მთავარი,სიახლეები

„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლების ცოლებმა რომის პაპს სთხოვეს დახმარება

11.05.2022 • 1256
„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლების ცოლებმა რომის პაპს სთხოვეს დახმარება

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში შეხვდა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების ცოლებს და „მედიაზონას“ გამომცემელს, პიოტრ ვერზილოვს. ამის შესახებ ვერზილოვი ტვიტერზე წერს და ფოტოს აქვეყნებს.

ვერზილოვი წერს, რომ რომის პაპს შეხვდა პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლი, კატია პროკოპენკო და „აზოვსტალში“ მყოფი დაჭრილი მებრძოლის ცოლი, იულია ფედოსიუკი.

„შევხვდით რომის პაპს, რომ გვეთხოვა მისთვის მონაწილეობა მიეღო აზოვსტალის დამცველების ბედში,“ – წერს ვერზილოვი.

  • რა ხდება მარიუპოლში

რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლი ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის, 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის – „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ გაყვანას, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

_____________

ფოტო: Пётр Верзилов/twitter

ამავე თემაზე: 

ტყვედ არ ჩაბარდებიან, რუსები მათ მოკლავენ – „აზოვსტალში“ დაჭრილი მებრძოლის ცოლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: