მთავარი,სიახლეები

„სიმენსი“ რუსეთს ტოვებს – „ვგმობთ ომს უკრაინაში“

12.05.2022 • 1043
„სიმენსი“ რუსეთს ტოვებს – „ვგმობთ ომს უკრაინაში“

გერმანული კონცერნი „სიმენსი“ რუსულ ბაზარს ტოვებს. კომპანიამ დღეს, 12 მაისს, გაავრცელა პრესრელიზი, რომ ამჟამად მიმდინარეობს რუსეთში ყველა ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის პროცესი.

კომპანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზია რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე.

„ვგმობთ ომს უკრაინაში და გადავწყვიტეთ, დავიწყოთ თანმიმდევრული პროცესები რუსეთში ჩვენი სამრეწველო ბიზნესსაქმიანობის შესაჩერებლად.

თუ გავითვალისწინებთ ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ჩვენს მოვალეობასა და მომხმარებელთან მრავალწლიან ურთიერთობას ბაზარზე, სადაც თითქმის 170 წელია აქტიურად ვმუშაობთ, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ამჟამად ვაფასებთ ჩვენს ხალხზე გავლენას და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში.

ამავდროულად, ვაწვდით ჰუმანიტარულ დახმარებას ჩვენს კოლეგებსა და უკრაინელ ხალხს და ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას მშვიდობისკენ მოწოდებაში,“ – განაცხადა როლანდ ბუშმა, Siemens AG-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

„სიმენსს“ 3000 თანამშრომელი ჰყავს რუსეთში.

„სიმენსი“ მუშაობს ელექტროტექნიკის, ენერგეტიკული, ტრანსპორტის, სამედიცინო აღჭურვილობისა და განათების, ასევე, სპეციალიზებული მომსახურების სხვადასხვა სფეროში. კომპანიის სათავო ოფისები ბერლინსა და მიუნხენში მდებარეობს.

___________________

ფოტო: EPA-EFE/LUKAS BARTH

გადაბეჭდვის წესი


ასევე: