მთავარი,სიახლეები

პაპისეული მიწა დავირეგისტრირეთ და პროკურატურა გვიჭერს – გლეხები პრემიერს მიმართავენ

11.05.2022 • 2320
პაპისეული მიწა დავირეგისტრირეთ და პროკურატურა გვიჭერს – გლეხები პრემიერს მიმართავენ

ბაღდათის რაიონში მოქალაქეებმა გუშინ, 10 მაისს, საპროტესტო აქცია გამართეს. 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის შემდეგ ეს პირველი აქციაა ბაღდათში, როცა მოქალაქეები პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.

საირმის სიახლოვეს მიწის ექვს მფლობელს პროკურატურა თაღლითობის გზით მიწის მისაკუთრებაში სდებს ბრალს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ემუქრება. აქცია ბაღდათში სწორედ მათ გამართეს – ბაღდათის მცხოვრებლებმა, რომლებსაც მამა-პაპისეული მიწები დაიკანონეს კურორტ საირმის სიახლოვეს.

საქმე ისაა, რომ საკუთრების დაკანონებიდან ერთი წლის შემდეგ, ამ მიწის მფლობელებს მიუვიდათ შეტყობინება პროკურატურიდან, რომლის მიხედვითაც საირმის სიახლოვეს მიწის მფლობელები თითქოს მერიის წარმომადგენელს გაურიგდნენ, მან კი ყალბი დოკუმენტი მოამზადა, რასაც საჯარო რეესტრი დაეყრდნო მიწების დაკანონებისას.

სადავო ნაკვეთები საირმის სიახლოვეს, რომლებიც ახლაც ბაღდათის ექვსი მცხოვრების საკუთრებაშია, პროკურატურის მტკიცებით, სინამდვილეში სატყეო ფონდს ეკუთვნის და არ არსებობდა მათთვის ამ მიწები საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი.

აქცია ბაღდათში

საპროტესტო აქცია ბაღდათში დაკავებულების – წინასწარ პატიმრობაში მყოფ ნუგზარ და ბესო კბილაშვილების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს. ბესო კბილაშვილი ნერგეეთის ადმინისტრაციულ თემში ბაღდათის მერის წარმომადგენელი იყო, ნუგზარ კბილაშვილი კი ნერგეეთის საკრებულოს თავმჯდომარე.

ნუგზარ კბილაშვილი – სოფელ ნერგეეთის რწმუნებული.

„რაც თავი მახსოვს საირმეში ვცხოვრობთ. ბაბუა 1947 წელს დასახლდა იქ. საირმეში მაქვს სახლი და საფუტკრე მეურნეობა, რასაც მთელი ცხოვრება შევალიე. გამოუშვა მთავრობამ კანონი მიწების რეგისტრაციის და დავიკანონეთ წესიერად პაპისეული ადგილები. მთელმა საირმემ იცის, რომ აქ მკვიდრები ვართ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია. შევაგროვეთ საბუთები, რაც მოგვთხოვეს: საჯარო რეესტრი იყო თუ რაც იყო, კანონით შევავსეთ ფორმა, რაც მოგვცეს, დაგვირეგისტრირეს ადგილები და მას მერე ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებით გვედავებიან და თაღლითობას გვაბრალებენ.

ვითხოვთ მთავრობისგან და საჯარო მოხელეებისგან პასუხს, რის საფუძველზე გვდებენ ბრალს თაღლითობაში კანონმორჩილ ადამიანებს, ვინც ჩვეულებრივი, წესიერი მოქალაქეების ცხოვრებით ვცხოვრობთ“, – ამბობს მეფუტკრე გელა სოსელია. პროკურატურისგან თაღლითობაში ბრალდების შეტყობინება მასაც მიუვიდა და 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნინო მანაგაძეც აქციის ერთ-ერთი მონაწილეა, მისი ქმარსაც, ასევე საირმის სიახლოვეს მიწის მფლობელს. მას, გუშინ, 10 მაისს, მიუვიდა ცნობა – დაკითხვაზე იბარებენ პროკურატურაში, ყველა ბრალდებულთან დასაწყისში ასე იყო. ნინო მანაგაძე ვარაუდობს, რომ მის ქმარსაც მალე მიუვა თაღლითობაში ბრალდების შეტყობინება.

„გვედავებიან, რომ ეს მიწები სატყეო ფონდისაა. გასაგებია, რომ იყო სატყეო ფონდის და ამასთან დაკავშირებით ყველა მოქალაქეს აქვს მიწერილი სატყეო ფონდისთვის, თუკი ჩვენი მიწები რამენაირად კვეთს სატყეო ფონდს, ამაზე გაეკეთებინათ კორექტირება.

ჩვენ, მოქალაქეებს კითხვა გვიჩნდება: თუკი ეს საჯარო რეესტრს უნდა გაეკეთებინა და შეკითხვა სატყეოსთან უნდა გაეგზავნა, რა მოხდა, სად არის ეს შეკითხვა და სად არის ამაზე პასუხი?

ჩვენ რეესტრისგან მივიღეთ მხოლოდ ეს პასუხი, რომ მიწები არის თქვენი კერძო საკუთრება და დაგირეგისტრირდათო. მოსახლეობის ბრალი სად იკვეთება, რომ ჩვენ რამე დავაშავეთ და თურმე არამხოლოდ დავაშავეთ, არამედ ვითაღლითეთ კიდეც.

ეს თაღლითობის მუხლი გულში ლახვარივითაა ადამიანისთვის. წლებია ამ ხალხმა იშრომა იმისთვის, რომ საბოლოოდ თაღლითის იარლიყი მიეკერებინათ?

ჩვენ სიმართლის დადგენა გვინდა, გვითხრან ზუსტად რა დავაშავეთ, სად დავაშავეთ და რას გვედავებიან. ყველა საბუთი კანონის ფარგლებშია მოპოვებული და გადაცემული საჯარო რეესტრისთვის.

რის საფუძველზე დაგვიმტკიცეს მიწები და გვითხრეს კი ბატონო თქვენიაო და ახლა რის საფუძველზე გვეუბნებიან, რომ თაღლითები ვართ? ამის დადგენა გვინდა. გვინდა ხმა მივაწვდინოთ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის თავმჯდომარეს, რომ გამოარკვიონ, რა ხდება, რამხელა უსამართლობასთან გვაქვს საქმე, რატომ გვედავებიან უდანაშაულო ხალხს თაღლითობის მუხლით.

აქცია ბაღდათში

გელას ცხოვრება, შრომა და ისტორია ყველამ იცის ბაღდათში. ეს კაცი თუ თაღლითია, მე მაშინ ძალიან მრცხვენია და ბოდიშსაც მოვუხდი ყველას“, – ამბობს ნინო მანაგაძე.

არც გოგა თოლორდავას მისვლია ჯერ ბრალდების ცნობა, მაგრამ ისიც დაკითხვაზეა დაბარებული.

„კეთილსინდისიერი მესაკუთრე ვარ“, – ამბობს გოგა თოლორდავა. „ჩვენი მიზანია ყველას მივაწვდინოთ ხმა და ჩავაყენოთ საქმის კურსში, რაც ხდება. ყველასგან ვითხოვთ თანადგომას უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში, მსგავს უსამართლობას ბაღდათში ადგილი არასდროს ჰქონია.

დავა მიდის იმ კერძო მესაკუთრეებთან, ვისი მიწებიც კურორტ საირმის მიმდებარედაა. მთელ საქართველოში და ბაღდათშიც რეფორმის ფარგლებში უამრავმა, ასეულობით ადამიანმა დაირეგისტრირა ანალოგიურად მიწის ნაკვეთები, მაგრამ გამოძიება მხოლოდ საირმის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის მფლობელთა წინააღმდეგ დაიწყო.

ეს აჩენს საფუძვლიან და გონივრულ ეჭვს, რომ ამის უკან გარკვეული ხალხის ინტერესები დგას და სწორედ ესაა ამ აქციის მიზანი, რომ ყველას ვთხოვოთ დახმარება ამის გამოაშკარავებაში, ვინ დგას ამის უკან და რატომ ადანაშაულებენ თაღლითობაში მხოლოდ საირმის მიმდებარედ მიწის მფლობელებს“, – ამბობს აქციის მონაწილე.

გადაბეჭდვის წესი