განათლება,მთავარი,სიახლეები

ხულოდან რომ კახეთში წახვალ, 1 დღეში როგორ უნდა დაბრუნდე? – მოსწავლეები ექსკურსიის შეზღუდვაზე

10.05.2022 • 2988
ხულოდან რომ კახეთში წახვალ, 1 დღეში როგორ უნდა დაბრუნდე? – მოსწავლეები ექსკურსიის შეზღუდვაზე

განათლების სამინისტრომ სკოლებს ახალი რეგულაციები დაუწესა ექსკურსიებზე. გარდა იმისა, რომ სკოლა ვალდებულია გამართული ტრანსპორტი და კვალიფიციური მძღოლი დაიქირაოს მგზავრობისთვის, შეუზღუდა ექსკურსიის მარშრუტიც. მოსწავლეებს მხოლოდ 150 კმ-ის ფარგლებში შეუძლიათ ექსკურსიაზე წასვლა და არც ღამის თევის უფლება აქვთ. რას ფიქრობენ ახალ რეგულაციებზე სოფლად მცხოვრები ბავშვები და რა პრობლემებს შეუქმნის მათ ახალი რეგულაციები? ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში და ქედაში მცხოვრებ მოზარდებს ესაუბრა.

როსტომ შამანაძე ხულოში, სოფელ დანისპარაულში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მეოთხე კლასის შემდეგ ექსკურსიაზე არ ყოფილა, ბოლო ორი წელი კი პანდემიის გამო ისედაც შეზღუდული იყო შეკრება და გადაადგილება. ცოტა ხნის წინ, სკოლამ კახეთის მონახულება გადაწყვიტა, თუმცა სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ვერც წელს შეძლებს სოფლიდან გასვლას.

„ჩემი გამოცდილება საკმაოდ მწირია ექსკურსიებში – მე-11 კლასელი ვარ და მეოთხე კლასის შემდეგ არსად ვყოფილვარ ექსკურსიაზე. მეოთხე კლასში რომ ვიყავი, მაშინ ჩამოვედით ბათუმში კლასი.

ახლა ვაპირებდით ტურს კახეთში, შემდეგ თბილისის მონახულებას, მაგრამ რადგან ღამისთევით წასვლა აღარ შეიძლება, გამოდის ვერც კახეთში და თბილისში წავალთ.

რა თქმა უნდა, უსაფრთხოება კარგია, ბავშვების ინტერესი, ჩვენი უსაფრთხოებაა დაცული – ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ გუნდში ერთი პირი მაინც უნდა იყოს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ეს კარგია, მაგრამ არის დეტალები, რომელიც ვფიქრობ გადასახედია.

მაგალითად ის, რომ ღამისთევით ვერ წავალთ. მე აჭარის მაღალმთიანეთში ვცხოვრობ, ხულოში და აქედან ისე ვერ დაგეგმავ ექსკურსიას, რომ ღამის თევა არ მოგიწიოს. ეს ალბათ გადასახედია“, – ამბობს როსტომი.

რა აკლდება ბავშვს, როცა ის ვერ ახერხებს შემეცნებით მოგზაურობას სწავლის პერიოდში – ვკითხეთ მას. როსტომი ამბობს, რომ „ბევრი რამ“, რადგან უამრავი ადამიანი ჩამოდის ჩვენი ქვეყნის დასათვალიერებლად და ჩვენ არ ვართ ნამყოფი მაგალითად ვარძიაში, წინანდალში, სვანეთში. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია.

შენი ქვეყანა თუ არ იცი და შენი ქვეყნის ისტორიით და კულტურით არ დატკბი, სხვისას როგორ დააფასებ? ჩვენი პირადი სიამოვნება და თავგადასავლებიც მოგვაკლდაო“.

როსტომის თქმით, გამოდის, მშობლებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე ბავშვების სამოგზაუროდ წაყვანა, რისი შესაძლებლობაც ოჯახების უმრავლესობას არ აქვს.

„სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს ნამდვილად არ აქვთ იმისთვის დრო და ფინანსები, რომ დაგეგმონ ტური და წაიყვანონ ბავშვები. ჩვენს სოფელში ბევრი ოჯახი ცდილობს განვითარებას, საოჯახო ტიპის სასტუმროებს აკეთებენ და ასეთი ოჯახები ალბათ უფრო მოახერხებენ შვილების გაყვანას. ვინც სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, თუნდაც ჩემი ოჯახი, ფაქტობრივად, ვერ დაგეგმავს ექსკურსიას, რადგან ფიზიკურად არ არის ამის შესაძლებლობა.

ფინანსურს რომ თავი დავანებოთ, მაგის დრო არავის აქვს. ერთობლივად, კლასთან ერთად გასვლა ფინანსურად მომგებიანია, რადგან ერთად ქირაობ ტრანსპორტს და მგზავრობაც კარგია თანატოლებთან ერთად. 12 წელი რომ ბავშვებთან ერთად იქნები, ერთი დასამახსოვრებელი დღე ხომ უნდა გქონდეს. ოჯახთან ერთადაც კარგია, მაგრამ სულ სხვა ემოციები იქნება თანაკლასელებთან ერთად“, – ამბობს როსტომი.

ექსკურსიებზე წასვლა „ბოლო ზარის“ ერთ-ერთი კომპონენტია. ახალი რეგულაციები კი, თუ სკოლამ არ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, მეთორმეტეკლასელებსაც შეზღუდავს.

„რა მარშრუტიც ჩაეტევა ამ რეგულაციებში, ალბათ იქ წავა მე-12 კლასი, ან საერთოდ აღარ წავა“, – ამბობს როსტომი.

მისი თქმით, 150 კმ-ის ფარგლებში ხულოში მცხოვრებმა ბავშვმა შესაძლოა მხოლოდ ჯავახეთის ნაწილი მოინახულოს. აღმოსავლეთ საქართველოს კი ამ რეგულაციების პირობებში ვერასდროს ნახავს.

„ხულო-ზარზმის გზაც საკმაოდ გაუმართავია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადაპტირებული ვართ ასეთ გზებზე, მაინც ვფიქრობ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია.

ახლა როცა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს, ზოგიერთ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა, ჩამოვიდა საკმაოდ დიდი მიწის მასა და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი“, – ამბობს როსტომი.

ლიკა ლამპარაძე ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობს. ლიკა მეცხრეკლასშია და ახალი რეგულაციების გამო მის კლასსაც მოუწევს დაგეგმილი ექსკურსიის გაუქმება.

„შარშან ვიყავით ქუთაისში – სათაფლია, პრომეთე ვნახეთ. წელს ვაპირებდით ვარძიაში წასვლას, დაგეგმილი გვქონდა. მიზანი იყო, რომ ორი დღის განმავლობაში მოგვევლო სხვა კულტურული ძეგლებიც და შემეცნებასთან ერთად, კარგი მოგონებებიც დაგვრჩენოდა.

ვარძიაში რომ ჩახვალ, ჯერ იმხელა გზას რომ გაივლი, დაღლილი რას მოინახულებ და შემდეგ ისევ უკან წამოსვლა ძალიან რთული იქნება. ალბათ აღარ წავალთ“, – გვეუბნება ლიკა.

მისი თქმით, არცერთი სასკოლო ექსკურსია არ გამოუტოვებია და ყოველთვის სიხარულით დადიოდა კლასელებთან ერთად.

„ჩემთვის და, ზოგადად, სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის ექსკურსია იყო ძალიან დიდი მოტივაცია. მასწავლებლები გვეუბნებოდნენ – „თუ კარგად არ ისწავლი, არ წაგიყვანთ ექსკურსიაზე“. ჩვენ ვცდილობდით, კარგად გვესწავლა.

მთელი წელი ველოდით ამ დღეს. ქალაქის ბავშვებთან შედარებით არ მიგვიწვდება ხელი ხშირად ვიაროთ მუზეუმებში, ექსკურსიებზე. მთელ კლასს ერთად ძალიან გვიხაროდა, ფოტოებსაც ვიღებდით და განათლებასაც“, – ამბობს ლიკა.

მისი თქმით, მერისიდან პანდემიამდე ხულოში იყვნენ ექსკურსიაზე, შარშან კი ქუთაისში წასვლა და გელათის მონახულება მოახერხეს.

„ლაშქრობებზე თუ წავალ 150 კმ-ის ფარგლებში ეს არის, სხვაგან ვეღარ მოვახერხებთ. ყველაზე მეტად ვარძიის და სვანეთის ნახვა მინდოდა, ახლა გამოდის დამოუკიდებლად მოგვიწევს წასვლა. შეიძლება ისე გავიდეს წლები, რომ ვეღარ გავიდეთ ვერსად, რადგან მშობლებს ყოველთვის არ აქვთ ამის დრო, ფინანსები – მეურნეობა, საქონელი და ყველაფერი ერთად მისახედია.

სოფელში 150 ოჯახი ცხოვრობს, 10-15 თუ ახერხებდა ზოგჯერ ბაკურიანში ან სურამში გასვლას. ყველ ბავშვი ვერა. ამიტომ მშობლები ცდილობდნენ ექსკურსიაზე მაინც გაეშვათ ბავშვები. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა იმასაც ვერ იხდიდნენ ბავშვები და ვერ მოდიოდნენ ექსკურსიაზე. ახლა მშობელმა თავისი ხარჯიც უნდა გაიღოს და შვილისაც, სადმე რომ წაიყვანოს“, – გვიხსნის ლიკა.

ახალგაზრდების თქმით, ახალი რეგულაციების გამო იმედგაცრუება დაეუფლათ, რადგან მათი გეგმები ჩაიშალა.

„მთელი წელი რომ ელოდები და ბოლო წუთს იმედები გიცრუვდება… ამის გამო გვქონდა პროტესტი. სჯობდა სამინისტროს გაეკონტროლებინა რეგულაციების საკითხი, დაეტრენინგებინათ მოსწავლეები და მასწავლებლებიც, როგორ უნდა მოემზადონ და მოიქცნენ ექსკურსიაზე. ჩვენთვის გადაადგილება არ უნდა შეეზღუდათ “, – ამბობს ლიკა.

მის პოზიციას როსტომიც იზიარებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: