ნეტგაზეთი • RU

„ფინეთი უნდა შეუერთდეს ნატოს“ – ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადება

ფინეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებენ.

ამის შესახებ განაცხადეს დღეს, 12 მაისს, დილას, ქვეყნის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა.

„ფინეთი უნდა შეუერთდეს ნატოს“ – განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა.

„ფინეთი გააძლიერებს ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოს გაწევრიანებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, სწრაფად გადაიდგმება უახლოეს დღეებში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შემდეგი ნაბიჯი საპარლამენტო პარტიების მოსაზრებები იქნება ამ თემაზე, რომელიც არაუგვიანეს მომავალ კვირაში უნდა გაჟღერდეს.

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ანგარიში შეცვლილი უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, საპარლამენტო დებატებამდე – აპრილში წარმოადგინეს.

როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ანგარიშში გაცხადებულია, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოში გაზრდის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ბალტიის ზღვის რეგიონში. ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე „რუსეთის რეაქცია არ იქნება პოზიტიური“.

ფინური მედიის ცნობით, ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ფინეთში ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტი.

სავარაუდოდ კვირას, 15 მაისს, გახდება ცნობილი შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიციაც ნატოში გაწევრიანების შესახებ. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ თავის პოზიციას 15 მაისს დააფიქსირებს. მედიის ცნობით, შვედეთში ნატოში გაწევრიანების საკითხს უფრო სკეპტიკურად უდგებიან, ვიდრე ფინეთში.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ  უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ განაცხადეს.

____________

ფოტოზე: ფინეთის პრემიერი სანა მარინი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com