კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ბოლო სამი წელი აკრძალული იყო ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა, მართ შორის სასკოლო ექსკურსიებიც. შესაბამისად, ბავშვებს, ქალაქად თუ სოფლად, ძირითადად დროის გატარება დახურულ სივრცეებში ან სახლში უწევდათ. წელს, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ბევრმა სკოლამ დაგეგმა სასკოლო ექსკურსია, თუმცა ამჯერად შეზღუდვები სკოლებს განათლების სამინისტრომ დაუწესა. გარდა იმისა, რომ ბავშვები ვეღარ შეძლებენ ღამისთევით ტურში წასვლას, მათ მანძილიც შეეზღუდათ.
მარი ხარიტონაშვილი გეოგრაფიის მასწავლებელია და მას ექსკურსიებზე ხშირად დაჰყავდა თავისი მოსწავლეები. სასწავლო წლის ბოლოს, თავის სადამრიგებლო კლასთან ერთად დაგეგმილი აქვს ექსკურსია. შექმნის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციები პრობლემას, რაში ეთანხმება და რაში არა ამ შეზღუდვებს? – ამ თემაზე ესაუბრა პედაგოგი „ბათუმელებს“.
- ქალბატონო მარი, თქვენ როგორც აქტიური პედაგოგი, ალბათ ხშირად დადიხართ ბავშვებთან ერთად ექსკურსიაზე. ხედავთ პრობლემას არსებულ შეზღუდვებში?
კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ისედაც ყველაფერი აკრძალული იყო ბოლო სამი წელი და ამ წლის ბოლოს, რადგან პანდემია შესუსტებულია და რეგულაციებიც მოიხსნა, ბევრი ექსკურსიაა დაგეგმილი სკოლაში.
მე-11 სადამრიგებლო კლასი მყავს, ასევე მაქვს ეკოტურისტული კლუბი და ხშირად გავდიოდით ხოლმე პანდემიამდე ექსკურსიაზე. ახლაც, სასწავლო წლის ბოლოს ვაპირებთ გასვლას. რადგან გეოგრაფიის მასწავლებელი ვარ, ყველა კლასმა მთხოვა მერჩია, სად წასულიყვნენ. ბევრ ბავშვს უნდა ექსკურსიაზე წასვლა.
ბუნებრივია, სამინისტროს ბრძანებას უნდა დავემორჩილოთ, მოგვწონს თუ არა, მაგრამ ბავშვების ინტერესებიც უნდა დავიცვათ.
- ყველაზე მეტი კითხვა გააჩინა ჩანაწერმა, რომელიც ამბობს, რომ ღამისთევით არ შეუძლიათ ბავშვებს ექსკურსიაზე წასვლა და ასევე, 150 კმ-ის რადიუსში შეუძლიათ მხოლოდ გადაადგილება. რამდენად გამართლებულია ეს ჩანაწერი?
თბილისიდან, უხეშად რომ გავთვალოთ, ლიხის ქედამდე არ გვეკრძალება გადაადგილება და ამ რადიუსში სადღაც გორი, ხაშური, ქვემო ქართლი რომ ავიღოთ, ამ მანძილზე შეგვიძლია ღირსშესანიშნაობების მონახულება. ყაზბეგამდე მგონი ვერ წავალთ ამ რეგულაციით. კახეთიც შესაძლოა მოხვდეს ამ სიაში, ასე თუ ისე ჩავეტევით დროში.
ვფიქრობ, თბილისის შემოგარენშიც იმდენი რამის ნახვაა შესაძლებელი, თუნდაც 150 კმ-ის საზღვრებში, რომ მე, პირადად, ხელს არ მიშლის ეს შეზღუდვაც.
არ არის აუცილებელი დასავლეთ საქართველოში გადავიდე, იმერეთი, რაჭა ან სვანეთი მოვინახულოთ მანამ, სანამ ეს რეგულაციები იქნება.
მე მესმის სამინისტროსიც, რადგან იყო ტრაგიკული შემთხვევები ექსკურსიების დროს. ხშირია ისეთი შემთხვევაც, როცა ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტით გადაადგილდებიან ბავშვები და არ არის უსაფრთხოების წესები სათანადოდ დაცული. ის, რაც მოხდა, ვთქვათ, ორი წლის წინ ლაგოდეხის ნაკრძალში, ამ წესების გაუთვალისწინებლობით იყო გამოწვეული.
მასწავლებლებმაც მიიღეს გამოცდილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და თუ აქამდე მდინარე ჩვეულებრივ გასართობად მიაჩნდათ, ახლა იციან, რომ ამას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს და ამიტომ გვეუბნებიან, რომ მოერიდეთ მდინარეს.
სულაც არ არის აუცილებელი, რომ ექსკურსიაზე მდინარის პირას მივიყვანო ბავშვი. ბავშვი ბავშვია და ბუნებრივია, რომ მას ფეხის დასველებაც მოუნდება. მშვიდად რომ ვიყოთ და ბავშვიც უსაფრთხოდ იყოს, სჯობს ზაფხულში მშობლებთან ერთად წავიდეს მდინარეზე და ისე იბანაოს.
ექსკურსია არ არის პიკნიკი, სადაც ოჯახი მიდის და, ბუნებრივია, იქ ბავშვებს მეტი თავისუფლება აქვთ. ჩვენ ექსკურსიის დროს ცოტა ვიზღუდებით, თუმცა ეს არ გამორიცხავს შემეცნებით გართობას.
რაც შეეხება ღამისთევას, მე 25 წელია სკოლაში ვარ და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მოსწავლეები ღამისთევით წასულიყვნენ ექსკურსიაზე. მხოლოდ მეთორმეტე კლასელებისთვის იყო ნებადართული ღამისთევით წასვლა და ისიც ბანკეტის შემდეგ.
- მაგალითად, თუ ჯავახეთის მონახულება სურთ მოსწავლეებს, სურთ მოიარონ ზარზმა, ვარძია, რაბათი, არის შესაძლებელი ღამისთევის გარეშე წახვიდე ასეთ ტურში, გქონიათ ამის პრაქტიკა?
სხვათა შორის, ზარზმაშიც ვყოფილვართ და ძალიან კარგად ჩავეტიეთ ერთ დღეში. ახალციხიდან გადავდივართ, საკმაოდ შორსაა, დაახლოებით 200 კმ. იქნება, მაგრამ თუ სწორად დაგეგმავ ტურს, ვფიქრობ, ამ დროშიც ჩაეტევი.
მე, პირადად, ექსკურსიებს ჰიდროგრაფიული რუკით ვგეგმავ. ჯავახეთში მოგზაურობის დროს მივდივართ თურქეთის საზღვრამდე, სადაც ტბებია და გზადაგზა სწორედ ამ წყალსაცავებსა და ტბებს ვიკვლევთ.
ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ გეგმავ მარშრუტს, რა გინდა, რომ ნახო, საქეიფოდ მიდიხარ, გასართობად თუ შემეცნებითი მარშრუტი გაქვს დაგეგმილი – ეს არის მნიშვნელოვანი.
თუ 5-6 საათი სმას და ქეიფს უნდა მოანდომო, რაც ხდება ხოლმე ტრადიციული ექსკურსიებზე, რადგან მშობლებიც მიიჩნევენ, რომ თუ ექსკურსიაზე მიდიხარ, შეიძლება ცოტა დალიო კიდეც და გაერთო. ეს სხვა მხარეა, ასეთ დროს მარშრუტის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, პრობლემაა.
ზარზმაში როცა ვიყავით, გზაში არ გავჩერებულვართ, მხოლოდ რაბათში გავიარეთ და უკან დავბრუნდით, წავიხემსეთ ტრანსპორტში.
- არ არის რთული დიდი მანძილის ერთ დღეში დაფარვა? ბავშვები თუ იღლებიან? არის მეორე მომენტიც, როცა მძღოლი მთელი დღე საჭესთანაა, ეს უფრო არ ზრდის რისკებს?
ამაში გეთანხმებით. როდესაც ასეთი მარშრუტებია, ჩვეულებრივ ყოველთვის ორი მძღოლი გვახლავს ხოლმე. მე გიდადაც ვმუშაობ და იქაც ყოველთვის ორი მძღოლია, როცა შორ მანძილზე მივდივართ. ეს ჩვენს რეგულაციებშიც შედის. პატარა მარშრუტზე ერთი მძღოლიც საკმარისია.
- სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შესაძლებელია ერთდღიანი ტურიც დაგეგმოო ამბობთ, მაგრამ სამინისტროს რეგულაციით, მარშრუტი ისედაც შეზღუდულია, რომც დაგეგმო, მაინც ვერ წახვალ.
ეს 150 კილომეტრი რატომ გადაწყვიტეს, ვერ გეტყვით. დიახ, ეს აჩენს კითხვებს. ვთქვათ, 180 კილომეტრი გავიარე, ამ პატარა დარღვევით რა იცვლება? არ ვიცი. ალბათ იმიტომ ჩაწერეს, რომ ზუსტად ეს ღამისთევის მომენტი არ იყოს.
- თუმცა რისკებისგან არც მოკლე მანძილზე ვართ დაზღვეული. ხომ არ აჯობებს კონტროლი გამკაცრდეს ტექნიკურ ნაწილზე, მძღოლის პროფესიონალიზმი შემოწმდეს და ასევე, სტანდარტი გაიწეროს.
დიახ, შემთხვევებისგან არც მოკლე მანძილზე ვართ დაზღვეული. რეგულაციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, როცა გომბორზე მძიმე შემთხვევა მოხდა. რა თქმა უნდა, აუცილებელია ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა, მძღოლის კვალიფიკაცია, თუმცა მგონია, რომ მანძილის შეზღუდვა სწორედ ამას უკავშირდება, რომ ერთ დღეში ჩაეტიოს ექსკურსია.
- ეს თქვენი ვარაუდია, თუ ბრძანებაში წერია, რომ დროებითია. ჩვენ არ გვინახავს ასეთი ჩანაწერი, რომ დროებითია.
არავის აქვს უფლება გადაადგილება შეგვიზღუდოს, ასეთ კანონს ვერ შემოიღებენ. მით უმეტეს, ექსკურსია ნებისმიერ ქვეყანაში არის შემეცნებითი აქტივობა, სადაც არავის აქვს მანძილის შეზღუდვის დაწესების უფლება. ამას ვერავინ დაწერს, ფიზიკურად ვერ დააწესებ ასეთ შეზღუდვას. ვფიქრობ, ეს დროებითია და როგორც ექსკურსიების ჩატარებაზე მოხსნეს შეზღუდვა, მანძილთან დაკავშირებითაც მოიხსნება შეზღუდვა, ვფიქრობ, 2-3 კვირაში.
- ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში და აქვთ ინტერესი მოინახულონ თუნდაც თბილისი ან სხვა რეგიონი, ვერ შეძლებენ მოგზაურობას, თუკი ეს რეგულაცია დარჩება. თუ ვინმე იტყვის, რომ მშობელმა წაიყვანოს, ვიცით, რომ ყველა ოჯახს, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არ აქვს შესაძლებლობა იმოგზაუროს. ეს ხომ არ გამოიწვევს ასეთი ბავშვების ერთ სივრცეში ჩაკეტვას?
ვფიქრობ, დროებითი რეგულაციებია პანდემიიდან გამომდინარე. ყველა ერთბაშად რომ არ მიაწყდეს და ეს სამი წლით გამოკეტილი ბავშვები გაგიჟებული არ გავარდნენ ტყე-ღრეში და უარეს რაღაცას არ გადაეყარონ.
მგონია, 1-2 თვეში ეს რეგულაცია მოიხსნება, რადგან ვიცით, რომ ეს არის თავდაცვის დროებითი მექანიზმი. ეს ასე ვერ დარჩება.
- როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ექსკურსია სხვადასხვანაირად აღიქმება ბავშვების წარმოდგენებშიც და მშობლებიც სხვანაირად აღიქვამენ ალბათ. თქვენ ფიქრობთ, რომ სულ სხვა დატვირთვა აქვს ბავშვების სივრცეში გაყვანას. რა არის ექსკურსიის მთავარი მიზანი?
ნებისმიერი ექსკურსია უნდა იყოს, პირველ რიგში, შემეცნებითი, შემდეგ შეიძლება გართობაც. რადგან ექსკურსია არ არის მარტო ბურთის თამაში და ჭამა-სმა. მით უმეტეს, რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება ხშირად ვატაროთ ბავშვები ექსკურსიაზე. მაქსიმუმ ორჯერ წავიყვანოთ წელიწადში.
საქართველოში იმდენი რამ არის სანახავი, შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ მოიარო. ამიტომ უნდა დაგეგმო მარშრუტი სწორად. ჩვენ სულ ვსვამთ ხოლმე კითხვებს – რა გვინდა, რომ ვნახოთ, სად წავიდეთ, ტურისტი რომ ვიყო, რას ვნახავდი პირველად? ვმსჯელობთ და შემდეგ ვთანხმდებით ტურზეც.
რა თქმა უნდა, არც გზა უნდა იყოს მოსაწყენი, რადგან გზად, ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი შეიძლება შეგვხდეს. ამიტომ გუგლის რუკაზე ვინიშნავთ იმ ადგილებსა და ობიექტებს, რაც გზად შემოგვხვდება. როცა ბავშვი არკვევს, რამდენი დასახლებული პუნქტია ამ გზაზე, სად რომელი მდინარე ჩამოდის, რომელი კულტურული ძეგლი შეიძლება იყოს ახლომახლო, ამაზე უამრავ ინფორმაციას იღებს გზაშივე და შემდეგ ამ კონკრეტულ ძეგლებსაც ხედავს. ასე ბევრად კარგად აღიქვამენ და იმახსოვრებენ ისტორიასაც და გეოგრაფიასაც.
გორში თუ მივდივართ, უფლისციხესთანაც უნდა გავიაროთ, არა. ბევრმა არ იცის, ქრისტესშობამდე ამ ქალაქს ქურუმთა ქალაქს რატომ ეძახდნენ, რას ნიშნავს ქურუმი, როგორ აშენდა ეს კომპლექსი, არ იციან და შეიძლება ამ გზაზე მოუყვე ბავშვებს ეს ისტორია. მოყოლისას შეიძლება გამოტოვო რაიმე საკვანძო ელემენტი და იკითხო რა გამოვტოვე? ვერ წარმოიდგენთ, როგორ ჩასაფრებულნი არიან და როგორ ეძებენ ინფორმაციას.
ასე, რომ გზაც შეიძლება ძალიან სახალისო და საინტერესო გახადო.
- როგორ ფიქრობთ, მარშრუტების შეზღუდვა ადგილობრივი მუზეუმების დატვირთვას ხომ არ გამოიწვევს? შეიძლება უფრო მეტს მოუნდეს მუზეუმების ნახვა.
მუზეუმებში ვიზიტები თუ გააქტიურდება, ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან მუზეუმის ნახვის კულტურა სამწუხაროდ ჩვენს მოსწავლეებს არ აქვთ. ხშირად ამბობენ, რომ მოსაწყენია, იქ რა უნდა ვნახო, ბევრმა არ იცის რეალურად მუზეუმის დანიშნულება. ასე, რომ ამ კომპონენტის გააქტიურებაც კარგი იქნება.