მთავარი,სიახლეები

რამდენს გადაიხდიან შსს-ს თანამშრომლები ბინებში, რომლებსაც სამინისტრო მათთვის აშენებს

07.06.2019 • 4699
რამდენს გადაიხდიან შსს-ს თანამშრომლები ბინებში, რომლებსაც სამინისტრო მათთვის აშენებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხუთ ქალაქში [ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თბილისი, რუსთავი] 400 თანამშრომლისთვის ათ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. მშენებლობა დაწყებულია და მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები ჯამში 33 465 912 ლარზეა გაფორმებული. აქედან 40%-ს, ანუ 13 386 364 ლარს შსს გადაიხდის, ხოლო 60%-ს, ანუ 20 079 547 ლარს – ბინის მომავალი მესაკუთრე, პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი.

აღნიშნულ ქალაქებში პროექტში ჩართული შსს-ს თითოეული თანამშრომელი 77 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით მიიღებს. მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბინის მომავალი მესაკუთრე, საქართველოს ქალაქების მიხედვით, საცხოვრებელ ბინაში გადაიხდის: ბათუმში – 45 517 ლარს, ზუგდიდში – 49 350 ლარს, ქუთაისში – 45 590 ლარს, თბილისში – 49 909 ლარს, რუსთავში – 49 530 ლარს.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „პროექტში გამარჯვებული თანამშრომელი ბინის საფასურს საკუთარი სახსრებით ან შეღავათიანი იპოთეკური სესხით ფარავს… პროექტში გამარჯვებულებს შესაძლებლობა აქვთ, გადასახდელი თანხის სრულ ოდენობაზე გააკეთონ განაცხადი ნებისმიერ ბანკში“.

რას გულისხმობს „პროექტის ფარგლებში შეღავათიანი იპოთეკური სესხი“? – ამ კითხვაზე პასუხი შსს-დან ვერ მივიღეთ. წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრომ არ მოგვაწოდა კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც [შესაბამისი პროექტი/პროგრამა, ბრძანება, დადგენილება, მემორანდუმები ბანკებთან თუ სხვ.].

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამდენიმე ბანკს, არიან თუ არა ჩართული აღნიშნულ პროექტში და თუ კი, რა შეღავათებს სთავაზობენ მომავალ ბინის მესაკუთრეებს იპოთეკური სესხის გაცემის დროს.

რამდენიმე ბანკში გვითხრეს, რომ ასეთ პროექტში არ არიან ჩართულები და, შესაბამისად, ამ დროისთვის არც რაიმე მემორანდუმი აქვთ გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. რამდენიმე ბანკისგან კი პასუხს ველოდებით, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

როგორც „ბათუმელებთან“ შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, ძირითადად „ლიბერთი ბანკს“ მიმართავენ, თუმცა აქაც, სესხის აღების შემთხვევაში, ბინის შესაძენად გადასახდელი თანხა უორმაგდებათ. მაგალითად, თუ აიღებენ 45 ათასი ლარის სესხს 15 წლით, საბოლოოდ 90-95 ათასი ლარის გადახდა უწევთ. „ბანკი მაინც ინდივიდუალურად სწავლობს მსესხებლის ისტორიას – კრედიტი არ უნდა გქონდეს, ხელფასის ოდენობა და სხვა. ზოგისთვის ეს პირობა მისაღებია, ზოგისთვის არა“, – გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში პროექტით დაინტერესებულ თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ, კითხვა-პასუხის ფორმატში გაცნობოდნენ პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. პროექტში მონაწილე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, შეიქმნა სპეციალური განმხილველი კომისია და დამტკიცდა კომისიის საქმიანობის განმსაზღვრელი დებულება. კანდიდატებად შეირჩნენ სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე პროფესიონალი მოსამსახურეები, აღნიშნულ კანდიდატებს შორის კი გამარჯვებულების გამოვლენა შემთხვევითი შერჩევის [დოლურის] პრინციპით მოხდა. მიდგომა მაქსიმალურად გამორიცხავს შერჩევის პროცესში სუბიექტური მიდგომის ფაქტებს. შერჩეული კანდიდატების უმეტესობამ უკვე გაიარა პირველადი კონსულტაციები ბანკთან, შესაბამისად მიმდინარეობს ბანკის(ების) მხრიდან შესაბამისი განაცხადების განხილვის პროცესი, რის შემდგომაც დაიწყება აღნიშნული ბინების შესყიდვის პროცედურები. თანამშრომლების ნაწილი საკუთარი სახსრებით იხდის ბინის შესასყიდად საჭირო თანხას“, – მოგვწერეს 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

შსს-ს თანამშრომლებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს ბათუმში კომპანია „აიდურგეო“ აშენებს [ხელშეკრულება 6 497 839.98 ლარზეა გაფორმებული], ზუგდიდსა [6 610 659.62 ლარზე] და ქუთაისში [6 599 000 ლარზე] – „თი ემ“-ი, თბილისში [7 236 914 ლარზე] – „დაგი“, ხოლო რუსთავში [6 521 499 ლარზე]- კომპანია „ტრანსმშენი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მშენებარე კორპუსი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე / მაისი, 2019

ამ თემაზე:

თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან – შსს-ს განმარტება კორპუსების მშენებლობაზე

მთავარი ფოტო: შსს-ს მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში /ფოტო „ბათუმელები“, მაისი, 2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: