მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

თურქული მედიკამენტების შემოტანამდე იგივე წამლები ქართულ აფთიაქებში 35 მილიონით მეტი დაჯდებოდა

12.05.2022 • 1814
თურქული მედიკამენტების შემოტანამდე იგივე წამლები ქართულ აფთიაქებში 35 მილიონით მეტი დაჯდებოდა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 100 000-ზე მეტმა ადამიანმა იყიდა, რაშიც 15 მილიონი ლარი გადაიხადეს. ძველი ფასებით კი, ამავე მედიკამენტებში 35 მილიონი ლარით მეტი – 50 მილიონი ლარის გადახდა უწევდათ.

„მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამ ორ თვეში, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაზოგვა. რაც შეადგენს 35 მლნ ლარამდე თანხას“, – თქვა აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, სამინისტროს ცნობით ჩამონათვალი იზრდება.

თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნას წინ უძღოდა მრავალწლიანი მწვავე განწყობები საზოგადოებაში და საპროტესტო კამპანიები საქართველოში მედიკამენტებზე მაღალი ფასების გამო.

ამავე თემაზე:

აზარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში წამლების ხელმისაწვდომი ფასის კონტროლის მიზნით, დაწყებულია მუშაობა მედიკამენტების რეფერენტული ფასების დადგენისთვის. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აწესებს მაქსიმალურ ზედა ზღვარს, თუ რა ფასად უნდა გაიყიდოს მედიკამენტები ან მათი იმპორტი. მინისტრის თქმით, რეფერენს ფასებით ხელმძღვანელობა საქართველოში უახლოეს თვეებში იქნება შესაძლებელი.

„ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია წამლის ფასების ბალანსირებისა და ფინანსური ხელმისაწვდომობისთვის. რეფერენს ფასებით ხელმძღვანელობა აპრობირებული მექანიზმია მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში და უახლოეს თვეებშიც იქნება საქართველოში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: