მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ტკივილი მენსტრუაციის დროს – ნორმა თუ პათოლოგია

13.10.2020 • 12804
ტკივილი მენსტრუაციის დროს – ნორმა თუ პათოლოგია

არაერთ ქალს უწევს ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების მიღება მენსტრუალურ ტკივილთან გასამკლავებლად, ამის მიზეზი დიდწილად ისიც არის, რომ მცდარი წარმოდგენის გამო მენსტრუალური ტკივილი ნორმად მიიჩნევა.  მტკივნეული მენსტრუაცია არ არის ნორმალური. რატომ ახლავს მენსტრუაციას ტკივილი, რას შეიძლება მიანიშნებდეს ძლიერი მენსტრუალური ტკივილი და რა აქტივობები ამცირებს ტკივილის ინტენსივობას? – ამ თემაზე “ბათუმელების” კითხვებს, მეან-გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე პასუხობს. 

  • რამდენად ხშირია მენსტრუალური ტკივილი?

მტკივნეული მენსტრუაცია – ალგოდისმენორეა საკმაოდ გავრცელებულია. იგი ვლინდება პულსირებადი ან სპაზმური ხასიათის ტკივილით უპირატესად მუცლის ქვედა ან/და წელის არეში. ის 14-დან 44 წლამდე ასაკის ქალების 31-52%-ს აწუხებს. ამასთანავე, ასიდან 10 შემთხვევაში ტკივილი ისეთი ძლიერია, რომ ქალი შრომისუუნარო ხდება.

საყურადღებოა, რომ ბევრი ქალი აღნიშნავს სწორედ ამგვარი ტკივილის არსებობას მენსტრუაციის დროს ან მის წინა პერიოდში. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქი და მხოლოდ მცირედ დისკომფორტს უქმნიდეს ქალს, მაშინ, როცა ზოგ შემთხვევაში მენსტრუალური ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა იმდენად მძიმეა, რომ გავლენას ახდენს ქალის ყოველდღიურ აქტივობაზე და მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე ყოველთვიურად, თვეში რამდენიმე დღის განმავლობაში.

  • რა იწვევს ზოგადად მენსტრუალურ ტკივილს?

მენსტრუაციის დროს საშვილოსნო იკუმშება, რათა დაეხმაროს ჩამოფცქვნილ ენდომეტრიუმს საშვილოსნოს ღრუდან გამოდევნაში. ჰორმონის მსგავსი ნივთიერებებიპროსტაგლანდინები ტკივილის და ანთების მედიატორებია და იწვევენ საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვებს. საშვილოსნოს კუნთების ძლიერმა შეკუმშვებმა შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება, შესაბამისად, პროსტაგლანდინების მაღალი დონე ასოცირებულია უფრო მძიმედ გამოხატული მენსტრუალური ტკივილის განვითარებასთან.

  • რა ახასიათებს ალგოდისმენორეას?

ალგოდისმენორეას ახასიათებს მუცლის ქვედა ნაწილის, გავისა და წელის მიდამოს სპაზმური, მოპულსირე, მღრღნელი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ბარძაყსა და სწორ ნაწლავში გადაეცემა. ტკივილი მსუბუქიდან გაუსაძლისამდე ვარირებს და ზოგჯერ ისე აქვეითებს შრომის უნარს, რომ ყოველგვარ საქმიანობას შეუძლებელს ხდის. ზოგი თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გულისრევას და ფაღარათსაც კი უჩივის. 

  • როდის მივმართოთ ექიმს?

თუ მენარქე [პირველი მენსტრუაცია] რამდენიმე წლის წინ გქონდათ, მტკივნეული მენსტრუაცია საშიში არ არის, მაგრამ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, თუ:

  • გადააბიჯეთ 25 წელს;
  •  გაქვთ ძლიერი მენსტრუალური ტკივილის შეტევები;
  •  მენსტრუაცია ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში.
  • შეიძლება ძლიერი მენსტრუალური ტკივილი სხვა დარღვევების მანიშნებელი იყოს?

დიახ და ყველაზე ხშირ შემთხვევაში, ძლიერი მენსტრუალური ტკივილი მიანიშნებს შემდეგ დაავადებებზე:

საშვილოსნოს მიომა – კუნთის უჯრედების წარმონაქმნი, რომელიც იზრდება საშვილოსნოზე ან საშვილოსნოში;
ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ანთება – ძირითადად წარმოიქმნება ბაქტერიებისაგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის; 
ადენომიოზი – დაავადება, რომლის დროსაც ენდომეტრიუმი საშვილოსნოს კედელში შეიზრდება;
ენდომეტრიოზი – ამ დაავადების დროს ქსოვილი, რომელიც ენდომეტრიუმს ჰგავს სხვა ორგანოებზე იზრდება: ხშირად საშვილოსნოს მილებზე, საკვერცხეებზე, ქსოვილებზე, რომლებიც მუცლის ღრუს ფარავს, ნაწლავზე და იშვიათადკიდევ სხვაგან. ენდომეტრიოზის გამო წარმოიქმნება ანთება, შემდეგ – ნაწიბურები. მენსტრუაციის დროს ეს კერები სისხლმდენია, რაც იწვევს ტკივილს. 

