მთავარი,სიახლეები

შეიძლება მარსთან შეერთებაც ითხოვონ, უკრაინა გაათავისუფლებს ხერსონს – პოდოლიაკი

11.05.2022 • 1693
შეიძლება მარსთან შეერთებაც ითხოვონ, უკრაინა გაათავისუფლებს ხერსონს – პოდოლიაკი

ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება პუტინს სთხოვს, რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ახალი ამბების რუსული სააგენტო TASS-ი ავრცელებს კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით, რომელიც მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ხერსონის ნაწილის რეგიონული სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა.

„მსგავსი მიმართვის, ყოფნა-არყოფნის საკითხი მაინც ხერსონის მხარის მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ – ეს პირველი. ხერსონის მხარის მცხოვრებლებმა  საკუთარი ბედიც უნდა განსაზღვრონ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მკაფიოდ და ფრთხილად უნდა გამოარკვიონ და შეაფასონ იურისტებმა, იურიდიულმა ექსპერტებმა – რადგან, რა თქმა უნდა, ასეთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად მკაფიო სამართლებრივი საფუძველი. სამართლებრივი დასაბუთება უნდა იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმური, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში იყო,“ – ასე გამოეხმაურა ხერსონის რუსეთთან შეერთების პერსპექტივას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს გაულაიტერები უწოდა. გაულაიტერი მესამე უმაღლესი წოდება იყო ნაცისტების პოლიტიკურ ხელმძღვანელებაში და ექვემდებარებოდა მხოლოდ რაიხსლაიტერს და თავად ფიურერს. პოდოლიაკის თქმით, „უკრაინული არმია გაათავისუფლებს ხერსონს, რა სიტყვების თამაშითაც არ უნდა თამაშობდნენ ისინი“.

„ერთადერთი მიმართვა, რაც შეიძლება ხერსონის რეგიონის „გაულაიტერებმა“ მოამზადონ, არის შეწყალების თხოვნა სასამართლო განაჩენის შემდეგ. ოკუპანტებმა შეიძლება მოითხოვონ მარსთან ან იუპიტერთან შეერთება. უკრაინული არმია გაათავისუფლებს ხერსონს, რა სიტყვების თამაშითაც არ უნდა თამაშობდნენ ისინი,“ – წერს პოდოლიაკი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: