავლესობა და შენ ამ დროს კანონს ცვლი, რომ ეს უმრავლესობა შექმნა. ეს არაა დემოკრატია, ეს დემოკრატიიდან გასვლაა.

  • რა საფრთხე ექმნება ქვეყანას, როცა უმრავლესობა შეიძლება ჩამოყალიბდეს არა არჩევნების გზით, არამედ ის შექმნან, მაგალითად, კანონის შეცვლის გზით? 

ეს აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს დემოკრატიული განვითარება და არჩევნები. წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ, ჩვენ ვაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის კანდიდატობაზე და მეორე ხელით, ამას აკეთებენ ბათუმში. ეს აშკარად არაა კონსტიტუციის შესაბამისი.

  • რა უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ყოფილიყო კონსტიტუციური და დემოკრატიული? 

ევროპულ ქვეყნებში რომ იგივე მომხდარიყო, დაიწყებოდა მოლაპარაკებები, შეიკრიბებოდნენ და გადაინაწილებდნენ პასუხისმგებლობას.

  • საარჩევნო კოდექსის შეცვლამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში თქვა, რომ „სტაბილურ უმრავლესობას“ შევქმნით და საკრებულოს ცალკეულ წევრებთან ვითანამშრომლებთო. ეს რა გზავნილი იყო თქვენთვის? 

ეს განცხადებაც იყო დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიმართული. რას ნიშნავს ცალკეულ ადამიანებს დაველაპარაკები, როცა საკრებულოში წარმოდგენილია პარტიები? ეს პირდაპირი განაცხადი იყო იმაზე, რომ კულუარულად ხდება გარიგებები და ეს იყო ძალის დემონსტრირება – აი, მე მყავს უმრავლესობა პარლამენტში, მთავრობა ჩემს ხელშია და ყველა დაშვებულ, თუ აკრძალულ წესს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემთვის სასურველი მოცემულობა შეიქმნას.

  • რა რეაქცია შეიძლება ამას მოჰყვეს, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ქალაქში, სადაც გამოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი? 

არ ვიცი. შესაძლოა, ამ პროცესმა ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებში გამოიწვიოს პესიმისტური დამოკიდებულებაც: წავედით არჩევნებზე, მაგრამ რა? ეს არჩევნების წართმევაა. მეც მხარი დავუჭირე ოპოზიციას და მიმაჩნია, რომ ჩემს ხმას მართმევენ.

  • გართმევენ, თუ უკვე წაგართვეს? რა შანსი რჩება დღეს თვითმმართველობის პროცესი დემოკრატიის სასარგებლოდ შემობრუნდეს? 

წამართვეს, კი. ბუნებრივია, გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ სასამართლოშიც რა შედეგს მივიღებთ, არ ვიცი.

ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ალბათ მოსახლეობის პროტესტი, რომ გამოვიდეთ ყველა და ვთქვათ, რომ ასეთი საკრებულო ჩვენ არ აგვირჩევია, ეს არ არის ჩვენი ნება და ნუ გვართმევენ არჩევნებს. მეორეა ის, თუ რას გააკეთებს ოპოზიცია. მე დღეს ვერ ვხედავ მათ მიდგომას, რა არის. რა აზრი ექნება მუშაობას ასეთ საკრებულოში, სადაც „ქართული ოცნება“ შექმნის უმრავლესობას, თავად გადაინაწილებს თანამდებობებს და ოპოზიციას არავითარი გავლენა არ ექნება?

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის აყრა დაიწყეს – აქ ასფალტს დააგებენ

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა, გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის მონაკვეთში, უკვე გადაიკეტა. ამ ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ.

სამუშაოების გამო ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთი ეტაპობრივად გადაიკეტება, თუმცა რა პერიოდულობით, მერიაში ვერ გვეუბნებიან: „ქუჩის მონაკვეთების გადაკეტვის დრო დამოკიდებულია მიმდინარე სამუშაოებზე“.

ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა / 11.05.2022 /

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში], ქვაფენილს აყრიან და მის ნაცვლად ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ:

ფარნავაზ მეფის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მიერთებებით; ასევე, ვახტანგ გორგასლის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე – ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით, ხელშეკრულება შპს „ბონდი-2009“-სთან 3 659 056 ლარზეა გაფორმებული.

სამუშაოები ორივე ქუჩაზე და მიერთებებზე 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამუშაოების გამო  ორივე ქუჩა [ფარნავაზ მეფისა და გორგასლის]  ერთდროულად, სავარაუდოდ, არ ჩაიკეტება.

ფარნავაზ მეფის ქუჩის გადაკეტვამდე ქალაქის მერიამ გაავრცელა განცხადება ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტების ცვლილების შესახებ:

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსები: N24, N29, N31, N34, N36 და N40 იმოძრავებენ გორგასლის ქუჩით, ხოლო გორგასლის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსები: N20, N21, N25, N27, N39, N42, N49 და N56 – პუშკინის ქუჩით.

ამ თემაზე:

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოძრაობა დროებით ჩერდება – მიკროავტობუსების მარშრუტი იცვლება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს:

სატრანსპორტო პოლიტიკა ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს – მაია ბითაძე

რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშს ითხოვს ვარშავაში ელჩზე საღებავის შესხმისთვის

პოლონეთის ელჩი კშიშტოფ კრაევსკი დღეს, 11 მაისს, დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და აცნობეს, რომ მოსკოვი ელოდება პოლონეთის ხელისუფლების ოფიციალურ ბოდიშს. საქმე ეხება ვარშავაში რუსეთის ელჩზე, სერგეი ანდრეევზე, 9 მაისს განხორციელებულ თავდასხმას, როდესაც მას წითელი საღებავი შეასხეს.

„კრაევსკის ეცნობა, რომ რუსული მხარე ელოდება ოფიციალურ ბოდიშს პოლონეთის ხელმძღვანელობისგან მომხდართან დაკავშირებით. მოთხოვნილია უზრუნველყონ რუსეთის ელჩისა და პოლონეთში რუსეთის საგარეო მისიის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოება“, – ნათქვამია რუსეთის დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება „შემდგომი ნაბიჯების შესახებ მიღებული იქნება ვარშავის რეაქციის მიხედვით“. საგარეო უწყების განცხადებას სააგენტო Tass-ი ავრცელებს.

9 მაისს ვარშავაში პოლონეთში რუსეთის ელჩს და მის თანმხლებ პირებს წითელი საღებავი შეასხეს. ელჩმა ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიიტანა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ფაშისტებო“, „ფაშისტებო“.

კლიმატის ზემოქმედება გახდება უფრო საშიში – WMO-ს უახლესი პროგნოზი

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ გამოქვეყნებული კლიმატის მდგომარეობის უახლესი ბიულეტენის თანახმად, არის 50/50 შანსი იმისა, რომ გლობალური საშუალო წლიური ტემპერატურა დროებით მოიმატებს 1,5°C-მდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

პროგნოზის მიხედვით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, რაც ექმნება ჯანმრთელობას, საარსებო პირობებს, სასურსათო უსაფრთხოებას, წყლის მიწოდებას, ეკონომიკურ ზრდასა და ადამიანის უსაფრთხოებას, გაიზრდება ტემპერატურის 1.5°C-ით მატებისას და კიდევ უფრო გამწვავდება 2°C -ით დათბობის შემთხვევაში.

არსებობს 93%-იანი შანსი, რომ მინიმუმ ერთი რომელიმე წელი, 2022-2026 წლებს შორის, იქნება რეკორდულად თბილი ისტორიაში.

1.5°C ნიშნის დროებით გადამეტების ალბათობა სტაბილურად გაიზარდა 2015 წლიდან, როდესაც ის ნულთან ახლოს იყო. 2017-2021 წლებში გადაჭარბების ალბათობა იყო 10%. ეს ალბათობა თითქმის 50%-მდე გაიზარდა 2022-2026 წლებისთვის.

„ეს კვლევა მაღალი მეცნიერული სიზუსტით აჩვენებს, რომ ჩვენ საგრძნობლად ვუახლოვდებით პარიზის შეთანხმების კლიმატის ცვლილების დროებით ქვედა ზღვარს.

1.5°C მაჩვენებელი არ არის შემთხვევითი სტატისტიკა. ეს არის მაჩვენებელი იმ წერტილისა, საიდანაც კლიმატის ზემოქმედება გახდება უფრო საშიში ადამიანებისთვის და მთელი პლანეტისთვის“, – თქვა WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა პეტერ ტაალასმა.

„სანამ ჩვენ ვაგრძელებთ სათბურის გაზების გამოყოფას, ტემპერატურა გააგრძელებს მატებას. ამასთან ერთად, ოკეანეები გააგრძელებენ დათბობას და მჟავიანობის მატებას, გაგრძელდება ზღვის ყინულისა და მყინვარების დნობაა, ზღვების დონე აიწევს და ამინდი უფრო ექსტრემალური გახდება. არქტიკული დათბობა არაპროპორციულად დიდია და ის, რაც არქტიკაში ხდება, ყველა ჩვენგანზე მოქმედებს“, – თქვა პროფესორმა ტაალასმა.

პარიზის შეთანხმება ადგენს გრძელვადიან მიზნებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველა ქვეყანამ სათბურის გაზების გლობალური ემისიების შესამცირებლად, რათა შეიზღუდოს გლობალური ტემპერატურის 2°C-მდე მატება ამ საუკუნეში, ამასთან შეეცადოს კიდევ უფრო შეზღუდოს ეს ზრდა 1,5°C-მდე.

„ჩვენი უახლესი კლიმატის პროგნოზები აჩვენებს, რომ გლობალური ტემპერატურის მუდმივი ზრდა გაგრძელდება და არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთ წელიწადში 2022-დან 2026 წლამდე ის 1,5°C-ით აღემატებოდეს პრეინდუსტრიულ [ინდუსტრიულ რევოლუციამდელი პერიოდი] მაჩვენებელს. 1,5°C-ზე გადაჭარბების ერთი წელი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავცდით პარიზის შეთანხმების საეტაპო ბარიერს, მაგრამ ეს გვიჩვენებს, რომ ვუახლოვდებით სიტუაციას, როდესაც 1,5°C ნიშნულს შეიძლება გადავაჭარბოთ“ – ამბობს დოქტორი ლეონ ჰერმანსონი გაერთიანებული სამეფოს მეტროპოლიტენის ოფისიდან.

WMO-ს გლობალური კლიმატის მდგომარეობის წინასწარი მოხსენების თანახმად, 2021 წელს გლობალური საშუალო ტემპერატურა 1,1°C-ით აღემატებოდა პრეინდუსტრიულ დონეს.

„გუმბათი ჯგუფი“ 24 წლისაა

საიდან დაიწყო ჩვენი ისტორია?

სამშენებლო და დეველოპერული სფერო საქართველოში პირველ ნაბიჯებს დგამდა, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც შეგვეტანა ამ მიმართულებების განვითარებაში საკუთარი წვლილი.

1998 წლიდან ჩაეყარა საფუძველი გუმბათი ჯგუფს და მას შემდეგ უკვე 24 წელია ვქმნით ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეებს გაუძლებს. ათასობით ადამიანმა შექმნა  საკუთარი ისტორია ჩვენს აშენებულ პროექტებში. ამიტომაც, განვაგრძობთ ზრდასა და განვითარებას, კვლავ გთავაზობთ უმაღლეს ხარისხს და ინოვაციურ მომსახურებას.

თანამედროვე აპარტამენტების მშენებლობის კვალდაკვალ არ გვავიწყდება ისტორიული და კულტურული ძეგლების მნიშვნელობაც. ამიტომ ვქმნით პროექტებს, რომლებიც ინარჩუნებს გარემოს ისტორიულ იერსახეს.

დღემდე ავაშენეთ 500 000 m2 -ზე მეტი საცხოვრებელი თუ კომერციული ფართი, ორი სრულად ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი და დავასრულეთ 15-ზე მეტი პროექტი. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია!

რა არის ჩვენი მიზანი?

ჩვენი მიზანია ცხოვრების უმაღლესი ხარისხის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს მასშტაბით და არამხოლოდ. ამისთვის კი ვიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას, ვფლობთ ISO სერთიფიკატს ხარისხის მენეჯმენტის მიმართულებით და ვართ საერთაშორისო უძრავი ქონების ფედერაციის (FIABCI) წევრი.

ეტაპობრივად ვითვისებთ მონათესავე სფეროებს და გვინდა შევქმნათ სივრცე, რომელშიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი.

ამჟამად გუმბათი ჯგუფის ფარგლებში ფუნქციონირებს დიზაინისა და არტის სერვისები, რომლებიც საცხოვრებელი თუ კომერციული ფართების დიზაინის შექმნის  სამუშაოების პროფესიონალურად შესრულებას გთავაზობთ.

გარდა ამისა სასტუმროს ტიპის მომსახურებების სრული სპექტრის დანერგვაც დავიწყეთ ჩვენს რამდენიმე პროექტში და სამომავლოდ ამ მიმართულების განვითარებასაც ვგეგმავთ. ამგვარად მაქსიმალურად ვამარტივებთ შეძენილი უძრავი ქონებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას თითოეული ჩვენი მომხმარებლისთვის და ვქმნით კომფორტს, როგორც სტუმრებისთვის, ასევე აპარტამენტების მფლობელებისთვის.

როგორია ჩვენი ხედვა?

ჩვენ გვჯერა რომ წარსულის გარეშე მომავალი არ არსებობს. ისტორიული საწყისების დაცვითა და ინოვაციების გათვალისწინებით კი შესაძლებელია მუდმივი მდგრადი განვითარება. ჩვენთვის ძირითადი პრინციპი ხარისხის უმაღლესი სტანდარტის მიწოდებაა ჩვენი მომხმარებლებისთვის. თითოეული პროექტის ფარგლებში ვითვალისწინებთ კლიმატურ პირობებს, გარემოს თავისებურებებსა და ყველა იმ დეტალს რომელიც საშუალებას გვაძლევს კონკრეტული ლოკაციისთვის იდეალურად მორგებული  პროდუქტი შევქმნათ.

გამოცდილებასთან ერთად ვიზრდებით, ვიხვეწებით და ამასთანავე ვინარჩუნებთ მოწინავე პოზიციებს სამშენებლო და დეველოპერულ მიმართულებებში ქვეყნის მასშტაბით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ თქვენი გრძელვადიანი სანდო პარტნიორი. გაგვიცანით და გადადგით პირველი ნაბიჯები უძრავი ქონების სფეროში ჩვენთან ერთად. გუმბათი ჯგუფი დაგეხმარებათ გაიგოთ და მიიღოთ კიდევ უფრო მეტი.

 

ოჯახის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება – ჯანდაცვის მინისტრი

„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, 11 მაისს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) რეფორმის გზამკვლევის ძირითადი ეტაპები 2022-2025 წლებს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად  ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში 2022 წლის მეორე ნახევრიდან არის დაგეგმილი.

აზარაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში, გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისთვის, მოხდება დიფერენცირებული – გაზრდილი კაპიტაციური დაფინანსების ამოქმედება, ტელემედიცინის შესაძლებლობების ფართოდ გამოყენება და დაფინანსების მექანიზმების მოდიფიცირება პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევისთვის.

ფინეთში „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ რედაქტორს ქონება ჩამოართვეს

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფინეთში კრემლთან დაკავშირებული ორი პირის ქონების კონფისკაცია მოხდა.

საუბარია პაველ გუსევსა და გრიგორ ბერეზკინზე. გუსევი რუსული უმსხვილესი ტაბლოიდური გაზეთ „მასკოვსკი კომსომოლეცის“ რედაქტორია, ხოლო გრიგორი ბერეზკინი მილიონერია, რომელიც ასევე ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. ორივე მათგანი ევროკავშირის სანქციების სიაშია.

ფინური მედიის ცნობით, ბერეზკინს ჰყავს რალის გუნდი, რომელიც ფინეთის ქალაქ იუვასკიულიაში ოპერირებდა და რომლისთვისაც ის მართავდა ავტომობილ Ford Fiesta R5-ს. ფინეთის სახელმწიფო ვალის შემგროვებელმა ორგანომ ESN-ის გუნდის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისა და სხვა ქონების კონფისკაცია მოახდინა, რათა შეაჩეროს მათი გაყიდვა და შემოსავლის გადაცემა ბერეზკინისთვის.

„მასკოვსკი კომსომოლეცის“ რედაქტორი გუსევი კი ყოფილ მეუღლესთან ერთად ფლობს დასასვენებელ სახლს და 20 ჰექტარ მიწას ფინეთის მუნიციპალიტეტ ჯანაკალაში. ეს ქონება ანალოგიურად იქნა ჩამორთმეული სააგენტოს მიერ, რათა გუსევს არ მიეღო მოგება ქონების თავისი წილიდან.

______________

ფოტოზე: გუსევი და ბერეზკინი

რა მისამართებზე შეწყდება გაზი ბათუმში 13 მაისს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, პარასკევს, 13 მაისს, 11:00-დან 13:00 საათამდე ბათუმში გაზის მიწოდება შეწყდება რამდენიმე მისამართზე.

კერძოდ, გაზი გაითიშება ბარათაშვილის #23 და ირაკლი აბაშიძის #2, 4, 6 ნომრებში.

კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

შეიძლება მარსთან შეერთებაც ითხოვონ, უკრაინა გაათავისუფლებს ხერსონს – პოდოლიაკი

ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება პუტინს სთხოვს, რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ახალი ამბების რუსული სააგენტო TASS-ი ავრცელებს კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით, რომელიც მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ხერსონის ნაწილის რეგიონული სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა.

„მსგავსი მიმართვის, ყოფნა-არყოფნის საკითხი მაინც ხერსონის მხარის მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ – ეს პირველი. ხერსონის მხარის მცხოვრებლებმა  საკუთარი ბედიც უნდა განსაზღვრონ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მკაფიოდ და ფრთხილად უნდა გამოარკვიონ და შეაფასონ იურისტებმა, იურიდიულმა ექსპერტებმა – რადგან, რა თქმა უნდა, ასეთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად მკაფიო სამართლებრივი საფუძველი. სამართლებრივი დასაბუთება უნდა იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმური, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში იყო,“ – ასე გამოეხმაურა ხერსონის რუსეთთან შეერთების პერსპექტივას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს გაულაიტერები უწოდა. გაულაიტერი მესამე უმაღლესი წოდება იყო ნაცისტების პოლიტიკურ ხელმძღვანელებაში და ექვემდებარებოდა მხოლოდ რაიხსლაიტერს და თავად ფიურერს. პოდოლიაკის თქმით, „უკრაინული არმია გაათავისუფლებს ხერსონს, რა სიტყვების თამაშითაც არ უნდა თამაშობდნენ ისინი“.

„ერთადერთი მიმართვა, რაც შეიძლება ხერსონის რეგიონის „გაულაიტერებმა“ მოამზადონ, არის შეწყალების თხოვნა სასამართლო განაჩენის შემდეგ. ოკუპანტებმა შეიძლება მოითხოვონ მარსთან ან იუპიტერთან შეერთება. უკრაინული არმია გაათავისუფლებს ხერსონს, რა სიტყვების თამაშითაც არ უნდა თამაშობდნენ ისინი,“ – წერს პოდოლიაკი.

აჭარაში ნარკოდანაშაულზე 4 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში აჭარაში, თბილისში – ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისსა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის, 14 ნარკორეალიზატორი.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, აჭარაში დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ი.დ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ჩ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული დ.კ.

1985 წელს დაბადებულ, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ც.ღ.-ს  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა დ. კ.-მ, შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკი ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა. სამართალდამცველებმა დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, ბრალდებული ც.ღ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინსა“ და „ბუპრენორფინს“ შეიცავს.

რაც შეეხება ი. დ.-ს და ს.ჩ.-ს, „აჭარის პოლიციამ, მათ მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 23 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა, ი.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის, 312 ერთჯერადი გამოყენების შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი სითხით“ – აცხადებს შსს.

„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლების ცოლებმა რომის პაპს სთხოვეს დახმარება

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში შეხვდა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების ცოლებს და „მედიაზონას“ გამომცემელს, პიოტრ ვერზილოვს. ამის შესახებ ვერზილოვი ტვიტერზე წერს და ფოტოს აქვეყნებს.

ვერზილოვი წერს, რომ რომის პაპს შეხვდა პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლი, კატია პროკოპენკო და „აზოვსტალში“ მყოფი დაჭრილი მებრძოლის ცოლი, იულია ფედოსიუკი.

„შევხვდით რომის პაპს, რომ გვეთხოვა მისთვის მონაწილეობა მიეღო აზოვსტალის დამცველების ბედში,“ – წერს ვერზილოვი.

  • რა ხდება მარიუპოლში

რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლი ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის, 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის – „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ გაყვანას, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

_____________

ფოტო: Пётр Верзилов/twitter

ამავე თემაზე: 

ტყვედ არ ჩაბარდებიან, რუსები მათ მოკლავენ – „აზოვსტალში“ დაჭრილი მებრძოლის ცოლი

ივანიშვილი ხორბლის სქემაშია, ის უნდა დასანქცირდეს – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტია „დროას“ ხელმძღვანელმა, ელენე ხოშტარიამ დღეს, 11 მაისს, ბათუმში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბლის გატანის სქემაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს.

„მინდა გაგიზიაროთ დამატებითი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სანქციების თავიდან არიდების სქემის შესახებ და კონკრეტული ფაქტები წარმოვადგინო.

7 მაისს გერმანიის განვითარების მინისტრმა სვენია შულცემ განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის პრორუსულ ქვეყნებში გაყიდვაზე. კერძოდ, მან თქვა, რომ პუტინი უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს პრორუსულ ქვეყნებს გაუზიარებს.

8 მაისს ზელენსკიმ ისაუბრა ამაზე, თუმცა თქვა, რომ არ უნდა დაასახელოს კონკრეტული ქვეყნები. თუმცა ის ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთმა მოიპარა მარცვლეული და მას გაუზიარებს პრორუსულ ქვეყნებს.

10 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გააკეთა ანალოგიური განცხადება.

ახლა დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბარს ხორბალთან დაკავშირებით და ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ალი უზდენოვი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში 2016 წლიდან ჩაერთო და ევტუშენკოვის გადაწყვეტილებით შექმნეს სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგი „სტეპი“.  2018 წელს „სტეპმა“, რომელიც სისტემის ნაწილია, აზოვის ზღვაში მარცვლეულის პორტის მშენებლობა დაიწყო. ანუ ალი უზდენოვი და ევტუშენკოვი კონკრეტულად არიან ხორბლის მასშტაბურ ბიზნესში. სხვათა შორის, ღარიბაშვილს წამოსცდა კიდეც, რომ ეს ვიზიტი სწორედ ხორბალს ეხებოდა, თუმცა შემდეგ დაიწყეს ამის უარყოფა,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, დასაბუთებული ეჭვი ჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილი მოპარული ხორბლის გაყიდვის სქემაშია ჩართული.

„ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სქემაში მონაწილეობს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს სქემა არის ბიძინა ივანიშვილის და არა ქართველი ხალხის. შესაბამისად, სანქციებს იმსახურებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი და არა ქართველი ხალხი.

ამიტომ, ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, რომელიც აბსოლუტურად ერთსულოვანია უკრაინის მხარდაჭერაში, უნდა მოვითხოვოთ ყველამ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს სანქცირებული,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარიას თქმით, „ხორბალი მოპარულია და ახლა მსოფლიო აკვირდება რომელ ქვეყნებში მოხვდება ის და რა გზით. სამსჯელოა, ვართ თუ არა ამ ქვეყნებში ჩვენ, მაგრამ ფაქტია, რომ ევტუშენკოვი ბიძინას ელაპარაკა ხორბალზე და გამოაგზავნა კაცი, რომელიც არის ხორბლის ბიზნესში. ძალიან ლეგიტიმური ფაქტები არსებობს, რომ ამ სქემაში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს“.

ხოშტარია შეეხო ნახატების გატანის საკითხსაც. მისი თქმით, უკავშირდება თუ არა ეს საკითხი სანქციებს, ამაზე ინფორმაცია უნდა მოვისმინოთ საერთაშორისო პარტნიორებისგან.

„არ მინდა ამაზე სპეკულაცია, დაველოდოთ განმარტებას, უკავშირდება ეს კონკრეტულად სანქციებს, თუ უბრალოდ ტექნიკური საკითხია, მაგრამ კობახიძის და „ქართული ოცნების“ ისტერიკა ამ საკითხზე აჩვენებს, რომ მათ ღიად დაიწყეს დაპირისპირება დასავლეთთან, იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ შევისწავლით, გავარკვევთ საკითხს, არამედ პირდაპირ დაიწყეს თავდასხმა დასავლეთზე.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ეს შიშები მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც დისკომფორტი აქვს, ისინი ამას უკავშირებენ შესაძლო სანქციებს და არიან ძალიან აღელვებული,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს ბათუმში პარტიის ოფისს ხსნის.

მარიუპოლის მერი: ქალაქში 150-170 ათასი ადამიანია, შესაძლოა იფეთქოს ეპიდემიამ

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ მარიუპოლში 150-170 ათასი მოქალაქეა, პირობების არქონის გამო ქალაქში შესაძლოა ეპიდემიამ იფეთქოს და სიკვდილის შემთხვევები გაიზარდოს, ამიტომაც საჭიროა მთელი ქალაქის ევაკუაცია. ინფორმაციას მარიუპოლის რადა ავრცელებს ტელეგრამზე.

„ოკუპანტებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს.

მედიკამენტების, სამედიცინო დახმარების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის აღდგენის გარეშე ეპიდემიები იფეთქებს. დღეს მოსახლეობის უმრავლესობა მოხუცები და ავადმყოფები არიან. სათანადო პირობების გარეშე მოწყვლადი ჯგუფების სიკვდილიანობა გაიზრდება.

მარიუპოლელების ნაწილი ახლომდებარე სოფლებიდან დაბრუნდა ქალაქში, რადგან მათ არ უშვებენ თავისუფალი უკრაინის ტერიტორიაზე მკაცრი ფილტრაციის გამო. მაგრამ რუსები აგრძელებენ 24 თებერვალს დაწყებულ გენოციდს. ჩვენი ხალხი სასიკვდილო საფრთხეშია. ამიტომ საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია“, – ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.

მარიუპოლი. ფოტოს მარიუპოლის მერი ავრცელებს ტელეგრამზე
  • რა ხდება მარიუპოლში

რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლი ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის – „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ გაყვანას, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

ამავე თემაზე: 

ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით – მარიუპოლიდან ბათუმში ჩამოსული ცოლ-ქმრის ისტორია

საზღვაო ქვეითი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს და „აზოვის პოლკის“ გადარჩენას სთხოვს – ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქის პირად გვერდზე მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს მიმართავს და მათ მარიუპოლის გარნიზონის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს. ვოლინას დანაყოფი „აზოვსტალში“ იბრძვის.

„თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ შერჩა საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანები ჯერ კიდევ ახერხებენ სხვისი ტანჯვისა და ტკივილის განცდას, თუ დახმარების მუდარას შეუძლია გამოიწვიოს მოქმედება, მაშინ მე მოგმართავთ, ვიბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის!“ – წერს ვოლინა პირად ფეისბუქგვერდზე.

როგორც აზოვსტალში მებრძოლი ოფიცრები ამბობენ, გასულ თვეში სწორედ საზღვაო ქვეითების დანაყოფმა სერგეი ვოლინას მეთაურობით მოახერხა მარიუპოლის ორმაგი ალყის გარღვევა და „აზოვსტალის“ მცველებთან შეერთება.

დღეს კი ვოლინა აზოვსტალიდან სამხედროების გაყვანის თხოვნით მიმართავს მთელ მსოფლიოს, „ნებისმიერს, ვისაც შეუძლია დაიწყოს უკრაინელი სამხედროების გაყვანის პროცედურა!“

ვოლინა უკრაინელი საზღვაო ქვეითების ბრძოლის მოტივაციაზეც წერს:

„მე საზღვაო ქვეითი ვარ.

სწორედ საზღვაო ქვეითებმა მასწავლეს, როგორ უნდა მიყვარდეს უკრაინა გულწრფელად!

მიყვარდეს გაბედულად და უშიშრად, მიყვარდეს იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის მომენტში, მიყვარდეს ფრთხილად, მამაცურად და უკომპრომისოდ!

და სანამ გული მიცემს, ვიგრძნობ წმინდა, უპირობო და უსაზღვრო სიყვარულს ჩემი სამშობლოს მიმართ!

სამშობლოა ის, სადაც შვილს – დედა, ძმას – და, ხოლო მამას თავისი შვილი უყვარს!

ამ სიყვარულს არ აქვს საზღვრები!

საზღვაო ქვეითები ჩემი ოჯახია. ისინი არიან უკრაინის დამცველები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს უყოყმანოდ სწირავენ დედასამშობლოს. ისინი არიან ძმები, რომლებიც ყოველთვის თანაბრად ინაწილებენ, რაც დარჩათ, ერთმანეთს სთავაზობენ მხარს დასაყრდნობად და უწვდიან დახმარების ხელს!

რადგან ჩვენ ერთი სიყვარული გვაქვს დედის – უკრაინისადმი!

ჩვენ ვიბრძვით…“

___

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რუსული არმიის მთავარი სამიზნეა. ქალაქს ბომბავენ 24 თებერვლიდან ანუ ომის დაწყების დღიდან. ქალაქში, რომელიც რუსებმა უკვე დაიპყრეს, მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 150-170 ათასი ადამიანი იმყოფება.

მარიუპოლში ჯერჯერობით იბრძვის „აზოვის პოლკი“, რომელიც ალყაშია და „აზოვსტალის“ მიწისქვეშა გვირაბებშია გამაგრებული.

გასულ კვირას ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და აზოვსტალის ტერიტორიიდან გაიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. მედიის ინფორმაციით, ამ დროსთვის ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩება ასამდე სამოქალაქო პირი, დაჭრილი სამხედროები და აზოვის პოლკის ჯარისკაცები.

რუსეთი არ თანხმდება ჯარისკაცების გაყვანას.

აზოვის პოლკი აცხადებს, რომ რუსებს ტყვედ არ ჩაბარდება, რადგან ეს მათთვის გარანტირებული სიკვდილია. პოლკი მესამე ქვეყანაში ითხოვს გაყვანას.

ფოტო: აზოვი-მარიუპოლის ტელეგრამარხი. დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან
ფოტო: აზოვი-მარიუპოლის ტელეგრამარხი. დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან
ფოტო: აზოვი-მარიუპოლის ტელეგრამარხი. დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან
ფოტო: აზოვი-მარიუპოლის ტელეგრამარხი. დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან

ჰამბურგში დააკავეს კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის იახტა, რომლის ფასი 400 მლნ ევროა

გერმანიაში, ჰამბურგის პორტში, დააკავეს რუსი ოლიგარქის იახტა, რომლის ღირებულება არანაკლებ 400 მლნ ევროა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს.

სუპერიახტა „ლუნა“, რომლის სიგრძე 115 მეტრია, ახლა აზერბაიჯანული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ფარხად ახმედოვს ეკუთვნის, მანამდე კი „ლუნა“ რომან აბრამოვიჩის იახტა იყო.

„ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ახმედოვის ქონება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ახმედოვი იმ რუს ოლიგარქებს შორისაა, რომელთაც დასავლეთის სანქციები შეეხოთ.

აპრილში ჰამბურგში კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის, უსმანოვის დის იახტა, Dilbar-ი დააკავეს, რომლის ღირებულება 800 მლნ დოლარია.

_________________

ფოტოზე: იახტა „ლუნა“ ჰამბურგის პორტში. ფოტო: EPA-EFE/FOCKE STRANGMANN

Exit mobile version