მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმო: საჭიროა საქართველომ წამლის ფასები დაარეგულიროს

15.07.2021 •
ჯანმო: საჭიროა საქართველომ წამლის ფასები დაარეგულიროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისი საქართველოში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად, ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასები დაარეგულიროს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ძირითადად გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ “ამბულატორიული მედიკამენტების შეზღუდული დაფარვით, მომხმარებლის გადახდების კომპლექსური სისტემით (თანამონაწილეობა), თანაგადახდაზე ყოველწლიური ლიმიტის, ან ნაკლებად შეძლებული, ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შეღავათების გარეშე, ასევე სტაციონარული და გადაუდებელი დახმარების პრიორიტეტით პირველად ჯანდაცვასთან მიმართებაში”.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის მიუხედავად,  ჯიბიდან გაწეული ხარჯები კვლავ ტვირთად აწვება იმ ადამიანებს, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია ჯანმოს ევროპის რეგიონის მასშტაბით.

ანგარიშში წერია, რომ ფინანსური სიდუხჭირის მთავარი მიზეზი ამბულატორიული მედიკამენტებია (69%), რაც განპირობებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული მოცვითა და მედიკამენტების მაღალი ფასებით.

ჯანმრთელობაზე ჯიბიდან კატასტროფული დანახარჯები უკიდურესად აწვება უღარიბეს ოჯახებს.

2018 წელს მედიკამენტების წილმა უღატაკეს ოჯახებში ჯიბიდან გადახდების 90% შეადგინა, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში კი – 24%.

“2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შედეგად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოცული მოსახლეობის წილი და შემცირდა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები. თუმცა, საქართველოში ჯანდაცვაზე საჯარო დანახარჯები (2,9%) ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (4,9%) დაბალია”, – წერია ანგარიშში.

ჯანმოს ანგარიშში განხილულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2013 წელს დაინერგა და რომელმაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გააფართოვა. შესაბამისად, რეფორმებმა გამოიწვია სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა, “მაგრამ ჯიბიდან გადახდის დონე კვლავ მაღალია, 6-დან 1 ოჯახი ჯანდაცვის კატასტროფულ ხარჯებს განიცდის. ჯიბიდან გადახდის ზემოქმედება განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ოჯახებზე აისახება”, – წერია ანგარიშში.

„ანგარიშში მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ რეფორმებმა ვერ უზრუნველყო ამბულატორიული მედიკამენტების საკმარისი დაფარვა, რაც ჯიბიდან კატასტროფული გადასახადების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია… ჯიბიდან გადახდა ჯანდაცვაზე მთლიანი გაწეული ხარჯების 48%-ია, რაც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე (30%) მეტია”, – ტრინ ჰაბიხტი, ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი ჯანმოს ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების ბარსელონას ოფისში.

რეკომენდაციის სახით ჯანმო აცხადებს, რომ მხოლოდ დამატებითი სახელმწიფო ინვესტიციები ჯანდაცვის სფეროში არ არის საკმარისი მოსახლეობის ფინანსური დაცვის გასაძლიერებლად. ასევე საჭიროა საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის უკეთესი პოლიტიკა და ფასების (მათ შორის მედიკამენტების ფასების) რეგულირება. “ჯანდაცვაში ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია უნდა იქნეს მიმართული ღარიბი ოჯახებისა და ჯანდაცვის სერვისების რეგულარული მომხმარებლების უფრო ძლიერი დაცვისკენ”, – წერია ანგარიშში.

 

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/202462/?fbclid=IwAR2NtHmGFZqrfZfklr84l4OW6oUy6-2zcAHdIRWCPW6PnziGOXkTfkOo4bA

გადაბეჭდვის წესი


ასევე: