მთავარი,სიახლეები

საზღვაო ქვეითი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს და „აზოვის პოლკის“ გადარჩენას სთხოვს – ფოტო

11.05.2022
საზღვაო ქვეითი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს და „აზოვის პოლკის“ გადარჩენას სთხოვს – ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქის პირად გვერდზე მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს მიმართავს და მათ მარიუპოლის გარნიზონის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს. ვოლინას დანაყოფი „აზოვსტალში“ იბრძვის.

„თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ შერჩა საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანები ჯერ კიდევ ახერხებენ სხვისი ტანჯვისა და ტკივილის განცდას, თუ დახმარების მუდარას შეუძლია გამოიწვიოს მოქმედება, მაშინ მე მოგმართავთ, ვიბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის!“ – წერს ვოლინა პირად ფეისბუქგვერდზე.

როგორც აზოვსტალში მებრძოლი ოფიცრები ამბობენ, გასულ თვეში სწორედ საზღვაო ქვეითების დანაყოფმა სერგეი ვოლინას მეთაურობით მოახერხა მარიუპოლის ორმაგი ალყის გარღვევა და „აზოვსტალის“ მცველებთან შეერთება.

დღეს კი ვოლინა აზოვსტალიდან სამხედროების გაყვანის თხოვნით მიმართავს მთელ მსოფლიოს, „ნებისმიერს, ვისაც შეუძლია დაიწყოს უკრაინელი სამხედროების გაყვანის პროცედურა!“

ვოლინა უკრაინელი საზღვაო ქვეითების ბრძოლის მოტივაციაზეც წერს:

„მე საზღვაო ქვეითი ვარ.

სწორედ საზღვაო ქვეითებმა მასწავლეს, როგორ უნდა მიყვარდეს უკრაინა გულწრფელად!

მიყვარდეს გაბედულად და უშიშრად, მიყვარდეს იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის მომენტში, მიყვარდეს ფრთხილად, მამაცურად და უკომპრომისოდ!

და სანამ გული მიცემს, ვიგრძნობ წმინდა, უპირობო და უსაზღვრო სიყვარულს ჩემი სამშობლოს მიმართ!

სამშობლოა ის, სადაც შვილს – დედა, ძმას – და, ხოლო მამას თავისი შვილი უყვარს!

ამ სიყვარულს არ აქვს საზღვრები!

საზღვაო ქვეითები ჩემი ოჯახია. ისინი არიან უკრაინის დამცველები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს უყოყმანოდ სწირავენ დედასამშობლოს. ისინი არიან ძმები, რომლებიც ყოველთვის თანაბრად ინაწილებენ, რაც დარჩათ, ერთმანეთს სთავაზობენ მხარს დასაყრდნობად და უწვდიან დახმარების ხელს!

რადგან ჩვენ ერთი სიყვარული გვაქვს დედის – უკრაინისადმი!

ჩვენ ვიბრძვით…“

___

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რუსული არმიის მთავარი სამიზნეა. ქალაქს ბომბავენ 24 თებერვლიდან ანუ ომის დაწყების დღიდან. ქალაქში, რომელიც რუსებმა უკვე დაიპყრეს, მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 150-170 ათასი ადამიანი იმყოფება.

მარიუპოლში ჯერჯერობით იბრძვის „აზოვის პოლკი“, რომელიც ალყაშია და „აზოვსტალის“ მიწისქვეშა გვირაბებშია გამაგრებული.

გასულ კვირას ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და აზოვსტალის ტერიტორიიდან გაიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. მედიის ინფორმაციით, ამ დროსთვის ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩება ასამდე სამოქალაქო პირი, დაჭრილი სამხედროები და აზოვის პოლკის ჯარისკაცები.

რუსეთი არ თანხმდება ჯარისკაცების გაყვანას.

აზოვის პოლკი აცხადებს, რომ რუსებს ტყვედ არ ჩაბარდება, რადგან ეს მათთვის გარანტირებული სიკვდილია. პოლკი მესამე ქვეყანაში ითხოვს გაყვანას.

ფოტო: აზოვი-მარიუპოლის ტელეგრამარხი. დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან

ფოტო: აზოვი-მარიუპოლის ტელეგრამარხი. დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან

ფოტო: აზოვი-მარიუპოლის ტელეგრამარხი. დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან

ფოტო: აზოვი-მარიუპოლის ტელეგრამარხი. დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: