ბათუმის მერი k2-ის გაზრდას თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს – კანონპროექტის ახალი ვერსია

ბათუმში ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის ინიცირებული ცვლილების პროექტი სამშენებლო კოდექსში პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეცვალეს. პროექტში დაზუსტდა, რომ k2 კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობის მიცემის შესაძლებლობა მერს ექნება მხოლოდ პროგრამის ფარგლებში – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

გარდა ამისა, მიზანშეუწონლად ჩაითვალა ექსპროპრიაციის წესში ცვლილება, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების, წინასწარი კომპენსაციით ჩამორთმევას ითვალისწინებდა.

ცვლილების პროექტის მიხედვით, ბათუმის მერი ვალდებული იქნება შექმნას სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის k2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების დაშვების შესაძლებლობას განიხილავს. მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციას გასცემს.

სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, მერის წარდგინებით, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო შემადგენლობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი. იქნება თუ არა რაიმე დათქმა, ვინ შეიძლება იყოს ამ საბჭოს წევრი, ან ექნება თუ არა მერს ვალდებულება საბჭოში ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეიყვანოს, ამის შესახებ პროექტში არაფერი წერია. ამის განსაზღვრა საკრებულოს შეუძლია საბჭოს დაკომპლექტების წესში, თუ ამას მოინდომებს.

პროექტში ცვლილების მიხედვით, 2022 წლის პირველ სექტემბრამდე ბათუმის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით
უნდა დაამტკიცოს დროებითი ხელშეწყობითი ღონისძიებისა და მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენების წესი.

ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერის წარდგინებით უნდა დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი.

ბათუმის მე-10 სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, დამატებით, ახალ შენობას ააშენებენ. ახალი შენობის პროექტისა და მშენებლობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მოსამზადებლად კი, აჭარის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხით შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი აჭარის განათლების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა.

მე-10 საჯარო სკოლის დამატებითი შენობა 3-სართულიანი უნდა იყოს. მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობით – არანაკლებ 600 [25 მოსწავლე ერთ კლასში].

შენობა უნდა მოიცავდეს ასევე შემდეგ სივრცეებს [შესაძლებელია ცვლილებები შესაბამისი დასაბუთებით]: არანაკლებ 24 საკლასო ოთახი [ერთი საკლასო ოთახის ფართობი 45 – 50 კვ.მ-ის ფარგლებში]; დამლაგებლის ფართობი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსოთი; სანიტარული კვანძები მოსწავლეებისთვის, ადმინისტრაციისა და შშმ პირებისათვის; ფოიე [გარდერობით], დერეფანი, სარეკრეაციო ზონები.

შენობაში უნდა დამონტაჟდეს ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველა სართულზე მისაწვდომობით. მოეწყოს სპორტული და სააქტო დარბაზები [სასურველია]; დამატებით პირობებში კი, ტერიტორიის კეთილმოწყობა და ღია სპორტული მოედნის [ტრიბუნებით] მოწყობაც შედის.

ახალი სასწავლო კორპუსი ბათუმში მე-10 სკოლის იმ შენობის უკან არსებულ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩის 66 ნომერში დგას. სკოლის არსებული შენობის უკან მდებარე ტერიტორია კი, ჯამში, დაახლოებით, 3 500 კვადრატული მეტრია.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა და ტერიტორია [წითელ ფერში], სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს / ჯავახიშვილის ქუჩაზე
კონკურსში წინადადებების მიღება 13 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. კონკურსში გამარჯვებულმა კი ახალი შენობის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა 4 თვეში უნდა მოამზადოს. ამის შემდეგ სამინისტრო მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

მე-10 საჯარო სკოლაში ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც სწავლობენ, ვინაიდან მე-16 სკოლის შენობა 2021 წლის აპრილში იმდენად დაიბზარა, რომ შეფასდა, როგორც ბავშვებისთვის სახიფათო.

მე-16 სკოლის ადგილას ახალი შენობის ასაშენებლად 15 969 157 ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და მშენებლობაზე ტენდერია გამოცხადებული. პირობის მიხედვით მე-16 სკოლის ახალი შენობის მშენებლობა 2025 წელში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – პროექტირება დასრულდა

დაპყრობილი მიწის ყოველი მეტრი მორწყულია მტრის სისხლით – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ფრონტზე არსებულ ვითარებას აფასებს. როგორც ვალერი ზალუჟნი ტელეგრამ არხზე წერს, სიტუაციას, სირთულის მიუხედავად, უკრაინის არმია აკონტროლებს.

„თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს. ძალიან რთულია, რადგან საცეცხლე უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარესაა. ყველაფრის მიუხედავად, ვდგავართ. სიტუაცია რთულია, თუმცა კონტროლირებადი,“ – წერს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მანევრულ თავდაცვაზე არიან გადასულები და უფრო მეტად მოხერხებულ პოზიციებს იკავებენ.

„მაგრამ მტრის მიერ დაპყრობილი ყოველი მეტრი მათი სისხლითაა მორწყული“, – დასძენს ზალუჟნი.

უკრაინის ყველაზე ცხელი წერტილი ახლა დონბასია, დონეცკის ოლქი, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება სევეროდენცკში. რუსეთი ქალაქის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, თუმცა უკრაინელთა წინააღმდეგობა არ წყდება.

უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო უწყებების ინფორმაციით, რუსეთმა თავისი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი ნაწილი სწორედ ამ რეგიონში გადაისროლა.

სევეროდენცკისთვის ბრძოლის პარალელურად, რუსეთის არმია ცდილობს, მოიგერიოს უკრაინელთა თავდასხმები ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში.

დღეს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისგან გადმოცემული HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები უკვე უკრაინაშია.

გუშინ, ასევე თავდაცვის მინისტრისგან გახდა ცნობილი, რომ უკვე ბრძოლის ველზეა გერმანული Panzerhaubitze200-ები – თვითმავალი ჰაუბიცები. უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან დაპირებულ M109 da M270 ტიპის საარტილერიო დანადგარებსაც ელოდება.

მთავარი ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი/ფოტო: president.gov.ua

რა შეუძლია გერმანულ ჰაუბიცებს, რომლებიც უკვე უკრაინაშია ბრძოლის ველზე

„ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა“ – დისკუსია ბათუმში დღეს საღამოს

ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა საქართველოს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით – ამ თემაზე დღეს, 23 ივნისს დისკუსიას შეგიძლიათ დაესწროთ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან: მწერლები დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე, ასევე „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი – გიორგი მშვენიერაძე.

დისკუსიის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“.

დისკუსია საღამოს 8 საათზე დაიწყება. მისამართი: 26 მაისის ქუჩა #31

___

ევროპარლამენტმა, 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ, დრეს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან დაკავშირებით „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პირობებს.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, გუშინ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ აჩვენა, რომ „ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის პირობების დაკმაყოფილებას.

„ნაიკი“ რუსულ ბაზარს ტოვებს

ამერიკული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Nike სრულად ტოვებს რუსეთის ბაზარს. ამის შესახებ კომპანიამ დღეს, 23 ივნისს, განაცხადა.

„ნაიკმა“ ჯერ კიდევ მარტში შეაჩერა მაღაზიების მუშაობა რუსეთში, უკრაინაში მოსკოვის ქმედებების საპასუხოდ, ახლა კი კომპანია სრულად გადის რუსეთიდან.

„NIKE-მა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ. ჩვენ ეტაპობრივად შევწყვეტთ ჩვენს საქმიანობას უახლოეს თვეებში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის ბაზარი სრულად დატოვა ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა: „მაკდონალდსი“, „გუგლი“, „იკეა“ და ა.შ., ხოლო ასობით უცხოურმა კომპანიამ მუშაობა შეაჩერა.

____________

ფოტო: qz.com

ვიმედოვნებთ, „აზოვსტალის“ დამცველთა ნაწილს მალე შინ დავაბრუნებთ – დაზვერვის უფროსი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი, რომელიც „აზოვსტალის“ დამცველთა გაცვლის პროცესს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ „უახლოეს მომავალში“ ტყვეთა „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ გათავისუფლების იმედი აქვს.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ბუდანოვმა ტელემარათონის დროს ისაუბრა.

„ჩვენ ყველა მათგანზე გვაქვს ინფორმაცია. ვმუშაობთ ტყვეობიდან მათ გასათავისუფლებლად. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ბევრს ეყოლება საკუთარი ახლობელი უკვე სახლში… უახლოეს მომავალში, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ტყვეების მნიშვნელოვან რაოდენობას გავათავისუფლებთ. ამის შესახებ საზოგადოება დაუყოვნებლივ შეიტყობს მედიის საშუალებით,“ – განაცხადა კირილო ბუდანოვმა.

დაზვერვის უფროსი დასძენს, რომ გაცვლის კონკრეტულ თარიღზე ლაპარაკი ნაადრევია. მისი ინფორმაციით, ლაპარაკი არ არის ერთ მსხვილ გაცვლაზე, არამედ „ეტაპობრივ პროცესზე. ეს არ იქნება ერთი გაცვლა. იქნება რამდენიმე ეტაპი“.

კირილო ბუდანოვის თქმით, ყველაზე რთული „აზოვსტალის“ დამცველთა მეთაურების გაცვლის საკითხია: „რიგით შემადგენლობასთან დაკავშირებით, შედარებით მარტივადაა საკითხი. როდესაც თემა ეხება ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, ცხადია, იქ საქმე რთულდება“.

კირილო ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების საერთო რაოდენობა, ისევე, როგორც უკრაინაში მყოფი რუსი ტყვეების რაოდენობა, თუმცა მან ეს მონაცემები ეთერში არ დაასახელა.

მარიუპოლის უკრაინელი დამცველები, რომლებმაც „აზოვსტალი“ მაისში დატოვეს, დონეცკის ოლქში, კოლონიაში იმყოფებიან. „უკრაინსკა პრავდას“ წყაროების ცნობით, ოლენოვკაში 2 449 უკრაინელი სამხედროა.

მარიუპოლის დამცველები რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 16-20 მაისის დღეებში გადაიყვანეს. რუსული მხარის მტკიცებით, „აზოვსტალის“ მიწისქვეშა თავშესაფრებიდან 2 439 მებრძოლი გამოვიდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებდნენ, რომ მარიუპოლის გარნიზონმა თავისი სამხედრო მისია შეასრულა და მეთაურებმა მიიღეს ბრძანება, ჩაჰბარებოდნენ და პირადი შემადგენლობის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. უკრაინის თავდაცვა განმარტავდა, რომ „აზოვსტალიდან“ მარიუპოლის დამცველთა გამოყვანისა და გადარჩენის სხვა შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.

რუსეთის ხელისუფლებისა და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის თანამდებობის პირებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადებები, რომ „აზოვსტალის“ დამცველები სამხედრო დამნაშავეები არიან და ისინი უნდა გასამართლდნენ.

კრემლის მედიის ცნობით, პოლკ „აზოვის“ მეთაურები და 1000-მდე მებრძოლი „საგამოძიებო მოქმედებებისთვის“ დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში გადაიყვანეს.

მარიუპოლს ახლა მთლიანად რუსეთი აკონტროლებს, თუმცა ალყაშემორტყმული ქარხანა „აზოვსტალი“, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ერთადერთი ადგილი იყო ქალაქში, რომლის აღებაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს. მანამდე, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, რუსეთმა თითქმის მთლიანად დაიკავა ქალაქი და ინტენსიურად ბომბავდა როგორც მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას, ისე დასახლებულ პუნქტებს.

„რუსები აგროვებენ ბოლო რეზერვებს, ჩვენ მათ შევაჩერებთ“ – გაიდაი

რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ძალების მობილიზებას აღმოსავლეთ უკრაინაში, ამიტომ უკრაინის ხელისუფლება ადგილობრივებს სახიფათო დასახლებების დატოვებას ურჩევს – ამის შესახებ უკრაინულ „24 კანალთან“ განაცხადა ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, რუს დამპყრობლებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და პერსონალის მხრივ, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სწორი ტაქტიკა აქვთ არჩეული.

„რუსები აგროვებენ ბოლო რეზერვებს, უახლოეს მომავალში ჩვენ მათ შევაჩერებთ,“ – თქვა გაიდაიმ.

მან აღნიშნა, რომ ახლა არის შესაძლებლობა გაიყვანონ მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის ზოგიერთი ტერიტორიიდან. მისი თქმით, ყოველდღიურად შესაძლებელია 15-დან 70-მდე ადგილობრივი მოსახლის ევაკუაცია.

გაიდაიმ, რომელიც ყოველდღიურად აახლებს ინფორმაციას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შესახებ, დღეს, 23 ივნისს, დილით განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ყველა რეზერვი შეაგროვა და გაგზავნა სევეროდონეცკისა და გოლდენ-ტოშკოვკას მიმართულებით შეტევაზე. სევეროდონეცკი თითქმის მთლიანად დაიკავა რუსულმა არმიამ, უკრაინელები იბრძვიან ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში და „აზოტის“ ქარხნის ტერიტორიაზე.

ქალაქ სევეროდენცკსა და მის მიმდებარე სოფლებსა და ქალაქებში ერთი თვეა ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. მიუხედავად დიდი მობილიზებისა, რუსული მხარე ჯერჯერობით ამ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს.

აშშ-ის არმიის რობოტი-ძაღლი უკრაინაში განაღმვით სამუშაოებში ჩაერთვება

აშშ-ის არმია თანახმაა, თავისი რობოტი-ძაღლი სპოტი უკრაინაში, კიევის შემოგარენის განსანაღმად გააგზავნოს.

როგორც Foreign Policy წერს, ამერიკის შეერთებული შტატების არმია Boston Dynamics-ის ორი რობოტი-ძაღლიდან ერთს უკრაინას დაუთმობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გამნაღმველ რობოტს გამოიყენებს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია HALOTrust-ი, რომელიც ჰუმანიტარულ განაღმვით სამუშაოებს ეწევა და ტერიტორიებს ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან ასუფთავებს. ორგანიზაცია პოულობს საფრთხეს, ნიშნავს ადგილებს, ადგენს რუკებს და წმენდს ტერიტორიას აუფეთქებელი ნაღმებისგან.

„სპოტს შეუძლია აუფეთქებელი საბრძოლო მასალები, მაგალითად, კასეტური ბომბები, გადაიტანოს ორმოში, რომელშიც სხვა მასალებია თავმოყრილი. ამით გამნაღმველებს საშუალება ეძლევათ, ისინი სამოქალაქო დასახლებებისგან შორს, უსაფრთხოდ ააფეთქონ“, – აღნიშნავს გამოცემა.

რობოტი სპოტი/ფოტო: Boston Dynamics

Boston Dynamics-ის რობოტი ძაღლი ერთხელ უკვე იმყოფებოდა და მუშაობდა უკრაინაში. 2020 წლის ოქტომბერში ის ჩერნობილში რადიაციის დონეს ზომავდა.

17 ივნისს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის განაღმვით სამუშაოებს სულ მცირე ერთი წელი მაინც დასჭირდება.

„შენ ისედაც განადგურებული კაცი ხარ“ – ვანო ნადირაძე პრემიერ ღარიბაშვილს პასუხობს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი ვანო ნადირაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც უკრაინაში მებრძოლ ქართველებს „დაქირავებული მოხალისეები“ უწოდა.

„ჩვენ ვართ ბაევიკები? ჯიბეგამოფხეკილები… აი, ჯიბეში რამდენი მაქვს, ჩვენს ფულზე 2 ლარიც არ მაქვს, ღარიბი ბიჭები ვართ, მაგრამ გულიანები, პატრიოტები, ქართველები, მორალურად მდიდრები ვართ შენზეც, შენს შეფზე, ივანიშვილზეც, ამ დროშას, სადაც არ უნდა ვიყო, ღირსეულად ვატარებ.

შენს ბჟუტურს გავატარებდით, მაგრამ აქ იმდენი ვაჟკაცი ბიჭი დაგვეღუპა, იმდენი წესიერი ბიჭი დაგვეჭრა, რომ იმათ შეურაცხყოფას უკვე ნამდვილად არ გაპატიებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკური განადგურებით გემუქრები, შენ ისედაც განადგურებული კაცი ხარ, უბრალოდ ერთ ფრაზას გეტყვი, ცნობილი ფილმიდან, „მონანიებიდან“, ალბათ ივანიშვილიც ხშირად გეუბნება – „დოქსოპულო, დედა გყავს?“ – ამბობს ვანო ნადირაძე.

რამდენი ქართველი მებრძოლია უკრაინაში,  დაზუსტებული რიცხვი არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ ომში ასობით საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს.

ქართველები იბრძვიან ქართულ ლეგიონში, აზოვის ბატალიონში, უკრაინის უცხოურ ლეგიონში, ჩეჩნურ ბატალიონებსა და სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფში.

„ახალი ჟანრი: რუსული პატრიოტული საშინელება?“ – პოდოლიაკი რუსეთის მიერ ფილმის გადაღებაზე

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი გამოდის ინიციატივით, „დონბასის გათავისუფლების სპეცოპერაციის“ შემდეგ გადაიღონ ფილმი, რომელსაც „გათავისუფლება“ ერქმევა.

მედინსკის ამ ინიციატივას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მან სარკასტულად იკითხა, იქნებოდა თუ არა ეს ახალი – „რუსული პატრიოტულ საშინელებათა ჟანრი“.

„მედინსკის სურს გადაიღოს ფილმი „დონბასის გათავისუფლებაზე“. სიუჟეტზე, ვფიქრობ. ავაზაკები შემოიჭრებიან ოდესღაც ბედნიერ რეგიონში და დაიწყებენ ხალხის ძარცვას, ქალების გაუპატიურებას, საკონცენტრაციო ბანაკების აშენებას, ოჯახების განცალკევებას და ბავშვების უსახელო საფლავებში დაკრძალვას? ახალი ჟანრი: რუსული პატრიოტული საშინელება?“ – წერს პოდოლიაკი.

თურქეთი უკრაინული მარცვლეულის უკანონო გაყიდვის წინააღმდეგია – ჩავუშოღლუ

„თურქეთი ეწინააღმდეგება უკრაინული მარცვლეულის ან სხვა პროდუქტების უკანონო გაყიდვას ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მიერ. თურქეთი ასეთ საქონელს არ მიიღებს“ – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრუსთან შეხვედრის დროს.

ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

უკრაინიდან შავი ზღვით მარცვლეულის გატანაზე თურქეთი მხარს უჭერს გაეროს გეგმას, რაც ითვალისწინებს სპეციალური ოთხმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის შექმნას გაეროს, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მონაწილეობით.

ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი ამ საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.

„შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შეიქმნება მონიტორინგის ცენტრი, ასევე „უსაფრთხოების ზონა“ პირდაპირ უკრაინის წყლების გარეთ“, – განაცხადა მან.

მარცვლეულის კრიზისი უკავშირდება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მიმდინარე ომს, რის გამოც უკრაინის შავი ზღვის პორტებს ვერ ტოვებენ მარცვლეულით დატვირთული გემები, რამაც გამოიწვია კრიზისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სიტუაციას ართულებს საზღვაო ნაღმების არსებობა და უკრაინის შავი ზღვის პორტებში მიმდინარე ბრძოლები.

კრიზისის ფონზე უკრაინა რუსეთს მარცვლეულის მოპარვაში ადანაშაულებს. უკრაინის უმაღლესი რადას 16 მაისის ინფორმაციით, რუსეთმა უკვე ძარცვით გაიტანა უკრაინიდან 100 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 500 ათასი ტონა მარცვლეული.

ამავე განცხადების მიხედვით უკანონოდ იქნა ექსპორტირებული ათიათასობით ტონა მზესუმზირის ზეთი, უკრაინელ ფერმერებს კი ოკუპანტებმა მიტაცებულ ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოჰპარეს ან გაუნადგურეს.

მაისში „ასოშიეიტედ პრესმა“ გაავრცელა  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემი, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბალი გადაჰქონდა, სირიის პორტში შევიდა.

„ქიმია მომავლის დარგია, ამიტომ ვირჩევ“ – აბიტურიენტები გამოცდების წინ

საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათ შორის, ქიმიის შესწავლას, არც ისე ბევრი აბიტურიენტი გეგმავს. ქიმიის რეპეტიტორები, რომლებიც აბიტურიენტებთან მუშაობენ, ამბობენ, რომ მათთან ქიმიაში ძირითადად ის მოსწავლეები ემზადებიან, რომლებიც სამედიცინოზე აპირებენ ჩაბარებას, ქიმიის ფაკულტეტზე ჩაბარებას კი თითო-ოროლა აბიტურიენტი თუ გეგმავს.

რატომ აირჩიეს ქიმია? რატომ არ არის ეს საგანი პოპულარული საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ 2 აბიტურიენტს ესაუბრა, რომლებსაც სურთ მათი მომავალი პროფესია ქიმიას დაუკავშირონ.

  • „ვირჩევ ქიმიას, რადგან ეს მომავლის დარგია“ – მარიამი ბათუმიდან

17 წლის მარიამ სიხარულიძემ ბათუმის N5 საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. იგი ქიმიის ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას და ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.

თავის მეგობრებში მარიამი ერთადერთია, რომელიც ქიმიის შესწავლას აპირებს უნივერსიტეტში.

მარიამ სიხარულიძე

რატომ ქიმია? – მარიამის თქმით, ამ არჩევანზე სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა.

„ოჯახში დედის მხრიდან თითქმის ყველა ქიმიკოსია, ამიტომაც ბავშვობიდანვე მესმოდა ქიმიის შესახებ.

სიმართლე რომ გითხრათ, ადრე უფრო ჰუმანიტარული საგნები მაინტერესებდა. თან არასდროს მაძალებდა დედა ქიმიის არჩევას, იმის მიუხედავად, რომ ეს მისი პროფესიაა.

ჩემით მივედი გადაწყვეტილებამდე, თანაც ძალზე გვიან. ამ წლის 28 იანვარს გადავწყვიტე, ქიმიკოსი გავმხდარიყავი. მანამდე ჯერ ისტორიაში ვემზადებოდი, შემდეგ – ლიტერატურაში. მოგვიანებით მივხვდი, რომ არც ერთი არ იყო საჩემო, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ქიმიურზე ჩამებარებინა, თან ლაბორატორია ყოველთვის საინტერესო სივრცე იყო ჩემთვის.

ვფიქრობ, ქიმია მომავლის დარგია, სწორედ ამიტომ ვირჩევ. მსოფლიოში მიმდინარე ყოველგვარი ტექნიკური წინსვლა თუ სიახლე ქიმიასთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრი არ აბარებს ქიმიის ფაკულტეტზე, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომავალში ამ მხრივ უკეთესობა გვექნება,“ – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, ქიმიის სიყვარული არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მისი მასწავლებლის დამსახურებაცაა.

„მართალია, მთელი კლასი ერთნაირად არ ვიყავით ქიმიით დაინტერესებული, თუმცა ჩემთვის საინტერესო იყო მისი გაკვეთილები, ვატარებდით ცდებს, ვეძებდით საინტერესო ინფორმაციებს ცნობილ ქიმიკოსებზე. მასწავლებელი, დოდო ჯინორია, არა მარტო ქიმიას გვასწავლიდა, არამედ ზოგად განათლებასაც გვაძლევდა. ამიტომაც არის იგი ჩემთვის მისაბაძი პიროვნება და  მოტივატორი,“ – გვითხრა მარიამმა.

იგი მიიჩნევს, რომ მიზეზი, რის გამოც აბიტურიენტები ქიმიის მიმართულებას არ ირჩევენ, სკოლას უკავშირდება.

„თუ ქიმიას ალღოს აუღებ, არაფერი გეჩვენება რთულად, თუმცა აუცილებლად უნდა არსებობდეს თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორიები. ყველა ახალ გაკვეთილზე ბავშვებს ცდებს თუ ჩაუტარებ, მათთვის გაცილებით საინტერესო გახდება ქიმია.

ამ ფაკულტეტს რომ დაბალი რეიტინგი აქვს და ნაკლებად ირჩევენ აბიტურიენტები, ამაში წვლილი სკოლას და  განათლების სისტემასაც აქვს. ასევე, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მე  ქვეყნის ტექნიკურ ჩამორჩენასაც მივიჩნევ. მტკივნეულია ამ სიტყვების წარმოთქმა, თუმცა მწარე რეალობაა“ – ამბობს მარიამი.

მისი აზრით, ქიმიის პოპულარულ საგნად ქცევისთვის სახელმწიფომ, სკოლამ და მასწავლებელმა შეთანხმებულად უნდა იმუშაონ. მარიამმა თავისი მოსაზრებაც გაგვიზიარა ამ თემაზე:

„პირველ რიგში, სახალისო ქიმიის საათები უნდა დაემატოს სკოლებში, სადაც ბავშვები მოისმენენ მათთვის საინტერესო ფაქტებს და საკუთარი ხელით ჩაატარებენ ცდებს.

ასევე, სახელმწიფომ განვითარების საშუალება უნდა მისცეს მასწავლებელს და იზრუნოს მათ გადამზადებაზე.  მასწავლებლები კი არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ დაფაზე დაწერილი რეაქციებით, ბავშვებს ყველაფერი უნდა აჩვენონ ფიზიკურად და არა წარმოდგენებში ან ვიდეოებით.

თავიდან გადახედონ ქიმიის სახელმძღვანელოებს, შეცვალონ გაკვეთილების ფორმატი, მოაწყონ ლაბორატორიები, ბავშვები წაიყვანონ ფაბრიკა-ქარხნების და ლაბორატორიების დასათვალიერებლად და ა.შ.“.

  • ბევრი შესაძლებლობაა, რომ ამ მიმართულებით დავსაქმდე“ – მარიამი თბილისიდან

17 წლის მარიამ ზაქარეიშვილმა წელს დაამთავრა თბილისის 175-ე საჯარო სკოლა. ისიც ქიმიის ფაკულტეტზე აბარებს. მარიამი ამბობს, რომ ქიმია მომავლის პროფესიაა.

„მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც საფუძვლიანად დავიწყე ქიმიის სწავლა, სრული მობილიზებით. ქიმიით დაინტერესებაში დიდი წვლილი მიუძღვის  საგნის მასწავლებელს სკოლაში, რომელმაც მირჩია ამ მიმართულებით გამეგრძელებინა  სწავლა.

მარიამ ზაქარეიშვილი

თავიდანვე მიზიდავდა ქიმიური ცდები, რეაქციები. მე-11 კლასში ნასწავლმა ორგანულმა ქიმიამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი ცხოვრება დამეკავშირებინა ქიმიასთან  და მომავალ პროფესიად ამერჩია“.

მარიამ ზაქარეიშვილმა გვითხრა, რომ მას გაუმართლა, რადგან სკოლაში, სადაც სწავლობდა, ყველა რესურსი ჰქონდათ ცდების ჩასატარებლად, ექსპერიმენტებისთვის.

„ქიმიის გაკვეთილები სკოლაში ძალიან სახალისო იყო.  თითოეული დეტალის თუ თემის ბუნებასთან დაკავშირებას ვცდილობდით.

როცა დავინახეთ, რომ სკოლაში  ქიმიით დაინტერესებული ბევრი მოსწავლე იყო, გავხსენით ქიმიკოსთა კლუბი, სადაც ძალიან საინტერესოდ ვატარებდით დროს. ვატარებდით ქიმიურ ცდებს და ექსპერიმენტებს, ვიკვლევდით და ვიძიებდით რეაქციებს,“ – გვითხრა მან.

მარიამი დარწმუნებულია, რომ ირჩევს პროფესიას, რომლითაც დასაქმება არ გაუჭირდება.

„დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი საკმაოდ დაბალრეიტინგულია. რომ ეძებო ერთ ქალაქში, შეიძლება 100 ბავშვი ვერ იპოვო, რომლებიც პროფესიად ამ მიმართულებას ირჩევენ.

საგანი რომ უფრო მოთხოვნადი გახდეს, სკოლის ამოქმედებაა საჭირო. ძალიან ბევრი ბავშვისგან გამიგია, რომ სკოლაში საგნები არ ისწავლება სათანადოდ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როდის იწყებს მოსწავლე ქიმიის სწავლას. მე ვემხრობი იმ მოსაზრებას,რომ საბუნებისმეტყველო საგნები სკოლაში დაწყებითი საფეხურიდან უნდა ისწავლებოდეს, ოღონდ არა ფორმულების და წესების დონეზე.

ბავშვებმა ყველაფერი უნდა ნახონ პრაქტიკაში, დააკვირდნენ ცდებს და შემდგომ ეცადონ, მცირე ექსპერიმენტების ჩატარებას საკუთარი ხელით,“ – ამბობს მარიამი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში მასწავლებლის როლსაც უსვამს ხაზს:

„სკოლაში ძირითადად გვყავს მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ წესებსა და კანონებს ასწავლიან, რომელთა მშრალად დაზუთხვაც არაა მოსწავლისთვის საინტერესო, შესაბამისად საგანიც რთულად ეჩვენებათ და ინტერესიც უქრებათ.

სახელმწიფომ უნდა გამოყოს შესაბამისი თანხები, რომ სკოლები აღიჭურვოს ლაბორატორიებით და ტექნიკით. უნდა დაასაქმოს ახალგაზრდა ქიმიკოსები, ბიოლოგები თუ ფიზიკოსები სკოლებში. მასწავლებლები კი მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ სახელმწიფოსგან და სკოლისგან მიწოდებული რესურსი აამოქმედონ და გახადონ გაკვეთილი შემეცნებითი და აქტიური.

სკოლებში უნდა  გაიხსნას დამატებით  ქიმიკოს-ფიზიკოსთა კლუბები, უნდა მოიწვიონ  ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ პროფესიაზე ისაუბრებენ ბავშვებთან. სკოლის გარეთ გაკეთებული აქტივობებიც მნიშვნელოვანია. მაგალითად,  თბილისში გვაქვს პლანეტარიუმები, ქიმიის და ფიზიკის მუზეუმები, სადაც უშუალოდ  ატომის და სხვადასხვა ნაერთების მოდელებია შექმნილი და წარმოდგენილი,“ – ამბობს მარიამი.

იგი უცხოეთში სწავლაზეც ფიქრობს.

„გადავწყვიტე, რომ თუ შანსი მექნება, სასწავლებლად გერმანიაში წავიდე, რადგან ამ ქვეყანაში არის დიდი მოთხოვნა ქიმიკოსების და ფიზიკოსების, განათლების მიღების შემდგომ კი დავბრუნდები საქართველოში.

ჩემი მიზანია, გავყვე 2 ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთს, ან ექსპერტ-კრიმინალისტიკას ან ღვინის ტექნოლოგიებს. ღვინის ტექნოლოგიებს იმიტომ, რომ ღვინის ქვეყანა ვართ და ბევრი კადრია საჭირო ამ მიმართულებით. არის ბევრი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით დავსაქმდე“  – ამბობს მარიამი.

ბაირაქტარის საყიდლად უკრაინელმა ტელეწამყვანმა ერთ დღეში 12 მილიონი დოლარი შეაგროვა

უკრაინელმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა სერგი პრიტულამ, თავის გუნდთან ერთად, აქცია „ხალხის ბაირაქტარი“ გუშინ, დილის 9 საათზე დაიწყო. მიზანი საბრძოლო დრონის შესაძენად ფულის შეგროვება იყო.  23 ივნისს, დილის 9 საათზე, ფონდის ანგარიშზე უკვე 296 მილიონი გრივნა მოგროვდა.

„ჩვენ ფულის შეგროვება დავიწყეთ „ხალხის ბაირაქტარისთვის“. კარგად გვესმოდა რა ბიუჯეტს ვეჭიდებოდით, მაგრამ გვესმოდა ისიც, თუ როგორ შეგვეძლო გაგვეძლიერებინა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები.
თქვენ 296 000 000 შემოგვწირეთ.
ამას თუ დავამატებთ იმ თანხას, რომელიც ჩვენმა ფონდმა ამ პროექტისთვის გამოყო, ახლა სულ 366 000 000 გრივნა გვაქვს.
რაც უკვე ორ ბაირაქტარს ნიშნავს!!!
ერთდროულად ორს!!!
თქვენ რაღაც საოცარს აკეთებთ და ისტორიას ქმნით!
წინ მესამე საფრენი აპარატია!“ – წერს სერგი პრიტულა თავის ფეისბუქგვერდზე.

სერგი პრიტულა/ფოტო: ფეისბუქგვერდიდან

ბაირაქტარ TB2-ს, თურქული წარმოების უპილოტო საბრძოლო საფრენ აპარატს, უკრაინის „იმედის იარაღსაც“ უწოდებენ. დრონი 2015 წლიდან გამოიყენება, მას ჰაერში დაახლოებით 24 საათი გაჩერება და 7 კილომეტრის სიმაღლიდან 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე მართვადი საბრძოლო მასალის მიზანში სროლა შეუძლია.

366 მილიონი გრივნა დაახლოებით 12 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარია. ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ფასი კი დაახლოებით 5 მილიონი ევროა.

უკრაინისთვის ბაირაქტარის საყიდლად ივნისში  თანხის შეგროვება დაიწყო ლიეტუველმა მწერალმა და ჟურნალისტმა ანდრიუს ტაპინასმა. თუმცა მას შემდეგ, რაც თანხის შეგროვების აქცია დასრულდა, დრონების მწარმოებელმა თურქულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ლიეტუველებს ბაირაქტარს უფასოდ გადასცემდა.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, გადაწყდა, რომ შეგროვილი ფულით, რომელიც ლიეტუველებს დრონში უნდა გადაეხადათ, ამავე საფრენი აპარატისთვის საჭირო საბრძოლო მასალას შეიძენდნენ, დარჩენილი ფულით კი ასევე უკრაინას დაეხმარებოდნენ.

მთავარი ფოტო: აქციის ბანერი/ფოტო: სერგი პრიტულას ფეისბუქგვერდიდან

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მან ხარაგაულის ოფიციალური გვერდიდან პრეზიდენტი დაწყევლა

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქპოსტზე ხარაგაულის საკრებულოს ოფიციალური გვერდიდან დაწერილი შეურაცხმყოფელი ტექსტის ავტორი თვითონ არის.

„შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალე და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე, შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე, ყოველ შენს გამოსვლაზე, სისულელეებს აბრეხვებ, დაოკდი რა… ოცნებას და ბიძინას დილა საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები, არ გიცნობდე მაინც,“ – ეს კომენტარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან წუხელ გამოქვეყნდა ქარდზე, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

ხარაგაულის საკრებულოს ეს ფეისბუქკომენტარი ამ დროისთვის წაშლილია.

„ეს ჩემი პირადი მოსაზრება იყო, სიტყვის თავისუფლებაა, მე ხომ მაქვს ჩემი პირადი მოსაზრება? ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა და მაშინვე გამოსწორდა,“ – გვიპასუხა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ. მან არ განმარტა, რა იყო კონკრეტული ტექნიკური ხარვეზი.

„თქვენ ქართული არ გესმით ხო?“ – სხვა კითხვებს მანანა ბარბაქაძემ აღარ უპასუხა და ტელეფონი გამორთო.

მანანა ბარბაქაძე 1978 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხცვა პოზიციაზე მუშაობდა, ის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია და მოსკოვის პოლიციის აკადემია აქვს დამთავრებული.

—————-

არასამსახურებრივ პერიოდში საკუთარი პოზიცია ყველას შეუძლია გამოხატოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, როცა მას ჰკითხეს სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ, ევროპისკენ“ მონაწილეების გინებაზე.

გამოხატვის თავისუფლებაა“ – თქვა იმავე შემთხვევაზე კახი კალაძემ.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივნისის 21 საათიდან 24 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის მეორე ნახევრიდან კი – ელვა-ჭექა და წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 15-20 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 22-27 გრადუსი სითბო
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 10-15, დღისით 20-25 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10, დღისით 12-17 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე, ღამით 13-18 დმ [4 ბალი] დღისით, 24 ივნისს კი, 5-10 დმ [2-3ბალი].

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო ორ დღეს, 25 და 26 ივნისს, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ბათუმი / 23 ივნისი, 2022

 

მთავარი ფოტო: შავი ზღვა / ბათუმი / 23 ივნისი, 2022

 

პირველკლასელებისთვის 700 ათას ლარად ჭადრაკის დაფებს შეიძენენ

700 ათასი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებისთვის საჭირო სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფების შესაძენად. დაფებს პირველკლასელებისთვის შეიძენენ, ვინაიდან ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ჭადრაკის დაფების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

სააგენტო, ტენდერის ფარგლებში, 4 000 ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფას შეისყიდის. მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სატენდერო კომისიის ოქმიდან:

„16 ივნისს სააგენტოში განათლების სამინისტროდან შემოსულია წერილი, რომლითაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ I კლასში სავალდებულო საგნად დაემატა ჭადრაკი.

იმისათვის, რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში წარმატებით განხორციელდეს ჭადრაკის სწავლების პროცესი, აუცილებელია სკოლების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა. კერძოდ, 2022 წლის 15 სექტემბრამდე სკოლებს აუცილებელია მიეწოდოს ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფები.

სააგენტომ განახორციელა ბაზრის კვლევა. შემოთავაზება მიღებული იქნა ოთხი კომპანიისგან:

პირველი კომპანია – ერთეულის ფასი 115 ლარი – ჯამში 460 000 ლარი, მოწოდების ვადა 4-5 თვე;
მეორე კომპანია – ერთეულის ფასი 130 ლარი – ჯამში 520 000 ლარი, მოწოდების ვადა 5-6 თვე;
მესამე კომპანია – ერთეულის ფასი 175 ლარი – ჯამში 700 000 ლარი, მოწოდების ვადა მაქსიმუმ 35 კალენდარული დღე, ეტაპობრივად;
მეოთხე კომპანია – ერთეულის ფასი 365,8 ლარი – ჯამში 1 463 200 ლარი, მოწოდების ვადა 120-140 სამუშაო დღე.

ბაზრის კვლევის შედეგად, მართალია მესამე კომპანიასთან შედარებით დაბალი ფასი დაფიქსირებული აქვთ პირველ და მეორე კომპანიას, მაგრამ მათ მიერ მითითებული მოწოდების ვადები არის 4-5 და 5-6 თვე, სამინისტროდან მიღებული დავალებით კი ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფების მიწოდება სკოლებისათვის უნდა მოხდეს 2022 წლის 15 სექტემბრამდე.

რომ არ მოხდეს მოსწავლეთა უფლებების დარღვევა და მათ სწავლის დასაწყისიდანვე შეძლონ სრულყოფილად განათლების მიღება, მიზანშეწონილია შესყიდვის ფასი ერთეულ ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფაზე განისაზღვროს 175 ლარით, ხოლო მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარული დღით (საქონლის ეტაპობრივად მოწოდებით).

ამასთან, დაფასა და ფიგურებს უნდა მოყვეს ლაზიერისა და პაიკის თითო სათადარიგო ფიგურა“

[toggle title=”დაფის მახასიათებლების სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

სკოლებისათვის ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფა [ფიდეს სტანდარტით]
მახასიათებლები:

1. საჭადრაკო დაფის ზომა – მინიმუმ 72,5/72,5 სმ. სრული ზომა 72,5/92,5 სმ – დაფის ქვემოთ ლოგოების განსათავსებელი ადგილით (ლოგოები: განათლებისა მეცნიერების სამინისტრო, ფიდე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია)

2. დაფა უნდა იყოს მობილური, საკიდით, არა კეცვადი.

3. ოთხივე მხრიდან ნოტაციის და ციფრების აღმნიშვნელით.

4. ფიგურების ზომა – მინიმუმ 4,5 – 6,5 სმ -მდე. „სტაუნტონის მოდელი“ თეთრი და შავი.

5. უჯრის ზომა – მინიმუმ 7,5/7,5 სმ

6. უჯრის ფერი – თეთრი და სერი (შინდისფერი)

7. მასალა – დაფა ოთხშრიანი: ა)ალუმინის ჩარჩო ბ) მდფ გ) თხელი მაგნიტური მეტალის ფირფიტა დ) არახევადი ქაღალდი ; ფიგურები – პოლიეთილენის 8 მმ -დე სისქის მაგნიტთან ერთად

8. სულ დაფის სისქე ოთხივე შრის – 12მმ

9. წონა: დაფის – 6,5 – 7 კგ. (სავარაუდოდ); ფიგურების (32 ცალი) 250 – 350 გრ.

10. მაგნიტის ზომა ფიგურებზე – მინიმუმ 1-2 მმ სისქის, რომელიც მაგრდება ფიგურის მთელ ფართობზე. ფიგურები არ უნდა ცურავდეს დაფაზე.

11. ფიგურების ჯანმრთელობის სერტიფიკატი.

წყარო: ტენდერი

[/toggle]

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით, პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება, რადგან „ამ საგნების სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში“.

ამავე ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.

თუმცა, პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუკი სკოლას შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი ჰყავს.

ამ თემაზე:

სკოლის პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება

 

მთავარი ფოტო: „ჭადრაკი“ ბათუმის ბულვარში

მთავრობამ პირდაპირ უნდა თქვას, კისერიც უტეხია ევროპასო, ან ყველაფერს გააკეთებს – ინტერვიუ

„ძველი ფირფიტა უკრავს ჯერ, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს,“ – ეს ასოციაცია აქვს პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილს, რომელიც პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებს ადევნებს თვალს. მისი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დღეს, 22 ივნისს, პარლამენტში უფრო აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას.

რა რესურსი რჩება იმისთვის, რომ  პოლარიზების მაჩვენებელი საქართველოში შემცირდეს და პოლიტიკური პარტიები „მიშელის შეთანხმებას“ მიუბრუნდნენ? – ევროკომისიის ამ რეკომენდაციის შესრულება, ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, იმაზე იქნება დამოკიდებული, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს თუ არა ევროპის და, შესაბამისად, საკუთარი ამომრჩევლის მოთხოვნების გათვალისწინებას, თუ ის პირდაპირ ბელორუსიზაციის გზას დაადგება.

„ამ ეტაპზე მესიჯბოქსი არეულია, ბურთი კი, „ოცნების“ მოედანზეა“ , – გვიყვება ზაალ ანდრონიკაშვილი. მასთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა იმის შესახებ, რამდენად შესაძლებელია პოლარიზაციის შემცირება – ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის პირველის შესრულება.

  • ბატონო ზაალ, რამდენად ხედავთ იმის რესურსს, რომ პოლიტიკური პოლარიზების მასშტაბი შემცირდეს, რაც არის ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი? რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ღარიბაშვილის ანგარიშმა პარლამენტში? 

ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი არის უარი პირობების, რეკომენდაციების შესრულებაზე… პოლარიზების შემცირება, ცხადია, არის ორივე მხარის მიერ გადასადგმელი ნაბიჯი, თუმცა, პირველ რიგში, ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. დეპოლარიზებისთვის საჭიროა, შეწყდეს ოპოზიციის დევნა. ამ თვალსაზრისით საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის სათანადო პირობების შექმნა, ასევე გვარამიას გათავისუფლება, რის გაკეთება პრეზიდენტსაც შეუძლია.

პოლარიზაცია საქართველოში უმთავრესად ეს არის რიტორიკა. ჩვენ მოვისმინეთ სამგორის გამგებლის განცხადება „სირები არიანო“, შემდეგ სულხან-საბას განმარტების მოშველიებით. ეს აჩვენებს, რომ პოლიტიკური კულტურა არ არსებობს საერთოდ, როცა უკვე ოპონენტის ამომრჩევლის მიმართ იყენებ ამგვარ ლექსიკას. პოლარიზების დამთავრება შესაძლებელი იქნება, როცა შეიცვლება პოლიტიკური ენა. ამის უნარი აქვს თუ არა ვინმეს, რთული სათქმელია. მე სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს.

ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკავოს მძაფრი რიტორიკისგან – აჩვენონ, რომ მზად არიან იმუშაონ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით, როგორც ეს ევროკომისიის რეკომენდაციებშია ხაზგასმული. როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა, მაშინაც არ ვიყავი ამის მომხრე, რაც არ უნდა დეკორატიული იყოს პარლამენტი და არ შეეძლოს საქმის კეთება. პრინციპში, მიშელის შეთანხმების სულისკვეთების დაცვა გულისხმობს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს პოლიტიკურ სივრცეში.

  • რამდენად იმუშავებს ისევ სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარი გზავნილი „მიშა მოვა“, როცა უკვე „მტრების“ სია გაფართოვდა და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, დასავლელი აქტორებიც, აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას? 

ეს გზავნილი – „მიშა მოვა“ აღარ არის აქტუალური. ახლა ყველას აინტერესებს, შევა თუ არა საქართველო ევროკავშირში და თუ ვერ შევა, ვინ არის დამნაშავე. ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ მთავრობამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ერთმნიშვნელოვნად მთავრობა იქნება დამნაშავე. „ოცნებას“ მოუწევს ეს აუხსნას საკუთარი პარტიის იმ ამომრჩეველსაც, რომელსაც ევროპა სურს.

ვხედავთ, რომ ნაწილობრივ შეიცვალა კიდეც ეს რიტორიკა, მაგალითად, „ოცნებიდან“ გვესმის, რომ დეოლიგარქიზაცია მათი პრიორიტეტია, მაგრამ თურმე ოლიგარქები ყოფილან კეზერაშვილი, ჯაფარიძე, ხაზარაძე და სააკაშვილი. ამის ვის სჯერა არ ვიცი, მაგრამ „ოცნება“ აჩვენებს, რომ ევროპაში გვინდა და პირობა უნდა შევასრულოთო. ღარიბაშვილის განცხადებებს, რომ ფარდას ავხდით ევროპას და ასე შემდეგ, არაფერი არ მოჰყოლია.

ფაქტია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებმა მთავრობა ჩააყენა რთულ სიტუაციაში. მთავრობა პირდაპირ უნდა დაუპირისპირდეს ევროპას და თქვას, კისერიც უტეხია ევროპასო, ან უნდა თქვას, რომ ყველაფერს გააკეთებს და მართლაც მოუწევს რაღაცის გაკეთება.

  • რეკომენდაციებამდე ღარიბაშვილი ღიად დაპირისპირებას არ მოერიდა ევროკავშირთანაც: ფარდას ავხდით სიმართლესო, ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს სასწაულს ვკარგავთო…

მაგრამ გადაიქცევა სასწაულად, როცა ბევრად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ვიდრე ეს იყო 20 ივნისს. 20 ივნისის აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ხელისუფლებისთვის, თუ რას შეიძლება ელოდონ ისინი. მინიმალურია იმის შანსი ისე შემოატრიალონ სიტუაცია, რომ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა თითქოს „ოცნების“ ხელისუფლების ბრალი არ იყოს. „ოცნებას“ მოუწევს მოუსმინოს გამკაცრებული ტონით ევროპას, შესაძლო სანქციების ჩათვლით. მეორე მხრივ კი, უნდა გაუმკლავდეს ამომრჩევლის მზარდ უკმაყოფილებას, რაც გამოჩნდა 20 ივნისის აქციაზე. აქციაზე გამოჩნდა, რომ უკმაყოფილო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ არის. ამიტომაც, აირია „ოცნების“ მესიჯბოქსი.

  • რას აჩვენებს გზავნილების არევა: მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, მეტნი ვართ, ვისაც ევროპაც გვინდა და ივანიშვილის დაცვაცო, დავითულიანმა კი აღნიშნა, რომ აქციაზე „ოცნების“ ამომრჩეველიც იყო. 

ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ეტაპზე ვერ პოულობენ ფორმულას, როგორ იმოქმედონ. ამ დღეებში გამოჩნდება, რა გზას აირჩევს „ოცნება“. თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, მათ შესაძლოა საკუთარი პარტიის ამომრჩეველიც დაუპირისპირდეს.

  • ეს არ არის იმის პირობა, რომ „ოცნებამ“ რიტორიკა შეცვალოს და, შესაბამისად, პოლარიზებაც შემცირდეს? 

არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“. ჩემი აზრით, სამი შესაძლებლობაა: პირველ შემთხვევაში, „ოცნება“ დათანხმდება რეკომენდაციების შესრულებას, მეორე სცენარია ის, რომ რეკომენდაციებს „ოცნება“ შეასრულებს მასობრივი გამოსვლების შემდეგ და იძულებით მოუწევს მას ამ ნაბიჯების გადადგმა. მესამე სცენარი კი, არის ბელორუსიზაცია, რაც გულისხმობს ძალადობის გზას, პროტესტების ჩახშობას და მკაცრ რეპრესიებს. რამდენად არიან ამის გამკეთებლები და ექნებათ თუ არა ამის საშუალება, ძნელი სათქმელია. თუმცა ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეიძლება ხელისუფლება წავიდეს.

თუ გავითვალისწინებთ ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას პარლამენტში, უფრო დარჩა ორი ვარიანტი: ან შიდა და გარე წნეხი აიძულებს „ოცნებას“ დათმობებზე წასვლას, ან დაიწყება რეპრესიები. ისინი 2024 წლამდე მიჩანჩალებას შეეცდებიან, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

რამდენად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებამ ანტიდასავლური პროპაგანდაც გააძლიეროს? 

არაა გამორიცხული, ასეც მოხდეს. ჩვენ ვნახეთ, შათირიშვილები როგორ გამოიყვანეს და ათქმევინეს, რომ ამერიკა აიძულებს ევროკავშირს, საქართველო ჩაითრიონ ომშიო. შესაძლოა, მსგავსი გზავნილები არ გაახმოვანოს უშუალოდ ხელისუფლებამ, მაგრამ გამოიყვანონ იდეოლოგები და ალაპარაკონ. ეს შესაძლებელია, როცა ტელეკომპანია „იმედი“ ხელში გაქვს.

  • მაგრამ ირაკლი კობახიძემაც ხაზი გაუსვა გუშინდელ ბრიფინგზე, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 85 პროცენტს ევროინტეგრაცია სურს. 

ცხადია, ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც, ერთია რას გააკეთებ და მეორე – რა გამოვა. ჩემი აზრით, სამივე გზიდან, რაც არ უნდა აარჩიოს „ოცნებამ“, არცერთი მისთვის მომგებიანი არ არის, ნებისმიერი სვლა მისთვის წამგებიანია. მათ შეუძლიათ უბრალოდ არჩევანი გააკეთონ ზარალის მინიმალიზაციაზე. თუ ნაკლებად გონიერები არიან, შესაძლოა წავიდნენ ვა-ბანკზე და ბევრად მძიმე სცენარი ვიხილოთ ყველამ ერთად. პირველ რიგში კი, „ოცნებამ“.

ზარალის მინიმალიზაციის შემთხვევაში, „ოცნებას“ შეეძლება პოლიტიკური არსებობა მოკლე ვადით მაინც.

  • ოპოზიცია რამდენად შეძლებს, პოლარიზების შემცირებას? – „ოცნების“ ლიდერებმა უკვე თქვეს, რომ ოპოზიციას EU-ს რეკომენდაციებიდან მხოლოდ პოლარიზაციის შემცირება შეუძლია და ამასაც არ აკეთებს.

ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკავოს მკაცრი რიტორიკისგან, თუმცა არ მესმის, რატომ არის აგრესიული რიტორიკა ის, რასაც მაგალითად, პრეზიდენტის მისამართით ოპოზიცია ამბობს. მეც მგონია, რომ ის ივანიშვილის მანიპულაციით „არჩეული“ პრეზიდენტია და ეს არ არის პოლარიზაციული რიტორიკა.

შეურაცხმყოფელი ფრაზები იგივე სალომე ზურაბიშვილის მიმართ? გაჩნდა მოსაზრება, რომ ზურაბიშვილს რომც სურდეს გვარამიას შეწყალება, მას ისე იხსენიებდა ოპოზიცია, ამის საშუალება აღარ დაუტოვესო. 

რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი ფრაზები არ არის პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი… როცა საუბრობ სალავიოვის და სიმონიანის ენით, თავად უნდა გესმოდეს, რომ არ ხარ იმ ადგილას, სადაც გინდა, რომ იყო. დღეს ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია და არ მესმის, რატომ არ უნდა შეცვალოს ეს რიტორიკა. ახლა ბურთი „ოცნების“ მოედანზეა და მან უნდა გააკეთოს რამე. „ოცნება“ მუდმივად იცილებდა ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვა, თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს საქართველო, პასუხისმგებლობის აღება აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებას.

დღეს ამბობდა პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, რომ 24 ივნისის აქციაზე, რომელიც „სირცხვილიამ“ დააანონსა, შესაძლოა თვითონაც მივიდეს. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? 

„ოცნება“ ჯერჯერობით არ ირჩევს კონფრონტაციის გზას. საუბარი იყო გეოპოლიტიკაზეც, რომ აი, გეოგრაფიის გამო არ მიგვიღეს, თუმცა ეს სისულელეც არ იყო კონფრონტაციული რიტორიკა. კონფრონტაციული რიტორიკა დასავლეთთან წამოიწყო ღარიბაშვილმა, როცა მან თქვა, რომ ფარდას ახდის, შემდეგ იყო აქცენტი ღირსების დაცვაზე, როცა ხუნდაძეები და ვიღაცები გამოყარეს და ეს ათქმევინეს. „ოცნებამ“ ასე დატესტა, როგორ მუშაობს ევროპასთან კონფრონტაციული რიტორიკა. ნახეს, რომ ეს არ მუშაობს.

ირაკლი კობახიძის განაცხადი, რომ „ბაკურიანის გეგმას“ ასრულებს ვიღაც და ასე შემდეგ, არ არის კონფრონტაციული რიტორიკა. ასეთ სისულელეებს სულ ამბობდნენ და ისევ ილაპარაკებენ. ძველი ფირფიტაც დაუკრავს და ახალიც. ძველი ფირფიტა უკრავს ჯერ, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს.

უკრაინას მანამდე მივაწვდით იარაღს, ვიდრე ეს საჭირო იქნება – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ალიანსი და მისი მოკავშირეები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

სტოლტენბერგმა ეს განცხადება Politico-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა.

„ვიდრე ეს აუცილებელი იქნება. ჩემი გზავნილია, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის. ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ უბრალოდ ვეუბნები იმ ადამიანებს, ვინც NATO-ს დედაქალაქებში გადაწყვეტილებას იღებენ, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური და მორალური ვალდებულება მხარი დავუჭიროთ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამედროვე შეიარაღების, მძიმე შეიარაღების მიწოდება“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომი, ფაქტობრივად, 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტებს დაუჭირა მხარი.

იენს სტოლტენბერგმა ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მისი მიზანია, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ივნისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 504 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 3 632 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 756 ერთეული [+4]
  • MLRS – 240 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 183 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 620 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 137 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 548 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 211 თვითმფრინავი
  • 132 ვერტმფრენი
  • 1 329 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 349 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 750 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 647 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 2 088 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 818 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებით, 19 ივნისის შემდეგ, რუსულმა ძალებმა, დაახლოებით 5 კილომეტრით წაიწიეს წინ ლისიჩანსკის მისადგომებისკენ:

[yellow_box]უკრაინას მანამდე მივაწვდით იარაღს, ვიდრე ეს საჭირო იქნება – სტოლენბერგი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინელი პოლიციელი, რომელიც მშობლიურ მარიუპოლს ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდა

რუსეთი კვლავ ვერ ახერხებს დასავლეთ დონეცკის დაკავებას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებით, 19 ივნისის შემდეგ რუსულმა ძალებმა დაახლოებით 5 კილომეტრით წაიწიეს წინ ლისიჩანსკის მისადგომებისკენ.

დღევანდელ სადაზვერვო ცნობარში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, სავარაუდოდ, უკან დაიხიეს, რათა ალყაში არ მოქცეულიყვნენ.

„რუსეთის წარმატება ამ სექტორში, დიდი ალბათობით, რუსეთის ქვედანაყოფების გაძლიერებისა და ინტენსიური შეტევების შედეგია“, – მიუთითებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის ძალები ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მონაკვეთისკენ მჭიდროდ დასახლებული ზონებიდან მიიწევენ წინ, თუმცა მათი მცდელობა, დაიკავონ დონეცკის დასავლეთ ნაწილი, ჯერჯერობით, კვლავაც წარუმატებელია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. 22 ივნისის სადაზვერვო ცნობარში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო ქვედანაყოფების გადასასროლად ემზადება.

მთავარი ფოტო: უკრაინის საომარი მოქმედებების რუკა 22 ივნისის მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

17 წლის ევროპის ჩემპიონი ადიგენიდან – „ჭიდაობა ჩემი ცხოვრების ნაწილია“

17 წლის ანრი ხოზრევანიძე ადიგენის სოფელ ზანავიდან ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგე ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

ანრიმ 51 კილოგრამ  წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 15 ივნისს იასპარეზა.

ანრი ახლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს ჩემპიონატზე, რომელიც 17 ივლისს გაიმართება.

„მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან მინდა და დიდი მოტივაციით ვემზადები. საკუთარ თავს ამ სპორტში ვხედავ მომავალშიც. ბოლომდე მინდა ამ სახეობას მივყვე,“ – გვითხრა ანრიმ.

ანრი გვიყვება, რომ 2019 წელს საქართველოს ნაკრებში მოხვდა და ევროპის ჩემპიონატზეც მაშინ იასპარეზა პირველად, თუმცა დამარცხდა. ამის შემდეგ იგი უფრო მეტი მონდომებით ემზადებოდა და გამარჯვებაშიც დარწმუნებული იყო.

2021 წელს ანრი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორიც გახდა.

„ჭიდაობას ძალიან დიდ დროს ვუთმობ, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. ძალიან მობილიზებული ვიყავი და უკვე საკმარისი გამოცდილებაც მქონდა დაგროვებული. ვფიქრობდი, რომ გავიმარჯვებდი. ასეც მოხდა“, – ამბობს ანრი.

ანრის გამარჯვებამ ადიგენში ყველა გაახარა და ჩემპიონატიდან სოფელში დაბრუნებულს დახვედრაც მოუწყვეს.

ანრი გვეუბნება, რომ ჭიდაობა 6 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ არასდროს შეუწყვეტია ვარჯიში.

მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მწვრთნელი, მინდია შაინიძეა, რომელიც უკვე 11 წელია ავარჯიშებს.

როცა ანრი მე-8 კლასში გადადიოდა ზანავიდან მწვრთნელთან ერთად ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად, რათა უკეთესად ევარჯიშა, ვიდრე ამას სოფელში ახერხებდა.

ანრი ბათუმში მწვრთნელის, მინდია შაინიძის სახლში ცხოვრობს.

ანრი ხოზრევანიძე მწვრთნელთან, მინდია შაინიძესთან ერთად.

„ბათუმში ვარჯიში ძალიან დამეხმარა წინსვლაში. ჩემს სოფელში ძირითადად ყველა პირობა იყო სავარჯიშოდ, მაგრამ სხვები არ ვარჯიშობდნენ, არავინ იყო, ვისაც ვეჭიდავებოდი, ამიტომ, მომიწია ბათუმში გადმოსვლა. აქ მწვრთნელის ოჯახში ვცხოვრობ“.

ანრის დღე დილით ადრე იწყება და რახან სკოლაში არდადეგები უკვე დაიწყო, დღეში ორჯერ ვარჯიშობს მცირე შესვენებით. მხოლოდ კვირა დღეს ისვენებს.

მისი თქმით, ოჯახის წევრები უკვე შეეჩვივნენ მის გრაფიკს, თუმცა მაქსიმალურად ცდილობს მათ სანახავად ხშირად ჩავიდეს სოფელში.

ანრი იმ სირთულეებზე გვიყვება, რომელიც მოჭიდავეს ახლავს თან:

„ამ სპორტის ყველაზე დიდი სირთულეა, რომ ბავშვობა გეკარგება. გასართობი და სათამაშო დრო აღარ გრჩება. დრო არ გაქვს წახვიდე დაბადების დღეზე, ქორწილებში და სხვა გასართობ ადგილებში.

თითქმის მთელ დროს ვარჯიშში და მოჭიდავეების შეკრებებზე ვატარებ.

ძალიან მიყვარს ზღვა, ამიტომ თუ თავისუფალი დრო მაქვს, ზღვისპირას ვსეირნობ ხოლმე“.

ანრის თქმით, მას წონის კონტროლიც უწევს, არ ჭამს პურს და ტკბილეულს. მისთვის მნიშვნელოვანია სითხის მიღება და ცდილობს, დღის განმავლობაში 3 ლიტრი მაინც მიიღოს.

ანრი ხოზრევანიზე

ანრი ამბობს, რომ მოჭიდავის შედეგზე დიდ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური განწყობაც, ამიტომ საკუთარი თავის მობილიზებასაც უთმობს დროს. ამ ზაფხულს ის ბათუმში, ვარჯიშში გაატარებს.

ახალგაზრდა მოჭიდავე საყვარელ სპორტსმენად რამაზ ზოიძეს ასახელებს.

ანრი მალე იქნება აბიტურიენტი და უნივერსიტეტში ჩაბარებასაც გეგმავს, თუმცა პროფესია ჯერ შერჩეული არ აქვს.

 

თურქეთის კინოფონდში 1918 წლის ფირს მიაკვლიეს, სადაც ქართველი დელეგატებიც ჩანან

ისტორიკოსმა და არქივისტმა ირაკლი იაკობაშვილმა, უცხოელი კოლეგის დახმარებით, თურქეთში 1918 წელს გადაღებულ კინოფირს მიაკვლია, სადაც აღბეჭდილია ტრაპიზონში, ამიერკავკასიის სეიმსა და ოსმალეთის ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილე პირები.

ქართველთა დელეგაციიდან ფირზე აღბეჭდილნი არიან: აკაკი ჩხენკელი, რომელიც შემდგომში პირველი დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, გიორგი ლასხიშვილი (განათლების მინისტრი), გიორგი გვაზავა,  ვახტანგ ღამბაშიძე, ჰაიდარ-ბეგ-აბაშიძე და იმ პერიოდის ერთადერთი დიპლომატი ქალი რუსუდან მიქელაძე.

როგორც ირაკლი იაკობაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, საუკუნის წინ გადაღებულ კინოფირს თითქმის რვა წელი ეძებდა. მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგასაც სთხოვა დახმარება, მოეძიებინა თურქულ არქივებში მასალები. სამი დღის წინ კი მეგობარმა შეატყობინა, რომ ტრაპიზონის სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილე დელეგაციის ვიდეოფირს მიაკვლია. კინოფირი დაცულია თურქეთის ეროვნულ კინოფონდში.

ირაკლი იაკობაშვილი/ისტორიკოსი, არქივისტი

„ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, რომელიც სიტყვით გამოვიდა მაშინ. მე ეს ტექსტი ვთარგმნე და 2017 წელს დაიბეჭდა. ჩემი სამუშაო სფერო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის კვლევაა და ამ მიმართულებით რამდენიმე წიგნი მაქვს გამოცემული.

ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციაში სამი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები იყვნენ და ეს დელეგაცია გააგზავნეს ტრაპიზონში სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზნით. როგორც ისტორიიდან ვიცით, იმ პერიოდში რუსეთ-ოსმალეთის ომი მიმდინარეობდა, თურქების ჯარი უკან იხევდა, მაგრამ რუსის ჯარიდან მილიონამდე ჯარისკაცი გაიქცა, რადგან მათ ეგონათ, რომ ბოლშევიკები მიწებს დაურიგებდნენ და ასე რომ არ მოხდა, უკან დაბრუნდნენ, რუსეთში.

თურქები ფეხზე წამოდგნენ, მოძლიერდნენ და უცებ წამოვიდნენ საქართველო-სომხეთისკენ. რუსული ჯარი აღარ იყო და ქვეყანა, ფაქტობრივად, საზღვრების გარეშე დარჩა. აი, ამ პროცესების მონაწილე იყო ეს დელეგაცია“, – გვითხრა ირაკლი იაკობაშვილმა.

მისი თქმით, ამ დელეგაციაში იყო ერთადერთი ქალი, რუსუდან მიქელაძე, რომელიც თავის წერილებში წერდა კინოფირის შესახებ.

კადრი 1918 წელს გადაღებული კინოფირიდან

„კინემატოგრაფი მოვიდა და გადაგვიღო კინოო. რუსუდანის შთამომავლებს ოჯახში აქვთ ფოტოები, რომლებიც იმ დროსაა ტრაპიზონში გადაღებული, მაგრამ ფირის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. მე ვეძებდი ამ ფირს, ვფიქრობდი, იქნებ შემორჩენილი იყოს სადმე-მეთქი. იმედი მქონდა, რომ თურქები შეინახავდნენ.

მე მყავს აზერბაიჯანელი მეგობარი იუსუფ ისმაილი, რომელსაც ინტენსიური ურთიერთობა აქვს თურქეთში სხვა ისტორიკოსებთან და მათთან ვთხოვე ინფორმაციის გადამოწმება. სამი დღის წინ მომწერა, რომ ვიპოვეო. თურქეთის კინოარქივში ყოფილა შემონახული“, – გვიყვება ირაკლი იაკობაშვილი.

ვიდეოზე ჩანს საქართველოს დელეგაციის წევრები, რომლებიც კიბეზე ადიან სომხეთის დელეგაციასთან ერთად. ჰაიდარ აბაშიძე ფოტოებში სახით ჩანს, მაგრამ ვიდეოში ზურგითაა ასახული, ფირზე ჩანან ასევე რუსუდან მიქელაძე, ჩხენკელი, გვაზავა, მესხიშვილი.

„სხვათა შორის, თურქებს ძალიან გაუკვირდათ თურმე ქალის დელეგაციაში ყოფნა, ჩვენ არსად გვინახავს აქამდე ქალი დელეგაციებში და ძალიან საინტერესოაო, უთქვამთ“, – ამბობს ირაკლი იაკობაშვილი.

მისი თქმით, გასაბჭოების შემდეგ რუსუდან მიქელაძე არ წავიდა ემიგრაციაში, თუმცა წყაროების მიხედვით, მას აქტიური ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთში, ემიგრაციაში წასულ მაშინდელ მთავრობასთან და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიმოწერა და დოკუმენტი ინახება მის არქივში.

„ბოლო წლებში თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა. ძალიან ბევრი თეატრალი იცნობდა ამ ქალს, ძალიან კარგად იცოდა რუსული და სოფიკო ჭიაურელიც წერდა მასზე, რომ დედაჩემმა როცა მოინდომა დალაგებული რუსული მესწავლა, ბავშვობიდანვე რუსუდან მიქელაძესთან მატარებდაო“.

რაც შეეხება ვიდეოს, ირაკლი იაკობაშვილის თქმით, თურქეთის მხარემ მასზე წვდომა საჯარო გახადა, თუმცა ბევრმა არ იცის ამის შესახებ.

„თუ ადამიანმა არ იცის რა არის ამ ფირზე, ვერ მიხვდება. მე რადგან ვიცოდი რა მინდოდა, ამიტომ მივაგენი.

მე ვეცდები, თურქულ მხარეს ვთხოვო, რომ ორიგინალიდან კარგად დასკანერებული ვერსია მოგვაწოდოს, რადგან ინტერნეტში ატვირთული ვიდეო დასამუშავებელია და როცა დამუშავდება, გამოსახულებაც ბევრად კარგი იქნება. მე მაინც ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს ფირი შემორჩა და ვიპოვეთ“, – გვითხრა ირაკლი იაკობაშვილმა.

მისი თქმით, თურქულ არქივებში ამ პერიოდის შესახებ ძალიან დიდი მასალები ინახება და კარგი იქნება, თუ ქართული მხარე მისი შესწავლით დაინტერესდება.

___________________

მთავარი ფოტო: კონფერენციის ამიერკავკასიისა და ოსმალეთის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო/ წინ დგანან აკაკი ჩხენკელი, ჰუსეინ რაუფ ბეი და ხალილ ბეი ხასმამედოვი/ვიკიპედია.

ხულოს 6, ხოლო შუახევის 9 სკოლაში პირველკლასელი არ ჰყავთ

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში [ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი] წელს საჯარო და კერძო სკოლა ჯამში 2 382-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა.

ხუთივე მუნიციპალიტეტის სკოლებში, რესურსცენტრების ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯამში 2 091 პირველკლასელია დარეგისტრირებული.

აჭარაში ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ ჰყავს 15 საჯარო სკოლას. აქედან 6 სკოლა ხულოშია, 9 სკოლა კი – შუახევში. 

ხულოსა და შუახევში, ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც შეინიშნება პირველკლასელთა საერთო რაოდენობის კლება. მაგალითად, ხულოს სკოლებში 2017 წელს 238 პირველკლასელი სწავლობდა, წელს კი სულ 192 მოსწავლეა დარეგისტრირებული; შუახევში 2017 წელს 133 პირველკლასელი იყო, წელს კი – 111 პირველკლასელია.

კურსდამთავრებულთა და პირველკლასელთა სტატისტიკა აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლებში
  • ხულოში [სადაც 49 საჯარო და 1 კერძო სკოლაა], 2022 წელს 296-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა სკოლა, პირველ კლასში კი – 192 დარეგისტრირდა;
  • შუახევში [43 საჯარო და 1 კერძო სკოლა] – დაამთავრა 176-მა მეთორმეტეკლასელმა, პირველ კლასში დარეგისტრირდა – 111;
  • ქედაში [29 საჯარო სკოლა] – დაამთავრა 165-მა მეთორმეტეკლასელმა, პირველ კლასში დარეგისტრირდა – 163;
  • ხელვაჩაურში [35 საჯარო და 2 კერძო სკოლა] – დაამთავრა 765-მა მეთორმეტეკლასელმა, პირველ კლასში დარეგისტრირდა – 720;
  • ქობულეთში [46 საჯარო და 3 კერძო სკოლა] – დაამთავრა 980-მა მეთორმეტეკლასელმა, პირველ კლასში დარეგისტრირდა – 905.

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა და მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აბიტურიენტი, რომელიც მუშაობს და თვითონ იხდის რეპეტიტორის ფულს

18 წლის ნიკოლოზ ალაფიშვილი აბიტურიენტია. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მომზადების პარალელურად იგი ბარმენად მუშაობს ბათუმში, გამომუშავებული თანხით მეცადინეობის ხარჯებს ფარავს და თან ფულს აგროვებს სტუდენტური ცხოვრებისთვის.

ნიკოლოზს ვთხოვეთ ეამბო, როდის და რატომ გადაწყვიტა მუშაობა და როგორია, იყო აბიტურიენტი და პარალელურად მუშაობდე კიდეც.

ნიკოლოზ ალაფიშვილი

„მუშაობა 15 წლისამ გადავწყვიტე. ჩემს ოჯახს ამ პერიოდში ფინანსურად უჭირდა და მინდოდა, რომ რაღაცით დავხმარებოდი, მცირე წვლილი მაინც შემეტანა. თან თუ სამსახურს დავიწყებდი, შევძლებდი ჯიბის ფული მქონოდა და დამეფარა ჩემი მეცადინეობის საფასური, შესაბამისად, ოჯახს ხარჯიც შეუმცირდებოდა.

ძალიან ბევრს დავდიოდი და ვეძებდი შესაფერის სამსახურს, მაგრამ სადაც მივდიოდი, ყველას პასუხი ერთი იყო – „გამოცდილება არ გაქვს და ვერ აგიყვანთ“. მაგრამ თუ არ მასწავლე და პრაქტიკაზე მაინც არ ამიყვანე,  როგორ მექნება გამოცდილება?!

მერე ისე მოხდა, რომ დედაჩემის მეგობარი მუშაობდა „პიაცაზე“ და მითხრა, რომ მომეკითხა იქაც, რადგან პერსონალი სჭირდებოდათ. აღმოჩნდა, რომ ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს. მენეჯერმა ამიყვანა პრაქტიკანტად და ერთი კვირის შემდეგ ოფიციალურად დავიწყე მუშაობა. თავიდან მიმტანი ვიყავი. თვეში თუ ვმუშაობდი 25 დღე, დარჩენილი 5 დასვენების დღე  ბარში ვიდექი და ვსწავლობდი ყველაფერს. შემდეგ ნელ-ნელა რაღაცების კეთება ვისწავლე და უკვე ერთი წელია ბარმენად ვმუშაობ. 

მშობლებს ძალიან დადებითი რეაქცია ჰქონდათ, მამხნევებდნენ და მხარში მედგნენ. ერთადერთი, მამაჩემი რასაც მეუბნებოდა, ის იყო, რომ კარგი იყო სამსახურს თუ დავიწყებდი, მაგრამ აუცილებლად უნდა მესწავლა. თან მესაუბრებოდა სამუშაო გამოცდილებაზე, რომ გავიცნობდი ახალ ადამიანებს, გავიჩენდი ახალ მეგობრებს და ვისწავლიდი ურთიერთობებს.

ვმუშაობ ყოველ დღე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9 საათიდან შუადღის 2 საათამდე და შემდეგ მეცადინეობებზე მივდივარ, შაბათ-კვირას კი – შუადღის 2 საათიდან ღამის პირველ საათამდე. ჩემი მოვალეობაა მისვლისთანავე ბარის დალაგება, აღწერა, რომელი სასმელიც მაკლია, იმის საწყობიდან გამოტანა და შევსება, მომსახურება, თუ მენეჯერი არ არის თანხის მიწოდება სტუმრისთვის და ანგარიშის აღება.

ანაზღაურებას რაც შეეხება, ბარის მთლიანი ნავაჭრის 4%-ია გათვალისწინებული. სულ 4 ბარმენი ვართ და ყველას თითო პროცენტი გამოგვდის გადანაწილებით. 

მუშაობის პარალელურად ვმეცადინეობ და ვემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. თავიდან დროის სწორი გადანაწილება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე. სამსახურს რომ ვასრულებ, პირდაპირ მასწავლებლებთან მივდივარ და საღამოს ვბრუნდები სახლში, 1 საათი ვისვენებ და შემდეგ ვიწყებ მეცადინეობას და დაახლოებით ღამის პირველ ან 2 საათზე ვამთავრებ მეცადინეობას. ასეა ყოველ დღეს. 

გრაფიკი საკმაოდ დატვირთული მაქვს. მქონია ისეთი შემთხვევაც, რომ სახლიდან გასვლისას ყველას ეძინა და ისეთ დროს დავბრუნებულვარ, რომ ისევ დაძინებული დამხვედრია ყველა.

თავიდან სწავლა და მუშაობა ერთად ძალიან გამიჭირდა. ვიღლებოდი. იმაზეც ვფიქრობდი, რომ წამოვსულიყავი სამსახურიდან, მაგრამ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მყავს ძალიან კარგი თანამშრომლები და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ და მამხნევებდნენ. მუშაობის მერე სახლში გათიშული მივდიოდი. ეს ემოციური ჩავარდნაც, მუშაობისთვის თავის დანებებასთან დაკავშირებით, მაგ პერიოდში მქონდა. ყოველ დღე ერთი და იგივე, ძალიან დამღლელი რუტინა და ამას დამატებული ზღვა მასალა სასწავლად.

მაგრამ ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან ჩემმა მიზანმა გამომიყვანა და იმაზე ფიქრმა, რომ ახლა თუ არ ვიბრძოლებდი და არ გავაკეთებდი მაქსიმუმს, ვერ შევძლებდი ახალი გვერდის გადაშლას და ჩემი მიზნებისა და სურვილების ახდენას.

საკუთარი თავიც დავაჯერე იმაში, რომ უკვე ბავშვობიდან გამოვედი, ვიწყებ ცხოვრების ახალ ეტაპს და სამსახური აუცილებელია. 

გამომუშავებული თანხით ვიხდი რეპეტიტორების თანხას, ცოტას ჩემს პატარა ძმას ვაძლევ, თანხას ვაგროვებ იმ შემთხვევისთვისაც, თუ თბილისში ჩავაბარებ, რომ საცხოვრებლის ხარჯები დავფარო და სწავლის საფასურის გადახდა შევძლო.

ჩემი მთავარი მიზანი ბავშვობიდან არის სამხედრო სამსახური, მინდა სამხედრო ვიყო.

ბიძაჩემი სამხედროა, ბავშვობიდან ვხედავდი მას და მეც სულ ეს მინდოდა.

ვფიქრობდი სამხედრო აკადემიაში ჩაბარებაზე, მაგრამ ამ პროფესიაში ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც. მაგალითად, თუ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნება, მომიწევს ვიმუშაო დაცვის სამსახურში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩავაბარო საერთაშორისო სამართალზე. ამ ფაკულტეტს რომ დავასრულებ, ვაპირებ ჯარში წასვლას. შანსები და პერსპექტივები უფრო მეტი მექნება, იმიტომ, რომ უმაღლესი განათლებაც მექნება და თან მოგვიანებით, თუ რაიმე პრობლემა შემექმნება, შევძლებ ჩემი პროფესიით მუშაობასაც. 

ვაბარებ საერთაშორისო სამართალზე. ამ პროფესიის არჩევას თავისი მიზეზები აქვს. საერთაშორისო სამართალს მრავალი განხრა აქვს, მე მინდა საზღვაო სამართლის განხრით მუშაობა. მყავს ძალიან ბევრი მეზღვაური ახლობელი, რომელთა მხრიდანაც მსმენია, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მეზღვაურს მძიმე დაზიანება ჰქონია, მაგალითად, ერთ მეზღვაურს ბეჭი ამოვარდნია ვენესუელაში ყოფნისას და იმის ნაცვლად, რომ იქ ვინმეს მისი უფლებები დაეცვა და ადგილზე ემკურნალათ, ბეჭამოვარდნილი საქართველოში სამკურნალოდ გამოუშვეს. ამხელა გზა დიდი ტკივილით გამოიარა საქართველომდე. საერთაშორისო სამართალზე ჩაბარებით კი შევძლებ მეზღვაურების დახმარებას. 

აბიტურიენტობა და მუშაობა ერთად მართლა საკმაოდ რთულია. მთავარია, მონდომება. თუ გინდა და სურვილი გაქვს სწავლის, არ იტყვი უარს არაფრის ფასად. თუ უბრალოდ ზიხარ და იმაზე ფიქრობ, რომ თუ ვიმუშავებ, ვეღარ ვისწავლი და დავიღლები, არაფერი  გამოვა. ყველაფერი ცდასთან, სურვილთან და  მონდომებასთან არის დაკავშირებული. მთავარია, დაისახო მიზანი და მისთვის ყველაფერი გააკეთო“. 

 

უკრაინელი პოლიციელი, რომელიც მშობლიურ მარიუპოლს ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდა

წყარო: Hromadske.ua

„ბოლომდე იცავდა ქალაქს. გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუმცა უკვე მის გარეშე,“ – ცრემლებს ძლივს იკავებს პატრულის თანამშრომელი ევგენია სალნიკოვა, დანილო საფონოვის კოლეგა. ჩუმდება და სადღაც სივრცეში იყურება. ევგენია დანილოსთან ერთად სწავლობდა და მსახურობდა. ამბობს, რომ ის ძალიან გულღია, სამართლიანი და ნათელი ადამიანი იყო.

ეკლესიის ეზოში, სადაც მარიუპოლის დამცველის ცხედარს ელოდებიან, დანილოს უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად პატრულის ასობით თანამშრომელი იკრიბება. ლურჯ საპატრულო ფორმაზე ამოქარგული ნიშნებით გაარჩევთ: სამართალდამცველები მარიუპოლიდან, ზაპოროჟიედან, დნეპრიდან, ვინიციდან, ხმელნიცკიდან, ტერნოპოლიდან, ლვოვიდან და კიევიდან.

დანილო საფონოვის დაკრძალვა/ფოტო: Hromadske.ua

ქუჩაში გამვლელებიც ჩერდებიან. როდესაც სამგლოვიარო პროცესია ეკლესიის ეზოს უახლოვდება, ყველა მუხლებზე იჩოქებს.

არ სჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ უნდა დაეცვა ქალაქი

დანილო საფონოვი 1993 წლის 23 ოქტომბერს დონეცკში დაიბადა. 2014 წელს, როდესაც ქალაქი დაიპყრეს, ბებიასთან გადავიდა მარიუპოლში. 44-ე ცალკეულ საარტილერიო ბრიგადას შეუერთდა და სამი წელი უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა. მარიუპოლში დანილო დაქორწინდა და ვაჟი, ვლადისლავი შეეძინა.

2019 წელს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გახდა. ევგენია სალნიკოვა იხსენებს, რომ დანილოს ბრძოლაში მიღებული ჭრილობა აწუხებდა – ფეხის ნეკროზი, – „ამიტომ კაბინეტური სამუშაო შევთავაზე, თუმცა იუარა: როგორ, კაცი ვარ, კაბინეტში დავჯდე? მე გარეთ მინდა, მინდა ადამიანებს დავეხმარო. იოლ გზებს არ ეძებდა“.

მარიუპოლი დანილოსთვის მეორე მშობლიური ქალაქი იყო. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, მან ცოლ-შვილი ტერებოვლიაში გაგზავნა, ტერნოპოლის ოლქში, სადაც დონეცკის ოკუპაციის შემდეგ მისი და ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ 16 მარტს, დანილოს ბევრმა კოლეგა პატრულმა დატოვა ქალაქი, ის მარიუპოლში დარჩა.

„ეგრევე „აზოვსტალში“ წავიდა. იცოდა, სადაც მიდიოდა. ჩვენგან ბევრმა დატოვა ქალაქი ეგრევე – მან არა. ბოლომდე იმსახურა,“ – ამბობს მისი კოლეგა ლინა პრიხოდკო.

დანილო საფონოვი “აზოვსტალში”/ფოტო: ტვიტერი

„აზოვსტალში“ მყოფ დანილოს „ჰრომადსკე“ 18 აპრილს ელაპარაკა. მაშინაც ვკითხეთ, რატომ არ წავიდა ქალაქიდან. გვიპასუხა: „ეს ჩემი მშობლიური ქალაქია. ერთხელ მე უკვე დავტოვე ჩემი სახლი, მეორედ აღარ ვაპირებ. ასე რომ, ვიბრძოლებთ ბოლომდე! ქალაქიდან გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ როგორ შევხედო თვალებში ჩემს თანამებრძოლებს?“.

დანილო პოპულარული იყო ტვიტერში. მის გვერდს რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავდა. „აზოვსტალსა“ და ქალაქში მომხდარ მოვლენებს აღწერდა. დებდა ფოტოებს. ერთ-ერთ უკანასკნელ პოსტში ხუმრობდა, რომ ორდღიანი შიმშილის შემდეგ, როგორც იქნა, მსუყედ ისადილა – შინაური ცხოველების მშრალი საკვებისგან მომზადებული ფაფით.

დანილო საფონოვის დაკრძალვა/ფოტო: Hromadske.ua

„ის იმ პოლიციელთა შორის იყო, რომლებსაც მტრის თავდასხმისას, სამშობიარო სახლებიდან ახალშობილები გამოჰყავდათ. ის იყო ადამიანი, რომელსაც მიჰქონდა საწვავი და მედიკამენტები იზოლირებულ საავადმყოფოებში, სადაც დაშავებულები იწვნენ,“ – ამბობს ალექსანდრ ჩერნოვი, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ბატალიონის მეთაურის მოადგილე.

ბოლო ამოსუნთქვამდე ფიცის ერთგული დარჩა

2 მაისს ცნობილი გახდა, რომ დანილო საფონოვი, საბრძოლო დავალების შესრულებისას, „აზოვსტალში“ დაიღუპა. ოკუპირებული მარიუპოლიდან მისი ცხედრის გამოტანა მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ მოხერხდა.

„ძალიან რთულია, როცა კრძალავ თანამშრომლებს, რომლებიც შვილებივით არიან. მაინც ბედნიერი ვარ, რომ უკრაინის მიწაზე დავკრძალეთ. ის ბოლო ამოსუნთქვამდე თავისი ფიცის ერთგული დარჩა,“ – გვეუბნება ალექსანდრ ჩერნოვი.

დანილო საფონოვის დაკრძალვა/ფოტო: Hromadske.ua

„თითოეული მებრძოლის ცხოვრების გზა ვარკვლავის გამონათებას ჰგავს,“ – ამბობს მღვდელი და იმ ადამიანების გრძელ სიას კითხულობს, ვისაც მიცვალებული ემშვიდობება – მათ შორის არიან უმამოდ დარჩენილი ვლადისლავი, დანილოს მეუღლე და მისი და.

* * *

„გადაეცით ყველას, რომ მარიუპოლის ციხესიმაგრე დგას და რომ მარიუპოლი უკრაინაა,“ – 19 აპრილს დანილო საფონოვმა „ჰრომადსკეს“ სთხოვა, მისი ეს სიტყვები მკითხველამდე მიეტანა.

დაე, როდისმე, უკრაინულ მარიუპოლში იყოს ქუჩა, რომელსაც დანილო საფონოვის სახელი ერქმევა.

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: დანილო საფონოვის დაკრძალვა/ფოტო: Hromadske.ua

ბათუმში სამედიცინო ცენტრის შენობა დაანგრიეს, რა შენდება აქ | ფოტო

შესწორება: მასალაში შესულია ცვლილება. ბოლო მონაცემებით, ბარათაშვილის #30-ში 4-სართულიან შენობას აშენებს შპს საოჯახო მედიცინის ცენტრი. ბრძანებას პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ ქალაქის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2022 წლის 25 თებერვალს მოაწერა ხელი, საბოლოო ნებართვა კი 2022 წლის 13 მაისს გაიცა. 

ბათუმში, ბარათაშვილის №30 მდებარე შენობა დაანგრიეს, ძირითადად დარჩა მხოლოდ შენობის ფასადი. ამ შენობაში წლების განმავლობაში იყო განთავსებული ჯერ ბავშვთა პოლიკლინიკა, შემდეგ კი საოჯახო სამედიცინო ცენტრი, სადაც ათასობით ბათუმელს მიუღია სამედიცინო მომსახურება.

შენობა დღეს, 22 ივნისს, ასე გამოიყურება:

ბარათაშვილის #30. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე
ბარათაშვილის #30. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე
ბარათაშვილის #30. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე
ბარათაშვილის #30. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

ამ ადგილას ჯერ 8-სართულიანი შენობის აგება იგეგმებოდა, რომელსაც შპს „სახლი ბარათაშვილზე“ აშენებდა. ეს შპს ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, მიხეილ ართმელაძის მეუღლის, მანანა ტუნაძის კომპანიაა. ის კომპანიის 50 პროცენტის მფლობელია. მანანა ტუნაძე რუსეთის მოქალაქეა.

თუმცა, 2022 წლის თებერვალში პროექტში ცვლილებები შევიდა და რენდერის თანახმად, ბარათაშვილის #30-ში, იქ, სადაც 2-სართულიანი შენობა იყო, შენდება 4-სართულიანი შენობა.

დამკვეთი შპს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრია, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი, რეესტრის თანახმად, ზურაბ ვაშაყმაძეა.

ბარათაშვილის #30-ში 1972 კვმ მიწის ფართობი ამჟამად ასევე შპს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის საკუთრებაა.

რენდერი. გორგასალი/ბარათაშვილი 45/30.

 

პროექტის რენდერი, რაც ზონალური საბჭოს სხდომაზე იყო წარმოდგენილი 2019 წელს

„მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამა – განვითარებული სოფლებისთვის ქედაში

ქედის მერია, სოფლის მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობის მექანიზმში ჩართვის მიზნით, თითქმის ორი წელია ახორციელებს სპეციალურ პროგრამას „მონაწილეობითი ბიუჯეტი“. პროგრამა ადგილობრივებს შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც სოფელსა და მოსახლეობას სჭირდება. ამისთვის კი საჭიროა მოსახლეობამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად მერიას წერილობით წარუდგინოს იდეა. საპროექტო იდეის დაწერის უფლება კი, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 14 წლის ასაკიდან.

14 წლის, მეცხრეკლასელი თეონა ზოიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახუნცეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ეს სოფელი ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალიდან დაახლოებით ორი, ხოლო მუნიციპალური ცენტრიდან ცხრა კილომეტრითაა დაშორებული. მას შემდეგ რაც, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის განხორციელება დაიწყო, თეონამ გადაწყვიტა, სოფლის განვითარების შესაბამისი იდეა დაეწერა და სოფელში, ამ პროგრამით გაწერილი ბიუჯეტით, ყველა ასაკის ადამიანს ესარგებლა. ამბობს, რომ სპეციალურმა პროგრამამ შესაძლებლობა მისცა, მას როგორც აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებ ახალგაზრდას, ჩართულიყო ადგილობრივ თვითმმართველობაში და სოფლად არსებული ინფრასტრუქტურა სოფლის მოსახლეობის საკეთილდღეოდ შეეცვალა.

თეონა ზოიძე
თეონა ზოიძე

თეონა ზოიძე: „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამამ შესაძლებლობა მომცა გამეუმჯობესებინა სოფლის ვითარება, დამეწერა საპროექტო იდეა, რაც მოსახლეობის ყველა ფენაზე იქნებოდა მორგებული და ამავდროულად სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდობას უკეთეს პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. ჩემი პროექტი გასართობ-გამაჯანსაღებელი ადგილის (პარკის) მოწყობას ითვალისწინებს, სადაც  ტრენაჟორები და პატარებისთვის სასრიალო მოწყობილობები უნდა დამონტაჟდეს. ყველა ასაკის ადამიანს შესაძლებლობა ექნება განიტვირთოს, გაერთოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს.

ვერ ვიტყვი, სოფლად ცხოვრება რთულია, უბრალოდ გვჭირდება ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც ჩვენს ყოფას შეამსუბუქებს, ამავდროულად განტვირთვისა თუ გართობის შესაძლებლობას მოგვცემს. ორი კილომეტრის გავლა არ მოგვიწევს იმისთვის, რომ ცენტრში დასასვენებლად ჩავიდეთ“

თეონა ახლა მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. იმ შემთხვევაში, თუ სოფელში მცხოვრები ამომრჩეველთა უმრავლესობა მის იდეას დაუჭერს მხარს, პროექტს დააფინანსებენ და ქედის მერია გასართობ-გამაჯანსაღებელ ცენტრს მოაწყობს.

„თავდაპირველად, როდესაც იდეის დაწერა გადავწყვიტე, თანატოლებსა და მეზობლებს გავაცანი ჩემი გეგმა. როდესაც მათგან მოწონება წამოვიდა, უფრო მეტი სტიმული მომეცა გეგმას ბოლომდე გავყოლოდი და სოფლისთვის კარგი საქმე გამეკეთებინა, რის შესაძლებლობაც მქონდა. ინფორმაციას ყოველდღიურად ვავრცელებ, რაშიც თანატოლები მეხმარებიან. მჯერა, ერთობლივად გავიმარჯვებთ და თუ ჩვენი არჩევანი დაფინანსდება, ეს იქნება არა ჩემი, ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, აქტიურობას ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს,“ – ამბობს თეონა.

მონაწილეობითი ბიუჯეტისპროგრამის განსახორციელებლად ქედის მერიამ წელს 1 500 000 ლარი გამოყო, აქედან 1 000 000 ლარი იდეების განხორციელებას მოხმარდება. ვიდრე კონკრეტული იდეა დაფინანსებას მოიპოვებს, მან რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. პირველი ეტაპი იდეების რეგისტრაციას, მეორეიდეების გადარჩევას, ხოლო ბოლო, დასკვნითი ეტაპი კენჭისყრას ითვალისწინებს, რამაც საბოლოოდ გამარჯვებული იდეა უნდა გამოავლინოს. შესაბამისად, მოსახლეობის აქტიურობასა და არჩევანზეა დამოკიდებული, რომელი პროექტი მიიღებს დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტით.

მერიის აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სამუშაო პროცესში სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღაა“ ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში კარდაკარ კამპანია განახორციელა, შემდეგ კი სოფლებიდან მოსახლეობის იდეები დაარეგისტრირა და ახლა კენჭისყრის სამზადისშია.

ილონა შავლიძე, არასამთავრობო ორგანიზაციაგანვითარების ტალღისდირექტორი:

„ მოქალაქეებს იდეების პროექტად ქცევაში არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღა“ დაეხმარა. ადგილობრივებს ძირითადად სურდათ, გარე განათების ქსელის გაფართოება, სასოფლო თუ საუბნო გზებზე ბეტონის დაგება, გასართობი ატრაქციონებისა თუ სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა. მოსახლეობისგან  წამოვიდა მოთხოვნა სხვადასხვა ინვენტარის შეძენაზე სოფლის სახლებისთვის. განსაკუთრებით მოთხოვნადია მაგიდის ჩოგბურთის და ბილიარდის შეძენა. აქტუალურია ინტერნეტის პრობლემის მოგვარება სოფლად,  პარკებისა თუ სხვადასხვა დასასვენებელი სივრცის მოწყობა. მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ეს პროექტი ქედაში მცხოვრებ მოსახლეობას უდიდეს შესაძლებლობას აძლევს“

„განვითარების ტალღის“ კონსულტანტები კარდაკარ კამპანიის დროს
„განვითარების ტალღის“ კონსულტანტები კარდაკარ კამპანიის დროს

იდეების არჩევნები იმ უბნებზე გაიმართება, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის არჩევნებს ატარებს. არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება კი აღნიშნულ უბნებზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს.

იდეების არჩევნები 24, 25 და 26 ივნისს, დილის 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე,  31 უბანზე ჩატარდება და მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 64 სოფელში რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს. კენჭისყრაში მოსახლეობის აქტიურობა მნიშვნელოვანია, რადგან იდეების არჩევნებში მონაწილეობა, პროგრამულად გაწერილი მოთხოვნებით, კონკრეტულ სოფელში რეგისტრირებული ამომრჩევლის 20 % – მა უნდა დააფიქსიროს.

სოფელი ზედა მახუნცეთი
სოფელი ზედა მახუნცეთი

სიბინძურე, სუნი და ადმინისტრაციის შიში – რა წერია დასკვნაში წნორის ხანდაზმულთა სახლზე

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

„შესამჩნევია ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს, ხოლო მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს,“ – ვკითხულობთ მონიტორინგის დასკვნაში.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა წნორის ხანდაზმულთა სახლი ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელი“ 17 ივნისს შეამოწმა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც განთავსებულია 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ აფინანსებს, 2 პირს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და ორიც – თვითდაფინანსებაზეა. შესაბამისად, სახელმწიფო პასუხისმგებელია ხანდაზმულთა საცხოვრებელი მდგომარეობის მონიტორინგზე, ასევე, ხანდაზმულთათვის სერვისის მიმწოდებლის მხრიდან სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე.

ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. ბენეფიციარებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია.

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.

ანგარიშიდან ვიგებთ, რომ დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას. კერძოდ, არ აქვს ექიმის კადრი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია.

გარდა ამისა, დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. 

„ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება – შემაშფოთებელია დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ ზემოთ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა – ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო,” – ვკითხულობთ დასკვნაში.

იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც.

მონიტორინგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით.

წნორის „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ ხანდაზმულთა არასათანადო, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ყოფნის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა ჯანდაცვის მინისტრს და სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს“, მყისიერად მოახდინოს რეაგირება ამ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ.

სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით ხანდაზმულთა მიმართ ხანგრძლივი მოვლის საკითხი, როგორც ინსტიტუციონალურ, ისე ოჯახში მოვლის თვალსაზრისით, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

პუტინისთვის ნებისმიერი დათმობა კატასტროფის ტოლფასია – ბორის ჯონსონი

პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ დიდი ბრიტანეთი „მტკიცედ“ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ამის შესახებ  The Independent0-ი მის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

ჯონსონი აცხადებს, რომ პარტნიორებისგან პუტინისთვის ნებისმიერი დათმობა „კატასტროფის“ მომტანი იქნება.

„ჩვენ არავის უნდა მივცეთ უფლება, დაიჯეროს, რომ პუტინისთვის დათმობა რამე შედეგს მოიტანს კატასტროფის გარდა,“ – აქვეყნებს ჯონსონის ციტატას  გამოცემა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები კომპრომისს მიიღებენ როგორც ჯილდოს უკრაინაში დაწყებული დაუსაბუთებელი სამხედრო აგრესიისთვის. 

ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებითი პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დახმარების პირობაც დადო.

მანამდე ბრიტანეთის პრემიერმა დაასახელა ოთხი ნაბიჯი, რომლებიც, მისიც აზრით, რუსეთის აგრესიისგან დასაცავად უკრაინის შესაძლებლობებს გაზრდის: შეიარაღების მიწოდების დაჩქარება, უკრაინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის მხარდაჭერა, უკრაინული ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების შექმნა და და ხორბლის ექსპორტის აღდგენა.  

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის შეიძინა 20  ერთეული M109 ჰაუბიცა, რომელიც 15-30 კილომეტრზე წუთში 4 ჭურვს ისვრის და შეუძლია ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკისა და თანამედროვე ტანკების განადგურება.

მთავარი ფოტო: ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: President.gov.ua

როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? – ნაკაიძე პრემიერს

„ეს ჩემი კითხვა არაა, ბათუმელი მუსლიმების კითხვაა. როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? როდის მიიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?“ – ჰკითხა საქართველოს პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ-მინისტრს.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში, დღეს, 22 ივნისს მივიდა.

კითხვის დასმამდე ტარიელ ნაკაიძემ შეაფასა ევროინტეგრაციის პროცესი და პრემიერს უთხრა:

„სამწუხაროდ, ქართულმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იმ შანსის გამოყენება, რომელიც ისტორიულად დღეს ჩვენ მოგვეცა. ეს არის ძალიან სამწუხარო და მინდა აღიაროთ, რომ ამ მიმართულებით უფრო სწორი ნაბიჯები გადადგათ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით სწორი მიდგომები გქონდეთ“.

ტარიელ ნაკაიძემ ყურადღება გაამახვილა პრემიერის ანგარიშში უმცირესობების საკითხზე.

„მიუხედავად იმისა, რომ არ გითქვამთ დღეს არაფერი უმცირესობებზე, შევადარე გასული წლისა და წლევანდელი ანგარიშები, არანაირი განსხვავება, რაღაც ახალი ამ ანგარიშში მე ვერ ვიხილე.

ჯერ კიდევ ჩვენი ეთნიკური უმცირესობები ქართული ენის სწავლისთვის იხდიან 2500 ლარს. ჯერ კიდევ ჩვენი უმცირესობების წარმომადგენლებს ვერ ვაკმაყოფილებთ, რომ ქართული ენა შეისწავლონ.

რაც შეეხება რელიგიური უმცირესობების ნაწილს, ალბათ თქვენ არ იცით, გუშინ სარფის საბაჟოზე არ შემოუშვეს ქრისტიანულ პროტესტანტული ეკლესიის ერთ-ერთი წარმომადგენელი და არ დაუშვეს, რომ  შემოეტანათ ბიბლია.

ეს არის გამოხატულება იმისა, რომ რელიგიური თავისუფლების კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ ქვეყანაში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა გაატაროთ სერიოზული ღონისძიება, რადგან ეს ჩვენი ევროპული მომავლის, დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია“, – თქვა ტარიელ ნაკაიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემა ჯერჯერობით არ დაუწყია.

___

ბათუმში ახალი მეჩეთის ნებართვის მოსაპოვებლად მუსლიმები სასამართლოში დავობენ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ორმა ინსტანციამ დისკრიმინაცია დაადგინა, ბათუმის მერიამ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის მერიამ მუსლიმებს არ მისცა ბათუმში მეჩეთის აშენების ნებართვა.

ბათუმში არაერთი ეკლესია აშენდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მათ შორის, სახელმწიფო მიწაზე.

ბათუმელმა მუსლიმებმა კი მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს.

ჯანმოს აპლიკაცია ულტრაიისფერი გამოსხივების დონეს გიჩვენებთ

იცოდით, რომ ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების დონე მოღრუბლულ და წვიმიან ამინდებშიც შესაძლოა მაღალი იყოს? მაგალითად დღეს, 22 ივნისს, ბათუმის ტერიტორიაზე შუადღის 16:20 წუთამდე მზისგან დამცავის ტარებაა რეკომენდებული.

ინფორმაციას ამის შესახებ ახალი აპლიკაციიდან შეიტყობთ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამამ (UNEP) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) შექმნეს.

მობილური ტელეფონების ახალი აპლიკაცია SunSmart Global UV გაწვდით ლოკალიზებულ ინფორმაციას ულტრაიისფერი გამოსხივების დონის შესახებ.

აპლიკაცია გიჩვენებთ ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ამინდის ხუთდღიან პროგნოზს თქვენს მიერ მონიშნულ ადგილებში. ის ცალკე გამოყოფს დროის მონაკვეთებს, როდესაც საჭიროა მზისგან დაცვა.

ჯანმოს ცნობით, აპლიკაციის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს მთელს მსოფლიოში, იცოდნენ, როდის გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები, რათა შემცირდეს კანის კიბოს გლობალური ტვირთი და ულტრაიისფერ გამოსხივებასთან დაკავშირებული თვალის დაზიანებები. 

SunSmart Global UV აპლიკაცია ხელმისაწვდომია უფასოდ როგორც Apple App-ზე, ასევე  Google Play-ზე. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს აპლიკაციის პარამეტრები ინდივიდუალურად დააყენოს და მიიღოს ზომები ულტრაიისფერი სხივების გახანგრძლივებული, გადაჭარბებული ზემოქმედების დასაცავად, რაც კანის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. აპლიკაცია ამჟამად ხელმისაწვდომია ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჰოლანდიურ და ესპანურ ენებზე.

დადგენილია, რომ გლობალურად 2020 წელს კანის კიბოს 1,5 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. იმავე პერიოდში, მთელ მსოფლიოში 120 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ამ დაავადებების გამო. ამ სიმსივნეების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება დედამიწის სტრატოსფერული ოზონის შრის შეთხელებისგან, რაც გამოწვეულია ადამიანის მიერ შექმნილი გარკვეული ქიმიკატების გამოყოფით.

„ეს აპლიკაცია აერთიანებს მეტეოროლოგიურ, გარემოსდაცვით და ჯანმრთელობის ექსპერტიზას, რათა დაეხმაროს ადამიანებს მზისგან დაცვაში, როგორც სამსახურში, ასევე დასვენების დროს. ის უნიკალურია, რადგან იყენებს მონაცემებს ქვეყნის ამინდისა და ულტრაიისფერი სხივების საზომი სადგურებიდან, რათა უზრუნველყოს ულტრაიისფერი ინდექსის ზუსტი და ადგილმდებარეობის სპეციფიკური წაკითხვა“, – თქვა WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა პეტერ ტაალასმა.

მისივე თქმით, ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ, როგორ ემსახურება მეცნიერება საზოგადოებას.

UV-თან დაკავშირებული დაავადებების დიდი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია მარტივი პრევენციული ზომების საშუალებით:

  • შეზღუდეთ დრო შუადღის მზეზე;
  • ეძებეთ ჩრდილი, როდესაც UV სხივები ყველაზე ინტენსიურია;
  • ატარეთ დამცავი ტანსაცმელი, ქუდები და სათვალე;
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი ფართო სპექტრის საშუალება.

საკანონმდებლო ცვლილება ბათუმის ქაოტურ განაშენიანებას კიდევ უფრო გააუარესებს – არასამთავრობოები

მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიცავს ბათუმის ქაოტური განაშენიანების პრობლემის კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს, ქმნის ბათუმის მერიის მიერ დაუსაბუთებელი, პოტენციურად კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს, სამშენებლო კომპანიებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების გზით სამშენებლო რეგულაციებიდან თავის არიდების საშუალებას აძლევს სამშენებლო სექტორს“ –  საზოგადოება „ბათომი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „მწვანე ალტენატივა“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ სამშენებლო კოდექსსა და ექსპროპრიაციის წესში ცვლილების პროექტს ეხმიანებიან  და მოუწოდებენ პარლამენტს, შეაჩეროს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. 

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ავტორობით საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში  ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტში. მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიცავს ქალაქ ბათუმის ქაოტური განაშენიანების პრობლემის კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს,  ქმნის ბათუმის მერიის მიერ დაუსაბუთებელი, პოტენციურად კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს, სამშენებლო კომპანიებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების გზით სამშენებლო რეგულაციებიდან თავის არიდების საშუალებას აძლევს სამშენებლო სექტორს.  

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ავტორობითა და საქართველოს მთავრობის ინიცირებით, სამშენებლო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის 15 ივნისს დარეგისტრირდა. 20 ივნისს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით, ხოლო 22 ივნისს კანონპროექტი განიხილა წამყვანმა კომიტეტმა. კანონპროექტის მიღება 24 ივნისამდეა დაგეგმილი. 

პროცესის ამგვარმა დაჩქარებამ გამორიცხა საკითხის სიღრმისეული განხილვა და კანონპროექტიდან მომავალი რისკების ჯეროვანი დაზღვევა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების დაცვა კანონპროექტის პოტენციური უარყოფითი ზეგავლენისგან. დაჩქარებული წესით განხილვის პროცესში დათქმული არაგონივრულად მოკლე ვადები ართმევს შესაძლებლობას სამოქალაქო საზოგადოებას, კრიტიკული შენიშვნებით წარსდგეს პარლამენტის წინაშე და მონაწილეობა მიიღოს ამ მნიშვნელოვანი ცვლილების განხილვაში.  

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოიცავს ცვლილებას ორ კანონში. კერძოდ, შემოთავაზებული პროექტი, ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხსნის შეზღუდვას განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას, გადაამეტოს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრულ მაჩვენებლებს და  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული პირობებით, მათ შორის, განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, დაამტკიცოს ან შეცვალოს ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია.   

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მერს ეძლევა შესაძლებლობა კანონისგან განსხვავებულად, მისი შეხედულებისამებრ, მოაწესრიგოს შენობა – ნაგებობათა მაქსიმალურ სიმაღლესთან, ფუნქციურ ზონირებასა და მის რეგლამენტთან, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან,  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციებთან, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესებთან, ავტოსადგომების რაოდენობასა და ქალაქგეგმარების სხვა კომპონენტებთან დაკავშირებული საკითხები.  

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად,  აღნიშნული ცვლილებები ხორციელდება  ბათუმში უმწვავესი პრობლემის, ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის უკეთ განსახორციელებლად. ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების დაინტერესება ასეთი ობიექტების ჩანაცვლებაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააკმაყოფილებენ როგორც მოსახლეობას, ასევე, აწარმოებენ ისეთი ტიპის მშენებლობას (მაღალსართულიანი, მეტი მოცულობის სამშენებლო ფართები თუ სხვა), რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება მათი ფინანსური ინტერესები.” 

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ზემოაღნიშნული ცვლილებებით არ იფარგლება და ასევე მოიცავს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ ავარიული სახლის მესაკუთრე(ებს) ვერ დაითანხმებენ  მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ პირობებზე, მათი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის ერთ-ერთი საფუძველი მაინც გახდება.

ცხადია, რომ  კანონპროექტის ავტორთა შიში იმითაა განპირობებული, რომ კანონპროექტის ავტორები არც ცვლილების დეკლარირებულ ბენეფიციარებს უთანხმებს მათი განსახლების პირობებს და არც მათი რეალური საჭიროებების კვლევის შედეგებს აფუძნებს ამ პროგრამის განხორციელების გზებს, არამედ მოსალოდნელი წინააღმდეგობისგან თავის დაზღვევის მიზნით, განსახლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სათანადო წესით საკუთრების  ჩამორთმევისთვისაა მზად.   

უკიდურესად პრობლემური რეგულაციების პროექტი კიდევ უფრო მწვავედ ჩანს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ავარიული სახლების სრული რაოდენობის შესახებ ინფორმაციის არარსებობის ფონზე. ამ დროისთვის ქალაქში 118 ავარიული შენობაა იდენტიფიცირებული, რომლის რიცხვიც, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად გაიზრდება და პირდაპირ გამოიწვევს, ერთი მხრივ, სამშენებლო კანონმდებლობის დარღვევების/უგულებელყოფის უპრეცედენტოდ დიდ მასშტაბს, ხოლო, მეორე მხრივ, შექმნის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, კორუფციის, თანხების მითვისების პირდაპირ რისკებს. ამასთან, აღნიშნული რეგულაციების ფონზე, მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისას იძულებითი ექსპროპრიაციის შესაძლებლობის გათვალისწინება მთავრობის ხელში საშიშ ბერკეტად გადაქცევის რეალურ რისკებსა და ადამიანებისთვის საცხოვრისის ბლანკეტური ჩამორთმევის საფუძველს ქმნის, მაშინ, როდესაც გამოსახლებული მაცხოვრებლების ბედი სრულიად ბუნდოვანია ახალი საცხოვრისების აშენებამდე. 

სამშენებლო კოეფიციენტების უკონტროლო ზრდა და ცვლილებები წლების განმავლობაში საქართველოს არაერთი ქალაქის ქაოტური განაშენიანების ძირითად მიზეზს წარმოადგენს. სწორედ კოეფიციენტების გადამეტების უკონტროლო შესაძლებლობები გახდა მრავალი ექსპერტის, სამოქალაქო ჯგუფის პროტესტის საგანი. კოეფიციენტების ცვლილებების შედეგად, როგორც თბილისმა, ისე ბათუმმა დაკარგა არა ერთი მნიშვნელოვანი სარეკრეაციო და საჯარო სივრცე, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქებში. სწორედ ამიტომ,  2019 წელს, თბილისის მერიამ საზეიმო ვითარებაში ამცნო მოსახლეობას სივრცით კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად კოეფიციენტების გადამეტების წესის შეზღუდვის შესახებ. ამ ცვლილების, როგორც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი რეფორმის, ხაზგასმა სისტემატურად ხდება როგორც თბილისის მერიის, ისე საქართველოს მთავრობის მხრიდან. 

შემოთავაზებული კანონპროექტი სრულიად ეწინააღმდეგება აღწერილი რეფორმის იდეას, სულისკვეთებას და დასაშვებს ხდის იმ უმძიმესი შედეგების კიდევ უფრო ღრმად განვითარებას ბათუმში, რის გამოც კოეფიციენტების გადამეტება შეიზღუდა თბილისში. სამშენებლო რეგულაციების კანონით დასაზღვრა მიზნად ისახავს, არ დაუშვას ქაოტური მშენებლობები, რათა ისინი არ გახდეს საჯარო სივრცეების, სარეკრეაციო ზონების განადგურების წყარო, სამშენებლო სივრცეების დაკავების მიზეზი და მძიმე ზეგავლენა არ იქონიოს ადამიანის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებაზე.  

შემოთავაზებული კანონპროექტი განუზომელ შესაძლებლობას აძლევს ბათუმის მერს, სრულიად დაუსაბუთებლად, მისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც სხვა ქალაქებისთვის უკვე კანონმდებლობით არის განსაზღვრული. განმარტებითი ბარათი არც იმის აღიარებას ერიდება, რომ ეს ცვლილება პირდაპირ ბიზნესის ინტერესის მხარდასაჭერადაა შემოთავაზებული, ხოლო მისი დაჩქარებული წესით განხილვა, ამ ინტერესის განსახორციელებლად, სახელმწიფო და ადგილობრივი უწყებების  წინასწარ შეთანხმებულ საქმიანობაზე მიუთითებს.  

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნესის ინტერესის გამო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ, მერის  დისკრეციის ფარგლების ამგვარი გაფართოება, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის სტანდარტების დავიწროებით, ქმნის რისკებსა და მოლოდინებს, რომ ბათუმის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ბიზნესის წრეებთან, ჩაკეტილ კარს მიღმა მოლაპარაკების შედეგიც შეიძლება გახდეს.   

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, წლების განმავლობაში, სისტემატურად ვაყენებთ საკითხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, შეიმუშაოს საქართველოში საცხოვრისის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ადგილებზე, უსახლკარობისა და არასათანადო საცხოვრისის პრობლემის მოგვარებისთვის მრავალდისციპლინარული დოკუმენტი იქნება. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ვალდებულება, ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმითაც აიღო (2018-2020წწ). ვალდებულება წლიდან წლამდე არ სრულდება, სამაგიეროდ, უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის პრობლემის მოგვარების საბაბით, სპორადულად, კანონმდებლობაში ინიცირდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეკოლოგიის, გარემოსა და ადამიანებისთვის უმწვავესი ზიანის რისკების შემცველი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა რეალური მიზანი, სამშენებლო ბიზნესისთვის მეტი მოგების მიღებაა. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: 

  • შეაჩეროს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა; 
  • გახსნას სივრცე შემოთავაზებული ცვლილებების კრიტიკული განხილვისათვის; 
  • პროცესში ჩართოს, როგორც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის დაინტერესებული ბენეფიციარები, ისე, საექსპერტო ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. 

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 

საზოგადოება ბათომი 

მწვანე ალტერნატივა  

ღია საზოგადოების ფონდი  

 

„მწვანე შუქი კორუფციისთვის ბათუმში“ – ანა ნაცვლიშვილი სამშენებლო კოდექსში ცვლილებაზე

„მწვანე შუქის ანთება კორუფციისთვის“ – ასე აფასებს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ დაარეგულირებს და დადგენილი კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობას ბათუმის მერი გასცემს.

ანა ნაცვლიშვილი მმართველ პარტიას ბათუმისთვის გენგეგმის შექმნის ხელოვნურად შეფერხებაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ პრობლემის განხილვისთვის ყველაზე კრიზისული დრო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ბათუმის საკრებულოს შვიდთვიან ბოიკოტში დახარჯეს, ახლა კი, დროის სიმწირის გამო, პარლამენტისგან კანონპროექტის სასწრაფო წესით დამტკიცებას ითხოვენ.

„ძალიან დიდი ხანია ბათუმში ავარიული სახლების პრობლემა დგას მოქალაქეების დღის წესრიგში, ხელისუფლების დღის წესრიგში დადგა ძალიან დაგვიანებით, მას შემდეგ, რაც უაღრესად ტრაგიკული მოვლენების მომსწრენი გავხდით ყველანი.

ბათუმის საკრებულო, სადაც მინიმუმ ამ თემებზე უფრო ადრეული და უფრო ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა უნდა დამდგარიყო, სადაც ოპოზიცია ამ საკითხებს აუცილებლად დასვამდა და ბოლომდე მიიყვანდა სწორად, 7 თვის განმავლობაში იყო ბოიკოტირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან.

აი, ეს შვიდი თვე, როცა სინამდვილეში ამ ძალიან საჭირბოროტო საკითხზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა საკრებულოს დონეზე და თუ საჭიროდ ჩაითვლებოდა შემდგომ ეს საკითხი წამოსულიყო პარლამენტში, თქვენ ამ ხალხს წაართვით.

ამ შვიდი თვის განმავლობაში არ გიფიქრიათ ამ ავარიულ სახლებში ეს ადამიანები რომ იღვიძებდნენ და იძინებდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს? ახლა ჩვენ რომ საათებს გვითვლით აქ და ფაქტობრივად, იძახით, რომ მეტი დრო არა გვაქვს და სასწრაფოდ დაუჭირეთ მხარი კანონს, რომელიც პირდაპირ არის მწვანე შუქის ანთება კორუფციისთვის“. 

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ქალაქის მერს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეცვალოს კოეფიციენტი, პრობლემურია, რადგან რისკი იმისა, რომ ლობისტების ინტერესების მიხედვით გაგრძელდეს ქალაქის ჩაბეტონება, კვლავ დღის წესრიგში რჩება.

„ამ კანონპროექტში წერია, რომ მერს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება შეცვალოს კოეფიციენტი, რაც პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ თუ რამე დარჩა გასაფუჭებელი ბათუმში, სივრცე დარჩა ასათვისებელი, დასამახინჯებელი თუ დარჩა რამე, იმის გაფუჭების უფლებასაც აძლევთ ამ კანონპროექტით და თან როდემდე, 2027 წლამდე. ამდენი ხანი რატომ არის საჭირო, რომ გენგეგმა ეღირსოს ბათუმს? რაც დარჩა ხელუხლებელი, ის მაინც გადარჩეს.

რატომ აძლევს პარლამენტი ამდენ დროს გენგეგმის შესამუშავებლად საკრებულოს? და მერს, რომ მოამზადოს ეს პროექტი და წარადგინოს? იმიტომ ხომ არა, რომ სინამდვილეში გეგმის დაწერა კი არ არის პრობლემა, ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ძალიან დიდ ფულს აკეთებენ გენგეგმის არარსებობის პირობებში, ბლოკავენ გენგეგმის მიღებას. აი, ეს არის სიმართლე, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

თიბისის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ისტორია გლობალური ექსპერტის სტატიაში

გლობალური ლიდერი მომხმარებლის გამოცდილების დარგში შონ ბელდინგი აქვეყნებს სტატიას თიბისის შესახებ. ის აღნიშნავს თიბისის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ზრუნვას მომხმარებლების მიმართ.

„ვინ თქვა, რომ ბანკებს არ შეუძლიათ WOW გამოცდილების შექმნა?“ – ამ სათაურის მქონე ბლოგში ავტორი გვიყვება თიბისის გუნდის წევრებისა და მომხმარებლების ისტორიებს, რითაც ხაზს უსვამს ბანკის კულტურას, ყველა სიტუაციაში იზრუნოს მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე, მაშინაც კი, როდესაც საკითხი სცდება საბანკო მომსახურებას.

ბელდინგ გრუფმა (The Belding Group) ტერმინის – „WOW” მომხმარებელთა გამოცდილება“, მკაფიო და რაოდენობრივად განსაზღვრული განმარტება შეიმუშავა. ამ განმარტების მახასიათებლების მეშვეობით მომხმარებელთა გამოცდილება გაზომვადი ცნება გახდა და სხვადასხვა კომპანიებმა მასზე დაყრდნობით იპოვეს მომხმარებელთა გამოცდილების სამიზნე წერტილი. ეს გულისხმობს დამატებით ძალისხმევას კომპანიის მხრიდან, რომელიც ერთი სიტყვით ათქმევინებს “WOW-”ს. სტატიაში სწორედ ის სამი ისტორიაა მოყვანილი, რომლებიც მომხმარებლებს ათქმევინებენ “WOW”-ს. ბელდინგის მიხედვით, თიბისის მომხმარებელთა გამოცდილება იდეალურთანაა მიახლოებული, როგორც ბელდინგ გრუფი უწოდებს, თიბისი არის „customer service unicorn“.

გერმანელი ტურისტის, მომხმარებლისთვის გახსნილი ბიზნეს Facebook გვერდისა და შუა გზაზე გაფუჭებული მანქანის საინტერესო ისტორიები, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ორიგინალ სტატიაში.

დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის CGM-ის მისაღებად რეგისტრაცია იწყება

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1-ის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორების [CGM] მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისს დაიწყება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ კომპლექტი უკვე შეიძინა და ის ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა.

მსურველებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემისა და სენსორების მისაღებად რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში უნდა გაიარონ. ბათუმში ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ოფისი ტაბიძის ქუჩის N2ა-ში მდებარეობს.

საქართველოს მასშტაბით ოფისების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

CGM სისტემის მიღება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე არასრულწლოვანების გარდა, 18 წელს გადაცილებულ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ, უსინათლო პაციენტებსაც შეეძლებათ, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომელთაც აქვთ ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება.

გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს 18 წელს გადაცილებული ის პირებიც მიიღებენ, ვინც სრულწლოვნები, პროგრამის ძალაში შესვლის თარიღიდან [15 იანვრიდან] გახდნენ.

ბენეფიციარი, პირველ ჯერზე, კომპლექტს და 5 სენსორს მიიღებს. თავდაპირველად CGM სისტემების გაცემა და დამაგრება სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული მომსახურების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება, სადაც პაციენტია რეგისტრირებული [თბილისი, ბათუმი, ქუთაისი]. გადამზადებული პერსონალი კი ბენეფიციარს და მის მეურვეს ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ კომპლექტით და შემდეგ ჯერზე სენსორი დამოუკიდებლად დაამაგრონ.

ყოველ მომდევნო ეტაპზე, ბენეფიციარს სენსორების აღება, ქვეყნის მასშტაბით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტის მიმწოდებელ აფთიაქებში შეეძლებათ [სააფთიაქო ქსელი „მედფარმა პლუსი“].

უკრაინელი ჟურნალისტი რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს – RSF-ის გამოძიება

უკრაინელი ფოტოგრაფი მაკს ლევინი და მისი მეგობარი, ოლექსი ჩერნიშოვი, რომელიც ასევე მისი დაცვა იყო, 13 მარტს კიევთან ახლოს მდებარე ტყეში რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს, შესაძლოა მას შემდეგ, რაც დაკითხეს და აწამეს კიდევაც – ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” [RSF] აქვეყნებს.

მაკს ლევინის და მისი დაცვის ცხედრები პირველ აპრილს კიევის ოლქის სოფელ მოშჩუნთან მდებარე ტყეში იპოვეს. ისინი მანამდე გაუჩინარებულად მიიჩნეოდნენ.

„ადრე იგი ძალიან სწრაფად ატარებდა ავტომობილს ორმოებიან გზაზე – ფრონტის გასწვრივ, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები წინააღმდეგობას უწევდნენ რუსებს. იგი ჩქარობდა სიმართლის, ომის პირველი მსხვერპლის საპოვნელად“, – პატრიკ შაველი, ფრანგი ომის ფოტორეპორტიორი და გამოძიების თანაავტორი

RSF-ის გამოძიების პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები 24 მაისიდან 3 ივნისამდე იმყოფებოდნენ უკრაინაში ლევინის სიკვდილის მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად. გამოძიებაზე მუშაობდნენ RSF-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი, არნო ფროჟერი და პატრიკ შაველი, ფრანგი ფოტორეპორტიორი, რომელიც თებერვლის ბოლოს ლევინთან ერთად მუშაობდა დონბასში.

გამომძიებელმა რეპორტიორებმა დაასკვნეს, რომ ლევინი და ჩერნიშოვი ცივსისხლიანად დახვრიტეს. როგორც RSF-ი იუწყება, რუსი სამხედროების წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება შეგროვდა.

დღესვე გამოქვეყნდა მტკიცებულებების შესახებ დეტალური ანგარიში სახელწოდებით „როგორ დახვრიტეს რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ჟურნალისტი მაკს ლევინი“.

ტყვია ნაპოვნი იქნა მიწაში იმ ადგილზე, სადაც მანამდე მაკს ლევინის ცხედარი იყო. ტყვია და გარსაცმები აღმოაჩინეს 2022 წლის 30 მაისს RSF-ის მიერ დაწყებული ჩხრეკის დროს ჰუტა-მეჟიჰირსკას მახლობლად მდებარე ტყეში, კიევის ჩრდილოეთით, უკრაინაში. ფოტო: პატრიკ შაუველი / RSF

RSF-ის ცნობით, ფროჟერისა და შაველის მიერ შეგროვებულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა მომხდარის რეკონსტრუირება.

10 მარტს, როდესაც ლევინი ცდილობდა გადაეღო რუსი სამხედროების შეჭრის ამსახველი კადრები, მან მოშჩუნთან ახლოს მდებარე ტყეში დაკარგა დრონი. სამი დღის შემდეგ, როდესაც ლევინი ამ ტყეში დაბრუნდა, რუსებს ტყის ნაწილი უკვე ოკუპირებული ჰქონდათ. მიმდებარე ტერიტორია სახიფათო იყო, თუმცა ლევინმა გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად დაებრუნებინა დრონი, რადგან მიიჩნევდა, რომ ბოლოს გადაღებული ფოტოები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ეს ვერ შეძლო.

„მიუხედავად რისკებისა, მაკსი წავიდა ამ ტყეში, რათა ეცადა დაებრუნებინა თავისი დრონი, დაებრუნებინა მტკიცებულება სურათების სახით. რუსი ჯარისკაცების მიერ მისი დახვრეტა იყო გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. მაკს, ეს სიმართლე არ დაიმალება და RSF-ის გამოძიება დადგება თქვენი ღირებულებების სამსახურში. მე გპირდები ამას“, – პატრიკ შაველი, ფრანგი ომის ფოტორეპორტიორი და გამოძიების თანაავტორი

24 მაისს, როდესაც RSF-ი უკრაინაში გამოძიების დასაწყებად ჩავიდა, რუსებს უკვე რამდენიმე კვირის დატოვებული ჰქონდათ რეგიონი. თუმცა არეალი ჯერ კიდევ სახიფათო იყო. რუსებმა დატოვეს ხაფანგები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

უსაფრთხოების ძალების თანხლებით, RSF-მა მოახერხა დანაშაულის ადგილის დადგენა. ლევინის დანახშირებული „ფორ მავერიკი“ ჯერ კიდევ იქ იდგა. RSF-მა დანაშაულის ადგილზე იპოვა რამდენიმე ტყვია და ლევინთან ერთად მყოფი ჯარისკაცის, ჩერნიშოვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ისევე როგორც 14 ნატყვიარი ავტომანქანაზე. ასევე, აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ნივთი შესაძლო დნმ-ის კვალით, რაც ადასტურებს რუსი ჯარისკაცების ძალიან ახლოს ყოფნას ლევინისა და ჩერნიშოვის მკვლელობის ადგილთან. ზოგიერთი ნივთი წამოღებულია RSF-ის მიერ.

ძიების ბოლო ფაზაზე მეტალის დეტექტორებმა იპოვეს ტყვია, რომელიც სავარაუდოდ ლევინს მოხვდა.

RSF-ი ადგენს უკრაინელი ჟურნალისტის მაკს ლევინის მკვლელობის დანაშაულის ადგილს და დამწვარ ავტომანქანას. მაკს ლევინი მოკლეს 2022 წლის 13 მარტს კიევის ჩრდილოეთით ტყეში. ფოტო: 2022 წლის 28 მაისი. პატრიკ შაველი / RSF

RSF-ის ანგარიშის წინასწარ დასკვნებში აღწერილია ინფორმაცია, ფოტოები, ჩვენებები და ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიების მიმდინარეობისას იქნა აღმოჩენილი. როგორც RSF-ი წერს, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი, თუმცა შეგროვებულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შემუშავდა ორი ჰიპოთეზა, რომლებიც გვთავაზობს ორ სცენარს, თუ როგორ შეიძლება მომხდარი ფაქტებისა და გარემოებების რეკონსტრუირება იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ზუსტად. „ვიმედოვნებთ, რომ ისინი ერთ დღესაც მიგვიყვანს ამ ორმაგი მკვლელობის ჩამდენების იდენტიფიცირებამდე“, – ვკითხულობთ RSF-ის ანგარიშის პრესრელიზში.

„დანაშაულის ადგილის ფოტოების ანალიზი, ადგილზე ჩატარებული დაკვირვებები და მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებები ნათლად მიუთითებს დახვრეტაზე, რასაც შესაძლოა წინ უძღოდა დაკითხვა ან წამებაც კი. მაკს ლევინმა და მისმა მეგობარმა სიცოცხლე გადაიხადეს სანდო ინფორმაციისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძოლებთ იმ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და საპოვნელად, ვინც ისინი დახვრიტა,“ – კრისტოფ დელოარი, RSF-ის გენერალური მდივანი.

რუსი ჯარისკაცების მიერ გამოყენებული საკვების შეფუთვა და პლასტმასის დანა-ჩანგალი, რომლებიც RSF-მა იპოვა 2022 წლის 28 მაისს იმ ადგილის მახლობლად არსებულ თხილთან, სადაც 13 მარტს ჟურნალისტ მაკს ლევინის ავტომანქანამ გაიარა. ფოტო: პატრიკ შაველი / RSF
Exit mobile version