„ჩვენი ოჯახის 3 წევრი იყო კოვიდკლინიკაში. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ორმა მათგანმა მედიკამენტოზური მკურნალობა სახლშიც გააგრძელა. ექიმის დანიშნულებით როცა მივედი აფთიაქში, ფარმაცევტმა დაიანგარიშა და მითხრა, რომ ორივეს წამლებში 427 ლარი უნდა გადამეხადა.
შევეცოდე ფარმაცევტს და შემომთავაზა ზუსტად იმავე შემადგენლობის გერმანული წამლები. თითქმის 100 ლარით იაფი გამოვიდა. ეს ჩემთვის იყო შოკი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კოვიდინფიცირებულების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა.
ერთი ოჯახის წევრები – ბათუმში მცხოვრები 60 და 86 წლის ქალები კორონავირუსით ოქტომბერში დაინფიცირდნენ. „გაგვიმართლა. მედპერსონალიც ძალიან ზრუნავდა ჩვენზე“, – გვითხრეს ქალებმა.
მადლიერების ნიშნად, რომ მათზე იზრუნეს, ისინი ითხოვენ არ დავასახელოთ კონკრეტული კლინიკა, სადაც მათ გამოუწერეს რეცეპტები, რომლებშიც ძირითადად ქართული წარმოების წამლების სავაჭრო სახელი ეწერა. მათ, უბრალოდ, ის აინტერესებთ, რატომ ღირს გერმანიიდან საქართველოში ჩამოტანილი წამლები უფრო იაფი, ვიდრე აქ წარმოებული, რომ არაფერი ვთქვათ თურქეთზე, სადაც საქართველოსთან შედარებით წამლები ბევრად უფრო იაფია.
ბათუმის სხვადასხვა აფთიაქში ინფორმაციის გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ სინამდვილეა კოვიდგადატანილი მოქალაქეების მიერ მოთხრობილი ისტორია ერთი და იმავე შემცველობის გერმანული და ქართული წარმოების წამლების ფასებზე – რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, საქართველოში ქართული მედიკამენტი ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე გერმანული.
კიდევ ერთი კონკრეტული პაციენტის მაგალითზე თუ განვიხილავთ კოვიდის გადატანის შემდგომი მკურნალობისთვის გამოწერილი მედიკამენტების ფასებს, შემდეგ სურათს მივიღებთ – ამ პაციენტმა ქართული წარმოების წამლები იყიდა, რაშიც 155 ლარი გადაიხადა. თუ ექიმი მას იმავე შემადგენლობის, მაგალითად, გერმანული წარმოების მედიკამენტებს გამოუწერდა, მაშინ მას წამლებში 104 ლარი დაეხარჯებოდა.
რით მკურნალობენ კოვიდკლინიკებიდან წამოსვლის შემდეგ პაციენტები? – მედიკამენტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია. „ბათუმელებს“ ხელთ აქვს რამდენიმე პაციენტის ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულების ფურცელი, სადაც თითქმის ყველა მედიკამენტი ქართული წარმოებისაა.
რატომ ღირს ერთი და იმავე დანიშნულების გერმანული წარმოების 500 მგ „აზინფექსინის“ სამი კაფსულა 18.71 ლარი, ხოლო ქართული წარმოების 500 მგ „აზიმაკის“ სამი კაფსულა 23.50 ლარი? ორივე მედიკამენტის შემადგენლობა ზუსტად ერთი და იგივეა.
სპეციალისტები, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებიან, ამბობენ, რომ ზოგადად, წამლების მაღალ ფასს, კონკრეტულად კი უცხოური და ქართული წარმოების მედიკამენტებში ფასთა სხვაობას, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მწარმოებლების, ექიმებისა თუ კლინიკების კეთილსინდისიერება და, ასევე, ბაზრის მოცულობაც.
საქართველოში დღეს დადგენილი თამაშის წესებით, ზოგიერთი ექიმი არის „წამლის ამომყიდველი სუბიექტი“. ზოგ შემთხვევაში ეს ექიმის დამსაქმებლის პოლიტიკაა, რომელსაც განსაზღვრული აქვს, რომელი მწარმოებლის წამალი უნდა გამოწეროს მასთან დასაქმებულმა ექიმმა. ზოგ შემთხვევაში კი ექიმები ამ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.
ამის შესახებ ექიმები მათთვის სანდო გარემოში ღიად საუბრობენ, მაგრამ საჯაროდ თითქმის არასდროს.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ახლა უკვე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ავადმყოფისთვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა საქართველოში გადაუჭრელი პრობლემაა.
რას ამბობს ექიმი ლევან ანთაძე
ბათუმში კლინიკა „მედალფას“ ყოფილი მენეჯერის, ექიმ ლევან ანთაძის თქმით, წამლის ფასწარმოქმნაში გადამწყვეტ როლს თამაშობს სამი ფაქტორი: ნულოვანი განაკვეთი იმპორტირებულ მედიკამენტებზე – ერთსა და იმავე რეჟიმშია ქართული და უცხოური წარმოება. საქართველოში ვერ აწარმოებ რომელიმე მედიკამენტს 10-20 მილიონი დოზით. მსხვილი მოთამაშეები კონკურენციის გარეშე არიან, რომელთაც შეუძლიათ ფასი აკონტროლონ და ასევე სამედიცინო წარმომადგენლები.
ვინ არიან სამედიცინო წარმომადგენლები, რომლებიც ფასებზე დიდ გავლენას ახდენენ? – ეს არიან ფარმაცევტული კომპანიების მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებიც წამლების გასაღებაზე მუშაობენ.
სამედიცინო წარმომადგენლები ხვდებიან კლინიკების მენეჯერებს, ექიმებს ინდივიდუალურად და მათთან გარიგებას აფორმებენ პრინციპით – „რამდენსაც გაყიდი, იმდენს მიიღებ“. როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის სამედიცინო წარმომადგენელმა უთხრა, მედიკამენტზე ფასნამატის დაახლოებით 30% სამედიცინო წარმომადგენლისა და ექიმის შემოსავალია.
საქართველოში მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები არიან: „პსპ ფარმა“, „გეფა“ (რომელიც ფლობს „ჯი პი სი-ს“ და „ფარმადეპოს“ ქსელებს) და „ავერსი“. ყველა მათგანი ასევე ფლობს როგორც კლინიკებს, ისე სააფთიაქო ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათთვის მუშაობენ სამედიცინო წარმომადგენლებიც.
ლევან ანთაძე ბათუმში ერთ-ერთ იმ კლინიკის მენეჯერი იყო, რომლის მესაკუთრე მედიკამენტებსაც აწარმოებს და ყიდის კიდეც. სწორედ ამიტომ ვკითხეთ მას, რამდენად ახდენს გავლენას წამლის ფასზე ეს გარემოება.
„მე ვმუშაობდი „ავერსის“ შვილობილ კომპანიაში, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა სამედიცინო ქსელს და მწარმოებელ კომპანიას შორის დამოკიდებულება, რომ აუცილებლად მისი მედიკამენტი უნდა გაგვეყიდა. 8 წელი ვიყავი რეგიონული დირექტორი, ქსელში 4 საავადმყოფო და ერთი პოლიკლინიკა შემოდიოდა“.
ლევან ანთაძის შეფასებით, სამედიცინო წარმომადგენლები მუშაობენ პოლიკლინიკურ ქსელებზე, ოჯახის ექიმებზე, ანუ ამბულატორიულ პაციენტებზე ხდება ძირითადად ამ წამლების რეალიზაცია და არა კლინიკის პირობებში.
„კლინიკის პირობებში მე მქონდა იმის საშუალება, რომ კონკურენტული მედიკამენტი, თუნდაც სხვა წარმოების, მეყიდა და არ ვიყავი შეზღუდული“, – აცხადებს ბათუმის „მედალფას“ ყოფილი მენეჯერი.
ლევან ანთაძის თქმით, ეს პრობლემა ბევრმა ქვეყანამ გამოიარა და მისი დაძლევა შესაძლებელია:
„ჩვენ სამედიცინო სისტემის განვითარების იმ ეტაპზე ვართ, რომ მაინც გვიწევს სამედიცინო წარმომადგენლების გამოყენება – ეს პირდაპირ მიბმულია ექიმის ფინანსურ დაინტერესებასთან. ეს ფაქტია და ამის დამალვას აზრი არ აქვს.
ეს არ არის 1-2 წლის პრობლემა, ეს 15-20 წლის პრობლემაა, ანუ ექიმს პირდაპირ მისი დანიშნული რეცეპტიდან უწევს ანაზღაურება: რამდენსაც გაყიდის, ანაზღაურებასაც შესაბამისად იღებს. ექიმი დაინტერესებულია არა ჯენერიკის, მოქმედი ნივთიერების, არამედ კონკრეტული წარმოების წამლის რეალიზებით, რამაც თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი წამლის დანიშვნა, რადგან ეს პირდაპირ მიბმულია მის ფინანსურ ინტერესთან“.
ლევან ანთაძის თქმით, სამედიცინო პერსონალსა და ექიმებთან სამედიცინო წარმომადგენლების ამ ურთიერთობის შეცვლას, ანუ წამლების რეალიზებიდან „ატკატების“ მიღების მახინჯი ფორმის აღმოფხვრას, დრო დასჭირდება.
რას ამბობს ექიმი ვახტანგ კალოიანი
კიდევ ერთ ცნობილ პრაქტიკოს ექიმს და „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვახტანგ კალოიანს ვკითხეთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ქართული წამლები ბევრად ძვირია, ვიდრე უცხოური მედიკამენტები?
ექიმის თქმით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, ბაზრის მცირე მასშტაბი და ექიმებისა თუ კლინიკების კეთილსინდისიერება.
„გერმანია თუ თურქეთი ბევრად იაფია, მაგრამ იქ 60 მილიონისთვის აწარმოებენ წამალს და არა 2-3 მილიონისთვის. თუ შეადარებთ ქართულ მედიკამენტებს, რომლებიც ექსპორტზე გადის შუა აზიის ქვეყნებში, ისინი შედარებით იაფია. მაგალითად, „ავერსის“ მედიკამენტები, „ჯი ემ პი“-ს მედიკამენტები. ჩვენ რომ ვაწარმოებდეთ 20-მილიონიანი ბაზრისთვის, უფრო იაფი იქნებოდა.
ვახტანგ კალოიანი ასევე ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას – რეცეპტი.
„ეთიკურია, რომ ექიმი ყოველთვის წერდეს მედიკამენტის მოქმედ სუბსტანციას. ვთქვათ, პაციენტს დაენიშნა „ამპიცილინი“, რომელიც შეიძლება იყოს 30 მწარმოებლის. ექიმი ვალდებულია დაუწეროს არა სავაჭრო ნიშნით… რეცეპტი ყოველთვის უნდა დაიწეროს მოქმედი სუბსტანციით და არა სავაჭრო სახელით. მერე პაციენტი გადაწყვეტს, რომელი შეიძინოს.
ავიღოთ ძალიან გავრცელებული „აზიმაკი“. ექიმმა რეცეპტში უნდა დაწეროს „აზიტრომიცინი“ – ეს არის მისი მოქმედი სუბსტანცია და პაციენტი „აზიმაკს“ იყიდის, „აზიმაკ ფორტეს“, „აზემაკ დენკს“ თუ „აზიმაკ როშეს“ – ეს მისი გადასაწყვეტია. როცა გიწერს პირდაპირ „აზიმაკ დენკს“, მიდიხარ და ყიდულობ „აზიმაკ დენკს“. როცა გიწერს „აზიტრომიცინს“, აფთიაქში მიდიხარ და ყველა შესაძლო ვარიანტს გეუბნებიან. ფარმაცია ვალდებულია, მომხმარებელს ყველა ვარიანტი შესთავაზოს და უთხრას მწარმოებლების შესახებ“.
რაც შეეხება ვერსიას, რომ შეიძლება ექიმმა წამლები არა საჭიროების, არამედ პირადი სარგებლის მიზნით დანიშნოს, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ მას ეს არ სმენია და წარმოუდგენლადაც მიაჩნია: „ეგ რეალურად მკვლელობაა. მე არ გამიგია. რაც არ უნდა ცუდი ექიმი იყოს, მაგას არ იკადრებს.
პოლიპრაგმაზია ანუ ბევრი წამლის დანიშვნა, ზოგადად, არის პრობლემა, მაგრამ კვალიფიკაციის პრობლემაზე გადის, მტკიცებით მედიცინისა და განათლების პრობლემაზე. ბევრი არასაჭირო მედიკამენტის დანიშვნა, ეს მსოფლიო გამოწვევა, რასაც ებრძვიან რეგულაციებით, განათლებით. ძალიან დიდი ბრძოლაა ახლა, ანტიბიოტიკების გამოყენება რომ შემცირდეს“.
ვახტანგ კალოიანის თქმით, „უხეში ჩარევები, რომ რაღაც მედიკამენტი ლარი ღირდეს, ჩვენ სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა არ აქვს და როგორც საყოველთაო ჯანდაცვაში განიავდა ძალიან დიდი ფული, იგივე მოხდება ფარმაციაში. ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს უნდა გაეზარდოთ ქრონიკული მედიკამენტების მიმართ და ეს თავისუფლად შეიძლება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით და არა, ვთქვათ, ადმინისტრაციული ჩარევით. აქ კორუფციის რისკები, არაპატიოსანი რისკებიც მეტია“.
ექიმები – ლევან ანთაძე და ვახტანგ კალოიანი ამავე დროს ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ. „ბათუმელებმა“ არაერთგზის სცადა მოესმინა სხვა ექიმების პოზიციებიც იმის თაობაზე, რატომ არის უცხოური წამლები საქართველოში უფრო იაფი, ვიდრე ქართული. საჯაროდ არც ერთმა მათგანმა არ ისურვა საუბარი, კერძო საუბრებში კი მათი პოზიცია ძირითადად ემთხვევა ლევან ანთაძისა თუ ვახტანგ კალოიანის მოსაზრებებს.
რა არის მიზეზები?
სფეროში დასაქმებული ადამიანების გარდა „ბათუმელებმა“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში სცადა გარკვევა, რა იწვევს მედიკამენტებზე ფასების ზრდას. უწყება მიუთითებს ხოლმე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო/ეს სააგენტო ფასებს არ აკონტროლებს/არ არეგულირებს. შესაბამისად, წლებია ამ კითხვაზე პასუხს აღნიშნული უწყებისგან ვერ ვიღებთ.
ამ კითხვაზე სხვადასხვა აქტორს სხვადასხვა პასუხი აქვს. მაგალითად, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ლარში ფასების ზრდის ძირითად მიზეზად ვალუტის დევალვაციას ასახელებენ, პანდემიის პირობებში კი, დამატებით, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდას.
თუმცა, შესაძლოა, სხვა მიზეზებიც არსებობდეს. მაგალითად, მემარცხენე აქტივისტური გაერთიანება „ხმისთვის“ მომზადებულ პუბლიკაციაში მკვლევარი ვახტანგ ნაცვლიშვილი წამლების სიძვირის სამ მიზეზს თვლის:
- წამლის ფასის დაურეგულირებლობა
- ფარმაცევტული ბიზნესის კორუფციული გარიგებები ექიმებთან (იგივე არაეთიკური მარკეტინგი/სამედიცინო წარმომადგენლები)
- ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია (ანუ ბაზარზე რამდენიმე კომპანიის ურთიერთშეთანხმებული თამაში და მცირე ზომის კონკურენტების გარიყვა)
მანამ, სანამ სახელმწიფო უწყებები პრობლემის მოგვარებას შეუდგებოდნენ, საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის მიზეზების კვლევა – კონკრეტულად რა იწვევს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების დადგომას – რომელიც ყველა მხრიდან შეაფასებდა არსებულ ვითარებას.
მსგავსი კვლევა – ფარმაცევტული ბაზრის გრძელვადიანი მონიტორინგი, 2018 წელს პარლამენტის დავალებით დაიწყო კონკურენციის სააგენტომ. მონიტორინგის პირველადი შედეგები 9 ნოემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშმა აირეკლა ფასის ზრდის სხვადასხვა აქტორის მიერ დასახელებული სხვადასხვა მიზეზი.
რას ამბობს კონკურენციის სააგენტო?
ამ სტატიაში კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში მითითებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შევჩერდებით.
სააგენტოს მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშის თანახმად, იმპორტირებული მედიკამენტების [ბაზარზე ძირითადად სწორედ იმპორტირებული მედიკამენტები იყიდება], საერთო ღირებულება ლარში მზარდია, დოლარში კი – ნაკლებად მზარდი.
კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, 2020 წელს მედიკამენტების იმპორტის მოცულობა ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში – 7%-ით. შესაბამისად, სააგენტო ასკვნის, რომ იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულების ამგვარი ზრდა მეტწილად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით.
გაძვირებული წამლები და მძიმე ხარჯები
წლებია სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში სტაბილურად იმატებს.
NDI-ის 2019 წლის ერთ-ერთი კვლევა აჩვენებდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მედიკამენტების ფასი იყო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის 2021 წლის ივლისის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის მიუხედავად, ჯიბიდან გაწეული სამედიცინო ხარჯები მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწვება.
ამავე ანგარიშის თანახმად, ჯიბიდან გადახდების საშუალო წილი საქართველოში 48%-ია, ეს მაჩვენებელი 18%-ით აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს – 30%-ს.
ჯიბიდან გადახდების ყველაზე მაღალი წილი – 69% საშუალოდ – სწორედ მედიკამენტებზე მოდის (2018 წლის მონაცემები). შეძლებული ოჯახებისთვის ეს მაჩვენებელი ნაკლებია, თუმცა უღატაკეს ოჯახებში ჯიბიდან გადახდების წილმა იმავე წელს 90% შეადგინა.
ამასთან, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნახსენები კვლევის თანახმად, საქართველოში მაღალია ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები და ამის შედეგად გაღარიბების შემთხვევები.
„ოლიგოპოლია“?
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 3 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია. კერძოდ:
- 2016 წელი – 56.6%
- 2017 წელი – 69,3%
- 2018 წელი – 70%
- 2019 წელი – 68.8%
- 2020 წელი – 67.5%
კვლევა არ ასახელებს ყველა კომპანიას, თუმცა ესენი არიან: „პსპ ფარმა“, „გეფა“ (რომელიც ფლობს „ჯი პი სი-ს“ და „ფარმადეპოს“ ქსელებს) და „ავერსი“.
ეს გარემოება, ავტორების შეფასებით, „ქმნის შესაბამის ბაზრებზე/ურთიერთჩამანაცვლებელი პროდუქტების დონეზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის მოცემულობას“.
ღარიბაშვილმა წამლების სიძვირეზე წელს უკვე მეოთხედ ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მზარდი სამოქალაქო უკმაყოფილების ფონზე, უკვე არაერთხელ ისაუბრა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე და განაცხადა, რომ მთავრობა ვალდებულია, „დროული რეაგირება“ ჰქონდეს ამ პრობლემაზე.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთავრობაში მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე საუბარი გააქტიურდა. გამოქვეყნდა კონკურენციის სააგენტოს ხანგრძლივი კვლევის შედეგებიც.
უცნობია, რას გეგმავს მთავრობა კონკრეტულად
ჯერჯერობით უცნობია საქართველოს მთავრობის კონკრეტული გეგმა. „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წლის შემდეგ მმართველი ძალაა, ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს, მხოლოდ ახლა აცხადებს, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რათა მოსახლეობას წამლების ფასი მძიმე ტვირთად აღარ დააწვეს.
თუმცა ეს კონკრეტული ნაბიჯებიც უცნობია – ჯანდაცვის სამინისტროში სულ ახლახან დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით შეიმუშავებს ინიციატივებს, რასაც, სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა.
„მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“, – აღნიშნა 16 ნოემბერს „ჯანმოს“ რეგიონულმა დირექტორმა, სილვიუ დომენტემ.
სამუშაო ჯგუფის წევრები და ჯანმოს ექსპერტები უშუალო ინიციატივებზე ჯერჯერობით მედიასთან კომენტარებს არ აკეთებენ.
საინტერესოა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტართა რიგებში ირიცხება ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანია „გლობალფარმის“ მფლობელი, ანტონ ობოლაშვილი. მის მიერ შევსებული ოფიციალური დეკლარაციით, „გლობალფარმის“ ფლობის დამსახურებით პირადად ობოლაშვილმა 2020 წელს 1 218 917 ლარი გამოიმუშავა.
ფარმაცევტულ ბიზნესის წარმომადგენლები არიან ოპოზიციაშიც. მაგალითად, პარლამენტის წევრია სააფთიაქო ქსელ PSP-ს (ასევე, PSP დაზღვევის) დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი, რომელიც უკვე 5 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი გახდა. 2020 წელს კი ის ოპოზიციური პარტიების ბლოკით შევიდა პარლამენტში.
__
____