  • როგორია დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზის შეკრება და ფიზიკური გამოკვლევა. მენჯის ღრუს გამოკვლევისას მოწმდება რეპროდუქციული ორგანოები ანომალიის აღმოსაჩენად და ფასდება ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ინფექციური პროცესის გამოსარიცხად.

თუ ექიმი ეჭვობს, რომ მენსტრუალური ტკივილი რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული, აუცილებლად შემოგთავაზებთ სხვა კვლევებს, მათ შორის, ექოსკოპიას, რომელიც იძლევა საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, ფალოპის მილებისა და საკვერცხეების დათვალიერების საშუალებას; კომპიუტერულ ტომოგრაფიას (RT) ან მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას (MRI) – ამ დროს გამოკვლევა უფრო დეტალურად ხდება და ექიმს დიაგნოზის დასმა უადვილდება. ორივე კვლევა არაინვაზიური და უმტკივნეულოა, ასევე – ლაპაროსკოპიას. მენსტრუალური ტკივილის დროს ეს რუტინულ კვლევად არ მიიჩნევა, მაგრამ გვეხმარება ფონური და თანმხლები პრობლემების, მათ შორის – ენდომეტრიოზის, შეხორცებების, საკვერცის ცისტების, ექტოპიური ორსულობის დიაგნოსტირებაში. ექიმი პაციენტის მუცელს ოდნავ კვეთს და განაკვეთიდან მუცლის ღრუში წვრილი ოპტიკური მილი შეჰყავს. მილის თავზე მოთავსებულია პატარა კამერა, რომლითაც ექიმი მუცლის ღრუსა და რეპროდუქციულ ორგანოებს ათვალიერებს

  • რა ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს?

იმისთვის, რომ თავად მართოთ თქვენი სიმპტომები, რამდენიმე რჩევა და გარემოება უნდა გაითვალისწინოთ:

ვარჯიში: ფიზიკური აქტივობა დადებით გავლენას ახდენს მენსტრუალური ტკივილის შემცირებაზე;

სითბო: ცხელი აბაზანის მიღება, ასევე სათბურის ან ხცელი წყლით სავსე ბოთლის მოთავსება მუცლის ქვედა არის პროექციაზე, გამათბობელი საბნის გამოყენება ხელს უწყობს მენსტრუალური ტკივილის შემცირებას;

დიეტური რეკომენდაციები: ჩატარებული უამრავი კვლევის შედეგებიჩვენებს, რომ E ვიტამინის, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების , ვიტამინ B1-ის, ვიტამინ B6-ის და მაგნიუმის დანამატები ეფექტურად ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს.

თამბაქოს და ალკოჰოლისთვის თავის არიდება: მათში შემავალი ნივთიერებები დადასტურებულად აუარესებს დისმენორეის ხარისხს.

სტრესის შემცირება: ფსიქოლოგიური სტრესი შესაძლოა იყოს როგორც დიმენორეის გამომწვევი, ასევე უკვე არსებული მდგომარეობის ხარისხის გაუარესების მიზეზი.

  • როგორ მკურნალობენ?

გამოხატული სიმპტომების, დაავადების სიმძიმის, გამომწვევი მიზეზების და მომავალში შვილოსნობის ფუნქციის განხორციელების სურვილის გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლოა შეგირჩიოთ როგორც სხვადასხვა სახის მედიკამენტოზური, ასევე მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიც:

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებიანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები; ტკვილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება მენსტრუაციამდე ერთიორი დღით ადრე ან მისი დაწყებისთანავეა რეკომენდებული. შეიძლება, სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგაც მიიღოთ და მანამდე განაგრძოთ, ვიდრე სიმპტომები სრულიად არ ალაგდება.

ასევე, ეს შეიძლება იყოს ორალური კონტრაცეპტივები. ეს პრეპარატები შეიცავს ჰორმონებს, რომლებიც თრგუნავს ოვულაციას და ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს.

რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, ეს უკანასკნელი შედეგიანია, როცა მენსტრუალური ტკივილი ენდომეტრიოზით, ფიბრომით ან სხვა ქირურგიული გზით მოგვარებადი პათოლოგიით არის გამოწვეული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: