ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ მიიღეს ბათუმში პოლიციელებმა დაპირებული ბინები 

11.05.2022 • 2192
რატომ ვერ მიიღეს ბათუმში პოლიციელებმა დაპირებული ბინები 

მთავრობამ 18 აპრილს ათასბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა დააანონსა, მაშინ როცა, უკვე მეორე წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში 88-ბინიანი კორპუსების მშენებლობას ვერ ასრულებს.

სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობას ხელს ამწე უშლის, რომელიც ყოფილმა კონტრაქტორმა კომპანიამ ტერიტორიიდან არ გაიტანა. სამინისტრომ კომპანიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სასამართლოს კი, საკითხის განხილვა უკვე მეხუთე თვეა არც დაუწყია.

საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებს“ დღეს უთხრეს, რომ ამ საქმეზე ჯერ სხდომა ჩანიშნულიც არ არის.

პოლიციელებმა, რომლებსაც ბინები ბათუმში 2020 წელს უნდა მიეღოთ, დღემდე არ იციან, როდის მოახერხებენ ახალ კორპუსში შესახლებას.

შსს-ს მშენებარე კორპუსები ბათუმში: 2020 წელი [ივნისი] და 2022 წელი [მაისი]

საჯარო რეესტრის მიხედვით, მშენებარე კორპუსებში ბინები პოლიციელებზე გადაცემულია და როგორც ერთ-ერთმა მესაკუთრემ გვითხრა, ისინი ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულ ბინების გამოსასყიდ თანხასაც იხდიან.

ზოგიერთ მათგანს, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მშენებარე ბინები იპოთეკითაც აქვს დატვირთული.

  • ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ხელშეკრულება კომპანია „აიდურგეოსთან“ 6 599 000 ლარზე იყო გაფორმებული. მშენებლობა 2020 წლის 9 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.
  • „აიდურგეოსთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მშენებლობის დასრულებაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა.
  • ტენდერში გაიმარჯვა „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველომ“, რომლის დამფუძნებელიც ყაზახური კომპანიაა.
  • ხელშეკრულება ამ კომპანიასთან 2021 წლის 31 მაისს გაფორმდა 2 843 944 ლარზე. ხელშეკრულების მიხედვით, კორპუსების მშენებლობა 210 დღეში, ანუ 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.

2021 წლის 31 დეკემბერს კი, სამინისტროსა და „კასპიისპირეთის სამმართველოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რითაც სამუშაოების დასრულების ვადა შსს-მ 2022 წლის 28 თებერვლამდე გადაავადა.

„საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის ხელშეკრულების შესაბამისად დაიწყო უცხოური საწარმოს ფილიალმა „აიდურგეომ“, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოცემული ხელშეკრულება შეწყდა.
აღნიშნულ ობიექტზე დგას უცხოური საწარმოს ფილიალი „აიდურგეოს“ მიერ დამონტაჟებული კოშკურა ამწე, რომელიც სამუშაოების წარმოებისას ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ შეტანილ იქნა სარჩელი მოპასუხე უცხოური საწარმოს ფილიალი „აიდურგეოს“ მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილია სამუშაოების შესრულების ვადის 2 თვით გაზრდა [2022 წლის 27 თებერვლის ჩათვლით]“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ამის შემდეგ ცვლილება ხელშეკრულებაში კიდევ ორჯერ შევიდა და კორპუსების მშენებლობის დასრულების ვადა ჯერ 2022 წლის 28 აპრილამდე, შემდეგ კი 28 მაისამდე გადაიწია, მიზეზი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა – „ვინაიდან სარჩელი ჯერ არ არის განხილული და ამასთანავე უცხოური საწარმოს ფილიალი „აიდურგეოს“ მიერ დღემდე არ მომხდარა კოშკურა ამწის დემონტაჟი“.

სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს, რომ „ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გაუარესებას და არ ზრდის სახელშეკრულებო ღირებულებას“.

შსს-ს კორპუსები ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში / 11.05.2022

სამშენებლო ტერიტორია დაკეტილია და იქ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ამწე, რომელიც ტერიტორიაზე დგას, კორპუსებში შიდა სამუშაოების ჩატარებას ხელს არ უშლის [მომავალ მესაკუთრეებს ბინები იმ მდგომარეობაში უნდა გადაეცეთ, რომ იქ ცხოვრება შეიძლებოდეს].

ამწის გამო კი შსს-მ მშენებლობის დასრულება რამდენჯერმე გადაავადა. ეს ვადა ახლახან კიდევ გადაიწიეს 28 მაისამდე – თუმცა, ამწე ობიექტიდან დღესვე რომ გაიტანონ, კორპუსები მაისის ბოლომდე მაინც ვერ დასრულდება.

რატომ შეჩერდა მშენებლობის პროცესი და არის თუ არა ეს დაკავშირებული მხოლოდ ამწის დემონტაჟზე? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველოს“ დირექტორს, ილია ერქვანიას.

„ამ დღეებში გადაწყდება ყველაფერი, საქმის კურსში ვარ და დაჩქარდება ძალიან. ხელი მოეწერა ვადების გაგრძელებას. იყო პრობლემები, ახლა დარეგულირდა თითქოს სიტუაცია და ყველაფერი კარგად იქნება… ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ და ყველას უნდა დროზე მორჩეს, მაგრამ ეს გამოიწვია მასალების გაძვირებამ, სასწაული რაღაცები მოხდა – საწვავი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა და ვცდილობთ ყველანაირად, რომ დროზე განვაახლოთ სამუშაოები და ჩავაბაროთ ობიექტი“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ილია ერქვანიამ.

მისივე თქმით, კორპუსების მშენებლობა 2022 წლის აგვისტოში დასრულდება: „სიმართლე გითხრათ, ამ წლის აგვისტოში მორჩება სამუშაოები. ამ ეტაპზე კარ-ფანჯრებზე მიდის მუშაობა და უახლოეს პერიოდში ჩასვამენ. აგვისტოში ჩაბარდება აუცილებლად.“

„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა „აიდურგეოსთან“ დაკავშირება.

  • სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, „აიდურგეოზე“ შსს-ს 2 639 600 ლარი აქვს გადახდილი, ხოლო „მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველოზე“ თანხის გადარიცხვა ამ დროისთვის არ ფიქსირდება.

შსს-ს კორპუსები ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში / 11.05.2022

შსს-ს კორპუსები ბათუმში იმ ტერიტორიაზე აშენდა [ადლიაში], სადაც კანალიზაციის სისტემა არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: