Batumelebi | კლიმატის ზემოქმედება გახდება უფრო საშიში – WMO-ს უახლესი პროგნოზი კლიმატის ზემოქმედება გახდება უფრო საშიში – WMO-ს უახლესი პროგნოზი – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

კლიმატის ზემოქმედება გახდება უფრო საშიში – WMO-ს უახლესი პროგნოზი

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ გამოქვეყნებული კლიმატის მდგომარეობის უახლესი ბიულეტენის თანახმად, არის 50/50 შანსი იმისა, რომ გლობალური საშუალო წლიური ტემპერატურა დროებით მოიმატებს 1,5°C-მდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

პროგნოზის მიხედვით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, რაც ექმნება ჯანმრთელობას, საარსებო პირობებს, სასურსათო უსაფრთხოებას, წყლის მიწოდებას, ეკონომიკურ ზრდასა და ადამიანის უსაფრთხოებას, გაიზრდება ტემპერატურის 1.5°C-ით მატებისას და კიდევ უფრო გამწვავდება 2°C -ით დათბობის შემთხვევაში.

არსებობს 93%-იანი შანსი, რომ მინიმუმ ერთი რომელიმე წელი, 2022-2026 წლებს შორის, იქნება რეკორდულად თბილი ისტორიაში.

1.5°C ნიშნის დროებით გადამეტების ალბათობა სტაბილურად გაიზარდა 2015 წლიდან, როდესაც ის ნულთან ახლოს იყო. 2017-2021 წლებში გადაჭარბების ალბათობა იყო 10%. ეს ალბათობა თითქმის 50%-მდე გაიზარდა 2022-2026 წლებისთვის.

„ეს კვლევა მაღალი მეცნიერული სიზუსტით აჩვენებს, რომ ჩვენ საგრძნობლად ვუახლოვდებით პარიზის შეთანხმების კლიმატის ცვლილების დროებით ქვედა ზღვარს.

1.5°C მაჩვენებელი არ არის შემთხვევითი სტატისტიკა. ეს არის მაჩვენებელი იმ წერტილისა, საიდანაც კლიმატის ზემოქმედება გახდება უფრო საშიში ადამიანებისთვის და მთელი პლანეტისთვის“, – თქვა WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა პეტერ ტაალასმა.

„სანამ ჩვენ ვაგრძელებთ სათბურის გაზების გამოყოფას, ტემპერატურა გააგრძელებს მატებას. ამასთან ერთად, ოკეანეები გააგრძელებენ დათბობას და მჟავიანობის მატებას, გაგრძელდება ზღვის ყინულისა და მყინვარების დნობაა, ზღვების დონე აიწევს და ამინდი უფრო ექსტრემალური გახდება. არქტიკული დათბობა არაპროპორციულად დიდია და ის, რაც არქტიკაში ხდება, ყველა ჩვენგანზე მოქმედებს“, – თქვა პროფესორმა ტაალასმა.

პარიზის შეთანხმება ადგენს გრძელვადიან მიზნებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველა ქვეყანამ სათბურის გაზების გლობალური ემისიების შესამცირებლად, რათა შეიზღუდოს გლობალური ტემპერატურის 2°C-მდე მატება ამ საუკუნეში, ამასთან შეეცადოს კიდევ უფრო შეზღუდოს ეს ზრდა 1,5°C-მდე.

„ჩვენი უახლესი კლიმატის პროგნოზები აჩვენებს, რომ გლობალური ტემპერატურის მუდმივი ზრდა გაგრძელდება და არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთ წელიწადში 2022-დან 2026 წლამდე ის 1,5°C-ით აღემატებოდეს პრეინდუსტრიულ [ინდუსტრიულ რევოლუციამდელი პერიოდი] მაჩვენებელს. 1,5°C-ზე გადაჭარბების ერთი წელი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავცდით პარიზის შეთანხმების საეტაპო ბარიერს, მაგრამ ეს გვიჩვენებს, რომ ვუახლოვდებით სიტუაციას, როდესაც 1,5°C ნიშნულს შეიძლება გადავაჭარბოთ“ – ამბობს დოქტორი ლეონ ჰერმანსონი გაერთიანებული სამეფოს მეტროპოლიტენის ოფისიდან.

WMO-ს გლობალური კლიმატის მდგომარეობის წინასწარი მოხსენების თანახმად, 2021 წელს გლობალური საშუალო ტემპერატურა 1,1°C-ით აღემატებოდა პრეინდუსტრიულ დონეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან