მთავარი,სიახლეები

სანქციების გამო, რუსეთი ტანკებში მაცივრების ჩიპებს იყენებს – აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

12.05.2022 • 12040
სანქციების გამო, რუსეთი ტანკებში მაცივრების ჩიპებს იყენებს – აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

შეერთებული შტატების სანქციებმა რუსეთი იძულებული გახადა, ზოგიერთი სამხედრო ტექნიკისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და მაცივრების კომპიუტერული ჩიპები გამოიყენოს – ამის შესახებ, ვაჭრობის მდივანმა, ჯინა რაიმონდომ აშშ-ის სენატში გამოსვლისას ისაუბრა.

მისი გამოსვლის დეტალებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს.

„გვაქვს ცნობები უკრაინელებისგან, რომ როდესაც ისინი ხელში იგდებენ რუსეთის სამხედრო ტექნიკას, ეს ტექნიკა სავსეა ნახევარგამტარებით, რომლებიც ამოღებულია ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან“, – თქვა ჯინა რაიმონდომ და დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ ის უკრაინის პრემიერ-მინისტრის შეხვდა.

The Washington Post აღნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის დეტალების სამხედრო ტექნიკაში გამოყენების შესახებ ინფორმაციის პირველწყარო არიან უკრაინის ოფიციალური პირები, რომლებიც ჰყვებიან, რომ რუსულ ტანკებში აღმოაჩინეს ასეთი დეტალები, რომლებითაც სხვა კომპონენტები იყო ჩანაცვლებული.

თავის გამოსვლაში ვაჭრობის მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელი ცნობებით, ტანკების ორი რუსული მწარმოებელი იძულებული გახდა, კომპონენტების ნაკლებობის გამო ტექნიკის გამოშვება შეეწყვიტა.

„ჩვენი მიზანი იყო რუსეთს ვეღარ მიეღო მაღალტექნოლოგიური პროდუქცია, რომლის ნაკლებობაც სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაში ხელს შეუშლიდა. ზუსტად ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა.

სწორედ ჯინა რაიმონდოს უწყება კურირებს რუსეთში ექსპორტს, რომელზე შეზღუდვაც სანქციების პაკეტის უდიდეს ნაწილს შეადგენს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში შეერთებული შტატების ტვირთები, მათ შორის ნახევარგამტარები, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, ლაზერები, საავიაციო ელექტროტექნიკა და საზღვაო ტექნოლოგიები 85 პროცენტითაა შემცირებული, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

კომპიუტერის ჩიპები, იგივე ნახევარგამტარები, ის ტვინია, რომელიც თანამედროვე ელექტრონული ტექნიკის უმრავლესობას ამუშავებს. რუსეთი თვითონ ძალიან მცირე რაოდენობით აწარმოებს ამგვარ ჩიპებს და ყოველთვის დამოკიდებული იყო აზიისა და დასავლეთის კომპანიების იმპორტზე.

მსოფლიოს უდიდესმა კომპანიებმა თებერვალშივე უარი თქვეს რუსეთისთვის ტექნოლოგიების მიწოდებაზე, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება დაიწყეს.

აშშ-ის გარდა კიდევ დაახლოებით 30-მდე ქვეყანამ დაუწესა რუსეთს ექსპორტზე ანალოგიური შეზღუდვა, რომელიც ბელარუსზეც ვრცელდება.

მთავარი ფოტო: ჯინა რაიმონდო, აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: