მთავარი,სიახლეები

მარიუპოლის მერი: ქალაქში 150-170 ათასი ადამიანია, შესაძლოა იფეთქოს ეპიდემიამ

11.05.2022 • 2685
მარიუპოლის მერი: ქალაქში 150-170 ათასი ადამიანია, შესაძლოა იფეთქოს ეპიდემიამ

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ მარიუპოლში 150-170 ათასი მოქალაქეა, პირობების არქონის გამო ქალაქში შესაძლოა ეპიდემიამ იფეთქოს და სიკვდილის შემთხვევები გაიზარდოს, ამიტომაც საჭიროა მთელი ქალაქის ევაკუაცია. ინფორმაციას მარიუპოლის რადა ავრცელებს ტელეგრამზე.

„ოკუპანტებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს.

მედიკამენტების, სამედიცინო დახმარების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის აღდგენის გარეშე ეპიდემიები იფეთქებს. დღეს მოსახლეობის უმრავლესობა მოხუცები და ავადმყოფები არიან. სათანადო პირობების გარეშე მოწყვლადი ჯგუფების სიკვდილიანობა გაიზრდება.

მარიუპოლელების ნაწილი ახლომდებარე სოფლებიდან დაბრუნდა ქალაქში, რადგან მათ არ უშვებენ თავისუფალი უკრაინის ტერიტორიაზე მკაცრი ფილტრაციის გამო. მაგრამ რუსები აგრძელებენ 24 თებერვალს დაწყებულ გენოციდს. ჩვენი ხალხი სასიკვდილო საფრთხეშია. ამიტომ საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია“, – ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.

მარიუპოლი. ფოტოს მარიუპოლის მერი ავრცელებს ტელეგრამზე

  • რა ხდება მარიუპოლში

რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლი ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის – „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ გაყვანას, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

ამავე თემაზე: 

ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით – მარიუპოლიდან ბათუმში ჩამოსული ცოლ-ქმრის ისტორია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: