ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის დასრულდება შსს-ს კორპუსების მშენებლობა ბათუმში, სადაც ბინებს პოლიციელებს გადასცემენ

17.03.2021 • 1484
როდის დასრულდება შსს-ს კორპუსების მშენებლობა ბათუმში, სადაც ბინებს პოლიციელებს გადასცემენ

ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია.

სამინისტროს ინფორმაციით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანია „აიდურგეოსთან“.

ხელშეკრულება 6 599 000 ლარზე იყო გაფორმებული და მშენებლობა 2020 წლის 9 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

„არაერთი სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ჩამორჩება სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკს და სამუშაოების დიდი ნაწილი შეუსრულებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, გეკისრებათ 9 898.5 ლარი ჯარიმის გადახდა… შემსყიდველმა ორგანიზაციამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და სს „ზირაათ ბანკი საქართველოსგან“ გამოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თანხით – 329 950 ლარი სრულად“, – აღნიშნულია შსს-სგან „აიდურგეოს” დირექტორის სახელზე 2020 წლის 26 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში.

შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით, „აიდურგეოზე“ 2 639 600 ლარია გადახდილი ბიუჯეტიდან.

შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის მშენებარე კორპუსები ბათუმში / ფოტო: შსს

სამინისტრომ კორპუსების მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე ახალი ტენდერი 2021 წლის 16 მარტს გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 3 058 005 ლარია. პირობის მიხედვით, წინადადებების მიღება 2021 წლის 7 აპრილს დასრულდება.

კორპუსების მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შს სამინისტროს 88 თანამშრომლის ოჯახზეა გათვლილი. 

შსს 400 თანამშრომლისთვის ჯამში 10 კორპუსს აშენებს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში. მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები ჯამში 33 465 912 ლარზეა გაფორმებული. მშენებლობის ღირებულების 40%-ს ანუ 13 386 364 ლარს შსს გადაიხდის, ხოლო 60%-ს ანუ 20 079 547 ლარს – ბინის მომავალი მესაკუთრე – პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი.

ამავე თემაზე:

რამდენს გადაიხდიან შსს-ს თანამშრომლები ბინებში, რომლებსაც სამინისტრო მათთვის აშენებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: